საქმე #ბს-176-169(კ-13) 16 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე დ. თ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების სსიპ მცხეთის №1 საჯარო სკოლისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
დ. თ-მა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – სსიპ ქ. მცხეთის №1 საჯარო სკოლის მიმართ, მესამე პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მცხეთის მომსახურების ფილიალის მონაწილეობით და მოითხოვა საშემოსავლო გადასახადის დაკავებით მიყენებული მატერიალური ზიანის - 2556,35 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.1).
მოწინააღმდეგე მხარემ - სსიპ მცხეთის №1 საჯარო სკოლამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 21-27; ტ.1).
სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა (იხ. ს.ფ. 30-37; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 53; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ ,,მცხეთის №1 საჯარო სკოლას დაევალა მოახდინოს 2006 წლის ივლისიდან 2011 წლის ოქტომბრის ჩათვლით არასწორად დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება დ. თ-ის მიმართ და კორექტირებული გადასახადის დეკლარაციის წარდენა სსიპ შემოსავლების სამსახურში; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საგადასახადო აგენტის - სსიპ ქ. მცხეთის №1 საჯარო სკოლის მიერ კორექტირებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ზედმეტად გადახდილი თანხის - 1493,09 ლარის დაბრუნება დ. თ-ისათვის (იხ. ს.ფ. 73-79; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა იმ ნაწილში, რომლითაც შემოსავლების სამსახურს დაევალა სსიპ ქ. მცხეთის №1 საჯარო სკოლის მიერ კორექტირებული გადასახადის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ზედმეტად გადახდილი თანხის - 1493,09 ლარის დ. თ-ისათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 84-93; ტ2).
სააპელაციო შესაგებლით დ. თ-მა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 10-16; ტ.2).
სსიპ ქ. მცხეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივარი ცნო ნაწილობრივ (იხ. ს.ფ. 17-23; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს დმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 39-49; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 57-64; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 70-71; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარემ დ. თ-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 77-82; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე