საქმე #ბს-15-11(კ-13) 18 ნოემბერი, 2013წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ც. რ-ე, წარმომადგენელი: ი.ს-ი (28.09.2011წ. №111047514 მინდობილობა)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური, ქ.თბილისის მერია
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2012წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. რ-ემ 06.04.12წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის 30.12.11წ. #3097 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.11.11წ. #001301 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა და აღნიშნა, რომ უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო მისთვის საჯარიმო სანქციის სახით 10 000 ლარის დაკისრება უკანონოა. ც.რ-ის მითითებით ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მან მშენებლობა აწარმოა 1980-იან წლებში, რაც დასტურდება მეზობელთა ნოტარიალურად დამოწმებული ახსნა-განმარტებებითა და სსიპ კ. ზავარიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასკვნით. შესაბამისად, დაუშვებელია ც.რ-ე ჩაითვალოს სამართალდამრღვევად, რადგან უნებართვო მშენებლობითვის საჯარიმო სანქციები შემოღებულ იქნა მხოლოდ 22.06.2001წ. აღნიშნული ჯარიმები არ შეიძლება გავრცელდეს იმ მშენებლობაზე, რომელიც 2001 წლის 22 ივნისამდე იყო ნაწარმოები, რადგან კანონით მითითებული მოწესრიგებისთვის უკუძალის მინიჭება არ მომხდარა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.12წ. გადაწყვეტილებით ც. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... #13-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა ც.რ-ე, რომლის საკუთრებაში არსებულ ფართზე ნაწარმოებია უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ საცხოვრებელი სახლის სარდაფის სართულში მოწყობილია აგურის ორი კოლონა. ამავე სართულზე მიშენებულია დამატებითი საცხოვრებელი ფართი, მოწყობილია აივანი, რომლის გაბარიტები გაზრდილია. აივანზე ორ ადგილზე მომატებულია შენობის ფართი. ეზოში მდგომ დამხმარე ნაგებობაზე კი განხორციელებულია უნებართვო სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სასამართლომ მიუთითა ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ც. რ-ემ სამშენებლო სამუშაოები აწარმოა კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე, რაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნტის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ც.რ-ეს მართლზომიერად დაეკისრა საჯარიმო სანქცია 10 000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.12წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ც. რ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.10.12წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.12წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.10.12წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ც. რ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ან საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.03.2013წ. განჩინებით ც.რ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
16.05.2013წ. კასატორ ც.რ-ის წარმომადგენელმა ი.ს-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 29.03.2013წ. №610381 ბრძანება, რომლის საფუძველზე მოხდა ქ.თბილისში, ....№13-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ მიშენებული ფართის ლეგალიზება.
15.11.2013წ. კასატორ ც.რ-ის წარმომადგენელმა ი.ს-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 21.10.2013წ. დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.11.2011წ. №დ1347-11 №001301 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა დავის საგნის არარსებობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.11.2011წ. #001301 დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც უნებართვო მშენებლობის გამო კასატორი დაჯარიმდა 10 000 ლარით. გასაჩივრებული დადგენილების თანახმად (ტ.1, ს.ფ.18), ც.რ-ის მიერ განხორციელდა სამუშაოების წარმოება შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე.
15.11.13წ. კასატორ ც.რ-ის წარმომადგენელმა ი.ს-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 21.10.2013წ. დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 02.11.2011წ. №დ1347-11 №001301 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა დავის საგნის არარსებობის გამო.
ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 21.10.2013წ. დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ც.რ-ის მიმართ მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 02.11.2011წ. მიღებული №დ1347-11 №001301 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა იხელმძღვანელა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსში 28.06.2013წ. შესული ცვლილებებით, კერძოდ 1031 მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმადაც ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის ამავე მუხლის ამოქმედებამდე დადგენილი წესით. ორგანომ ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 29.03.2013წ. ლეგალიზების შესახებ №610381 გადაწყვეტილების საფუძველზე მიიჩნია, რომ ც.რ-ის მიერ გამოსწორებული იყო სამშენებლო სამართალდარღვევა.
ამდენად, ვინაიდან სადავო აქტი, რომლითაც ც.რ-ეს ჯარიმის სახით 10000 ლარის გადახდა დაეკისრა, გაუქმებულია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მისაღწევადაც აღიძრა სარჩელი, უკვე დამდგარია, რის გამოც მოცემულ საქმეზე არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ამასთანავე, სასკ 9.3 მუხლის თანახმად, კასატორს - ც.რ-ეს (პ.ნ....) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 04.02.2013წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევრი -150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც.რ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2012წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2012წ. გადაწყვეტილება;
3. ც.რ-ეს (პ.ნ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 04.02.2013წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევრი -150 ლარი
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე