საქმე ბს-23-19(კ-13) 28 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. და ქ. გ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის, მ. ი-ის, გ. და ქ. გ-ების მიმართ. მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.09.11წ. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მ. ი-სა და გ. და ქ. გ-ებს შორის 14.09.11წ. ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მის საფუძველზე 14.09.11წ. განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 12.06.12წ. გადაწყვეტილებით ვ. და ქ. გ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 13.09.11წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ქონებაზე მ. ი-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ბათილად იქნა ცნობილი მ. ი-სა და გ. და ქ. გ-ებს შორის 14.09.11წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 14.09.11წ. განხორციელებული ქ. და გ. გ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ი-მა, ქ. და გ. გ-ებმა.
სააპელაციო სასამართლოს 26.09.12წ. საოქმო განჩინებით განსახილველი საქმიდან გამოყოფილ იქნა სასარჩელო მოთხოვნები - მ. ი-სა და გ. და ქ. გ-ებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ამასთან, ქ. და გ. გ-ები საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლით გათვალისწინებულ პირებად ჩაებნენ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.12წ. განჩინებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 12.06.12წ. გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი მ. ი-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ი-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.12წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. ი-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 04.02.13წ. N3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე