საქმე №ბს-158-151 (კ-13) 9 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ი. პ-ე; წარმომადგენელი - რ. პ-ე;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური;
მესამე პირები - ვ. მ-ი, ტ. მ-ა;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელეები - ვ. მ-ი, ტ. მ-ა;
მოპასუხე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური;
მესამე პირი - ი. პ-ე;
მოსარჩელე – ი. პ-ე;
წარმომადგენელი – რ. პ-ე;
მოპასუხე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური;
მესამე პირები - ვ. მ-ი, ტ. მ-ა;
ვ. და ტ. მ-ების სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობა და 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების -აქტის გამოცემის, განხორციელებისაგან თავის შეკავება.
სარჩელის საგანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 15.11. №78 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა და მიშენებების დემონტაჟის აკრძალვა(იხ. ს.ფ. 3-7).
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: ვ. მ-ი და ტ. მ-ა ცხოვრობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ..., ... ქუჩა №9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეორე სართულზე და 1957 წლიდან სარგებლობენ II სართულზე განთავსებული ოთახებით. მიშენებული ნაგებობის დემონტაჟის პირობებში ისინი ვერ შეძლებენ საცხოვრებელი ფართით სარგებლობას, რადგან კიბე ერთადერთი საშუალებაა ოთახებთან დასაკავშირებლად. კიბე არ უშლის ხელს არც მობინადრეებს და არც მესაკუთრეს ბინით სარგებლობაში.
მათ მიმართეს სასამართლოს და სადავო საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია მოითხოვეს. მართალია, სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, მაგრამ შეტანილი აქვთ სააპელაციო საჩივარი, რის გამოც არ გარკვეულა, რამდენად კანონიერი მესაკუთრეა ი. პ-ე სადავო უძრავი ქონების. ამდენად, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე არაკანონიერად მიაჩნიათ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულება.
სამართლებრივი: მოსარჩელეებმა - ტ. მ-ამ და ვ. მ-მა სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე(იხ. ს.ფ. 3-7).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განჩინებით სარჩელზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩართულ იქნა ი. პ-ე (იხ.ს.ფ. 55-57).
ი. პ-ის სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
სარჩელის საგანი: მოპასუხეებმა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა - გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - დადგენილება, ვ. მ-ის მიერ დაბა ..., მეორე მ/რ-ში ... ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობების - კიბის, აბაზანისა და საპირფარეშოს დემონტაჟის შესახებ.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი:
ი. პ-ე არის ოზურგეთის რაიონის დაბა ..., ... ქუჩა №9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის მესაკუთრე.
საცხოვრებელი სახლის მეორე სართული უკავიათ ვ. მ-სა და ტ. მ-ას. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე და სხვა სახის მიშენებები მეორე სართულზე მცხოვრები ვ. მ-ისა და ტ. მ-ის მიერ არ არის ლეგალიზებული.
მშენებლობა არ არის ტექნიკურად გამართული და წარმოადგენს საფრთხეს, როგორც სახლის მდგრადობისთვის, ასევე, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.
სამართლებრივი: მოსარჩელე - ი. პ-ემ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე (იხ.ს.ფ.85-89).
მოპასუხის შესაგებელი:
ტ. მ-ასა და ვ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, მოპასუხეებს - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს მსჯელობა არ წარმოუდგენიათ. ხოლო, ი. პ-ის სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და მ-ებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნის იურიდიული ინტერესი არ გააჩნიათ, ვინაიდან უკანონო მიშენებით მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს უშუალო ზიანი არ ადგება (იხ.ს.ფ. 109-111).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის განჩინებით ი. პ-ის სარჩელზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ტ. მ-ა (იხ.ს.ფ. 121-122).
ი. პ-ის სარჩელზე მესამე პირად ჩართულმა ტ. მ-ამ შესაგებელი წარადგინა, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ.ს.ფ. 124-132).
საქმის გარემოებები: მოსარჩელე ი. პ-ე არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ..., ... ქუჩა №9-ში მდებარე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი ბინის პირველი სართულის მესაკუთრე.
საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობენ ვ. მ-ი და ტ. მ-ა. მათ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულს მიაშენეს ასასვლელი კიბე, ხოლო შენობის თავზე ააშენეს აბაზანა და საპირფარეშო.
აღნიშნული მიშენებები არ არის დაკანონებული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
ტ. მ-ა და ვ. მ-ი არ არიან საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის მესაკუთრეები, თუმცა კანონიერ მოსარგებლედ ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა კვლავ მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მ-ების მიერ წარმოებული მიშენებების შესახებ 2011 წლის 15 ნოემბრის №78 შემოწმების აქტის მიხედვით გამოვლინდა მიშენებების უკანონო ხასიათი (იხ.ს.ფ.165.) ამავე სამსახურის უფროსის 2011 წლის 16.11. № (დაუნომრავია) დასკვნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ ეცნობა ვ. მ-ის მიერ უნებართვო მშენებლობის გამოვლენის თაობაზე და ეთხოვა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის - სამართალდარღვევაზე ჯარიმის -200 ლარის ოდენობით დაკისრების, გამოცემის შესახებ (იხ.ს.ფ. 164).
ამავე სამსახურის უფროსის 2011 წლის 20 დეკემბრის № (დაუნომრავია) წერილით ვ. მ-ი გაფრთხილებულ იქნა უნებართვო ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე (იხ.ს.ფ.166).
უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს მ-ების მიერ წარმოებული უკანონო მიშენებების დემონტაჟის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ი. პ-ისა და მ-ების სარჩელები, 2012 წლის 7 ივნისის განჩინებით, ერთ წარმოებად გააერთიანა.
რაიონული/საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ი. პ-ის სარჩელი მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, მესამე პირების - ვ. მ-ისა და ტ. მ-ას მონაწილეობით, არ დაკმაყოფილდა.
ასევე არ დაკმაყოფილდა ვ. მ-ისა და ტ. მ-ას სარჩელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, მესამე პირის - ი. პ-ის მონაწილეობით.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
ვ. მ-ი და ტ. მ-ა ცხოვრობენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ..., ... ქუჩა №9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე.
საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის მესაკუთრე არის ი. პ-ე.
მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, ასევე სხვა სახის მიშენებები ვ. მ-ისა და ტ. მ-ას მიერ არ არის ლეგალიზებული. ასევე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას.
ი. პ-ემ მოითხოვა ვ. მ-ისა და ტ. მ-ას მიერ მიშენებული კიბის, ასევე სხვა მიშენებების დემონტაჟი. ხოლო ვ. მ-ი და ტ. მ-ა მოითხოვენ დემონტაჟის შესახებ განკარგულების გამოცემის აკრძალვას.
სასამართლოს დასკვნები:
სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა როგორც ი. პ-ის, ასევე, ვ. მ-ისა და ტ. მ-ას სარჩელი, მოთხოვნათა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა მ-ების მიერ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის, ასევე საცხოვრებელი ბინის თავზე აბაზანისა და საპირფარეშოს მიშენების სამშენებლო კანონმდებლობასთან შესაბამისობა. აღნიშნული მშენებლობა ტექნიკურად გაუმართავია და საფრთხეს უქმნის როგორც მთლიანად საცხოვრებელი სახლის სიმყარესა და სრულყოფილად გამოყენებას, ასევე - მცხოვრებთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ი. პ-ემ უკანონო მშენებლობის გამო მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს და ვ. მ-ისა და ტ. მ-ას მიერ წარმოებული უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოითხოვა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონით დადგენილ ვადებში, ი. პ-ის მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
მოსარჩელეების ვ. მ-ისა და ტ. მ-ას წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეები სასამართლოში აწარმოებენ დავას, საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ ცნობასა და მისი საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. სადავო ფართი ასევე მოიცავს მიშენებულ საპირფარეშოსა და აბაზანას. მიშენებული ასასვლელი კიბე არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს და იგი არის მ-ების საცხოვრებელ ფართში მოხვედრის ერთადერთი საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მ-ების წარმომადგენელმა დემონტაჟის აკრძალვა მოითხოვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მიშენებებზე ნებართვა არ გაცემულა, ის არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მოპასუხემ მიუთითა, რომ კიბის მიშენებით ი. პ-ეს საკუთრების უფლება არ ეზღუდება, ამიტომ მოპასუხე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მიშენებების დაუყოვნებლივ დემონტაჟს (იხ. ს. ფ.175).
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისას გამოიყენა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 104-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-15 მუხლი, 25-ე მუხლის მეორე, მეხუთე და მე-8 ნაწილები და დაასკვნა, რომ საქმის მასალებით ისეთი სახის შეუსაბამობა, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დასტურდება, რის გამოც, ი. პ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ვ. მ-ისა და ტ. მ-ას სასარჩელო მოთხოვნა და იგი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს დასკვნით, მ-ების მიერ წარმოებული მიშენებები უკანონოა და იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაიკანონებენ სადავო ფართს, ზედამხედველობის სამსახური ვალდებული და უფლებამოსილია გამოსცეს კანონით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის გამოცემაც არ შეიძლება აიკრძალოს სასამართლოს მიერ (იხ. ს. ფ.173-180).
აპელანტი: ი. პ-ე;
წარმომადგენელი: რ. პ-ე;
მოწინააღმდეგე მხარეები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური;
წარმომადგენელი: ე. ჯ-ე;
მესამე პირები: ვ. მ-ი; ტ. მ-ა;
წარმომადგენელები : არ ჰყავთ;
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ი. პ-ის სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. პ-ის სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: ი. პ-ის წარმომადგენლის განმარტებით, მ-ების მიერ უკანონოდ მიშენებული კიბით ი. პ-ეს საკუთრების სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა ეზღუდება. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ნაგებობები არ წარმოადგენს საფრთხეს, ამასთან, ექსპერტი, რომლის დასკვნის მიხედვით, უარყოფილია მიშენებებით გამოწვეული საფრთხის არსებობა, არაკომპეტენტურია. სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება, რომ მესამე პირებმა ლეგალიზებისთვის სასამართლოს, მაშინ, როცა მათ შორის დავა ეხება საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლედ ცნობას. სასამართლომ ასევე, არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ნაგებობები არ უშლის ხელს მას საკუთრების უფლების რეალიზაციაში, ვინაიდან კიბე აშენებულია იმ ადგილზე, სადაც აშენებული იყო მისი ბინის კიბე, რომელიც მესამე პირებმა მოშალეს (იხ.ს.ფ. 186-193).
სამართლებრივი: პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიკვლია რიგი ფაქტობრივი გარემოებანი, სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა მათ და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 186-193).
მოწინააღმდეგის შეპასუხება:
მოწინააღმდეგე მხარეების - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით: მოსარჩელეს სადავო აქტის გამოუცემლობით არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, რადგან მას უკანონო მშენებლობით არ ეზღუდება საკუთრების უფლება, სახლს გააჩნია ცენტრალური შესასვლელი, რომლითაც იგი სარგებლობს (იხ.ს.ფ.226-227).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/: ქუთაისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ი. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ი. პ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულყოფილად არის დასაბუთებული. საქმის განხილვისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საფუძვლიან პრეტენზიას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011 წლის 20 დეკემბრის მიმართვით ვ. მ-ს ეცნობა, რომ 60 დღის ვადაში უნდა მოეხდინა უნებართვოდ აშენებული კიბის დემონტაჟი, რაც ვ. მ-ს არ შეუსრულებია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს დემონტაჟის შესახებ დადგენილება არ მიუღია; მ-ების მიერ უნებართვოდ მიშენებული ნაგებობები არ არის ლეგალიზებული; საქმის განხილვის მომენტისთვის მ-ების საკუთრებას არ წარმოადგენს მეორე სართულზე მდებარე საცხოვრებელი სახლი; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ტ. მ-ას მოთხოვნა - მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართის ლეგალიზების თაობაზე, თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ისეთი სახის შეუსაბამობა, რაც უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას არ დასტურდება. ამასთან,შეუსაბამობის გამოსწორება შეუძლებელია ჩვეულებრივი საქმიანობის შეჩერების გარეშე, კერძოდ, ახალი კიბის აგებამდე მ-ები ვერ შეძლებენ დაკავებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობას (იხ.ს.ფ.267-276).
კასატორი (მოსარჩელე) : ი. პ-ე;
წარმომადგენელი: რ. პ-ე;
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) : ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური;
წარმომადგენელი: ე. ჯ-ე;
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. პ-ის სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
სამართლებრივი: სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით - „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, მაშინ, როდესაც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებულ უკანონო მშენებლობების წარმოებას სასამართლოს მიერ გამოყენებული დადგენილება არ არეგულირებს. კასატორის მითითებით, მესამე პირებს მიშენებების განსახორციელებლად საცხოვრებელი სახლის მცხოვრებთა თანხმობა უნდა მიეღოთ.
კასატორის მტკიცებით, ი. პ-ე და მისი წარმომადგენელი ადმინისტრაციული ორგანოსგან უკანონო მშენებლობის გამო შესაბამის რეაგირებას მოითხოვდნენ, თუმცა, კანონით განსაზღვრულ ვადაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს დემონტაჟის შესახებ დადგენილება არ გამოუციათ, რითაც დაირღვა სამშენებლო კანონმდებლობა.
კასატორის განმარტებით, სასამართლო გასცდა დავის საგანს და მსჯელობა არასწორი მიმართულებით წარმართა, კერძოდ, იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად ილახებოდა მესაკუთრის ინტერესი უკანონო მიშენებებით და შეიცავდა თუ არა ისინი რაიმე საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
პროცესუალური: განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მატერიალური: კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, ვინაიდან აღნიშნული დადგენილება არ იყო საკმარისი სასამართლოს მიერ სადავო საკითხის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის. ამასთან, სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში დემონტაჟის შესახებ დადგენილების გამოუცემლობა კანონდარღვევად არ მიიჩნია.
პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე: სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მიშენებული კიბე ხელს არ უშლის კასატორის მიერ საკუთრების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციას.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ მიშენებული კიბე საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოში წარმოდგენილი დასკვნის ავტორის - ექსპერტის კომპეტენციას.
სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ უკანონოდ მიშენებული კიბის დემონტაჟის შემთხვევაში მ-ები ვერ ისარგებლებენ მათ სარგებლობაში არსებული ფართით, მაშინ, როცა ბინას აქვს სხვა შესასვლელი კიბე, რომელიც გააუქმეს მესამე პირებმა და შესაძლებელია მისი აღდგენა, რაც მათ შესთავაზეს საკუთარი ხარჯებით მესამე პირებს, თუმცა, უარი მიიღეს (იხ.ს.ფ. 287-292.
მოწინააღმდეგე მხარემ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია
მოწინააღმდეგე მხარემ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა წერილობით მოსაზრებაში მიუთითა, რომ ი. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით განსაზღვრულ არცერთ წინაპირობას და იგი არ არის დასაშვები, შემდეგი მოტივით: კასატორი მხოლოდ ფორმალურად მიუთითებს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებზე, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებულია და უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საფუძვლიანობას ( იხ.ს.ფ. 250-256 )
მესამე პირებმა - ტ. მ-ამ და ვ. მ-მა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს საკასაციო შესაგებელი, რომლითაც საკასაციო საჩივარს არ დაეთანხმნენ და მისი დაუშვებლად ცნობა მოითხოვეს, შემდეგი მოტივით, რომ კასატორის მოსაზრება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ურთიერთგამომრიცხავი ხასიათის თაობაზე, არასწორია. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა, თავად არ გაუსაჩივრებიათ, ხოლო ი. პ-ეს მასზე აპელირების უფლება არ გააჩნია (იხ.ს.ფ. 241-248).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის - ი. პ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე „ე“ მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია საპროცესო ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნების უგულებელყოფით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი. პ-ე არის ოზურგეთის რაიონის დაბა ..., ... ქუჩა №9-ში მდებარე ორსართულიანი სახლის პირველი სართულის მესაკუთრე (იხ. ს.ფ. 99).
ოზურგეთის რაიონის დაბა ..., ... ქუჩა №9-ში მდებარე ორსართულიანი სახლის მეორე სართული უკავია ტ. მ-ას, რომელმაც საცხოვრებელ სახლს მიაშენა რკინის კონსტრუქციებზე დამაგრებული კიბე.
2011 წლის 20 სექტემბრის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეტყობინების თანახმად, ვ. მ-ს ეცნობა მის მიერ მიშენებული კიბის დემონტაჟის მოთხოვნის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ... ქუჩა №9-ში მდებარე ორსართულიან სახლზე განხორციელებული მიშენების კანონიერების შესწავლის შედეგად, გამოსცა შემოწმების აქტი №72, რომლითაც დგინდება, რომ ტ. მ-ასა და ვ. მ-ის მიერ წარმოებული მიშენებები წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, რომელიც გათვალისწინებულია 2010 წლის 8 აპრილის „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2011 წლის 20 დეკემბრის ვ. მ-ასთვის გაფრთხილების წერილის გაგზავნის შემდგომ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოსცა.
საქმის მასალებით აგრეთვე ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის წერილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფრთხილა ვ. მ-ი და კანონით დადგენილ ვადაში გამოვლენილი სამშენებლო სამართალდარღვევის გამო უკანონო მიშენებების დემონტაჟი მოსთხოვა (იხ.ს.ფ. 22).
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ი. პ-ის მოთხოვნა, მ-ების მიერ წარმოებული მიშენებების დემონტაჟის შესახებ, ვინაიდან, მათი აზრით, უკანონო მიშენებები არ წარმოადგენს მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტს და მათი არასწორი ექსპლუატაცია ვერ იქნება ზიანის მომტანი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთლეობისა და ნორმალური ცხოვრების პირობებისთვის.
სასამართლომ ი. პ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნა, სრულყოფილად არ შეაფასა და არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ შეისწავლა დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ იმსჯელა უკანონო მიშენებების საფრთხის ხარისხზე, ნაცვლად იმისა, რომ სარჩელის მოთხოვნაზე ემსჯელა სარჩელის საფუძვლის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტისას გამოიყენა 2010 წლის 8 აპრილის „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც აწესრიგებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსათვის.
აგრეთვე, სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტისას, ერთი მხრივ, გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ნორმები, კერძოდ, 65-ე და 66-ე მუხლები, რომლებიც ეხება იმ კატეგორიის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რომელთაც არ ესაჭიროებათ მშენებლობის ნებართვა, ხოლო, მეორე მხრივ, საქმეში წარმოდგენილი საინჟინრო დასკვნისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის №78 შემოწმების აქტის საფუძველზე მხოლოდ უკანონო მიშენებების საფრთხის ხარისხის შეფასებით შემოიფარგლა და არ იმსჯელა სარჩელის საფუძველთან დაკავშირებით.
2010 წლის 8 აპრილის „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის გამოყენებით, სასამართლომ დაადგინა ტ. მ-ას მიერ განხორციელებული მიშენებების უკანონობა, და ამავდროულად მიიჩნია, რომ ნაგებობები არ არის საფრთხის შემცველი, ამასთან, დაასკვნა, რომ ი. პ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მ-ები ვერ შეძლებენ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, სადავო მშენებლობა სასამართლოს მიაჩნია უნებართვოდ განხორციელებულად, თუ იმგვარ ნაგებობად, რომელსაც არ ესაჭიროება ნებართვა. დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად უნდა ჩამოაყალიბოს ობიექტური სასამართლო დასკვნა - სადავო მიშენებებს აქვთ კანონგარეშე ხასიათი, თუ ის განეკუთვნება იმ კატეგორიის ნაგებობას, რომელზეც სპეციალური ნებართვის გაცემა საჭირო არ არის და შესაბამისად, მისი განხორციელებით სამართლებრივი წესრიგი არ ირღვევა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოტივს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგობრივ ხასიათთან დაკავშირებით, კერძოდ, სასამართლომ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად ილახებოდა მესაკუთრის ინტერესი უკანონო მიშენებებით და შეიცავდა თუ არა ისინი რაიმე საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მაშინ, როცა არ უმსჯელია და არ გაუქარწყლებია აპელაციის მოტივები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სახეზეა სასამართლო დავის იმგვარი გადაწყვეტა, რომ ერთი მხრივ, სასამართლომ დაადგინა სადავო მიშენებების უკანონობა, ხოლო, მეორე მხრივ, უკანონო მიშენებების უსაფრთხო ხასიათისა და მათი დემონტაჟის შემთხვევაში, რადგან მ-ები ვერ შეძლებენ მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობას, ფაქტობრივად, მოსარჩელეს დაევალა უკანონო მიშენებების მოთმენა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ვ. მ-ის მიერ უკანონო მშენებლობის განხორციელების ფაქტი, თუმცა, ამავდროულად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს უარი დადგენილების გამოცემასთან დაკავშირებით შეაფასა, როგორც კანონიერი ქმედება, იქედან გამომდინარე, რომ მ-ების ბინას ალტერნატიული შესასვლელი არ გააჩნია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების მთავარ პრინციპს - კანონიერების პრინციპს და აქედან გამომდინარე, მთლიანად, საჯარო წესრიგს, არ შეესაბამება მართლმსაჯულების ამოცანას - სასამართლო კონფლიქტების კანონშესაბამისად და სამართლიანად გადაწყვეტას, რის გამოც იზიარებს კასატორის მითითებას საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობასთან მიმართებით.
გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 393.2. მუხლის მოთხოვნა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლოს საერთოდ არ გამოუყენებია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის არც ერთი ნორმა დავის გადაწყვეტისას, მაშინ, როცა სწორედ ეს ნორმატიული აქტი განსაზღვრავს კანონიერი მმართველობის სტანდარტს სახელმწიფოში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა სრულყოფილ შესწავლა-შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება სწორედ მტკიცებულებათა სრულფასოვანი და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, არ არის ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლეული და შეფასებული, რის გამოც სასამართლო დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების - ოფიციალობის პრინციპის საფუძველზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ და სრულად გამოკვლევა-შეფასების შედეგად უნდა დაადგინოს გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ასევე, სასამართლო წარმოებაშია ტ. მ-ასა და ვ. მ-ის სარჩელი, კანონიერ მოსარგებლედ ცნობასა და ი. პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ.68-77).
სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და არ შეუფასებია თუ რა სახის კავშირი არსებობს განსახილველ და მ-ების ზემომითითებულ საქმეებს შორის და არ უმსჯელია საქმის წარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოებით შეჩერების სავალდებულო საფუძვლის არსებობის თაობაზე, მაშინ, როცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ-ების მიერ აღძრული სხვა სარჩელის საგანს წარმოადგენს :
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის №912 ბრძანების ბათილად ცნობა;
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული №236 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა;
3. 1996 წლის 15 აპრილის ... აგროსამრეწველო კომბინატის მიერ რ. პ-ის სახელზე გაცემული №59 ორდერის არარად ცნობა;
3. საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...) ი. პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა;
4. დაბა ..., მდებარე ბინა №20-ში (ამჟამინდელი ... ქ. №41) პირველ სართულზე არსებულ 79,06 კვ.მ. საერთო ფართსა და ამავე ბინის მეორე სართულზე არსებულ 78,68 კვ.მ. საერთო ფართზე ტ. მ-ას კანონიერ მოსარგებლედ ცნობა.
სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად იქონიებს გავლენას ზემოხსენებული დავის საბოლოო გადაწყვეტა მოცემული საქმის შედეგზე, ტ. მ-ასა და ვ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილება თავის მხრივ, გამორიცხავს თუ არა ი. პ-ის სარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას, ანუ სხვა საქმის გადაწყვეტის შედეგები რა გავლენას მოახდენს განსახილველი მოთხოვნების შეფასების საკითხთან მიმართებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, კერძოდ, საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება გამომდინარეობს სხვა საქმის გადაწყვეტამდე მისი განხილვის შეუძლებლობიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს გამოკვლევას და შესაბამისი საპროცესო მოქმედებითა და საპროცესო აქტით ადეკვატური სამართლებრივი კვალიფიკაციის მოხდენას სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც 411-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება - უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 401-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნ.წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ.ვაჩაძე/
/პ.სილაგაძე/