Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-469-457(კ-13) 22 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2013 წლის 4 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, მ. ვ-ეს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის კასატორის მიერ არ იქნა მითითებული გარემოებებზე რომლებიც ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებს. კასატორის შუამდგომლობის დასადასტურებლად არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს მისცემდნენ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მ. ვ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მ. ვ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მ. ვ-ეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ქ. #55) გაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი და 2013 წლის 17 ოქტომბერს ჩაბარდა ადრესატს პირადად (ტ. II, ს. ფ. 105). შესაბამისად, კასატორის - მ. ვ-ისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 18 ოქტომბერს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 22 ოქტომბერს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე სამშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეათა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე