#ბს-393-382(კს-13) 15 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და
თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ლ-ა
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 4 თებერვალს გ. ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 3 იანვრის №525 გადაწყვეტილების, თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 14 აგვისტოს №882012465252-03 და 2012 წლის 29 ოქტომბრის №882012465252-06 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით (იხ. ტ. 1; ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით გ. ლ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს (იხ. ტ. 1; ს.ფ. 16-18).
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 100-106).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 110-119).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და სააპელაციო საჩივარზე ხელისმომწერი პირის სახელზე გაცემული მინდობილობა სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე (იხ. ტ. 2; ს.ფ. 3-5).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუსრულებლობის გამო (იხ. ტ. 2; ს.ფ. 8-11).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან შესამოწმებლად.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი. რომლის თანახმად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საუძველზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კი სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-6 პუნქტის თანახმად, სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის ფრაგმენტის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, წმინდა ნიკოლოზის/ჩხეიძის №2.
შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება უნდა გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, წმინდა ნიკოლოზის/ჩხეიძის №2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის და არა მხოლოდ საჯარო რეესტრის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულისათვის - ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურისათვის.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლო ცალსახად ვალდებული იყო ხარვეზის განჩინება ჩაებარებინა უფლებამოსილი პირისათვის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, ვინაიდან სასამართლომ ხარვეზი დაადგინა ორი საფუძვლით: 1. სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და 2. სააპელაციო საჩივარზე ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. შესაბამისად, ორივე ხარვეზის აღმოფხვრა უნდა განეხორციელებინა უშუალოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რაც ვერ განახორციელა განჩინების ჩაუბარებლობის გამო. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ეჭვქვეშ იქნა დაყენებული თავად ლ. ზ-ის უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ხარვეზის განჩინება ჩაებარებინა უფლებამოსილი პირისათვის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის (იხ. ტ. 2; ს.ფ. 18-19).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 27 მაისის განჩინებით ხარვეზზე დატოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სააპელაციო საჩივარზე ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო (იხ. ტ. 2; ს.ფ. 3-5). აღნიშნული განჩინება სასამართლოს მიერ გაიგზავნა მხოლოდ თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურში მისამართზე - ქ. თეთრიწყარო, ლესელიძის ქ. №32 (იხ. ტ.2; ს.ფ. 6) და ჩაბარდა 2013 წლის 4 ივნისს ორგანიზაციის წარმომადგენელს ლ. ზ-ეს (იხ. ტ.2; ს.ფ. 7). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ტ.2; ს.ფ. 8-11).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომლის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. სსსკ-ის 73.8 მუხლის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლიარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის დასაბუთებას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის თაობაზე განჩინება უნდა გაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ მისამართზე - ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ჩხეიძის №2 და არა საჯარო რეესტრის სტრუქტურული ერთეულისათვის - თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისათვის მისამართზე - ქ. თეთრიწყარო, ლესელიძის ქ. №32 და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე - ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ჩხეიძის №2 (იხ. ტ. 1; ს.ფ. 110-119) და მხოლოდ გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში იყო სასამართლო უფლებამოსილი გაეგზავნა ალტერნატიულ მისამართზე და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის დასაბუთებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ეჭვქვეშ იქნა დაყენებული ლ. ზ-ის უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლო ცალსახად ვალდებული იყო ხარვეზის განჩინება ჩაებარებინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, რათა სააგენტოს უზრუნველეყო სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის აღმოფხვრა და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეჩნია ლ. ზ-ისათვის გზავნილის ჩაბარება ადრესატისათვის ჩაბარებად, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს სახელით კორესპოდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილია კანცელარია ან ასეთი დანიშნულების სტრუქტურული ერთეული და სწორედ ასეთი სტრუქტურული ერთეულის არყოფნის შემთხვევაშია ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირი ვალდებული ჩაიბაროს კორესპოდენცია.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ შემთხვევაში სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელს ლ. ზ-ეს მინიჭებული აქვს ყველა უფლება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული სპეციალური უფლებამოსილებისა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმომადგენლისათვის, რომელიც მარწმუნებლის მიერ სასამართლო აქტის გასაჩივრების კომპეტენციით არ არის აღჭურვილი, მისთვის ხარვეზის განჩინების ჩაბარების თარიღიდან საპროცესო ვადის ათვლა არ შეესაბამება მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე