საქმე #ბს-435-430(კ-12) 26 თებერვალი 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. ჩ-ე
წარმომადგენელი - ი. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები):
1. ქ. ბათუმის მერია;
2. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური
წარმომადგენელი - მ. კ-ე
3. გ. კ-ე
4. ი. კ-ე
წარმომადგენელი - რ. შ-ე
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე - მ. ჩ-ე
წარმომადგენელი - ი. შ-ე
მოპასუხეები: 1.ქ. ბათუმის მერია;
2. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური
წარმომადგენელი - მ. კ-ე
3. გ. კ-ე
4. ი. კ-ე
წარმომადგენელი - დ. გ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი:
1. ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 15 ივნისის №182 საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა;
2. ქ. ბათუმის მერიის არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის №624 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული №000268 მშენებლობის ნებართვის მოწმობის ბათილად ცნობა;
3. ქ. ბათუმის მერიის არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის №86 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული №000514 მშენებლობის ნებართვის მოწმობის ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი:
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის №624 ბრძანებითა და ამავე სამსახურის 2006 წლის 6 ივლისის №01-22/228 ბრძანებით შეთანხმებული №119 არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის საფუძველზე გ. კ-ეზე გაიცა ქ.ბათუმში, .../ ... ქ. №108/78-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა №000268 მშენებლობის სანებართვო მოწმობა;
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის №86 ბრძანებით ი. კ-ეზე გაიცა ქ.ბათუმში, ... ქ.№108-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, რის საფუძველზეც მიღებულ იქნა №000514 მშენებლობის სანებართვო მოწმობა;
აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე მ. ჩ-ემ საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის მერიას. ქ. ბათუმის მერის 2011 წლის 15 ივნისის №182 ბრძანებით მ. ჩ-ეს უარი ეთქვა საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.
სამართლებრივი: მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის №624 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული №000268 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ასევე 2011 წლის 4 თებერვლის №86 ბრძანება და მის საფუძველზე გამოცემული №000514 მშენებლობის სანებართვო მოწმობა მიღებულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით, კერძოდ, მოსარჩელე, როგორც დაინტერესებული პირი არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ამასთანავე, მშენებლობა მიმდინარეობს მთლიან მიწის ნაკვეთზე, რომელიც მიდგმულია მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე, რის გამოც შეუძლებელია მისი სახლის ფანჯრებითა და კარებით სარგებლობა. აღნიშნულის გამო ილახება მოსარჩელე - მ. ჩ-ის კანონიერი ინტერესი;
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე /იხ. ს.ფ. 2-11/.
მოპასუხეების - ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შესაგებლები:
მოპასუხის განმარტებით, ქ.ბათუმის მერიის არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის №624 ბრძანებითა და მის საფუძველზე გამოცემული №000268 მშენებლობის სანებართვო მოწმობით გ. კ-ე უფლებამოსილია მშენებლობა აწარმოოს მხოლოდ ქ. ბათუმში, .../... ქ. №108/78-ში მდებარე 132 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი კი უშუალოდ არ ესაზღვრება მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ 134 კვ.მ. (დაზუსტებული) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას შორის მდებარეობს ი. კ-ის საკუთრებაში არსებული 65 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მშენებლობით შეუძლებელია შეიზღუდოს მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
სამართლებრივი: მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიაში საჩივრის წარდგენისას დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლი, ვინაიდან, ქ.ბათუმის მერიის არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის №86 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №000514 მშენებლობის სანებართვო მოწმობა მოსარჩელეს გადაეცა 2011 წლის 22 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, მან კი საჩივარი ქ. ბათუმის მერიაში შეიტანა 2011 წლის 3 ივნისს, ე.ი. გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით /იხ. ს.ფ. 34-45/.
მოპასუხების - გ. კ-ისა და ი. კ-ის შესაგებლები:
ფაქტობრივი: მოპასუხეების განმარტებით, მ. ჩ-ის სარჩელი უსაფუძვლო და დაუშვებელია, ვინაიდან, მოსარჩელე ვერ განმარტავს თუ რა ზიანს აყენებს მას მოპასუხე მხარეთა სასარგებლოდ გამოცემული ადმინისტრაციული აქტები.
სამართლებრივი: მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გამოცემული და სრულად აკმაყოფილებენ კანონიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისათვის დადგენილი ფორმალური და მატერიალური კანონიერების ელემენტებს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი /იხ. ს.ფ. 93-102; 105-114/.
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე - მ. ჩ-ეს, ქ. ბათუმში, ... ქ. №78-ში საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ჰქონდა 153,38კვ.მ. შენობა-ნაგებობა და დაუზუსტებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სამ საკადასტრო ერთეულად და სამივე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს წარმოადგენდა მ. ჩ-ე. აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 132 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა გ. კ-ემ, რის შემდეგაც მოსარჩელე გაემგზავრა ... სამუშაოდ.
მოსარჩელის განმარტებით, გ. კ-ემ დაიწყო მშენებლობა არა მის მიერ შეძენილ 132 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, არამედ 197 კვ.მ. ფართზე და ფაქტობრივად მის მიერ მშენებლობა ხორციელდებოდა მ. ჩ-ის თანასაკუთრებაში არსებულ 65 კვ.მ მიწის ნაკვეთზეც.
აღნიშნულის თაობაზე მ. ჩ-ემ საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის მერს. რომელმაც საჩივრის განხილვისას დაადასტურა, რომ ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის 2006 წლის 6 ივლისის №01-22/228 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის არქიტექტურული ნაწილი და კონსტრუქციული ნაწილი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, ბათუმის მერიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება.
მოსარჩელის მითითებით, გ. კ-ემ მისი ნებართვის გარეშე შეიძინა ქ. ბათუმში ... ქ. №78-ში, მის საკუთრებაში არსებული 132 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმდებარე 65 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდეგ თვალთმაქცურად გაასხვისა თავის დაზე - ი. კ-ეზე.
გ. კ-ემ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისაგან მიიღო ორი ახალი მშენებლობის ნებართვა, ერთი მის საკუთრებაში არსებულ 132 კვ.მ-ზე, ხოლო მეორე ი. კ-ის სახელზე, ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ 65 კვ.მ-ზე. თუმცა ნებართვების მიღებამდე მას მშენებლობა უკვე დაწყებული ჰქონდა ორივე მიწის ნაკვეთზე და აშენებული ჰქონდა ერთი სართული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობები მოწმეთა დაკითხვისა და სპეციალისტის მონაწილეობით ადგილის დათვალიერების თაობაზე /იხ. ს.ფ. 147-148/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 190-206/.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
2010 წლის 13 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 1994 წლის 8 ივლისს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობისა და მიწის ნაკვეთის დაყოფის თაობაზე 2002 წლის 25 ოქტომბრის სანოტარო აქტის საფუძველზე, მ. ჩ-ის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ.ბათუმში, .../... ქ.№78/108-ში მდებარე 153,38 შენობა-ნაგებობა და დაუზუსტებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების - 203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...);
2002 წლის 6 ნოემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2002 წლის 1 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში გ. კ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა ქ.ბათუმში, .../... ქ.№78/108-ში მდებარე 132 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ნაკვეთის №012).
2008 წლის 4 იანვრის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ნასყიდობის 2002 წლის 1 ნოემბრისა და 2007 წლის 7 აგვისტოს ხელშეკრულებების საფუძველზე გ. კ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ქ.ბათუმში, .../... ქ.№108/78-ში მდებარე 198 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2010 წლის 30 აგვისტოს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერებით გ. კ-ის საკუთრებაში არსებული 198 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ორ საკადასტრო ერთეულად _ 65 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, საკადასტრო კოდით №... და 134 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, საკადასტრო კოდით №..., რომელთაგან 65 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სარეგისტრაციო კოდით №...) 2010 წლის 30 აგვისტოს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ი. კ-ის საკუთრებად.
2010 წლის 30 აგვისტოს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ამჟამად საჯარო რეესტრში გ. კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია ქ.ბათუმში, ... ქ.№78/... ქ.№108-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 134 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით №...), დაზუსტებული ფართობით.
ი. კ-ის საკუთრებაში არსებული 65 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ 134 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას შორის.
2006 წლის 8 მაისს ქ.ბათუმის ქალქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივმა სამსახურმა მიიღო №01-16/286 ბრძანება გ. კ-ის განცხადების დაკმაყოფილებისა და ქ.ბათუმში, ... ქ.№108/78-ში ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის (მანსარდით) მშენებლობასთან დაკავშირებით არქიტექტურულ-გეგმარებითი №85 დავალების გაცემის თაობაზე.
2006 წლის 6 ივლისს ქ.ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის №01-22/228 ბრძანებით არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ, გ. კ-ეს მიენიჭა უფლებამოსილება საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ეწარმოებინა მის საკუთრებაში არსებულ ქ.ბათუმში, .../ ... ქ.№108/78-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.
ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1258 ბრძანებით შეთანხმებული იქნა ქ.ბათუმში, .../ ... ქ.№108/78-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის 2006 წლის 6 ივლისის №119 არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტში ცვლილებები.
ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის №624 ბრძანებით, ამავე სამსახურის 2006 წლის 06 ივლისს №01-22/228 ბრძანებით შეთანხმებული №119 არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის საფუძველზე გ. კ-ის სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ქ.ბათუმში, .../ ... ქ.№108/78-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე, რის საფუძველზეც გაიცა №000268 მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის №86 ბრძანებით ი. კ-ის სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა ქ.ბათუმში, ... ქ.№108-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე, რის საფუძველზეც გაიცა №000514 მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
ქ.ბათუმის მერიის 2011 წლის 15 ივნისის №182 ბრძანებით მ. ჩ-ის საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმ მოტივით, რომ მ. ჩ-ე არ იყო უფლებამოსილი სადაოდ გაეხადა ბრძანება გ. კ-ეზე მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა, ვინაიდან, ისინი არ ზღუდავდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ამასთან, მას გაშვებული ჰქონდა ი. კ-ეზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ბრძანებისა და მასზე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სადავოა ქ.ბათუმის მერიის არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის №624 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №000268 მშენებლობის ნებართვის მოწმობა და 2011 წლის 4 თებერვლის №86 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №000514 მშენებლობის ნებართვის მოწმობა, ვინაიდან, აღნიშნული ნებართვების შედეგად განხორციელებული მშენებლობით ზიანი ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.
სასამართლოს მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:
დადგენილია, რომ გ. კ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე წარმოებული მშენებლობა არ ესაზღვრება მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ 65 კვ.მ. მიწის ნაკვეთს შორის მდებარეობს ი. კ-ის საკუთრებაში არსებული 65 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გ. კ-ეზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის №624 ბრძანებითა და მის საფუძველზე გაცემული №000268 მშენებლობის სანებართვო მოწმობით მ. ჩ-ის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების საფუძველი.
სასამართლოს დასკვნები _ საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ჩ-ის სარჩელი არ უნდა უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის №86 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემულ №000514 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, რომლითაც ი. კ-ეზე გაიცა მის საკუთრებაში არსებულ 65 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა, მოსარჩელეს გადაეცა და ოფიციალურად გაეცნო 2011 წლის 22 თებერვალს, მ. ჩ-ის სარჩელისა გამო სხვა ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ი. კ-ეზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქ.ბათუმის მერიის არქტიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 4 თებერვლის #86 ბრძანება და №000514 მშენებლობის სანებართვო მოწმობა გაესაჩივრებინა 2011 წლის 23 მარტამდე, 22 მარტის ჩათვლით, ხოლო მ. ჩ-ის წარმომადგენლმა ადმინისტრაციული საჩივარი ქ.ბათუმის მერიაში წარადგინა 2011 წლის 3 ივნისს, ე.ი. გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” და ”ზ” პუნქტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.ბათუმის მერიის 2011 წლის 15 ივნისის ბრძანებით მ. ჩ-ის წარმომადგენელს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე. /იხ. ს.ფ. 194-206/.
აპელანტი: მ. ჩ-ე
წარმომადგენელი - ი. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეეები): 1. ქ. ბათუმის მერია;
2. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური;
წარმომადგენელი - მ. კ-ე
3. გ. კ-ე
4. ი. კ-ე
წარმომადგენელი - დ. გ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; ასევე 2011 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სპეციალისტის მონაწილეობით ადგილის დათვალიერებაზე.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება თითქოს გასაჩივრებული აქტები ზიანს არ აყენებს მ. ჩ-ის ინტერესებს და უკანონოდ არ ზღუდავს მის უფლებას. ასევე სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა ადგილის დათვალიერების თაობაზე, რითაც დადასტურდებოდა სარჩელში მიითებული ფაქტობრივი გარემოება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ქ. ბათუმის მერიის 2010 წლის 17 სექტემბრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გ. კ-ის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებიოთ მშენებლობის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს და რომ გ. კ-ეს არ ჰქონდა უფლება მშენებლობა ეწარმოებინა 200კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. აპელანტის განმარტებით,Nნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინათ უკანონო მშენებლობა, გ. კ-ეზე გაცემულ იქნა ახალი მშენებლობის ნებართვები, მაშინ, როცა მას უკვე აშენებული ჰქონდა ორი სართული. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა გასული იყო, ვინაიდან არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აქტის ჩაბარებას მოსარჩელე მხარისათვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ დროს.
სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2. ”ბ” მუხლის, 53.4 და 53.5 ნაწილების მოთხოვნებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, რომლებიც არ გამოკვლეულა, ხოლო ამავე კოდექსის 5.1. მუხლში დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილი იყო, რომ მ. ჩ-ე წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს, მაგრამ იგი არ იქნა მიწვეული ადმინისტრაციული წარმოების დროს. /იხ. ს.ფ. 217-228/.
მოწინააღმდეგე მხარეების - ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შეპასუხება:
ფაქტობრივი: მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის განმარტებით გ. კ-ისა და მოსარჩელე - მ. ჩ-ის მიწის ნაკვეთს შორის არსებობს, ცალკე საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ი. კ-ის საკუთრებში არსებული, მიწის ნაკვეთი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით აპელანტის მტკიცება, რომ გასაჩივრებული აქტებით მის კანონიერ ინტერესს ადგება ზიანი, დაუსაბუთებელია.
მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მოსაზრებით სასამართლომ აპელანტს კანონიერად უთხრა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რადგან ადგილზე დათვალიერებას საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.
სამართლებრივი: მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ დადგინდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიღებულ იქნა არსებითად სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 251-259/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებები /იხ. ს.ფ. 286/.
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ. სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს
ამასთან, მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მოწმეთა დაკითხვის საჭიროების თაობაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დავის საგანი მშენებლობის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, სადაც ამ დარგის კანონმდებლობით არის გაწერილი აქტის მომზადებისა და გამოცემის საკითხები, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 102.3-ე მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ანუ მოწმეთა ჩვენებები ამ შემთხვევაში მტკიცებულებად ვერ გამოდგება. ხოლო რაც შეეხება სპეციალისტის მეშვეობით ადგილის დათვალიერებას, საქმის მასალები საკმარის საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ სასამართლოს თვალნათლივ შეექმნას წარმოდგენა სარჩელის ობიექტზე. სწორედ ამ საფუძვლებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა. ამდენად, გასაჩივრებული საოქმო განჩინებები კანონშესაბამისია, მათი გაუქმების საფუძველი არ არსებობს და მათი არ დაკმაყოფილება ზეგავლენას გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვერ მოახდენს /იხ. ს.ფ. 276-286; 295-297/.
კასატორი - მ. ჩ-ე
წარმომადგენელი - ი. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეეები): 1. ქ. ბათუმის მერია;
2. ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახური;
წარმომადგენელი - მ. კ-ე
3. გ. კ-ე;
4. ი. კ-ე
წარმომადგენელი - რ. შ-ე
კასაციის განაცხადი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინების, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები/სამართლებრივი/:
პროცესუალური: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და სამართლებრივი შეაფასება არ მისცა მათ, სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, კასატორის მითითებით, არ მიუღია მონაწილეობა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში.
სამართლებრივი:
კასატორის განმარტებით, მშენებარე სახლის კედელი მიდგმულია მის საცხოვრებელ სახლზე, რომლის კარები და ფანჯარა არ იღება. საქალაქო სასამართლოს რომ დაეკმაყოფილებინა მისი შუამდგომლობა სპეციალისტის მეშვეობით ადგილის დათვალიერების შესახებ, საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება./იხ. ს.ფ. 309-318/.
მოწინააღმდეგე მხარეებს: ქ. ბათუმის მერიასა და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს წერილობითი მოსაზრებები არ წარმოუდგენიათ.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები (სასკ 34.3 მ.):
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
2013 წლის 19 თებერვალს საქმის ზეპირი განხილვისას ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის არქ იტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელმა მ. კ-ემ წარადგინა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის №63 და №64 ბრძანებები, რომელთა თანახმად, ქ. ბათუმში .../ ... ქ. №108/78-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით -106.63მ2 და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით - 451,03მ2 ვარგისად იქნა აღიარებული.
მოწინააღმდეგე მხარეებმა, ქ. ბათუმის მერიამ და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, საკასაციო საჩივარი არ ცნეს უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული და გადაწყვეტილია საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით. ამასთანავე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და დადგენილი სამართლებრივი დასკვნები არ ეყრდნობა შესაბამის მატერიალური სამართლის ნორმებს.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ,,დავის საგანი მშენებლობის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, სადაც ამ დარგის კანონმდებლობით არის გაწერილი აქტის მომზადებისა და გამოცემის საკითხები,..“, მისი სრული კანონშეუსაბამობის გამო, ვინაიდან სამშენებლო სამართალი განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართლის განსაკუთრებულ (კერძო) ნაწილს, შესაბამისად, სამშენებლო სამართალურთიერთობებთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ სრულად ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღებისა და გამოცემისათვის დადგენილი სამართლებრივი პროცედურები. მათ შორის, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისა და წარმოების ამ სახისათვის განსაზღვრული საპროცესო მოქმედებათა ჩატარების ვალდებულება, კერძოდ, მტკიცებულებათა მოპოვება, შეფასება, მესამე პირების ჩაბმა, მხარეთა მოსმენა და სხვა. ამდენად, სამშენებლო სამართლის (ისევე, როგორც ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის ყველა სხვა სფეროს) ნორმატიული აქტები ამომწურავად არ განსაზღვრავს აქტების მომზადების, მიღებისა და გამოცემის წესებს, რადგან ეს საერთო წესი, დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სავალდებულოა ყველა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მმართველობითი ღონისძიებების ყველა სამართლებრივი ფორმის განხორციელების მომენტში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება მმართველობის კანონიერების პრინციპს, ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის და სხვადასხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების სინთეზურად გამოყენების ვალდებულებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამარტლის კანონმდებლობის სწორი გაგება-გამოყენება-განმარტებიდან, მეტიც ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმები განაპირობებენ ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილის ნორმების შინაარსს. ეს ნორმატიული აქტები ადგენენ კონკრეტულ მოწესრიგებას, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ ამ სამართალურთიერთობებში ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ნორმები არ გამოიყენება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლო მტკიცებულებათა შეკრებისა და გამოკვლევის გარეშე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ გ. კ-ის სახლის მშენებლობით აპელანტ - მ. ჩ-ის სუბიექტურ უფლებას და კანონიერ ინტერესს პირდაპირი და უშუალო ზიანი არ ადგებოდა და საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაშინ როცა აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის დაუშვებლობის მოტივით საქმის შეწყვეტის პროცესუალურ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და სამართლებრივი შეფასება არ მისცა მათ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოებას გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის გაქარწყლებული სააპელაციო საჩივრის მოტივები, არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ ,,სააპელაციო საჩივარში მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დავის საგანი მშენებლობის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, სადაც ამ დარგის კანონმდებლობით არის გაწერილი აქტის მომზადებისა და გამოცემის საკითხები, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებები ამ შემთხვევაში მტკიცებულებად ვერ გამოდგება. ხოლო, რაც შეეხება სპეციალისტის მეშვეობით ადგილის დათვალიერებას, საქმის მასალები საკმარის საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ სასამართლოს თვალნათლივ შეექმნას წარმოდგენა საჩივრის ობიექტზე. სწორედ ამ საფუძვლებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა. გასაჩივრებული საოქმო განჩინებები კანონსშესაბამისია და მათი არდაკმაყოფილება ზეგავლენას გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვერ მოახდენს”.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2012 წლის 22 ივნისის №624 ბრძანებისა და №000168 მშენებლობის სანებართვო მოწმობის თანახმად გ. კ-ე უფლებამოსილია აწარმოოს მშენებლობა სანებართვო მოწმობის შესაბამისად ქ. ბათუმში, .../ ... ქ. 108/78-ში მის საკუთრებაში არსებულ 134 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ამავე სამსახურის 2011 წლის 04 თებერვლის №86 ბრძანებისა და №000514 მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე ი. კ-ე უფლებამოსილია მშენებლობა აწარმოოს ამავე მისამართზე მდებარე მის საკუთრებაში არსებულ 65 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ი. კ-ის საკუთრებაში არსებული 65 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარეობს გ. კ-ის საკუთრებაში არსებულ 134 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და კასატორ მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას შორის. სწორედ ამ უკანასკნელ გარემოებაზე დაყრდნობით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ გ. კ-ის მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთზე წარმოებული მშენებლობა მ. ჩ-ის უფლებასა და კანონიერ ინტერესს პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შეუძლებელია დადგინდეს, ადგება თუ არა მ. ჩ-ის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს პირდაპირი და უშუალო ზიანი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ ვრცელ მსჯელობას მისი იურიდიული დაუსაბუთებლობის გამო და განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განვითარებული დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, მათი შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე უნდა გამომდინარეობდეს. რამდენადაც სასამართლოს მიერ იურიდიული კვალიფიკაციის მოხდენა თავის თავში მოიცავს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობას კანონით დადგენილი ნორმის შემადგენლობასთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XV-XX თავები განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს. ამავე კოდექსის 105.1 მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლი ადგენს მტკიცებულებათა შეკრების წესს და განსაზღვრავს, რომ გარდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, სასამართლოს თავად შეუძლია დაავალოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს ანიჭებს დამატებით უფლებამოსილებას - საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი მტკიცებულებები საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას დასაბუთებული განჩინებით მტკიცებულებათა შეგროვება (შემოწმება) დაავალოს იმ სასამართლოს, რომლისთვისაც ტერიტორიულად ეს უფრო მოსახერხებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები არ ემყარება საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას, ვერ ჰპოვებს დადასტურებას საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერება, რათა უტყუარად და სარწმუნოდ დადგინდეს სადავო აქტებით ნებადართული მშენებლობის შედეგად მ. ჩ-ის სუბიექტური უფლების შელახვის საკითხი. საკასაციო სასამართლო დასძენს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების კანონშესაბამისი გადაწყვეტა დიდწილად არის დამოკიდებული სპეციალისტის დასკვნების შეფასებასთან, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად უნდა შეამოწმოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების წინმსწრები, სპეციალისტის მონაწილეობით ადგილის დათვალიერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კანონიერება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოიცავს სარჩელის მიღების, დასაშვებობის შემოწმებისა და სარჩელის დასაბუთებულობის დადგენის სტადიებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და მათი დასაშვებობის წინაპირობები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებამოსილებას, რადგან თუ მხარის მატერიალური უფლება ან კანონიერ ინტერესი არ იზღუდება ან/და არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, არც შესაბამისი საპროცესო უფლება არსებობს. სარჩელის დასაშვებობის დადგენისას საკმარისია იმის ვარაუდი, რომ ირღვევა მისი სუბიექტური უფლება, ხოლო ის ფაქტი, ნამდვილად დარღვეულია თუ არა მოსარჩელის კანონიერი უფლება ან/და ინტერესი, დგინდება სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას, რაც შეუძლებელია საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური განხილვისა და გამოკვლევის გარეშე. განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებისას სარჩელის დასაშვებობის სტადიის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, ,,რიგ შემთხვევებში”, ხომ არ არსებობს საქმის დაუშვებლობის მოტივით განჩინებით შეწყვეტის საფუძვლები, რათა უსაფუძვლოდ არ გაჭიანურდეს საქმის განხილვა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 -ე მუხლის თანახმად, თუ მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი ადმინისტრაციული სარჩელის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მან უნდა დანიშნოს გამწესრიგებელი სხდომა. (სასკ 26.2 მ).
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი, როგორც ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილ საჩივარში, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მიუთითებდა, რომ მიუხედავად ქ. ბათუმის მერიის მიერ გაცემული ორი სხვადასხვა სანებართვო მოწმობისა, გ. კ-ე აწარმოებდა ერთიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას არა მხოლოდ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ, ასევე ი. კ-ის საკუთრებაში არსებულ 65კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მიდგმულია მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლთან, რის გამოც მას ეზღუდება სახლის ფანჯრებითა და კარებით სარგებლობა და მოითხოვდა აღნიშნული გარემოების სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, შესაბამისი მტკიცებულებების შეკრების მეშვეობით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დასაშვებობის გადაწყვეტა დამოკიდებულია ფაქტობრივი გარემოებების სრულფასოვან მოპოვებასა და მათ ობიექტურ შეფასებაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად იმსჯელოს ამ ნაწილში სარჩელის დასაშვებობის საფუძვლებზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს მოსარჩელის სარჩელის დასაშვებობის თაობაზე სწორედ ზემომითითებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დასაშვებობის პირობების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ წერილობით გამოცემული აქტის ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელ ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება. წერილობითი ფორმით გამოცემული აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრების შესახებ, რომელთა საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამასთანავე, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, იგი ვალდებულია, რომ აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად დაუდო მის გადაწყვეტილებას. დასაბუთების ვალდებულება ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ დარწმუნდეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სიზუსტესა და კანონიერებაში. ამასთანავე, აქტის ადრესატისათვის აქტის კანონიერებისა და გასაჩივრების საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლო შედეგების განსაზღვრასთანაა დაკავშირებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის ციტირებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების ტექსტიდან, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით’’ და მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დარღვეულია გასაჩივრებული აქტების მომზადებისას და გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების შესახებ. სადავო აქტები არ შეიცავს დასაბუთებას, თუ კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილება, ამასთანავე, საქმის წარმოებისას არ არის შეკრებილი, შესწავლილი და გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა გულისხმობს: პირველი - დაინტერესებული მხრისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უშუალოდ გადაცემას ან მეორე - დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 04 თებერვლის №86 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №000514 მშენებლობის სანებართვო მოწმობა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს ი. შ-ეს გადაეცა 2011 წლის 22 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმის სხდომაზე მ. ჩ-ის სარჩელთან დაკავშირებით, აღნიშნულის შესახებ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ სანებართვო მოწმობას მოსარჩელის ადვოკატი ოფიციალურად გაეცნო. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლის ი. შ-ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე, რომლის თანახმადაც, მისი 2011 წლის 18 აპრილის №05-02/6141 განცხადების პასუხად, მას 2011 წლის 03 მაისს გაეგზავნა ბათუმის მერიისა არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 22 ივნისის №624 ბრძანებისა და №000268 მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ასევე ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის 2011 წლის 04 თებერვლის №86 ბრძანებისა და №000514 მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამოწმებული ასლები, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ითვლება თუ არა მოსარჩელის წარმომადგენლისათვის აქტის გაცნობის შესაძლებლობა აქტის ოფიციალურ გაცნობად და ნიშნავს თუ არა მოსარჩელის წარმომადგენლისათვის აქტის ჩაბარება ან გაცნობა, თავად მოსარჩელის მიერ აქტის ოფიციალურ გაცნობას, ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს ზემოაღნიშნული გარემოებები და მხარეთა მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, რათა უტყუარად დადგინდეს ადმინისტრაციული საჩივრის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების საკითხი.
სააკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/