საქმე #ბს-188-181(კ-13) 16 აპრილი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ზ. ბ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ)
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზ. ბ-ემ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების – თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №46 მითითების, 2011 წლის 2 თებერვლის დადგენილებისა და თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერიის 2011 წლის 18 მარტის №1/1837 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ.,3-13; ტ.1).
მოპასუხე ქ. რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 63-70; ტ.1).
მოპასუხე თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერიამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 73-81; ტ.1).
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს .ფ 99-105; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 114-125; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით ქ. რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ სააპელაციო საჩივარი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 17-32; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2010 წლის 12 ნოემბრის №46 მითითება, ამავე სამსახურის 2011 წლის 2 თებერვლის №1 დადგენილება და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის 2011 წლის 18 მარტის №1/1837 გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 51-60; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 67-74; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 78-79; ტ.2).
ზ. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ტ-მა განცხადებით მოითხოვა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 85-86; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერიის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თვითმმართველის ქალაქი რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე