Facebook Twitter

ბს-384-379(კ-12) 4 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინება

სარჩელის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ემ 2011 წლის 27 სექტემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მისი ბაბუა გ. გ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა წყალტუბოს რაიონის სოფ. .... იგი 1942 წლის 11 იანვარს გაწვეული იქნა სამამულო ომში წყალტუბოს რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ ქ..... იგი 1943 წელს მოწინააღმდეგე მხარეს ჩაუვარდა ტყვედ; 1944 წელს ბებია კ. გ-ე თავის 4 მცირეწლოვან შვილთან (ერთ-ერთი ვ. გ-ე) ერთად უსაფუძვლოდ ყოველგვარი გადაწყვეტილების და ახსნა-განმარტების გარეშე გადაასახლეს წყალტუბოს რაიონის სოფ. ... ადიგენის რაიონში. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები, რომლებიც 1944 წელს ჩასახლდნენ ადიგენის რაიონში იმყოფებოდნენ სპეც კომენდატურის აღრიცხვაზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001 წლის 14 სექტემბერს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქმე №2/160, მისი ბიძა-მამის ძმა ა. გ-ე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ასევე 2001 წლის 15 მარტს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმე №2/196 მისი მამიდა - მამის და - ქ. გ.ე-ქ.ე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. აგრეთვე 2001 წლის 15მარტის წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე №2/135 მისი მამიდა - მამის და - ნ. გ.ე-კ.ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ხოლო მოსარჩელის მამის ვ. გ.ის აღიარება ვერ მოხერხდა, რადგან იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო. მ. გ-ის მამა - ვ. გ.ე გარდაიცვალა 1984 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდაცვლილი მშობლის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და რეაბილიტირებულ პირად აღიარება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-ე არის ვ. გ. ძე გ-ის და ე. შ. ასული გ-ის შვილი. გარდაცვალების მოწმობებით დასტურდება ვ. გ-ის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2011 წლის 15 აგვისტოს გაცემულ AA201126120-03 ცნობაზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე.(კ.) ვ. ასულმა გ-ემ სურვილი გამოთქვა მუდმივად საცხოვრებლად წასულიყო და დასახლებულიყო ადიგენის რაიონში, რის გამოც იგი მისი კომლის წევრებთან, მათ შორის შვილთან ვ. გ. ძე გ-ესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ადიგენის რაიონში. საქალაქო სასამართლომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის 2012 წლის 4 იანვრის ცნობაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში გ. ე. ძე გ-ის, კ. ვ. ასული გ-ის და მათი შვილების: ქ. გ. ასული გ-ის, ა. გ. ძე გ-ის, ვ. გ. ძე გ-ის, ნ. გ. ასული გ-ის ადიგენის ტერიტორიაზე გადასახლების შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; მე-7 მუხლის თანახმად, განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ წარადგენს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, პირის მიმართ გამოყენებული იძულების სხვადასხვა ფორმები მათ შორის გადასახლება უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მოტივს, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი, ამომწურავი გამოკვლევითა და შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მშობლის ვ. გ-ის სპეცგადასახლებაში ყოფნის პოლიტიკური მოტივი. სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკურ მსხვერპლად ასაღიარებელი პირის გადასახლება, გასახლება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ მოტივს სასამართლოების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მისი მშობელი სპეცგადასახლებაში იმყოფებოდა პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთნ, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, რაც სასამართლოს მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა ვ. გ-ის მიმართ იძულების სხვადასხვა ფორმის გამოყენება პოლიტიკური მოტივით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მისი მშობელი - ვ. გ-ე რეპრესიების შედეგად 1944 წლიდან იმყოფებოდა სპეცდასახლებაში ადიგენის რაიონში. იმ დროისათვის „სპეცდასახლება“ შეეხებოდა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ შერაცხულ იყვნენ სამშობლოს მტრებად. ასევე იმ დროისათვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო ის ,რომ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ადამიანთა მიმართ რეპრესია ხორციელდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით.

კასატორის მითითებით, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა მსხვერპლის მეუღლე, მშობელი და პირდაპირი ხაზის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა მისი მშობლების რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, რადგან თავად მისი ვ. გ-ის დედმამისშვილები აღიარებულნი არიან პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 19... წლის 17 ივლისს დაბადებული მ. გ-ე არის ვ. გ. ძე გ-ის და ე. შ. ას გ-ის შვილი; ვ. გ. ძე გ-ე დაიბადა 19... წლის 25 მაისს და გარდაიცვალა 1984 წლის 9 სექტემბერს ქ. ქუთაისში; ვ. გ-ის მამა – გ. ე. ძე გ-ე წყალტუბოს რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ 1942 წლის 11 იანვარს გაწვეულ იქნა მობილიზაციით დიდ სამამულო ომში. იგი დაბრუნდა სამსამულო ომიდან და სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა გამოყენებული არ ყოფილა; საარქივო მასალის მიხედვით ე.(კ.) ვ. ასულმა გ-ემ სურვილი გამოთქვა მუდმივად საცხოვრებლად წასულიყო და დასახლებულიყო ადიგენის რაიონში, რის გამოც იგი მისი კომლის წევრებთან, მათ შორის შვილთან ვ. გ. ძე გ-ესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ადიგენის რაიონში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში გ. ე. ძე გ-ის, კ. ვ. ასული გ-ის და მათი შვილების: ქ. გ. ასული გ-ის, ა. გ. ძე გ-ის, ვ. გ. ძე გ-ის, ნ. გ. ასული გ-ის ადიგენის ტერიტორიაზე გადასახლების შესახებ ინფორმაცია დაცული არ არის; გ. ე. ძე გ-ის შვილები – ა. გ. ძე გ-ე ოზურგეთის რაიონული სასამარლოს 2001 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ხოლო ქ. გ-ე-ქ-ე და ნ. გ-ე-კ-ი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის გადაწყვეტილებებით აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლლად, ვინაიდან სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარდგენილი მასალებით მათი ოჯახის გადასახლების ფაქტი ადიგენის რაიონში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. გ-ე თავისი მშობლის – ვ. გ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოცემული კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ უდავო გარემოების შეფასებას, რომ წყალტუბოსა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებით მ. გ-ის მამის – ვ. გ-ის დედმამისშვილები, კერძოდ კი ძმა ა. გ. ძე გ-ე და დები ქ. გ-ე-ქ-ე და ნ. გ-ე-კ-ი აღიარებულ იქნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ ისინი იმყოფებოდნენ დედასთან ერთად ადიგენის რაიონში გადასახლებაში. მოცემულ შემთხვევაში კი, არც პირველმა ინსტანციამ და არც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელეს მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით და არ მისცეს მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად და არასრულად განმარტა „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2-4 მუხლები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად: „პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა - სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დაწესებულების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფელებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთნ, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები“. კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით სრულად დასაბუთებულად მიიჩნია და უცვლელად დატოვა. საქალაქო სასამართლოს შეფასებით კი ვერ დადგინდა ვ. გ-ის სპეცგადასახლებაში ყოფნის პოლიტიკური საფუძველი. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ მოხდა ვ. გ-ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაზიარებული საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, ვინაიდან უნდა მომხდარიყო ნორმის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ მიიჩნევა ვ. გ-ის და მისი ოჯახის გადასახლების ფაქტი ადიგენის რაიონში მათი გამწესება სპეციალური დასახლების ადგილზე. ეს გარემოება კი პოლიტიკური რეპრესიის ერთ-ერთ იძულების ფორმადაა აღიარებული „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალურ დასახლების ადგილას. მოცემულ დავაში კი მ. გ-ე ითხოვს მამის ვ. გ-ის აღიარებას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, რომელიც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში. თავად მისი (ვ. გ-ის) დედმამისშვილები აღიარებულნი არიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე