საქმე №ბს-124-117(კ-13) 18 ნოემბერი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ამხანაგობა ,,…“
მოწინააღმდეგე მახარეები (მოპასუხეები) _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მერია
დავის საგანი – საქმის წარმოების შეწყვეტა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამხანაგობა „…“ 2012 წლის 24 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების – ქ.თბილისის მერიისა და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 8 მაისის №000380 დადგენილება; ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 19 ივლისის №2067 განკარგულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „…“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ამხანაგობა „…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „…“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ამხანაგობა ,,…“ საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ამხანაგობა ,,…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მისი განხილვა მხარეთა დასწრებით.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გ. კ-ემ 2013 წლის 4 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან ერთვის ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 30 ოქტომბრის №4-1/დ567-13 დადგენილება, რომლის დადგენილებითი ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული ამხანაგობა ,,...“ მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2012 წლის 18 მაისს მიღებული №4-1/დ368-12 №000380 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ,,...“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისში, ... ქ. №20-ში ამხანაგობა ,,...“ მიერ განხორციელდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 05 ივლისის №01/1396 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით მე-4 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, რისთვისაც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 08 დეკემბრის №001429 დადგენილებით დაჯარიმდა 4000 ლარით. კერძოდ, შენობის ,,2-7’’ ფასადზე-3.20 ნიშნულზე, ,,4-6’’ ღერძებთან კარი მთლიანად შევსებული იყო ლითონით. ამავე ფასადზე ,,2-6’’ ღერძებში ვიტრაჟების ნახატი არ შეესაბამებოდა საპროექტოს, ამავე ფასადზე ,,2-6’’ მონაკვეთში ფანჯრების ნახატი იყო შეცვლილი და ,,6-7’’ მონაკვეთში აივანი არ იყო მოწყობილი, ხოლო ,,2-4’’ მონაკვეთში ღია აივანზე მოწყობილი იყო საჩრდილობელი. შენობის ,,ა-ზ’’ ფასადზე კაპიტალურ მოაჯირზე არ იყო მოწყობილი ლითონის სახელურები, ,,1-6’’ მონაკვეთში შეცვლილი იყო ვიტრაჟების და კარ-ფანჯრების ნახატები, ,,3-1’’ მონაკვეთში სამივე ღიობი გაზრდილი იყო სიმაღლეში 140 სმ-ით, მანსარდის სართულში ,,4-4’’ და ,,6-6’’ ღერძებს შორის, ,,გ-ბ’’ მონაკვეთში მოწყობილი იყო ანტრესოლი სიმაღლით 2.30 მ. ამხანაგობა ,,...“ ვერ აღმოფხვრა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 08 დეკემბრის №001429 სამშენებლო სამართლადარღვევის საქმეზე დადაგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლები. 2012 წლის 14 მაისს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც მხარეს ჩაბარდა ობიექტზე განთავსებით 2012 წლის 15 მაისს. 2012 წლის 18 მაისს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამართულ ზეპირ მოსმენაზე სამართალდამრღვევმა დაადასტურა შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ ამზადებდა კორექტირებულ პროექტს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში წარსადგენად.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის დადგენილებით №000380 ამხანაგობა ,,...’’ დაჯარიმდა 12000 ლარით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 08 დეკემბრის №დ1468-11 №001429 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო. ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 19 ივლისის №2067 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა ,,...’’ თავმჯდომარის რ. ფ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის გასაჩივრებული დადგენილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის №4-1/დ368-12 №000380 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა განიხილა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის №4-1/დ368-12 №000380 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ მიღებული ამხანაგობა ,,...“ მიმართ, ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და 2013 წლის 30 ოქტომბერს მიიღო დადგენილება №4-1/დ567-13, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2012 წლის 18 მაისს მიღებული №4-1/დ368-12 №000380 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე_179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამხანაგობა ,,...“ სასარჩელო მოთხოვნას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 12 000 ლარი ჯარიმის შესახებ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის №000380 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 19 ივლისის №2067 განკარგულების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა წარმოადგენს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი სწორედ სადავო აქტების საფუძველზე ამხანაგობა ,,...“ ჯარიმის სახით დარიცხული 12 000 ლარის კანონიერების დადგენაა. ამდენად, სახეზე გვაქვს შეცილებითი სარჩელი, რის გამოც, სარჩელის დასაშვებობის შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამხანაგობა ,,...“ სარჩელის მიზანს და მის კანონიერ ინტერესს სადავო აქტების საფუძველზე მისთვის ჯარიმის სახით დარიცხული 12 000 ლარის გაუქმება წარმოადგენს და სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 30 ოქტომბრის №4-1/დ567-13 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 18 მაისის №4-1/დ368-12 №000380 დადგენილება (რის საფუძველზეც მოსარჩელეს სადავო 12 000 ლარი დაერიცხა). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს აღარ აქვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესი, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობას მოჰყვებოდა და ამხანაგობა ,,...“ სარჩელის მიზანს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღარ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა მხარის კანონიერი ინტერესი, რის გამოც ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამხანაგობა ,,...“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მ. ყ-ს ამხანაგობა ,,...“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ამხანაგობა ,,...“ სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინება; მ. ყ-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 15 აპრილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 (ასორმოცდაათი) ლარი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე