№ბს-390-397(კ-კს-13) 3 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – რ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
მესამე პირები - თ. და თ. მ-ები; მ. მ-ი-ბ-ი; მ. მ-ი-ნ-ე
დავის საგანი - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 27 აგვისტოს რ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ. მოსარჩელემ თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის 2000 წლის 2 მაისის №14/1 დადგენილების, თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის 2000 წლის 2 მაისის №14/1 დადგენილებით დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000 წლის 21 აპრილის №3 სხდომის ოქმის და მისი დანართის ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მიერ კონტურ „...“ 43.6 ჰა სათიბის საკრებულოს ფონდში დაბრუნების ნაწილში არარად აღიარება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თეთრიწყაროს რაიონის გამგეობის 1996 წლის 25 დეკემბრის №3 დადგენილებით და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის №3 სხდომის ოქმის საფუძველზე, მოსარჩელეს გაუფორმდა იჯარის ხელშეკრულება (სარეგისტრაციო №75) და გადაეცა 60 ჰა მიწის ნაკვეთი, სოფელ ... საკრებულოს ტერიტორიაზე, კერძოდ, 17.9 ჰა კონტურ „...“, ხოლო 42.1 ჰა კონტურ „ქ...“. ამ უკანასკნელ ნაკვეთში 6 ჰა მიწის ნაკვეთი გახდა სადავო სოფელ პატარა ... მცხოვრებ ზ. მ-თან, რომელსაც მოსარჩელეზე ხუთი თვით ადრე ჰქონდა გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რის გამოც სადავო ფართობი მისი მხრიდან დათმობილ იქნა.
მოსარჩელის განმარტებით, ზ. მ-ს ისე გაუფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომ არ არსებობდა გამგეობის შესაბამისი დადგენილება. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა თეთრიწყაროს რაიონის მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2000 წლის 21 აპრილს გაფორმებულ №3 სხდომის ოქმზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ საიჯარო ფონდში უკან დააბრუნა 43.6 ჰა მიწის ნაკვეთი კონტურ „...“, მაშინ როდესაც მას კონტურ „...“ მხოლოდ 34.2 ჰა მიწის ნაკვეთი გააჩნდა.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ 2000 წლის 21 აპრილს თეთრიწყაროს რაიონის მიწის იჯარით გამცემი კომისიის №3 ოქმის შესრულება შეუძლებელი იყო და იგი არარა აქტად უნდა აღიარებულიყო.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. მ-ი.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის საოქმო გაჩინებით მესამე პირის – ზ. მ-ის უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ - თ. მ-ი, მ. მ-ი-ბ-ი, თ. მ-ი, მ. მ-ი-ნ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2013 წლის 13 ივნისს რ. ა-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ მისი მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საერთოდ არ ეხებოდა სააპელაციო საჩივარში დასმულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით რ. ა-ის განცხადება დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებს და წესებს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით აღიარებული საპროცესო უფლება განსხვავდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 397-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო უფლებებისაგან. უპირველესად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა უკავშირდებოდა პროცესუალურ შემთხვევას, კერძოდ, როდესაც მოცემული დავის რეგულირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ მოიცავდა პასუხს მხარის ისეთ მოთხოვნებზე, რომელზეც სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების შედეგი დაუკავშირა მსჯელობის საგანს, მაგრამ გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი აღნიშნულთან დაკავშირებით არ დამდგარა, ანუ სასამართლო აქტის დადგენილებით (სარეზოლუციო) ნაწილში მსჯელობის საგნის სამართლებრივი პოზიცია არ ასახულა. სასამართლო აქტის სარეზოლუციო ნაწილი კი წარმოადგენდა იმ პრიორიტეტულ საპროცესო საშუალებას, რომელიც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირების, შემდგომი სოციალური რეალიზაციის, სამართლებრივი შედეგის აღსრულების საფუძველი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის შვიდი დღის ვადაში დასმის შესაძლებლობა, კანონმდებელმა დაუკავშირა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდებოდა კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილი იყო საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი რჩებოდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას აპელანტი - რ. ა-ი პირადად ესწრებოდა. სააპელაციო სასამართლომ განიხილა რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და სარჩელის დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 მაისის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ აპელანტს უარი ეთქვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას რ. ა-ს ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინა დასკვნა, იმსჯელა თუ არა სააპელაციო პალატამ მისი სააპელაციო საჩივრის ყველა მოთხოვნაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა რ. ა-მა 2013 წლის 13 ივნისს ანუ კანონისმიერი 7 დღიანი ვადის დარღვევით მოითხოვა, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპალაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა რ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მითითება მასზედ, რომ 7 დღიანი ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან შეუსაბამობაშია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილთან.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სარეზოლუციო ნაწილი არის გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილი. მთელის შემადგენელი ნაწილი კი არ ნიშნავს მთელს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება არ ნიშნავს გადაწყვეტილების გამოცხადებას. ასევე, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თუ ცნობილი არ არის სამოტივაციო ნაწილი ანუ დასაბუთება, შეუძლებელია დამატებითი გადაწყვეტილების მოთხოვნაც.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სადავო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 8 მაისს, დასაბუთებული განჩინება კი ჩაბარდა 2013 წლის 7 ივნისს, ანუ განჩინების შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა 2013 წლის 7 ივნისს. განმცხადებელმა სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე 2013 წლის 13 ივნისს მიმართა, რაც საპროცესო ვადის დარღვევას არ წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული რ. ა-ის კერძო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა რ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით აღიარებული საპროცესო უფლება მნიშვნელოვნად განსხვავდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 397-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო უფლებებისაგან, კერძოდ, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისთვის დადგენილი პირობა უკავშირდება პროცესუალურ შემთხვევას. აღნიშნული პირობის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოტანილი, თუ ამ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცას პასუხს მხარის ისეთი მოთხოვნის მიმართ, რომელიც მართალია იყო განხილვის საგანი, ე.ი. მოხდა მისი განხილვა ამ კოდექსით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს რატომღაც გამორჩა მხედველობიდან მიეღო გადაწყვეტილება ამ კონკრეტული მოთხოვნის მიმართ ანუ რამდენიმე მოთხოვნიდან სასამართლომ არ იმსჯელა და გადაწყვეტილება არ გამოიტანა ერთ-ერთის მიმართ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ამ მუხლთან მიმართებაში და დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში, მაგრამ აღნიშნული დანაწესის თანახმად, ძირითადი გადაწყვეტილების გამოცხადებას უნდა ესწრებოდეს მხარე (განცხადებელი). იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებიან მხარეები ან არ ესწრება ერთ-ერთი საპროცესო სუბიექტი, მაშინ 7 დღიანი ვადის დენა ამ სუბიექტის მიმართ უნდა დაიწყოს იმ დღიდან, როდესაც მას ჩაბარდა მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება/განჩინება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას აპელანტი - რ. ა-ი პირადად ესწრებოდა (ტომი II, ს.ფ. 109-112). შესაბამისად, მას როგორც დაინტერესებულ მხარეს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოსათვის 2013 წლის 14 მაისის 24 საათამდე უნდა მიემართა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმის მასალების თანახმად, რ. ა-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით 2013 წლის 16 ივნისს ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი, კანონისმიერი 7 დღიანი ვადის დარღვევით მიმართა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის შესახებ, რომ თუ ცნობილი არ არის სამოტივაციო ნაწილი ანუ დასაბუთება, შეუძლებელია დამატებითი გადაწყვეტილების მოთხოვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რ. ა-მა, როგორც აპელანტმა იცოდა მისი სააპელაციო/სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაეკეთებინა დასკვნა, იმსჯელა თუ არა სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივრის ყველა მოთხოვნაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც კონკრეტულად მოცემულია, თუ რა გადაწყვიტა სასამართლომ განსახილველ საქმესთან მიმართებით. სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს დასკვნას სასარჩელო/სააპელაციო/საკასაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების ვადასა და წესზე. სააპელაციო სასამართლომ განიხილა რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და სარჩელის დაკმაყოფილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; აპელანტს უარი ეთქვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ა-ს რეალურად ჰქონდა შესაძლებლობა გაეკეთებინა ანალიზი, იმის შესახებ, სახეზე იყო თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი ეხება მხოლოდ პროცესუალურ შემთხვევას და არა კონკრეტული საქმის ვითარების სამართლებრივ შეფასებას, რომლის გაანალიზება და არგუმენტირებული გასაჩივრებაც (სააპელაციო/საკასაციო წესით) შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის შვიდი დღის ვადაში დასმის შესაძლებლობა, კანონმდებელმა დაუკავშირა არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის გადაცემას, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტს და მიიჩნია, რომ ვითარების ასეთი სამართლებრივი მოწესრიგება არ ზღუდავს საპროცესო სუბიექტის შესაძლებლობას, დაარეგულიროს სადავო საპროცესო ურთიერთობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ რ. ა-მა, მოცემულ ვათარებაში დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე