Facebook Twitter

#ბს-452-539(კს-13) 26 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ბ. ჩ-ის წარმომადგენლის - ა. კ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებაზე.

2012 წლის 12 ოქტომბერს ბ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მოპასუხისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 და 20 ნოემბრის განჩინებებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტის კახეთის მომსახურების ცენტრი და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელი - ა. კ-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის საფუძველზე, არ იქნა დაშვებული წარმომადგენლად იმ მოტივით, რომ მითითებული ნორმა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელებას უკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებულნი ადვოკატთა ასოციაციაში. ამასთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ტესტირება არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატს, რომელსაც ტესტირება გავლილი აქვს სპეციალიზაციის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა შესაბამის დარგში. საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ადვოკატად მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ადვოკატს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ა. კ-ეს ადვოკატთა ტესტირება გავლილი ჰქონდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, იგი, როგორც წარმომადგენელი, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაშვებული ადმინისტრაციულ პროცესში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით ბ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.

2013 წლის 26 ივნისს ა. კ-ემ წერილობით მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ იგი არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „...“ თავმჯდომარე. მითითებული კავშირი რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2000 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებით და ახორციელებს წესდებით გათვალისწინებულ უფლებასილებას. ა. კ-ეს ადვოკატთა ტესტირება გავლილი აქვს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა მოცემულ საქმეში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა არა ადვოკატთა ასოციაციის, არამედ კავშირის წესდებისა და კავშირის მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე.

ა. კ-ემ უკანონოდ მიიჩნია ადმინისტრაციული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი წარმომადგენლად არ დაშვება იმ მოტივით, რომ სპეციალიზაციის მიხედვით შეზღუდვა ადვოკატებისათვის აღარ მოქმედებდა, ამასთან, იგი საქმის განხილვაში მონაწილეობდა კავშირი „...“ წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, ა. კ-ეს არ დაუზუსტებია რა საპროცესო ფორმით ხდიდა სადავოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვაში წარმომადგენლად არ დაშვებას, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, იგი ფორმალური თვალსაზრისით მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების თაობაზე, ამავე კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი ან 1971 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში, ა. კ-ეს ან მის მარწმუნებელს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინებაზე არ წარმოუდგენიათ და ასეთად ვერც ა. კ-ის წერილობითი მომართვა ვერ იქნება მიჩნეული. მით უფრო, რომ მხარეს გაშვებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი, საკასაციო საჩივრით გასაჩივრების 21-დღიანი ვადა.

საქმის მასალების მიხედვით, ბ. ჩ-ს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განჩინება პირადად ჩაბარდა 2013 წლის 2013 წლის 14 მაისს (იხ. ს.ფ. 59; ტ.II).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო აქტი გაუგზავნოს მხარეს ან მის წარმომადგენელს, ხოლო ორივესათვის გაგზავნის ვალდებულება სასამართლოს არ აკისრია.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განჩინება ჩაბარდა მხარეს – ბ. ჩ-ს 2013 წლის 14 მაისს, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა ამოიწურა 2013 წლის 4 ივნისს, თუმცა ამ ვადაში საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულზე გავლენას არ ახდენს ის გარემოება, რომ ბ. ჩ-ის წარმომადგენლის - ა. კ-ის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს განჩინება მასაც ჩაბარდა 2013 წლის 11 ივნისს. გასაჩივრების ვადის ათვლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა მოხდეს მხარისათვის განჩინების ჩაბარებიდან, 2013 წლის 14 მაისიდან.

ბ. ჩ-ის წარმომადგენელი - ა. კ-ე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვაში წარმომადგენლად არ დაშვების კანონიერებას.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლს, რომლის მიხედვით, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატს, რომელსაც ტესტირება გავლილი აქვს სპეციალიზაციის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა შესაბამის დარგში.

აღნიშნილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ანიჭებს მხოლოდ ადვოკატებს, ხოლო „ადვოკატთა შესახებ“ კანონი ადვოკატს უფლებას ანიჭებს დაიცვას მისი მარწმუნებლის ინტერესები მხოლოდ იმ სახის დავებში, რა სპეციალიზაციითაც მას ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ტესტირება, ა. კ-ე ვერ იქნებოდა დაშვებული აპელანტის - ბ. ჩ-ის ადვოკატად. ამ უკანასკნელს ადვოკატთა ტესტირება გავლილი ჰქონდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რასაც თავადაც ადასტურებს, რის გამოც მას ადვოკატის უფლებამოსილების განხორციელება არ შეეძლო ადმინისტრაციული წესით დავის სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვისას.

ა. კ-ე წარმომადგენლად არ დაშვებას უკანონოდ მიიჩნევს იმ მოტივით, რომ სპეციალიზაციის მიხედვით შეზღუდვა ადვოკატთა მიმართ აღარ არსებობს, თუმცა არ მიუთითებია სამართლის შესაბამის ნორმაზე, რომლითაც ამგვარი შეზღუდვა გაუქმდა. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტი აწესებს ამგვარ შეზღუდვას და კანონმდებელი გამონაკლისის სახით ნებისმიერ ადვოკატს მხოლოდ საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.

გარდა აღნიშნულისა, ა. კ-ე ასევე უთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი მართალია არის სერთიფიცირებული ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, მაგრამ საადვოკატო საქმიანობას ახორციელებდა არა ადვოკატთა ასოციაციისაგან გაცემული ადვოკატის მოწმობით, არამედ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველთა კავშირი „...“ წესდებისა და შესაბამისი მოწმობის საფუძველზე, რომლის თავმჯდომარეც თვითონაა. განსახილველ საქმეში იგი მონაწილეობდა კავშირის სახელით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული არგუმენტი მართებულად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რამდენადაც ის გარემოება, რომ ა. კ-ე არის კავშირი „...“ თავმჯდომარე, რომლის საქმიანობის საგანს წესდების თანახმად წარმოადგენს საკონსულტაციო, დაცვითი, საადვოკატო, არასამეწარმეო და არაკომერციული საქმიანობა სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას, ასევე სახელისუფლო დაწესებულებებთან და მათ მოხელეებთან ფიზიკური (იურიდიულ) პირთა ურთიერთობებში, არ ცვლის დავის არსს. მოცემულ საქმეში მხარეს წარმოადგენდა ბ. ჩ-ი, რომლის მიერაც პირადად ა. კ-ეზე გაცემული რწმუნებულების საფუძველზე ახორციელებდა ეს უკანასკნელი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ადმინისტრაციულ ორგანოსა და საქალაქო სასამართლოში (იხ. ს.ფ. 34; ტ.I). კავშირი „...“ მოცემულ საქმეში მხარეს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვერც მისი სახელით იმოქმედებდა ა. კ-ე იმ პირობებშიც კი, თუ ბ. ჩ-ის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ შესაბამისი შეთანხმება გაფორმებულ იქნებოდა არა პირადად ა. კ-ესთან, არამედ კავშირთან. ასეთ ვითარებაშიც, ა. კ-ე მოცემულ დავაში მონაწილეობას მიიღებდა და იმოქმედებდა არა კავშირის, არამედ ბ. ჩ-ის სახელით და მისი ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. კ-ე მართებულად არ იქნა დაშვებული ბ. ჩ-ის ადვოკატად, რამდენადაც არ აკმაყოფილებდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლი განსაზღვრავს რა ადვოკატის არ დაშვების საფუძვლებს, არ უთითებს სასამართლოს მიერ მიღებული ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ ა. კ-ის წარმომადგენლად არ დაშვების კანონიერების საკითხი შეიძლებოდა დასმულიყო საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის შემაჯამებელი განჩინების გასაჩივრებასთან ერთად. იმ ვითარებაში, როდესაც საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არ ყოფილა და გასულია მისი შეტანის ვადა, არ არსებობს არც ა. კ-ის კერძო საჩივრის განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობაც.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ა. კ-ის წერილობითი მომართვა საკასაციო სასამართლოს მიერ ფორმალური თვალსაზრისით შეფასდა კერძო საჩივრად, არ არსებობს მისი დამოუკიდებლად, სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ 2013 წლის 11 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის წარმოდგენის გარეშე განხილვის საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლი ითვალისწინებს ასევე შემთხვევას, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია პროცესში არ დაუშვას წარმომადგენელი. მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განჩინებაზე იმ პირის წარმომადგენლად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც არ არის ადვოკატი, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმაც ეხება წარმომადგენლის არ დაშვებას. მითითებული ნორმა ეხება იმ პირის წარმომადგენლად არ დაშვებას, რომელიც არ არის ადვოკატი და ამასთან, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს სათანადო დაცვის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, ა. კ-ე არ იქნა დაშვებული წარმომადგენლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არ არსებობის გამო, რამდენადაც მართალია იგი იყო ადვოკატი, მაგრამ ადვოკატთა ტესტირება გავლილი ჰქონდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების წინაპირობაა სახეზე, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლი არ ადგენს წარმომადგენლის არ დაშვების შესახებ სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 440-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. კ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და დაუსაბუთებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე