№ბს-779-763(კ-12) 3 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ზ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 18 მაისს ზ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 20 ივნისის დადგენილებით დამტკიცდა ზ. მ-ისათვის გრძელვადიანი იჯარით (45 წლის ვადით) 0.78 ჰა სახნავი და 0.66 ჰა საძოვარი მიწის ფართის გადაცემა. ხსენებული დადგენილების საფუძველზე 2001 წლის 24 სექტემბერს ზ. მ-ესა და ოზურგეთის გამგეობას შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო იჯარის №166 ხელშეკრულება. 2011 წლის 28 აპრილს მან განცხადებით მიმართა სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მასზე იჯარით გადაცემული ნაკვეთის პრივატიზების მიზნით. სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 16 მაისის №2-22/175 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 2011 წლის 24 ივნისს მან გადაწყვეტილების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების მოთხოვნით საჩივრით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომლის 2011 წლის 8 ნოემბრის №1-1/2315 ბრძანებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სამხარეო სამმართველოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა. სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 16 ნოემბრის №ტ-1/706 წერილით ზ. მ-ეს ეცნობა, რომ ხარვეზის შევსების მიზნით უნდა წარედგინა საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ გაცემული ორთოფოტო, დადასტურებული ასოციაციის შტრიხკოდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. მოთხოვნილი დოკუმენტის მიღების მიზნით მოსარჩელემ მიწის მესაკუთრეთა ასოციაციას მიმართა, სადაც განუმარტეს, რომ ვინაიდან 2011 წლის 1 მაისს დამთავრდა იჯარით გაცემული მიწის პრივატიზაცია, ასოციაცია ვეღარ გასცემდა ორთოფოტოს, თუ არ იქნებოდა სამინისტროს მიმართვა. მხარეს ასევე მიუთითეს, რომ ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იყო შესაბამისი ინფორმაცია. აღნიშნულის შემდგომ ზ. მ-ემ სამხარეო სამმართველოს მიმართა, სადაც მიუთითა, რომ ის ვერ ახერხებდა მიწის მესაკუთრეთა ასოციაციიდან ორთოფოტოს მიღებას და აღნიშნულის მიღების მიზნით მოითხოვა შესაბამისი მიმართვის გაცემა. სამმართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის №ტ-1/845 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მოთხოვნილი მიმართვის გაცემის უფლება მათ არ გააჩნდათ. 2011 წლის 5 დეკემბერს ზ. მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის გაცემის მოთხოვნით, რათა 10 დღიან ვადაში შეევსო ხარვეზი და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტები. სამინისტრომ აღნიშნული წერილი სამხარეო სამმართველოს გადაუგზავნა, რომლის 2011 წლის 19 დეკემბრის წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ მათი მხრიდან აღნიშნულ საკითხზე პასუხი უკვე გაცემული იყო.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის №1-3/130 ბრძანებით განუხილველი დარჩა მისი განცხადება, საფუძვლად კი მითითებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანების მე-9 მუხლის მე-11 პუნქტი და სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 16 ნოემბრის წერილი. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ კვლავ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლის 2012 წლის 20 აპრილის ბრძანებით მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 30 დეკემბრის №1-3/130 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1022 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსათვის ზ. მ-ის მიერ წარდგენილი განცხადებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის №1-1/2315 ბრძანების შესაბამისად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების განახლება და მის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოზურგეთის გამგეობის 2001 წლის 20 ივნისის დადგენილების საფუძველზე 2001 წლის 24 სექტემბერს ზ. მ-ესთან 45 წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება №166 და მას ოზურგეთის რაიონის სოფელ ..., კაპროვანის ტერიტორიაზე მდებარე 0.78 ჰა სახნავი და 0.66 ჰა საძოვარი გადაეცა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ 2011 წლის 16 ნოემბერს ზ. მ-ეს გაუგზავნა შეტყობინება ხარვეზის შევსების შესახებ და განმცხადებელს დაავალა საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან საკადასტრო გეგმასთან ერთად და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ გაცემული ასოციაციის შტრიხკოდით დადასტურებული და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ორთოფოტოების წარდგენა 10 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 30 დეკემბრის №1-3/130 ბრძანებით ზ. მ-ის განცხადება იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ხოლო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1022 ბრძანებით ზ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ზ. მ-ემ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურის-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს არ წარუდგინა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ გაცემული, ასოციაციის შტრიხკოდითა დ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული ორთოფოტო.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის „ბ.გ“ პუნქტზე, რომლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვა. სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული კანონით განისაზღვრა სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა მიწის ნაკვეთის მოიჯარეთათვის კანონით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, რაც გაწერილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებულ წესებში. მითითებული წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოს და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. ამავე წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზების თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი გამგეობის დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის თაობაზე, საჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ამონაწერზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა. ამასთან, თუ საკადასტრო გეგმა არ იძლევა დეტალურ-სრულყოფილ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის თაობაზე, მაშინ განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი/ნახაზები.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების გაძნელების პირობებში, ნაკვეთის თაობაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მიზნით, სამხარეო სამმართველო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დამატებით ორთოფოტოს წარდგენა, რამდენადაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და შეამოწმოს მისი სისწორე და კანონიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 81-ე, 85-ე მუხლების, ასევე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტებით ცალსახად განისაზღვრა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილება - მოსთხოვოს განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები პრივატიზების კანონშესაბამისად განხორციელების მიზნით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ზ. მ-ემ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს არ წარუდგინა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ გაცემული, ასოციაციის შტრიხკოდითა დ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული ორთოფოტო. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ზ. მ-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად ვერ დაასაბუთა სარჩელი და ვერ უზრუნველყო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე. ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. ზემოაღნიშნული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზების თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი გამგეობის დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის თაობაზე, საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ამონაწერზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა. ამასთან, თუ საკადასტრო გეგმა არ იძლევა დეტალურ-სრულყოფილ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის თაობაზე, მაშინ განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი/ნახაზები. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მსჯელობა, მასზედ, რომ თითქოს მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი მისთვის დამატებით მოეთხოვა ორთოფოტოს წარდგენა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა თითქოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო ვალდებული იყო გაეცა მიმართვა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის სახელზე ორთოფოტოს წარდგენის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტმა ვერ მიუთითა ვერცერთი სამართლებრივი ნორმა, რომელიც მოპასუხეებს მიმართვის წარდგენის ვალდებულებას აკისრებდა. შესაბამისად, სასამართლომ აპელანტის მსჯელობა მოპასუხეების მხრიდან ასეთი მიმართვის გაცემის ვალდებულების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სამხარეო სამმართველოს მხრიდან მოთხოვნილ იყო ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რომლის მიღების შესაძლებლობა მას სამხარეო სამმართველოს დახმარების გარეშე არ ჰქონდა; ამ უკანასკნელმა კი დახმარების გაწევაზე, ანუ მიმართვის გაცემაზე უარი განაცხადა, რის გამოც ვერ იქნა შევსებული ხარვეზი.
გარდა აღნიშნულისა, კასატორმა მიუთითა, რომ მის მიერ წარგენილ იქნა ყველა ის დოკუმენტი, რომლის აუცილებლობასაც ითვალისწინებს მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 18 აპრილს 12:00 საათზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით ზ. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2013 წლის 3 ოქტომბერს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ოზურგეთის რაიონის გამგეობის 2001 წლის 20 ივნისის დადგენილების საფუძველზე, 2001 წლის 24 სექტემბერს მოსარჩელე ზ. მ-ესთან 45 წლის ვადით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება №166 და მას ოზურგეთის რაიონის სოფელ ..., კაპროვანის ტერიტორიაზე მდებარე 0.78 ჰა სახნავი და 0.66 ჰა საძოვარი გადაეცა. 2011 წლის 28 აპრილს ზ. მ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს იჯარით გაცემული, სახელწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე. ხარვეზის შევსების შესახებ 2011 წლის 16 ნოემბრის შეტყობინებით ზ. მ-ეს დაევალა 10 დღის ვადაში სამხარეო სამმართველოში წარედგინა საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერები საჯარო რეესტრიდან საკადასტრო გეგმასთან ერთად და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ გაცემული ორთოფოტოები დადასტურებული ასოციაციის შტრიხკოდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. მოსარჩელემ მოთხოვნილი დოკუმენტების მიღების მიზნით მიწის მესაკუთრეთა ასოციაციას მიმართა, სადაც განუმარტეს, რომ ვინაიდან 2011 წლის 1 მაისს დამთავრდა იჯარით გაცემული მიწის პრივატიზაცია, ასოციაციას აღნიშნული დოკუმენტის დამოუკიდებლად გაცემის უფლებამოსილება მოცემული დროისათვის აღარ გააჩნდა და ამისათვის ასოციაციამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან მისი ორგანოს მიმართვა მოითხოვა. ამასთან, განიმარტა, რომ ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იყო შესაბამისი ინფორმაცია. აღნიშნულის საფუძველზე, ხარვეზის გამოსწორების მიზნით, 2011 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამხარეო სამმართველოს, სადაც მიუთითებდა, რომ ვერ ახერხებდა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციიდან ორთოფოტოს მიღებას მათი მიმართვის გარეშე, რის გამოც ითხოვა სამმართველოს მიერ შესაბამისი მიმართვის გაცემას. სამხარეო სამმართველომ 2011 წლის 6 დეკემბრის №ტ-1/845 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ ვერ გასცემდა მიმართვას, ვინაიდან ეს არ შედიოდა მათ უფლებამოსილებაში. ამის შემდეგ, მოსარჩელემ 2011 წლის 5 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სადაც ასევე მოითხოვა მიმართვის გაცემა, რათა 10 დღიან ვადაში შეევსო ხარვეზი და წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტები. სამინისტრომ მისი წერილი განსახილველად სამხარეო სამმართველოს გადაუგზავნა, რომელმაც 2011 წლის 19 დეკემბრის წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ მოთხოვნაზე მათი მხრიდან 2011 წლის 6 დეკემბრის №ტ-1/845 წერილით იქნა პასუხი გაცემული. ხოლო რაც შეეხება ზ. მ-ის განცხადებას იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 30 დეკემბრის №1-3/130 ბრძანებით იგი განუხილველი დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1022 ბრძანებით კი ზ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს ზ. მ-ის მოთხოვნა არსებითად არ განუხილავს და არ უმსჯელია მისი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. განსახილველი სარჩელითაც ზ. მ-ე გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული ორგანოსათვის მისი საკითხის არსებითად განხილვის დავალებას მოითხოვს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და სათანადოდ არ იმსჯელეს ზ. მ-ის განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესზე“, რომლის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს ქონების სააგენტოს, ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს, შესაბამისი რაიონის გამგეობის დადგენილების გამოცემიდან 2011 წლის 1 მაისამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამგეობის დადგენილებით გათვალისწინებული საიჯარო ვადა ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულების შემთხვევაში 10 წელი გავიდა 2010 წლის 10 აგვისტომდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დანაწესით სახელმწიფომ გამოხატა ნება იმისა, რომ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად მომხდარიყო იჯარით გაცემული ნაკვეთების პრივატიზება. აღნიშნული დანაწესით სარგებლობის უფლება თანაბრად მიენიჭება ყველა იმ ინდივიდს, რომლებიც აკმაყოფილებდნენ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესისა“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ პრივატიზების მოთხოვნით განცხადების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენისათვის დაინტერესებულ პირებს კანონმდებლობით განესაზღვრათ კონკრეტული ვადა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ზ. მ-ემ 2011 წლის 28 აპრილს, კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებით მიმართა სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს და მასზე იჯარით გადაცემული ნაკვეთის პრივატიზება მოითხოვა. აღნიშნული განცხადების წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია და ისე დატოვა განუხილველად ზ. მ-ის განცხადება, რომ არ შეუფასებია მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ზ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად აპელირებას მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და სამხარეო სამმართველოს არ წარუდგინა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ გაცემული ორთოფოტოები დადასტურებული ასოციაციის შტრიხკოდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია 2010-2011 წლებში ახორციელებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საზღვრების გადამოწმებას შესაძლო გადაფარვების, საზღვრების უზუსტობის და სხვა საკადასტრო ხარვეზების აღმოსაფხვრელად. საზღვრების გადამოწმების და დაზუსტების შემდეგ გაიცემოდა შტრიხკოდით დადასტურებული ორთოფოტო. აღნიშნულის გაცემის უფლებამოსილება კი, ასოციაციის განმარტებით, მას მინიჭებული ჰქონდა 2011 წლის 1 მაისამდე, რაც განპირობებული იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს თავად მოსარჩელის დამოკიდებულებაზე სამხარეო სამმართველოს მიერ დადგენილი ხარვეზის მიმართ. ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ზ. მ-ემ ჯერ სამხარეო სამმართველოს, ხოლო შემდგომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა, მაგრამ მათ მიერ ასოციაციისათვის მიმართვის მომზადება არ განხორციელებულა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებულ მხარეს დაუდგინა ხარვეზი, რომლის შევსება მხოლოდ მისივე დახმარებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან უარი განაცხადა განმცხადებლის დახმარებასა და შესაბამისი მიმართვის გაცემაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედებით ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებულ პირს უდგენს შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნას, რომლის შესრულების შესაძლებლობაც მას დამოუკიდებლად არ გააჩნია, მისი მხრიდან კი არ ხდება შესაბამისი მიმართვის გაცემა. ასეთი ქმედებით ადმინისტრაციული ორგანო მოქალაქეს უჭრის ყოველგვარ სამართლებრივ გზას, მოახდინოს მისივე აქტით დადგენილი ხარვეზის შევსება.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ რეალურად, ზ. მ-ეს არ გააჩნდა სამართლებრივი მექანიზმი იმისა, რომ დამოუკიდებლად, ადმინისტრაციული ორგანოს დახმარების გარეშე მოეპოვებინა ხარვეზის გამოსასწორებლად წარსადგენი დოკუმენტი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. მ-ის მიერ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობა და ხარვეზის შესავსებად მოთხოვნილი დოკუმენტის წარუდგენლობა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო და მისი ბრალის გარეშე. საყურდღებოა, რომ ზ. მ-ემ დადგენილ ვადაში შეიტანა განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში იჯარით არსებული ნაკვეთის პრივატიზების მოთხოვნით, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა შეეფასებინათ რამდენად კანონიერად მოხდა ზ. მ-ის განცხადების განუხილველად დატოვება, იმ პირობებში, როდესაც მას ხარვეზის გამოსწორების სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნდა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა ჰქონდა თუ არა ზ. მ-ეს სამინისტროსა და სამხარეო სამმართველოს დახმარების გარეშე ხარვეზის აღმოფხვრისათვის წარსადგენი დოკუმენტის დამოუკიდებლად მოპოვების შესაძლებლობა და თავისმხრივ ადმინისტრაციული ორგანო უნდა დახმარებოდა თუ არა ზ. მ-ეს მოთხოვნილი დოკუმენტის მოპოვებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ზ. მ-ის მხრიდან სამხარეო სამმართველოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობასთან, როგორც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო დამდგარ შედეგთან, თუ ხარვეზის შეუვსებლობასთან, როგორც მოსარჩელის მიერ ხარვეზის ბრალეულად შეუვსებლობის ფაქტთან.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შტრიხკოდით დადასტურებული ორთოფოტოების მონაცემთა ბაზა ასოციაციის ვებ-გვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა მიეღო საჭირო ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა. აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებული პირობები და განსაზღვრული წესები კი გაწერილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებულ წესში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ექვემდებარება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის შესაბამისად კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზ. მ-ემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: 1) საქართველოს ოზურგეთის რაიონის გამგეობის დადგენილება №833; 2) 2001 წლის სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება №166; 3) იჯარის ობიექტის აღწერილობის ოქმი №166; 4) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 5) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული საკადასტრო გეგმა; 6) 2011 წლის 18 ივლისს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. მ-ემ, როგორც დაინტერესებულმა პირმა, მომხდარიყო იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, წარადგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რასაც მას კანონი უწესებდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაწესზე, რომლის თანახმად, პრივატიზების თაობაზე განცხადებას თან უნდა დაერთოს საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ამონაწერზე დართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა; საკადასტრო გეგმის არარსებობის შემთხვევაში ან თუ საკადასტრო გეგმა არ იძლევა დეტალურ, სრულყოფილ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის თაობაზე, მაშინ განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი/ნახაზები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დანაწესის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განახორციელოს დაზუსტებული და გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე. სახელმწიფოს ამ სამართალურთიერთობის მიმართ გააჩნია ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კერძო პირის საკუთრებაში გადაცემა. ამ მიზნით სახელმწიფო დაინტერესებული მხარისგან ითხოვს დოკუმენტაციას, რომელიც იძლევა სრულყოფილ, დეტალურ ინფორმაციას ნაკვეთის შესახებ, რათა მოხდეს შემდგომში ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დავების პრევენცია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოსთვის იმ უფლების მინიჭება, რაც გულისხმობს, საკადასტრო გეგმის არარსებობის შემთხვევაში ან თუ საკადასტრო გეგმა არ იძლევა დეტალურ სრულყოფილ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის თაობაზე, დაინეტერესებულ პირს დამატებით მოსთხოვოს შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი/ნახაზები. თუმცა, ეს დანაწესი მიწის პრივატიზების დროს არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც დამატებითი ბარიერი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს ბოროტად, დაინტერესებული მხარის საზიანოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ანუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ამდენად, ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ თავის მხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას, წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევისა და სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შეფასების შემდეგ უნდა იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე