საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-390-379(კ-ks-13) 11 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა რ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _Qთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო მიმართ; მესამე პირები - თ. და თა. მ-ები, მ. მ-ი-ბ-ი, მა. მ-ი-ნ-ე.
2012 წლის 27 აგვისტოს რ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის 2000 წლის 2 მაისის №14/1 დადგენილებით დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000 წლის 21 აპრილის №3 ოქმის არარად აღიარება ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ კონტურ „...“ 43,6 ჰა სათიბის საკრებულოს ფონდში დაბრუნების ნაწილში.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. მ-ი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მა, რომელმაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2013 წლის 13 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. ა-მა და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით რ. ა-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩა განუხილველად.
სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა რ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებებით რ. ა-ის საკასაციო და კერძო საჩივრები დატოვებულ იქნა ხარვეზზე, რამდენადაც წარმოდგენილი საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ხოლო კერძო საჩივარზე დართული ქვითრის თანახმად, რ. ა-ის მიერ 50 ლარი არ იყო გადახდილი საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის შესაბამის ანგარიშზე. ამასთან, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული არც საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებისა და არც ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
Aამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინებებით რ. ა-ს საკასაციო და კერძო საჩივრებზე დაუდგინა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად, კერძოდ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში უნდა შეევსო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის, ხოლო კერძო საჩივრისათვის 50 ლარის გადახდის ქვითრები. ამასთან, მითითებული განჩინებებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო და კერძო საჩივრები არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით, საჩივრებში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა რ. ა-ს. A
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებები 2013 წლის 5 აგვისტოს ჩაბარდა ადრესატს, რაც დასტურდება გზავნილზე პირის ხელმოწერით.
2013 წლის 13 აგვისტოს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის ქვითარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული რ. ა-ის კერძო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინების ასლი ადრესატს 2013 წლის 5 აგვისტოს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2013 წლის 6 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2013 წლის 15 აგვისტოს იწურებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, რ. ა-მა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს რ. ა-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე