Facebook Twitter

საქმე #ბს-415-410(კ-12) 12 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; ვ. ს-ე

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: გ. ს-ე, წარმომადგენელი - გ. ს-ე

მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; ვ. ს-ე

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

სარჩელის საგანი:

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების, რომლითაც ვ. ს-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ბათილად ცნობა.

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: მოსარჩელის მტკიცებით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. ბათუმში, ... დასახლებაში ფლობს უძრავ ქონებას, კერძოდ 3500 კვ.მ. ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ს-ეს საკუთრებაში გადაეცა 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 18-20).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის საკუთრებაში აღირიცხა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული საჯარო რეესტრის ჩანაწერი უკანონოა, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში წარდგენილი ნახაზი არ ასახავს რეალობას, ნახაზით მონიშნული 1500 კვ.მ. შეჭრილია მის საკუთრებაში და ფარავს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (იხ. ს.ფ. 2-11).

სამართლებრივი: მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (იხ. ს.ფ. 2-11).

მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის შესაგებელი:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2010 წლის 10 ნოემბერს ვ. ს-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა სასამართლო აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... დასახლებაში, მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, განცხადებას ერთვოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 19 თებერვლის №9/7 განკარგულება, რომლის შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ ვ. ს-ეს საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო ასევე სქემა-გეგმაც, რომლის შესაბამისად, 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ერთ მხარეს ემიჯნება ზ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორე მხარეს - გ. ღ-ე-ს-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

მოპასუხის განმარტებით, გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით.

სამართლებრივი: ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი (იხ. ს.ფ. 63-70).

მოპასუხის - ვ. ს-ის შესაგებელი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ იგი 1952 წლიდან კანონიერად ფლობს და სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით, შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება მის საკუთრებაში 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აღრიცხვის შესახებ კანონიერია და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს (იხ. ს.ფ. 74-75).

საქმის გარემოებები:

საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე №ბს-392-346-კ-04 მხარეები:მოსარჩელეები - ვ. ს-ე, ა. ს-ე; მოპასუხეები - გ. ღ-ე-ს-ე, ნ. ს-ე, ხელვაჩაურის რაიონის კახაბერის თემის საკრებულო. ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა, ხელვაჩაურის რაიონის ჯიშსაშენი საწარმო ,,…“) ვ. ს-ის სარჩელი სადავო 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მისთვის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ ვ. ს-ის მიერ სადავოდ გამხდარი 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გ. ს-ისათვის გამოყოფილ მიწის ფართში არ შედიოდა, ამასთან, ამ ნაკვეთზე ის სახლი იყო აშენებული, რომელიც 1960 წელს მამამ - დ. ს-ემ აჩუქა ვ. ს-ეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის 2/7 განკარგულებით ვ. ს-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №882010872194-06 გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის №2/7 განკარგულების საფუძველზე ვ. ს-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ... მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული საჯარო რეესტრის ჩანაწერი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 147-153/.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ს-ეს საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში, მდებარე,სადავო 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის №9/7 განკარგულებით ვ. ს-ეს საკუთრების უფლებით გადაეცა 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბერის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის საკუთრებაში აღირიცხა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავოა საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ვ. ს-ის საკუთრებაში დარეგისტრირების თაობაზე, ვინაიდან, ვ. ს-ის საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ფარავდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები, რომლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ასლების საფუძველზე. ამავე კანონის 27-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციული და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის მე-10 მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში კანონით დადგენილი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ვ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებისას, წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის №9/7 განკარგულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხე ვ. ს-ეს საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში, მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სარეგისტრაციო ჩანაწერით არ შელახულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები, რადგან იგი არ არის დაკავშირებული მოსარჩელის საკუთრებასთან და აღნიშნული ჩანაწერით მას ზიანი არ მისდგომია (იხ. ს.ფ. 147-153).

სასამართლოს დასკვნები _ საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ს-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აპელანტი: გ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეეები): საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; ვ. ს-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 139-167/.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა, ისე მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ გ. ს-ეს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს 3500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ... დასახლებაში (... ქ.№111) ვ. ს-ემ კი მისი მიწის ნაკვეთის ხარჯზე მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 1500 კვ.მ. მიწაზე და აღნიშნულ რეგისტრაციას საფუძვლად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, აპელანტის განმარტებით, თავდაპირველად სარეგისტრაციო სამსახურმა შეუჩერა ვ. ს-ეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია გ. ს-ის კუთვნილ ნაკვეთთან ზედდების გამო, მაგრამ მოგვიანებით გაურკვეველი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო მოქმედების განხორციელების შესახებ (იხ. ს.ფ.181-190).

სააპელაციო შესაგებლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა სააპელაციო საჩივარი არ ცნო /იხ. ს.ფ. 207-114/.

სააპელაციო საჩივარი არ ცნო აგრეთვე ვ. ს-ემაც /იხ. ს.ფ. 219-215/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 248-254/.

გასაჩივრებული განჩინების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტებები, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, რეგისტრაცია წარმოებს, როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლების საფუძველზე. იმავე კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით. რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებისას რომელიც შეეხებოდა ვ. ს-ის სახელზე ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწაზე საკუთრების რეგისტრაციას, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის №9/7 განკარგულება, რომლითაც ვ. ს-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში, მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (იხ. ს.ფ. 148-154).

კასატორი: გ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური; ვ. ს-ე

კასაციის საგანი და მოცულობა :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები/სამართლებრივი/:

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

materialuri: კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივრებში, ამასთან კასატორის განმარტებით, სასამართლოებს არ უმსჯელიათ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც უდავოდ არასწორად არის დადგენილი ის ფაქტი, რომ ვ. ს-ის მიწის ნაკვეთი არ შედის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრს არ გააჩნდა სრულად ადრე პერიოდის რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სრული საკადასტრო მონაცემები, კასატორის განმარტებით, იმ დროს როცა გ. ს-ემ დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი, მას ელექტრონული ნახაზის წარდგენის ვალდებულება არ გააჩნდა, რითაც ისარგებლა ვ. ს-ემ და დაირეგისტრირა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

კასატორის განმარტებით, მან ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, რომლის შესაბამისადაც ვ. ს-ის მიწის ნაკვეთი მთლიანად არის გ. ს-ის მიწის ნაკვეთთან ზედდებაში.

სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ისე მიიღო გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ვ. ს-ეს არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად მოეხდინა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის აზომვა და გამოყოფა, აღნიშნულის უფლებამოსილება ჰქონდა კახაბერის თემის საკრებულოს, რომელმაც არ განახორციელა მითითებული.

მოწინააღმდეგე მხარემ - ვ. ს-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 318-319).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები (სასკ 34.3 მ.):

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის გ. ს-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ვ. ს-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით მოითხოვა გ. ს-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვება, ასევე იშუამდგომლა, რომ საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილისა და 2011 წლის 30 ივნისის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, როგორც უკანონო და ყადაღა მოეხსნას მის მიწის ნაკვეთს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ს-ის საკასაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,გ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.

პროცესუალური კასაციის წარმოდგენილი მოტივები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების საპროცესო დარღვევებით გამოტანილად მიჩნევის საპროცესო კანონით (სსსკ-ის 393.2. მუხლი) განსაზღვრულ შემთხვევას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას განჩინების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, კერძოდ, კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური შეფასებიდან რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ დავის საგნის - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება შეამოწმა, როგორც სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, ასევე მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას საქმეზე არ არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 22 დეკემბრის №882010872194-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ვ. ს-ის საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, აღნიშნული რეგისტრაციის გაუქმებას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ვ. ს-ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იჭრებოდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ფაქტობრივ შეფასებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაზიარებასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის ნებისმიერ შემთხვევაში, რამდენადაც აღნიშნულს გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა.

კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (საქემზე ბს-392-346-კ-04 ვ. ს-ის სარჩელისა გამო გ. ღ-ე-ს-ე, ნ. ს-ე, ხელვაჩაურის რაიონის კახაბერის თემის საკრებულო, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა და ხელვაჩაურის რაიონის ჯიშსაშენი საწარმო ,,…“) დადგენილია, რომ ვ. ს-ე სადავო მიწის ნაკვეთით სარგებლობდა და მას აღნიშნული უფლება ჩამორთმეული არ ჰქონია, ამასთან ამ მიწაზე იყო განლაგებული ის საცხოვრებელი სახლი - სადავო მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მამამისმა მას 1960 წელს აჩუქა. ამავე გადაწყვეტილებით ასევე დადგენილ იქნა, რომ ვ. ს-ის მიერ სადავოდ გამხდარი 1500 კვ.მ. მიწის ნაკევთი არ შედიოდა გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმასთან მიმართებაში, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არ გაიზიარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 5 დეკემბერის დასკვნა, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, ამასთან, სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნას სასამართლოსათვის არ გააჩნია სავალდებულო ძალა. მისი შეფასება სასამართლოს მიერ ხდება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, ექსპერტის დასკვნის, როგორც მტკიცებულების შეფასება ხდება სასამართლოს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არსებობის შესახებ. საკასაცო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლოება არ გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისად, ვ. ს-ის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გადაფარვაში იყო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, ვინაიდან, ზემოთ უკვე ავღნიშნეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების პრეიუდიციული ძალის შესახებ, რომლითაც ასევე დადგენილია, რომ ვ. ს-ის მიერ სადავოდ გამხდარი 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გ. ს-ისათვის გამოყოფილ მიწის ფართში არ შედიოდა, ამასთან, ჩუქების ხელშეკრულებაში მითითებულია საზღვრები, რომლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთს, რომელზედაც აშენებული იყო ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული სახლი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ზ-ის მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორე მხარეს არის გ. ს-ე-ღ-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შემდეგ არის საავტომობილო გზა. ასევე საკადასტრო ნახაზითაც დგინდება, რომ ვ. ს-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობდა გ. ს-ისა და რ. ზ-ის მიწის ნაკვეთებს შორის.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ გ. ს-ის საკასაციო საჩივარში ჩამოყელიბებეული არგუმენტები, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდა მტკიცებულებების სწორად გამოკვლევა და ფაქტების შეფასება არამართებულია.

უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკაშირებული ურთიერთობები, ორგანიზაციულ და სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება უძრავ ნივთებზე უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი და პირობები, სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები და განისაზღვრება საჯარო რეესტრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების წესი.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.

როგორც ავღნიშნეთ, სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების რეგისტრაციის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე თავით რეგულირდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი და პირობები, მითითებული კანონის 21-ე მუხლში ჩამოთვლილია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, ამავე მუხლის 1 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით გათვალისწინებული ზედდება სარეგიტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების თაობაზე და მისი აღმოფხვრის მიზნით უნიშნავს ვადას განმცხადებელს. ამავე კანონის 21.4 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ, ხოლო თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი მარეგისტრირებელი ორგანო, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება ვ. ს-ემ განცხადებით მიმართა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, რომელსაც დაურთო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკეთი და მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის №9/7 განკარგულება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ მოტივით, რომ ვ. ს-ის საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში არსებულ რეგისტრირებულ უძრავ ქონების საკადასტრო მონაცემებს შორის (გ. ს-ეს საკუთრებაში რეგისტრირებული ჰქონდა ,,დაუზუსტებელი“ 3500 კვ.მ მიწის ფართი), არსებობდა ზედდება, კერძოდ, ვ. ს-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი იჭრებოდა გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის მიზნით ვ. ს-ემ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა 2001 წლის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება და სქემა (გეგმა) ნახაზი, ასევე აჭარის ა/რ რესპუბლიკის მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2001 წლის 23 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 24-26), რომლის შესაბამისადაც, გ. ს-ის 3500 კვ.მ. მიწის ნაკვეთში არანაირად არ შედიოდა ვ. ს-ის გადაცემული 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სქემა-გეგმით დგინდებოდა, რომ ვ. ს-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობდა გ. ს-ისა და რ. ზ-ის მიწის ნაკვეთებს შორის, გ. ს-ეს დარეგისტრირებელი ჰქონდა 3500 კვ.მ. დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ვახტან სირაბიძის საკუთრებაში ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების თაობაზე და უფლების დამდგენ დოკუმენტებად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თებერვლის №9/7 განკარგულება, რითაც ფაქტობრივად მოახდინა საკასაციო სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ვ. ს-ის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორცილედა კანონმდებლობის სრული დაცვით, დაინტერესებული მხარის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და პროცესუალური საფუძველი.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის - ვ. ს-ის შუამდგომლობას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილისა და 2011 წლის 30 ივნისის განჩინებების გაუქმების თაობაზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

კონკრეტულ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ს-ის სარჩელი; აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებითა და ასევე საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ს-ის საკასაციო საჩივარი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძალაში შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ს-ის სარჩელი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უნდა დაკმაყოფილდეს ვ. ს-ის შუამდგომლობა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ყადაღა მოეხსნას ქ. ბათუმში, ... დასახლებაში, ვ. ს-ის საკუთრებაში მდებარე უძრავ ქონებას, შემდეგი მონაცემებით ზონა - ბათუმი ..., სექტორი ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., დაზუსტებული ფართობი - 1501 კვ.მ., შესაბამისად გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 243.2-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება;

3.დაკმაყოფილდეს ვ. ს-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე;

4. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინება;

5.ყადაღა მოეხსნას ქ. ბათუმში, ... დასახლებაში, ვ. ს-ის საკუთრებაში მდებარე უძრავ ქონებას, შემდეგი მონაცემებით ზონა - ბათუმი ..., სექტორი ..., კვარტალი - ..., ნაკვეთი - ..., დაზუსტებული ფართობი - 1501 კვ.მ;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/