Facebook Twitter

№ბს-301-292(2კ-13) 19 ნოემბერი , 2013 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორები (მოწინააღმდეგე მხარეები) – თ. ზ-ი, გ. ბ-ე

წარმომადგენელი - ნ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) - საქართველოს მთავრობის კანცელარია

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელეები: თ. ზ-ი, გ. ბ-ე

წარმომადგენელი - ნ. წ-ე

მოპასუხე: საქართველოს მთავრობის კანცელარია

წარმომადგენელი _ ფ. ზ-ი

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

სარჩელის საგანი:

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №108 ბრძანების ბათილად ცნობა, თ. ზ-ის სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №109 ბრძანების ბათილად ცნობა, გ. ბ-ის სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი:

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №108 ბრძანებით თ. ზ-ი გათავისუფლდა საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პირველი კატეგორიის მრჩევლის თანამდებობიდან.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №109 ბრძანებით გ. ბ-ე გათავისუფლდა საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პირველი კატეგორიის მრჩევლის თანამდებობიდან.

მოსარჩელეების განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანებები უკანონოა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტს სახელი არა შეცვლია და მათ მიერ დაკავებულ პოზიციაზე შტატები არ შემცირებულა.

მოსარჩელეების მოსაზრებით, რეორგანიზაცია შტატების შემცირებით და პირის გაფრთხილება შესაძლო გათავისუფლებაზე არ გულისხმობს პირის ავტომატურ გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ და იგი პირდაპირ კავშირშია იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და საშტატო ერთეულის გაუქმებასთან, რომელზეც საჯარო მოსამსახურე მუშაობდა. რაც იმას გულისხმობს, რომ რეორგანიზაციის ყველა ის საშტატო ერთეული უნდა გაუქმდეს, რომლიდანაც გათავისუფლდა საჯარო მოსამსახურე. იმ შემთხვევაში თუ დაწესებულებაში არსებობს განსაზღვრული ფუნქციის მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლიდანაც გათავისუფლდა საჯარო მოსამსახურე, მაგრამ ამავე ქვედანაყოფში რჩება საშტატო ერთეული, რომელიც ეკავა აღნიშნულ საჯარო მოსამსახურეს, მოსარჩელეების განმარტებით, გაუგებარია რა ნიშნით ან რა წესით მოხდა ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფში თანამშრომელთა შერჩევა/გადარჩევა.

სამართლებრივი: სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოსარჩელეებმა მიუთითეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე,127--ე, 112-ე მუხლებზე და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).

მოპასუხე - საქართველოს მთავრობის შესაგებელი:

ფაქტობრივი: მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეები გ. ბ-ე და თ. ზ-ი 2012 წლის 8 აგვისტოს №274 და №275 საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ბრძანებებით, დაინიშნენ საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პირველი კატეგორიის მრჩევლებად.

2012 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის №1502 ბრძანების ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიას დაევალა განეხორციელებინა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის №577 ბრძანების პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ 2012 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატების შემცირება.

2012 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები, მათ შორის, გ. ბ-ე და თ. ზ-ი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნენ რეორგანიზაციის თაობაზე, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

მოპასუხის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №455 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილების მე-3 მუხლში, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულები, აღნიშნული ცვლილებით საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ნაცვლად შეიქმნა საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაში შევიდა საგარეო ურთიერთობის სამსახური.

2012 წლის 30 ნოემბრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის №1590 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის №1083 ბრძანება და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომლის შესაბამისად, საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ნაცვლად შეიქმნა საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაში შევიდა საგარეო ურთიერთობის სამსახური და რომელშიც განისაზღვრა პირველი კატეგორიის მრჩევლისთვის ერთი საშტატო ერთეული, მაშინ როცა მოსარჩელეთა კანცელარიაში მუშაობის პერიოდში, საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში პირველი კატეგორიის მრჩევლისათვის გამოყოფილი იყო 3 საშტატო ერთეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის განმარტებით, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მითითება, რომ მთავრობის კანცელარიაში რეორგანიზაციას და შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია, ამასთან, მოსარჩელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, მიეცათ კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

სამართლებრივი: მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე, 97-ე 108-ე, 109-ე მუხლებზე, მოპასუხის განმარტებით, საქართველოს მთავრობის კანცელარია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედებდა კანონის ზუსტი დაცვით, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. ს.ფ. 30-38; ტ.1).

საქმის გარემოებები:

მოსარჩელეთა განმარტებით, 2012 წლის 8 აგვისტოს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რეკომენდაციით მუშაობა დაიწყეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში, საგარეო სამსახურის პირველი კატეგორიის მრჩევლებად.

მათ სამსახურებრივ ფუნქციას წარმოადგენდა საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი და ანალიზი, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ასევე დეპარტამენტში შესული ოფიციალური კორესპონდენციის თარგმნა. მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდნენ ხარისხიანად და კეთილსინდისიერად.

2012 წლის ოქტომბრის ბოლოს მთავრობის კანცელარიაში გამოცხადდა რეორგანიზაცია.

2012 წლის პირველ დეკემბერს ჩაბარდათ ბრძანებები სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ზ-ისა და გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 8 აგვისტოს №274 ბრძანებით თ. ზ-ი დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლად (I კატეგორია);

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 8 აგვისტოს №275 ბრძანებით გ. ბ-ე დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლად (I კატეგორია);

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულები იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი, რეგიონალური მართვის დეპარტამენტი, საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტი, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, საზოგადოებრივი ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის №1083 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანდართული საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. აღნიშნული ბრძანების №3 დანართის თანახმად, საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვრა 15 ერთეულით. ამასთან საგარეო ურთიერთობათა სამსახური ექვსი საშტატო ერთეულით, მათ შორის, მრჩეველის (I კატეგორია) - სამი საშტატო ერთეულით. ამავე დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო შემდეგი თანამდებობები: საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის - ერთი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის - ერთი, მთავარი სპეციალისტის (თანაშემწის) - ერთი და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურის - ექვსი საშტატო ერთეული;

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 29 ოქტომბრის №577 ბრძანების შესაბამისად, 2012 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატების შემცირება;

მითითებული ბრძანების საფუძველზე, თ. ზ-ი და გ. ბ-ე 2012 წლის 30 ოქტომბერს გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეორგანიზაციის გამო (რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება) თანამდებობიდან შესაძლო განთავისუფლების შესახებ;

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №455 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებად განისაზღვრა: იურიდიული დეპარტამენტი, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის №1590 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანდართული საშტატო ნუსხა (დანართები №1-№7) და თანამდებობრივი სარგოები (დანართი №8). ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის №1083 ბრძანება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის №1590 ბრძანების №6 დანართის თანახმად, შეიქმნა საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის საშტატო ერთეულის რაოდენობა განისაზღვრა 32 ერთეულით. ამავე დანართის მიხედვით, საგარეო ურთიერთობის სამსახურში განისაზღვრა ორი, მათ შორის, მრჩევლის (I კატეგორია) ერთი საშტატო ერთეული. ამავე დანართის თანახმად, გათვალისწინებულია დეპარტამენტის უფროსის ერთი, მთავარი სპეციალისტის - ერთი, სპიკერის - ერთი, სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის -ექვსი, საზოგადოებასთან ურთიერთობის - ექვსი, ანალიტიკური სამსახურის - ოთხი, პრესსამსახურის - ხუთი, ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართევლოს - ექვსი საშტატო ერთეული.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №108 ბრძანებით თ. ზ-ი გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლის (I კატეგორია) თანამდებობიდან 2012 წლის 1 დეკემბრიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით ,,საჯარო სამასხურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №109 ბრძანებით გ. ბ-ე გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლის (I კატეგორია) თანამდებობიდან 2012 წლის 1 დეკემბრიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №179 ბრძანებით დადგინდა რეორგანიზაციის შედეგად დაწესებულების შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირების საფუძველზე განთავისუფლებულ საჯარო მოხლეებზე კომპენსაციის - ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემა. აღნიშნული ბრძანების დანართის შესაბამისად, კომპენსაცია გაიცა თ. ზ-ზე და გ. ბ-ეზეც.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავოა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №108 და №109 ბრძანებების კანონიერების საკითხი.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/ :

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საჯარო სამსახურის - დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის №1083 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანდართული საშტატო ნუსხისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის №1590 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანდართული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. საერთო ჯამში საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო რაოდენობა შემცირდა 64 საშტატო ერთეულით. ამასთან, მართალია, საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი წინამორბედ დეპარტამენტთან შედარებით გაცილებით მეტი საშტატო ერთეულით დაკომპლექტდა, მაგრამ ნაცვლად საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტში რეორგანიზაციამდე განსაზღვრული ორი სამსახურისა, ახლად შექმნილ - საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენში დამატებით შევიდა ოთხი სამსახური. ნაცვლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის №1083 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით განსაზღვრული საგარეო ურთიერთობათა სამსახურში გათვალისწინებული ექვსი საშტატო ერთეულისა (მათ შორის, მრჩეველი (I კატეგორია) 3 ერთეული), საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის №1590 ბრძანებით დამტკიცდა საგარეო ურთიერთობების სამსახური მხოლოდ ორი საშტატო ერთეულით (მათ შორის, მრჩეველი (I კატეგორია) 1 ერთეული).

სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში იმ დეპარტამენტში, რომელშიც შედიოდა მოსარჩელეთა სამსახური - საგარეო ურთიერთობათა სამსახური, მოხდა სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილება, აღნიშნულმა ფაქტმა საერთო ჯამში, მართალია, გამოიწვია დეპარტამენტში შემავალ თანამდებობათა რიცხოვნობის გაზრდა, მაგრამ აღნიშნული მოხდა სხვა სამსახურების ამავე დეპარტამენტში გაერთიანების გამო. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეთა განთავისუფლება არ მომხდარა დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლის გამო, იმ სამსახურში, რომელშიც დასაქმებული იყვნენ მოსარჩელეები, მოხდა შტატების შემცირება, კერძოდ, მოსარჩელეთა მიერ დაკავებული თანამდებობა შემცირდა ორი ერთეულით და დარჩა მხოლოდ ერთი, რაც მითითებული ნორმების შესაბამისად, იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მოსაზრება, რომ სამსახური ვალდებული იყო მოსარჩელეთათვის შეეთავაზებინა სხვა სამსახური, ან მათი განთავისუფლების შემთხვევაში დაესაბუთებინა, თუ რატომ არ იქნენ დატოვებული ისინი საგარეო ურთიერთობათა სამსახურში გათვალისწინებულ საშტატო ერთეულზე და განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი (რომელიც მოქმედებდა კანონში 2005 წლის 23 დეკემბერს ცვლილებების შეტანამდე), რომელიც ითვალისწინებდა მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების დაუშვებლობას, თუ იგი გამოთქვამდა სურვილს მისი საშტატო ერთეულის შემცირების მიუხედავად დაეკავებინა სხვა თანამდებობა, კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ამოღებულ იქნა და ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარ ვალდებულებას დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონი აღარ ითვალისწინებდა.

ამასთან საქალაქო სასამართლოს განმარტებით, რეორგანიზაციის დროს შტატების შემცირების გამო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების მომენტში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, დარჩენილ საშტატო ერთეულზე მათი უპირატესი დატოვების შესაძლებლობას მოსარჩელეები ვერ ასაბუთებენ. მოსარჩელეები მიუთითებენ, მხოლოდ იმაზე, რომ ისინი დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებდნენ სათანადოდ და კეთილსინდისიერად.

რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №108 და №109 ბრძანებების ბათილად ცნობისათვის საჭირო არგუმენტების წარმოდგენა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, იმსჯელოს სამსახურში აღდგენასა და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე (იხ. ს.ფ. 83-92; ტ.1).

აპელანტები: თ. ზ-ი, გ. ბ-ე,

წარმომადგენელი - ნ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს მთავრობის კანცელარია,

წარმომადგენელი - ფ. ზ-ი

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ თ. ზ-ისა და გ. ბ-ის გათავისუფლება განხორციელდა სახელმწიფო კანცელარიაში, კერძოდ, საზოგადოებასთან და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე, შტატების შემცირების გამო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. შტატების შემცირება რეალურად არ მომხდარა, კერძოდ, რეორგანიზაციამდე თ. ზ-ი და გ. ბ-ე მუშაობდნენ საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტში, საგარეო ურთიერთობის სამსახურის მრჩევლებად (პირველი კატეგორია). აღნიშნული დეპარტამენტის საშტატო განრიგი 2012 წლის 9 ივლისის საქართველოს პრემიერ-მინისტრის N108 ბრძანებით განისაზღვრებოდა 15 საშტატო ერთეულით. რეორგანიზაციის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 30 ნოემბრის N1590 ბრძანებით ზემოაღნიშნულ დეპარტამენტს დაერქვა საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი და განისაზღვრა 32 საშტატო ერთეულით (აღნიშნულ დეპარტამენტში შესულია ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ფუნქციურად სრულიად სხვა სამსახურია).

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის N244 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულია მთავრობის კანცელარიის მხოლოდ ძირითადი ფუნქციები, ასევე მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა, მაგრამ არ არის გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მასში შემავალი ერთეულების ფუნქციები, მოვალეობები, ამოცანები, რომლითაც გარკვეული იქნებოდა თუ რა ფუნქციური ცვლილებები განხორციელდა დღეს მოქმედ დეპარტამენტსა და არსებულს შორის, გარდა სახელწოდების შეცვლისა.

აპელანტების განმარტებით, მთავრობის კანცელარიის დებულებით განსაზღვრული ძირითადი ფუნქციების თანახმად, რეორგანიზაციამდე არსებულ საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტსა და დღეის მდგომარეობით არსებულ საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტს გააჩნიათ ფაქტობრივად იდენტური ფუნქციები. ამასთან შტატით გათვალისწინებული თანამდებობები დეპარტამენტში შემცირების ნაცვლად გაიზარდა.

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის N286 ბრძანებულება ითვალისწინებს საჯარო თანამდებობათა რეესტრს და არა კატეგორიებს. მოსარჩელეთა თანამდებობა იყო მრჩეველი და არა პირველი კატეგორია. აპელანტების მითითებით, ფუნქციურად ზემოაღნიშნულ დეპარტამენტში არაფერი შეცვლილა და მრჩევლის შტატები გაზრდილია, ცვლილება განიცადა მხოლოდ დეპარტამენტის დასახელებამ და დეპარტამენტში შევიდა ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც ფუნქციურად სრულიად სხვა სამსახურია.

აპელანტების მოსაზრებით, სასამართლო არ მსჯელობს იმის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში დაირღვა თუ არა აპელანტებთან მიმართებაში მთავრობის აპარატის თანამდებობის პირების მიერ მათზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებანი. 2012 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშნულ იქნენ ახალი პირები, რომლებსაც დაევალათ რეორგანიზაციის ჩატარება. 29 ოქტომბერს გამოცხადდა რეორგანიზაცია. ახალი თანამდებობის პირები არ იცნობდნენ ძველ თანამშრომლებს და არც სურვილი გასჩენიათ მათთან შეხვედრისა და გასაუბრების, არათუ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაცნობის, რითაც ცალსახად გადაამეტეს დისკრეციის ფარგლებში მინიჭებული უფლებამოსილებას.

აპელანტების განმარტებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუყენებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მინიჭებული უფლება და არ შეუმოწმებია მათი პროფესიული ჩვევები, კვალიფიკაცია, შრომის დისციპლინა და ა.შ (იხ ს.ფ. 97-10; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების /სარეზოლუციო/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით თ. ზ-ისა და გ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რომლითაც თ. ზ-ისა და გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2012 წლის 30 ნოემბრის N108 და N109 ბრძანებები; მოპასუხე - საქართველოს მთავრობის კანცელარიას დაევალა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სამსახურში აღდგენაზე; მოპასუხეს, საქართველოს მთავრობის კანცელარიას დაევალა გადაწყვიტოს მოსარჩელეებისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების საკითხი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით, ასევე 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესების დაცვით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების არ გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოხდა რა შტატების შემცირება მთლიანად მთელი კანცელარიის მასშტაბით და მათ შორის - კანცელარიის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვეერთეულში (საგარეო ურთიერთობების სამსახურში), საქართველოს მთავრობის კანცელარია დადგა არჩევანის წინაშე, ანუ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშვა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება; საქმის მასალებით დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე, ანუ 2012 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში - საგარეო ურთიერთობათა სამსახურში არსებობდა ექვსი საშტატო ერთეული, მათ შორის, სამსახურის უფროსის - 1 საშტატო ერთეული, მრჩეველის (I კატეგორია) - სამი საშტატო ერთეული, მთავარი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, წამყვანი სპეციალისტი - ერთი საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შემდგომ ჩამოყალიბებულ სტრუქტურულ ერთეულში - საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტში გათვალისწინებულ იქნა იგივე სტრუქტურული ქვეერთეული - საგარეო ურთიერთობის სამსახური შემდეგი საშტატო რიცხოვნებით - სამსახურის უფროსი - ერთი შტატი, მრჩეველი (1-ლი კატეგორია) – 1 შტატი, ანუ სულ 2 საშტატო ერთეული;

დადგენილია, რომ რეორგანიზაციის მომენტისთვის საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში - საგარეო ურთიერთობათა სამსახურში მრჩეველის (I კატეგორია) სამი საშტატო ერთეულიდან ერთ შტატს იკავებდა თ. ზ-ი, მეორეს - გ. ბ-ე, ხოლო მესამე შტატი იყო ვაკანტური, თავისუფალი; (თუმცა, პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მესამე შტატის ვაკანტურობა არსებითად გავლენას ვერ ახდენს დავის გადაწყვეტაზე) სააპელაციო პალატის გაანმარტებით, მრჩეველის (I კატეგორია) სამი საშტატო ერთეულის ერთ საშტატო ერთეულამდე შემცირების პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, ორივე საჯარო მოხელე - თ. ზ-ი და გ. ბ-ე უპირობოდ გაენთავისუფლებია დაკავებული თანამდებობებიდან; მრჩევლის (I კატეგორია) ერთი საშტატო ერთეულის შენარჩუნების პირობებში მოპასუხე, სულ მცირე, ვალდებული იყო, გამოერკვია, დაედგინა და შესაბამისად, არჩევანის გაკეთების გზით გადაეწყვიტა, რომელ მოხელეს გაათავისუფლებდა სამსახურიდან და რომელს დატოვებდა სამსახურში ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ ერთ თანამდებობაზე.

მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო ის საქართველოს მთავრობის კანცელარიაში განხორციელებული რეორგანიზაცია, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება, მაგრამ არა შტატების მთლიანად გაუქმება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხეს შესაბამისი სახის, შინაარსისა და მოცულობის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით უნდა გამოერკვია რეორგანიზაციის მომენტში კანცელარიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია, პროფესიული უნარ-ჩვევები, წარსულში (რეორგანიზაციამდე) თითოეული მათგანის დამოკიდებულება შრომის დისციპლინისადმი და მხოლოდ ყველა ამ მონაცემის ურთიერთშედარების და ანალიზის პირობებში უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით მიეღო გადაწყვეტილება ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების და ცალკეული, ანუ სხვა მოხელეებთან შედარებით უკეთესი მონაცემებისა და კონკრეტული უპირატესობების მქონე მოხელეების სამსახურში დატოვების თაობაზე;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეთა შრომითი მოწყობის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას არ უნდა შემოიფარგლოს მარტოოდენ ერთი სტრუქტურული ერთეულის (საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის, ამჟამად - საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის) შიგნით არსებული მხოლოდ ერთი ქვესტრუქტურული ერთეულის - საგარეო ურთიერთობის სამსახურის ძველი და ახალი საშტატო ერთეულების რიცხოვნებისა და ფუნქციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შესახებ საკითხების გამორკვევით; მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, რომ არჩევანის გასაკეთებლად, ანუ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მისაღებად, მოხელეთა უპირატესობების გამოვლენის მიზნით ჩაატაროს სხვა საჯარო მოხელეებისა და მოსარჩელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი (ანალიტიკური) კვლევა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუ რეორგანიზებულ სამსახურში - საქართველოს მთავრობის კანცელარიაში არსებობს ისეთი შტატები, რომლებთან დაკავშირებულ შრომით მოვალეობებსაც სრულად გაართმევენ თავს მოსარჩელეები, დაუშვებელია, რომ მოპასუხემ რეორგანიზაციის თანმხლები მხოლოდ ფორმალური ელემენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხების შინაარსობრივი გამოკვლევის გარეშე, უარი თქვას მოსარჩელეების სამსახურში უპირატესად დატოვების, ან პირიქით - მოსარჩელეების მოტივირებულად, დასაბუთებულად დათხოვნის შესაძლებლობაზე.

სააპელაციო პალატის შეფასებით, არამართებულია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩლეებმა უნდა დაასაბუთონ დარჩენილ საშტატო ერთეულზე მათი უპირატესად დატოვების შესაძლებლობა და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ადმინისტრაციული ორგანო, მიუხედავად ვალდებულებისა, არ მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში, ანუ არ იღებს გადაწყვეტილებას არჩევანის გზით. შესაბამისად, არ იკვლევს საქმესთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ფაქტს და გარემოებას, მიუხედავად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით, 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაკისრებული მოვალეობებისა, საერთოდ არ ასაბუთებს თავის ადმინისტრაციულ აქტებს, დაუშვებელია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების ადრესატებს - მოსარჩლეებს სასამართლოში მტკიცების ტვირთის ზიდვის ფარგლებში მოეთხოვოთ ბუნებაში არარსებული დასკვენების და არგუმენტების, გამოუკვლეველი ფაქტებისა და გარემოებების უარყოფა, გაბათილება, საწინააღმდეგოს დადასტურება; მოსარჩლეები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდნენ ვალდებულნი, ემტკიცებინათ სამსახურში მათი უპირატესად დატოვების შესაძლებლობა, თუკი სადავო ადმინისტრაციული აქტები იქნებოდა დასაბუთებული, მოტივირებული, აქტებში გამოსახულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედებოდა გამოკვლეული ფაქტები და გარემოებები;

რაც შეეხება სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებს, ამასთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე, 127-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ ვინაიდან სასამართლომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2012 წლის 30 ნოემბრის N108 და N109 ბრძანებები ბათილად ცნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელეების კონკრეტულ თანამდებობებზე აღდგენისა და ამ აღდგენის თანმდევი იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე (იხ. ს.ფ. 41-58; ტ.2).

კასატორი - საქართველოს მთავრობის კანცელარია

მოწინააღმდეგე მხარეები - თ. ზ-ი; გ. ბ-ე

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასაციის მოტივები:

პროცესუალური: სააპელაციო სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

მატერიალური:,,საქართველოს მთავრობის კანცელარიაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2012 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის №1502 ბრძანებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიას დაევალა განეხორციელებინა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ბრძანების შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის №577 ბრძანების პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ 2012 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატების შემცირება.

2012 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები, მათ შორის, გ. ბ-ე და თ. ზ-ი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაფრთხილებულ იქნენ რეორგანიზაციის თაობაზე, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

2012 წლის 30 ნოემბრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის №1590 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის №1083 ბრძანება და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა, რომლის შესაბამისად, საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ნაცვლად შეიქმნა საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის შემადგენლობაში შევიდა საგარეო ურთირთობის სამსახური და რომელშიც განისაზღვრა პირველი კატეგორიის მრჩევლისთვის ერთი საშტატო ერთეული, მაშინ როცა მოსარჩელეთა კანცელარიაში მუშაობის პერიოდში, საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში პირველი კატეგორიის მრჩევლისათვის გამოყოფილი იყო 3 საშტატო ერთეული, შესაბამისად, დადასტურებულია, რომ შტატების შემცირებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას, კასატორის განმარტებით, სასამართლო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე და არა მათ მიზანშეწონილობაზე. ასევე კასატორის განმარტებით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ვალდებული იყო საკითხის გადაწყვეტისას, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მოხელეთა უპირატესობის გამოვლენის მიზნით ჩაეტარებინა სხვა საჯარო მოხელეებისა და მოსარჩელეების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შედარებითი კვლევა და გამოერკვია მთლიანად საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ხომ არ არსებობდა მსგავსი თანამდებობის ფუნქციური როლისა და დატვირთვის მატარებელი სხვა შტატები, რასაც მოსარჩელეები თავს გაართმევდნენ, ვინაიდან აღნიშნული შესაძლებელი იქნებოდა იმ პირობებში გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თუ საგარეო ურთიერთობათა სამსახური არ იარსებებდა და მისი ფუნქციები გადაეცემოდა სხვა სამსახურს. კონკრეტულ შემთხვევაში კი საგრეო ურთიერთობათა სამსახური იმავე ფუნქციებით არსებობს, თუმცა შემცირებული შტატებით (იხ. ს.ფ. 65-73; ტ.2).

კასატორები: თ. ზ-ი, გ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარეე: საქართველოს მთავრობის კანცელარია

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო და სააპელაციო საჩივრებში და დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენის თაობაზე (იხ. ს.ფ. 75-84; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის, თ. ზ-ისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და ისინი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 54-57; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ზ-ის, გ. ბ-ისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,გ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და დადგენილია კანონშესაბამისად, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 8 აგვისტოს №274 ბრძანებით თ. ზ-ი დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლად (I კატეგორია) (იხ. ს.ფ. 39; ტ.1).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 8 აგვისტოს №275 ბრძანებით გ. ბ-ე დაინიშნა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლად (I კატეგორია) (იხ. ს.ფ. 40; ტ.1).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №109 ბრძანებით გ. ბ-ე გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლის (I კატეგორია) თანამდებობიდან 2012 წლის 1 დეკემბრიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 12; ტ.1).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №108 ბრძანებით თ. ზ-ი გათავისუფლდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლის (I კატეგორია) თანამდებობიდან 2012 წლის 1 დეკემბრიდან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით ‘’საჯარო სამასხურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 13; ტ.1).

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის 2012 წლის 30 ნოემბრის №179 ბრძანებით დადგინდა რეორგანიზაციის შედეგად დაწესებულების შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირების საფუძველზე განთავისუფლებულ საჯარო მოხელეებზე კომპენსაციის - ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით გაცემა. აღნიშნული ბრძანების დანართის შესაბამისად, კომპენსაციის გაცემა დადგინდა თ. ზ-სა და გ. ბ-ეზეც (იხ. ს.ფ. 68; 70; ტ.1).

საკასაციო სასამართლომ გაიზირა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის 2012 წლის 29 ოქტომბრის №577 ბრძანების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №455 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეორგანიზაცია, რომელსაც თან ახლდა შტატების შემცირება; კერძოდ, დადგენილია, რომ რეორგანიზაციამდე (ანუ 2012 წლის 01 დეკემბრამდე) საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იყო სულ - 214 საშტატო ერთეული, რეორგანიზაციის შედეგად კანცელარიის შტატების რაოდენობა განისაზღვრა - 150 საშტატო ერთეულით (ანუ შტატების რიცხოვნება შემცირდა 64 საშტატო ერთეულით). საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №455 დადგენილებით შეიცვალა საქართველოს მთავრობის კანცელარიის შინაგანი სტრუტურა, კანცელარიის შიგნით შეიქმნა (გარდაიქმნა, ჩამოაყალიბდა) შესაბამისი საშტატო ერთეულების მქონე ახალი სტრუქტურული ერთეულები (დეპარტამენტები, დეპარტამენტების შიგნით - სამსახურები და სამმართველოები).

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეები მუშაობდნენ საგარეო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დეპარტამენტის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში - საგარეო ურთიერთობათა სამსახურში, რომელშიც რეორგანიზაციამდე არსებობდა ექვსი საშტატო ერთეული, მათ შორის, სამსახურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, მრჩეველის (I კატეგორია) სამი საშტატო ერთეული, მთავარი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული, წამყვანი სპეციალისტი - ერთი საშტატო ერთეული. რეორგანიზაციის შემდგომ შეიქმნა საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი და მასში შევიდა იგივე სტრუქტურული ქვეერთეული - საგარეო ურთიერთობის სამსახური შემდეგი საშტატო რიცხოვნებით: სამსახურის უფროსი - ერთი შტატი, მრჩეველი (1-ლი კატეგორია) – 1 შტატი, ანუ სულ 2 საშტატო ერთეული.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალებიდან და საქართველოს მთავრობის კანცელარიის საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე დადგენილად მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რომელსაც მოჰყვა შტატების შემცირება, მაგრამ ვერ გაიზიარებს მთავრობის საკასაციო საჩივრის მოტივს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის შეფასებასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის ბრძანებები თ. ზ-ისა და გ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. კერძოდ, ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეწყდა შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელეებსა და საქართველოს მთავრობის კანცელარიას შორის. სადავო აქტებში ბრძანების გამოცმების საფუძვლად მითითებულია: ,,შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებასთან დაკავშირებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე“.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალების თანახმად ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გაათავისუფლა შტატების შემცირების მოტივით მოსარჩელეები, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, ადმინისტრაციამ ცალმხრივი ნების გამოვლენით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა მოხელესთან, ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, რაც სრულიად კანონსაწინააღმდეგოა, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოსაზრებას, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო მართალია ადასტურებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციისათვის მინიჭებულ შესაძლებლობას შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების პროცესში მოახდინოს ცალკეულ თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა, მაგრამ აქვე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულვებელყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალი მოქმედების სფერო შებოჭილია კანონით და მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონით დადგენილი შეზღუდვები.

შრომის კონსტიტუციურ უფლებას სოციალურ ხასიათთან ერთად გააჩნია კლასიკური უფლების მნიშვნელობა, რომლის დანიშნულებაც გამოიხატება იმაში, რომ პირს ეძლევა უფლება დაიცვას თავი სახელმწიფოს უკანონო ჩარევისაგან. იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის, როგორც განუსაზღვრელი უფლების თაობაზე, ამ შემთხვევაში შრომის უფლება, ისევე როგორც პირის უფლება - დაიცვას თავი, იძენს ფიქტიურ შინაარსს და გამოდის სასამართლო კონტროლის ფარგლებიდან.

სამართლის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას რამდენიმე სასურველი გადაწყვეტილებიდან მიიღოს ერთ-ერთი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა დაარეგულიროს თანასწორობის პრინციპის დაცვით. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პირის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე პირის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ერთი და იგივე ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას.

საქართველოს მთავრობის კანცელარია მოსარჩელეებთან - თ. ზ-თან და გ. ბ-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაშიც, შეზღუდული იყო კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საჯარო მოხელის, არამედ მთლიანად საჯარო სამსახურისათვის. სწორედ ამგვარი ობიექტური შერჩევა განაპირობებს საჯარო სამსახურის სტაბილურ, კვალიფიციურ და ეფექტიან მუშაობას, რაც ბიუროკრატიისადმი ნდობის ხარისხს და ავტორიტეტის უნდა განაპირობებდეს.

საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პრეამბულის საფუძველზე განმარტავს, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის საფუძველზე განმარტავს, რომ კანონის მე-13 მუხლით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით, ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა.

საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი. ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე მისი გათავისუფლების საკითხიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გასაჩივრებული აქტებით მოხდა მოსარჩელეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების (კერძოდ, შრომითი საქმიანობის სტაბილურად, უწყვეტად განხორციელების, ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლებების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. ინტერესების) შეზღუდვა, იმისთვის, რომ შემოწმდეს შეზღუდვის კანონიერება იგი უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისად, კანონშესაბამისი. დასაბუთების ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ასევე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული აქტის კანონიერების შემოწმებისას, ვინაიდან, დასაბუთება იძლევა ამ აქტში გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს შემზღუდველი ხასიათის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის შემოწმების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, იმასთან მიმართებაში, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება, მაგრამ არა მთლიანად გაუქმება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიას უნდა ჩაეტარებინა შესაბამისი სახის ადმინისტრაციული წარმოება და გამოეკვლია რეორგანიზაციის მომენტში კანცელარიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია, პროფესიული უნარ-ჩვევები და ა.შ მით უფრო იმ ვითარებაში, როცა კანონმდებელი საჯარო სამსახურის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად მოსამსახურეთა პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობას ( ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის ,,ე” პუნქტი) აღიარებს, ადმინისტრაციის მხრიდან ასეთის გაუთვალისწინებლობა საჯარო სამსახურის არსის, საჯარო ვალდებულებისა და მთლიანად საჯარო ინტერესის გაუთვითცნობიერებლობის და არაკომპეტენტური მართვის ნიშანია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით სადავო ბრძანებები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დროს საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა მოკვლეული ჯეროვნად, შესაბამისად, სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარებულია არასრულყოფილად. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება თ. ზ-ისა და გ. ბ-ის საქმიანობასა და უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით. გაურკვეველია, იქნა თუ არა მოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასრულებდნენ თუ არა მოსარჩელეები სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად, მისცა თუ არა ობიექტური შეფასება ადმინისტრაციულმა ორგანომ მოხელეების გათავისუფლებისას მისი პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ხარისხს შტატების შემცირების მომენტში.

რაც შეეხება თ. ზ-ისა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარს, რომლითაც იგი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არის ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს მთავრობის კანცელარიას დაევალა გამოიკვლიოს და შეაფასოს თ. ზ-თან და გ. ბ-ესთან დაკავშირებით ფაქტები და გამოსცეს ახალი ინდივიდულაურ-სამართლებრივი აქტები, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა მთავრობის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, მიიჩნია დასაბუთებულად და კანონშესაბამისად, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ობიექტური წინაპირობები, სადავო საკითხის გადასაწყვეტად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთებული და ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური გარკვევის გარეშე შეუძლებელია დავის არსებითად გადაწყვეტა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შტატების შემცირებით რეორგანიზაციის ფაქტი, რაც გაზიარებულია საკასაციო სასამართლოს მიერ. ამდენად, სარჩელის არსებითად დაკმაყოფილების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები სახეზე არ არის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცეს საქმის მასალებს, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმატიულ ბაზას და კანონიერად და ობიექტურად გადაწყვიტეს დავა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.

ამასთან, სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე - საქართველოს მთავრობის კანცელარიას უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის, ხოლო თ. ზ-სა და გ. ბ-ეს თითოეულს 50-50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ზ-ის, გ. ბ-ისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება;

3. კასატორებს თ. ზ-სა და გ. ბ-ეს დაეკისროთ სასამართლო ხარჯების სახით თითოეულს 50-50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საქართველოს მთავრობის კანცელარიას დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. ქათამაძე/