Facebook Twitter

საქმე ¹ბს-300-291(კ-13) 26 სექტემბერი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2013წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. თ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ - პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ 10.08.2012წ. №68/2012 დადგენილების მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტის - ქვემიმართულება: გეოლოგია „ა.ა“ ქვეპუნქტით (სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად) დადგენილი შედეგის ბათილად ცნობისა და გეოლოგიის მიმართულებით ახალი კონკურსის ჩატარების მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.2012წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. თ-ე, გ. ქ-ა, კ. ა-ე, ზ. ლ-ე, კ. ქ-ა და მ. ა-ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.10.2012წ. საოქმო განჩინებით გ. ქ-ა, კ. ა-ე, ზ. ლ-ე, კ. ქ-ა და მ. ა-ი გათავისუფლდნენ მესამე პირების მოვალეობისგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2012წ. გადაწყვეტილებით ა. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2013წ. განჩინებით ა. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.10.2012წ. საოქმო განჩინების ბათილად ცნობა და გეოლოგიის მიმართულებით ჩატარებული კონკურსის წინასაკონკურსო პირობების, კონკურსანტთა მიმართ დადგენილ მოთხოვნათა ჩამონათვალის, საბოლოო შედეგების ამსახველი დამოწმებული აქტის, მათ შორის კომისიის დასკვნისა და წარმოებული შეხვედრა/გასაუბრებების ოქმის წარმოდგენის მოპასუხისათვის დავალება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. თ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აკადემიურ თანამდებობაზე პროფესორ-მასწავლებელთა შერჩევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანოს - საკონკურსო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილებაა. პალატა აღნიშნავს, რომ კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სადავო აქტის მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. საკონკურსო კომისიის წევრების მიკერძოებასა და არაკომპერტენტურობასთან, აგრეთვე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის 23.07.2012წ. №65/2012 დადგენილებით დამტკიცდა ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა გეოლოგიის მიმართულებით. ხსენებული დადგენილება მოსარჩელის მხრიდან სადავო არ გამხდარა და შესულია კანონიერ ძალაში. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსკ-ის მუხლ. 248). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამასთანავე იმ გარემოებაზე, რომ ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ამავე დროს საკონკურსო კომისიის თავმჯომარე რ. ბ-ი კონკურსში მონაწილეობას იღებდა არა გეოლოგიის მიმართულებით, არამედ ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერები) მიმართულებით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კომისიის თავმჯდომარის კონკურსში მონაწილეობის გამო მოსარჩელის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.10.2012წ. საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გასაუბრების ოქმის გამოთხოვაზე, პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცულია კომისიის სხდომის 02.08.2012წ. №3 ოქმი (ტ.1, ს.ფ.87), რომელიც მოიცავს შეფასების მეორე ეტაპს - გასაუბრებას გეოლოგიის მიმართულებით. პალატა მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი გასაუბრების ოქმში სტენოგრაფიული სიზუსტით იყოს ასახული გასაუბრების მიმდინარეობა, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ 07.05.2012წ. №31/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის“ მიხედვით გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც კითხვა-პასუხის, ასევე კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტის მიერ გარკვეული საკითხების მოკლე მიმოხილვის სახით (მუხლ. 7.4), გასაუბრების მოკლე მიმოხილვა აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში (მუხლ. 7.4). შესაბამისად, კასატორის მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.10.2012წ. საოქმო განჩინების გაუქმებაზე სააპელაციო სასამართლოს უარის არამართლზომიერების შესახებ საფუძველს არის მოკლებული.

მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნას წარმოადგენს გეოლოგიის მიმართულებით ჩატარებული კონკურსის წინასაკონკურსო პირობების, კონკურსანტთა მიმართ დადგენილ მოთხოვნათა ჩამონათვალის, საბოლოო შედეგების ამსახველი დამოწმებული აქტის, მათ შორის კომისიის დასკვნისა და წარმოებული შეხვედრა/გასაუბრებების ოქმის წარმოდგენის მოპასუხისათვის დავალება. პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანცია არ ახდენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას, შესაბამისად საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა არ დაიშვება, საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი თვასაზრისით, ამდენად, მოსარჩელის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება. ამასთან, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2013წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე