საქმე #ბს-409-398(კ-13) 8 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. ტ-ოს სარჩელისა გამო, მოპასუხის - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირების - ს. მ-ისა და ნ. მ-ის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. ტ-ომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ინდივიდულაურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება (იხ. ს.ფ. 1-21; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. მ-ე (იხ. ს.ფ. 69-71; ტ.1).
მესამე პირმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა (იხ. ს.ფ. 81-89; ტ.1).
წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (იხ. ს.ფ. 134-141; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. მ-ე (იხ. ს.ფ. 202-204; ტ.1).
წერილობითი შესაგებლით ნ. მ-ემ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 220-228; ტ.1).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით (იხ.ს.ფ. 248-262; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-ომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 370-287; ტ.1).
სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი წერილობითი შესაგებლებით სააპელაციო საჩივარი არ ცნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მესამე პირებმა ს. მ-ემ და ნ. მ-ემ (იხ. ს.ფ. 28-35; 37-44; 46-54; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. ტ-ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება და გ. ტ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 5 მარტის №ტ-09 გადაწყვეტილება, ქ. ქობულეთში, ... ქ. №... ვ-ში მდებარე №48 საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ტ-ოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მოთხოვნილია ქ. ქობულეთში, ... ქ. №... ვ-ში მდებარე №48 საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა (იხ. ს.ფ. 158-175; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად ,,48-ის“ მიეთითა №41“ (იხ.ს .ფ. 176-177; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამეგობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 186-193; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 197-198; ტ.2).
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 207-208; ტ.2).
ნ. მ-ე საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 210-216; ტ.2 )
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით. კასატორის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე