Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-166-159(კ-13) 16 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ც. ს-ისა და კ. ა-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ს-ის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ც. ს-ემ და კ. ა-ემ სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ს-ის მიმართ და მოითხოვეს 2012 წლის 22 დეკემბრის №882010939973 სერვიტუტის უფლების რეგისტრაციის გაუქმება საჯარო რეესტრში და ც. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სხვისი სარგებლობის უფლების აკრძალვა (იხ. ს.ფ. 1-9, ტ.1).

მოპასუხე - მ. ს-ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 37-46. ტ.1).

სარჩელი არ ცნო ასევე არც ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა (იხ. ს.ფ. 58-65. ტ.1).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. ს-ისა და კ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 21-29; ტ.2).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. ს-ემ და კ. ა-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 44-53. ტ.2).

მოწინააღმდეგე მხარემ - მ. ს-ემ სააპელაციო საჩივარი არ სცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 65-71; ტ.2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ს-ისა და კ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია ც. ს-ისა და კ. ა-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №23 და მ. ს-ეს აეკრძალა სერვიტუტის უფლებით სარგებლობა (იხ. ს.ფ. 132-145. ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის ბოლო წინადადების გაუქმება, კერძოდ, „აეკრძალოს მ. ს-ეს სერვიტუტის უფლებით სარგებლობა“ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა მიწათსარგებლობის უფლების უცვლელად დატოვება, როგორც დადგენილია სამედიატორო სასამართლოს 1926 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრირება. (იხ. ს.ფ. 151-159. ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით მ. ს-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.2 ს.ფ. 164-165).

ც. ს-ემ და კ. ა-ემ საკასაციო შესაგებლით მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 173-180; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ მ. ს-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ მ. ს-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს - მ. ს-ეს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2013 წლის 19 თებერვლის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე