Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ბს-479-467(კ-13) 19 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ე. დ-ის წარმომადგენლის თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ე. დ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, მესამე პირების - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. ლ-ის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2013 წლის 24 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ბს-479-467(კ-13) ე. დ-ის წარმომადგენლის თ. მ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ე. დ-ის წარმომადგენლის თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ტ. II; ს.ფ. 100-119).

აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ე. დ-ის წარმომადგენლის თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ე. დ-ს და მის წარმომადგენელს - თ. მ-ს გაეგზავნათ 2013 წლის 10 ოქტომბერს. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება ე. დ-ის დედას მ. დ-ას პირადი №... და ე. დ-ის წარმომადგენელს თ. მ-ს პირადი №... ჩაჰბარდათ 2013 წლის 11 ოქტომბერს (იხ. ტ. II; ს.ფ. 130-131), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოეწურათ 2013 წლის 21 ოქტომბერს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. დ-ის წარმომადგენლის თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396, 401-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. დ-ის წარმომადგენლის თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე