Facebook Twitter
#ბს-398-387(კ-13) 19 სექტემბერი 2013 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 27 თებერვალს მ. ფ-ემ და ნ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 13 ივნისის №882008180772, 2007 წლის 28 სექტემბრის №032007014568 და 2008 წლის 29 ოქტომბრის №8820083182005-03 გადაწყვეტილებების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2009 წლის 8 იანვარს გაცემული №998-გ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2008 წლის 29 ოქტომბრის განცხადებით (№3882008318005) მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის დავალდებულება და მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. ქუთაისი, ... ქ. №83ა, ნაკვეთი №..., სარეგისტრაციო ნომერი №...) საზღვრების დადგენა მოითხოვეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. ქუთაისის მერია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ქ-ე და ლ. ლ-ე.
2009 წლის 13 ივლისს მ. ფ-ემ და ნ. ნ-ემ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით ქ. ქუთაისის მერიის 2007 წლის 26 სექტემბრის №01-2480 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 21 სექტემბრის №16/228/10-7 მიმართვების, ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული სიტუაციური გეგმისა და მისგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგის, თვითმმართველი ქ. ქუთაისის ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა საქალაქო სამსახურის 2008 წლის 9 ივლისის №707 მიმართვის, ქ. ქუთაისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული სიტუაციური გეგმისა და მისგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგის ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამასთან, მოპასუხე მხარედ დამატებით ქ. ქუთაისის მერია მიუთითეს.
2009 წლის 18 აგვისტოს მ. ქ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების _ მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. ქუთაისში, ... ქ. №83ა-ში მდებარე 2049 კვ.მ მიწის ფართზე მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის სარჩელზე შეჩერდა საქმის წარმოება, მ. ქ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, საკუთრების უფლების დამდგენი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე №3/169 მ. ქ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და ადმინისტრაციული საქმე №3/35 ნ. ნ-ის და მ. ფ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის _ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ; გაერთიანებულ საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო №3/35.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ... ქ. №83ა-ში მდებარე 2049 კვ.მ მიწის ფართზე მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო №...).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ფ-ემ და ნ. ნ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2011 წლის 23 მაისს ლ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების _ მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. ქუთაისში, ... ქ. №83ა-ში მდებარე 2049 კვ.მ მიწის ფართზე მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ქ-ისა და ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ... ქ. №83ა-ში მდებარე 2049 კვ.მ მიწის ფართზე მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ფ-ემ და ნ. ნ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ქ-ისა და ლ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ქ-ის და ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 13 ივნისის №882008180772, 2007 წლის 28 სექტემბრის №032007014568 და 2008 წლის 29 ოქტომბრის №8820083182005-03 გადაწყვეტილებები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 8 იანვარს №998-გ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის 2007 წლის 26 სექტემბრის №01-2480 მიმართვა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 21 სექტემბრის №16/228/10-7 მიმართვა, სიტუაციური გეგმა შეთანხმებული ქ. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქ. ქუთაისის ეკონომიკური განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა საქალაქო სამსახურის 2008 წლის 9 ივლისის №707 მიმართვა და ქ. ქუთაისის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული სიტუაციური გეგმა; ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა 2008 წლის 29 ოქტომბრის განცხადებით მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაცია; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის 2010 წლის 24 თებერვლის №7137/15-2009 ექსპერტიზის 1-6 პუნქტების და ¹1 დანართის შესაბამისად, დადგინდა მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, კერძოდ: 1) ნაკვეთის უკიდურესი აღმოსავლეთი კუთხის მდებარეობის დასადგენად ბავშვთა საავადმყოფოსაკენ მიმავალი საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩრდილოეთი ნაპირის ხაზის და წყალტუბო-ქუთაისის გზის სავალი ნაწილის ღერძულა ხაზების გადაკვეთის წერილიდან გადაიზომა 87.7მ იმავე გზის სავალი ნაწილის ჩრდილოეთი ნაპირის ხაზის გასწვრივ დასავლეთის მიმართულებით, მიღებული წერტილიდან გზის ნაპირის მართობულად ჩრდილოეთის მიმართულებით კიუვეტის ჩრდილოეთ ნაპირიდან გადაიზომა 2მ.; 2) პირველი პუნქტით მიღებული წერტილიდან დასავლეთ მიმართულებით ჩრდილოეთ მიმართულებისაკენ 95 გრადუსით გადაიზომა 100.5მ.; 3) მეორე პუნქტით მიღებული წერტილიდან ჩრდილოეთის მიმართულებით გადაიზომა 20მ.; 4) მესამე პუნქტით მიღებული წერტილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ჩრდილოეთ მიმართულებასთან 48 გრადუსით გადაიზომა 24.78მ; 5) მეოთხე პუნქტით მიღებული წერტილიდან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით ჩრდილოეთ მიმართულებასთან 104 გრადუსით გადაიზომა 74.4მ; 6) მეხუთე პუნქტით მიღებული წერტილი შეუერთდა პირველი პუნქტით მიღებულ წერტილს; მოცემული საზღვრების ფართი განისაზღვრა 2051.27 კვ.მ-ით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს მ. ქ-ემ და ლ. ლ-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის და მ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 21 სექტემბრის №16/228/10-7 მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 21 სექტემბრის №16/228/10-7 მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზანაესი სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მ. ქ-ისა და ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქათაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით მ. ფ-ძისა და ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ფ-ემ და ნ. ნ-ემ, რომლებმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მ. ქ-ისა და ლ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარზე მ. ფ-ის მიერ 2013 წლის 18 ივლისს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ფ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ფ-ისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინება;
3. მ. ფ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2013 წლის 18 ივლისს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ლ. მურუსიძე ნ. სხირტლაძე