საქმე №ბს-486-480(კ-12) 26 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ჯ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ჯ. მ-ი
მოპასუხეები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება.
სარჩელის საგანი:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 1 ივნისის ოქმის, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, ბათილად ცნობა;
2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 16 სექტემბრის ¹04/38930 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
3. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრისათვის ჯ. მ-ის სასარგებლოდ 6 თვის გაუცემელი სოციალური დახმარების - 180 ლარის ანაზღაურების დავალდებულება
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: ჯ. მ-ის ოჯახს 2011 წლის ივნისის თვეში შეუწყდა სოციალური დახმარების გაცემა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 22 ივნისის პასუხით ეცნობა, რომ 2011 წლის 1 ივნისს ოჯახში ვიზიტის დროს, სოციალურმა აგენტმა დააფიქსირა არასრული ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, ოჯახი ხელოვნურად იყო დაყოფილი, რის საფუძველზეც გაუქმდა მისი ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
მითითებული მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების ცენტრში, რომლის 2011 წლის 16 სექტემბრის №04/38930 გადაწყვეტილებით საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში, საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის მოტივით.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მას საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, რადგან გაასაჩივრა, როგორც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2011 წლის 01 ივნისის ოქმი, ასევე 2011 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო საჩივარით კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა 2011 წლის 17 აგვისტოს. ამასთან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი ჩაბარდა 2011 წლის 9 სექტემბერს.
სამართლებრივი: მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, 96-ე და მე-100 მუხლების შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; ხოლო ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 5.2 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაევალოს ჯ. მ-ის სასარგებლოდ 6 თვის გაუცემელი სოციალური დახმარების - 180 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-14).
მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხის განმარტებით, 2011 წლის 1 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადი შეიტანა დ. ნ-მა, სოციალური აგენტის ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ ოჯახში ცხოვრობდა მოსარჩელე ჯ. მ-ი, რომელიც მონაწილებას იღებდა (2006 წლის 30 მაისისდან) იამვე პროგრამაში, რის გამოც შეუჩერდა სოციალური დახმარება.
2011 წლის 12 აპრილს დ. ნ-მა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით კვლავ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს, ოჯახში სოციალური აგენტის ვიზიტისას გამოირკვა, რომ მოსარჩელე ჯ. მ-ი და განმცხადებელი დ. ნ-ი ისევ ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ოჯახის ხელოვნურად გაყოფის საფუძველზე გაფორმდა 2011 წლის 19 აპრილის ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ.
მოპასუხის განმარტებით, 2011 წლის 4 მაისს ჯ. მ-მა განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს დემოგრაფიულ ცვლილებეთან დაკავშირებით, მაგრამ აგენტის ვიზიტისას კვლავ გამოირკვა, რომ ოჯახში მ-ისა და ნ-ის გარდა ცხოვრობდა კიდევ ქალბატონი ორ შვილთან ერთად. განაცხადისა და დეკლარაციის შევსებისას განმცხადებელმა არ მიაწოდა სრული ინფორმაცია ოჯახის წევრების რაოდენობაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ოჯახი იყო ხელოვნურად გაყოფილი, რის გამოც 2011 წლის 1 ივნისის შედგა ოქმი ოჯახის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ.
სამართლებრივი: მოპასუხემ სარჩელის არ დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, - ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ 2001 წლის 24 აპრილის №126 საქართველოს მთავრობის დადგენილების 2.,,ბ“, 6.1.,,დ“ მუხლზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-14 მუხლის პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეუნქტზე, 2010 წლის 31 მაისის №01/127 ბრძანების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-13 მუხლის 6.4, 6.5; 13.1, 13.1.2 ქვეპუნქტზე, 2010 წლის 31 მაისის №01/128 -ო ბრძანების სსიპ სოციალური მოსმახურების სააგენტოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მე-10 მუხლის მე-2 პუქნტზე, 2006 წლის 28 ივლისის №145 საქართვლოს მთავრობის დადგენილების ,,სოციალური დახმარების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე (იხ. ს.ფ. 35-43).
მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 64-71 )
საქმის გარემოებები: მოსარჩელის განმარტებით, იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, ოჯახში ცხოვრობენ ორნი - თვითონ და მისი შვილი. 2011 წლის ივნისიდან შეუწყდა სოციალური შემწეობის მიღება. აღნიშნულის გარკვევის მიზნით განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს, რომლის 2011 წლის 22 ივნისის პასუხით ეცნობა, რომ 2011 წლის 1 ივნისს მის ოჯახში სოციალური აგენტის ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა არასრული ინფორმაციის მიწოდებას, კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურად დაყოფის ფაქტს, რაც გახდა საფუძველი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების.
მოსარჩელემ კვლავ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა რეგისტრაციის აღდგენა და გაუცემელი სოცილაური დახმარების ანაზღაურება , რის თაობაზეც 2011 წლის 18 ივლისის წერილით კვალვ ეცნობა, რომ მისი ოჯახის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი, რაც ჩათვალა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გაასაჩივრა როგორც აღნიშნული წერილი ასევე ოჯახის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 2011 წლის 23 აგვისტოს წერილით აცნობა, რომ არსებობდა მისი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველები, რის გამოც დაავალა დამატებით დოკუმენების წარდგენა, რის შემდეგაც 2 კვირის ვადაში წარუდგინა ოჯახის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, თუმცა სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონო და დაუსაბუთებელია და ბათილად უნა იქნეს ცნობილი.
ამასთან, მოსარჩელის მითითებით, მას შემდეგ რაც უკანონოდ შეუწყვიტეს სოციალური დახმარების მიღება იგი იძულებული გახდა მიემართა სოცილაური მომსახურების სააგენტოსათვის ხელახალი შეფასებისა და დახმარების გაცემის თაობაზე. რის შემდეგაც 2011 წლის 14 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან ეცნობა, რომ მისი ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 43220 ქულა და აღნიშნული შეფასება ძალაში შედიოდა 2011 წლის 7 სექტემბრიდან. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არამართლზომიერად უკანონოდ შეუწყვიტა სოციალური დახმარების გაცემა და მიზეზად ასევე უკანონოდ მიუთითა ,,ოჯახის ხელოვნურად დაყოფა“. სოციალური აგენტის დროს მასთან მყოფი პირები იყვნენ სტუმრები, რაც აგენეტმა არ გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ მის ოჯახში მყოფი პირები წარმოადგენდენ მასთან მუდმივად მცხოვრებ პირებს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 82-92).
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
ჯ. მ-ს 2011 წლის ივნისიდან შეუწყდა სოციალური დახმარების გაცემა იმ მოტივით, რომ 2011 წლის 1 ივნისს სოციალურმა აგენტმა ვიზიტის დროს დააფიქსრა არასრული ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, ოჯახი ხელოვნურად იყო დაყოფილი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 22 ივნისის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი განაცხადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ ძალადაკარგულად იქნა აღიარებული იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირდა არასრული ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, ოჯახი ხელოვნურად იყო დაყოფილი, ამასთან, სოციალური აგენტის ვიზიტის დროს მან უარი განაცხადა დეკლარაციის შევსებაზე, სადაც დააფიქსირებდა ოჯახის წევრების რეალურ შემადგენლობას.
მოსარჩელემ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენისა და გაუცემელი სოციალური დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს, რაზედაც 2011 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით განემარტა, რომ მისი განაცხადი ძალადაკარგულად იქნა აღიარებული და რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში გაუქმებული იყო.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელემ 2011 წლის 17 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2011 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, განემარტა, რომ ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის თაობაზე ეცნობა 2011 წლის 22 ივნისის წერილით და აღნიშნული ფაქტის სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი საჩივარს არ ერთვოდა, შესაბამისად განცხადების ავტორს მიეცა ორი კვირის ვადა წარედგინა სათანადო მტკიცებულებები და პირადი მოსაზრებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საჩივარი არ იქნებოდა მიღებული წარმოებაში ხანდაზმულობის მოტივით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ არ წარადგინა 2011 წლის 22 ივნისის წერილის ერთი თვის ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა ის გარემობა, რომ მოსარჩელეს საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია, რადგან გაასაჩივრა, როგორც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2011 წლის 1 ივნისის ოქმი, ასევე 2011 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო საჩივარით კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა 2011 წლის 17 აგვისტოს. ამასთან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი ჩაბარდა 2011 წლის 9 სექტემბერს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება: /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: 1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში – ,,შეწყვეტის ოქმი’’) (დანართი N3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: ა) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; ბ) ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი; გ) ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს, ან ვერ ხერხდება ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა; დ) ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას; ე) ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები; ვ) სხვა მიზეზი, რაც ხელს უშლის სააგენტოს უფლებამოსილ პირს ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში, ან ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე, ან როდესაც შეუძლებელია ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ.: განაცხადში მითითებული მისამართი არ არსებობს ან მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს შენობა–ნაგებობა). 2. შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი; ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი; ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ოქმის შევსების თარიღი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ან ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი დარწმუნებულია ოჯახის ხელოვნურად დაყოფის ან ხელოვნურად გაერთიანების საკითხში, რასაც მოწმობს ოჯახის საცხოვრებელი პირობები.
კონკრეტულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად იქნა აღიარებული მოსარჩელის განაცხადი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ და შესაბამისად, გაუქმდა მოსარჩელის - ჯ. მ-ის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის’’ 8.1 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის, სააგენტო უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეწყვეტას, განახლებას, ხოლო მეორე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, პერიოდულად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების გამოსავლენად; შემოწმების პერიოდულობას განსაზღვრავს სააგენტო; არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, სააგენტო ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.
სასამართლოს მოსაზრებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 01 ივნისის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი დასაბუთებული და კანონიერი იყო, რადგან კონტროლის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი მოქმედებდა რა ინსტრუქციის შესაბამისად, გამოცხადდა ჯ. მ-ის საცხოვრებელ მისამართზე მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, რა დროსაც, 2011 წლის 1 ივნისს ოჯახში ვიზიტის დროს, დააფიქსირა ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტი, ამასთან, მოსარჩელემ უარი განაცხადა დეკლარაციის შევსებაზე, სადაც უნდა აღენიშნა ოჯახის წევრების რეალური შემადგენლობა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოტივაცია იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, რომ ოჯახის ხელოვნურად გაყოფის დაფიქსირების გამო, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი შედგენილია არამართლზომიერად და სოციალურმა აგენტმა არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან, სასამართლოს განმარტებით, სოციალური აგენტი მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში და ოჯახში ვიზიტის დროს დააფიქსირა, რომ ოჯახი იყო განცალკევებულ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას, ხოლო მის შეთავაზებაზე ჯ. მ-ს შეევსო დეკლარაცია, სადაც დააფიქსირებდა ოჯახის წევრების რეალურ შემადგენლობას - მოსარჩელემ განაცხადა უარი.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა, რომლის თანახმად ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა 2011 წლის 17 აგვისტოს, რაზედაც განცხადების ავტორს მიეცა ორი კვირის ვადა წარედგინა 2011 წლის 22 ივნისის წერილთან დაკავშირებით სადავოდ ქცევის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები და პირადი მოსაზრებები, აღნიშნულის წარუდგენლობის გამო ორგანოს 2011 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მან გაასაჩივრა 2011 წლის 18 ივლისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილება და ამით დაცულია საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან დადგენილია, რომ ოჯახზე შევსებული დეკლარაციის შეწყვეტის შესახებ შედგენილი ოქმის მიზეზის გარკვევასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს და 2011 წლის 22 ივნისის წერილით მას ეცნობა განაცხადის ძალადაკარგულად აღიარების შესახებ. რაც შეეხება 2011 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებას, აღნიშნულით მოსარჩელეს განმეორებით ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, შესაბამისად სასამრთლოს მოსაზრებით, სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 2011 წლის 22 ივნისს, აქედან გამომდინარე 2011 წლის 17 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვის ვადა დაცული არ არის, რაც გამორიცხავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 16 სექტემბრის ¹04/38930 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საფუძველს მოკლებულია, ასევე სასარჩელო მოთხოვნა გაუცემელი სოციალური დახმარების - 180 ლარის ანაზღაურების ნაწილიშიც, ვინაიდან 2011 წლის 8 აგვისტოს ჯ. მ-ის ოჯახში განხორციელებული სოციალური აგენტის ვიზიტის შედეგად, ოჯახს მიენიჭა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და მოიპოვა სოციალური დახმარებით სარგებლობის უფლება, რაც ძალაში შევიდა 2011 წლის 7 სექტემბერს, ხოლო საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება მიეცა სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან მესამე თვეს, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ აქვს გაუცემელ სოციალური დახმარებას.
სასამართლოს დასკვნები - საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ. მ-ის სარჩელი არ უნდა უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტი: ჯ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი,
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: სააპელაციო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ 2011 წლის 1 ივნისის გასაჩივრებულ აქტს და მასში შეტანილ მონაცემებს და არ გაითვალისწინა საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულბები და მოსაზრებები.
აპელანტის აზრით, სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია სოციალური აგენტის მიერ შედგენილი აქტი და ეჭვი არ შეუტანია მის დასაბუთებაში. მნიშვენლოვანია ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარადგინა მოწმეების ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც ოჯახში მუდმივად ცხოვრობს თვითონ შვილთან ერთად, რაც ადასტურებს 2011 წლის 1 ივნისის გასაჩივრებული აქტის დაუსაბუთებლობას. თუმცა ამ მტკიცებულების შესახებ სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია, რითაც დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის დანაწესები.
აპელანტის მოსაზრებით, 2011 წლის 1 ივნისის გასაჩივრებულ აქტში მითითებული არასწორი ფაქტებია სადავოდ გამხადარი და ეს ფაქტები უდავოდ დადგენილად ვერ ჩაითვლება.
სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მტკიცებულებებად გამოიყენა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2011 წლის 21 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათი, რომელსაც განსახილველ საქმესთან კავშირი არა აქვს. ვინაიდან წარმოდგენილ ბარათში 2011 წლის 16 დეკემბერს სოციალური აგენტის მიერ ჯ. მ-ის ოჯახში განხორციელებული ვიზიტის შესახებ არის გადმოცემული. სასამართლოში კი განხილვის საგანს წარმოადგენს 2011 წლის 1 ივნისის გასაჩივრებულ აქტში მოყვანილი გარემოებები.
სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებული იქნა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა. რაც არასწორია, ვინაიდან, მან კანონდმებლობით დადგენილ ვადაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა 2011 წლის 1 ივნისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მოპასუხემ რეალურად გადასცა მოსარჩელეს 2011 წლის 9 სექტემბერს. ამასთან, ზემდგომ ორგანოში ასევე, გაასაჩივრა 2011 წლის 18 ივლისის ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს განცხადების დაკმაყოფილებაზე. იმავე საჩივრით მოითხოვა უკანონოდ გაუცემელი სოციალური დახმარების გაცემა.
სამართლებრივი: აპელანტის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, ნორმატიული აქტები, თუმცა არასწორად განმარტა ისინი. გასაჩივრებულ აქტში არასწორად იქნა მითითებული ოჯახის ხელოვნურად დაყოფის შესახებ. კანონის დარღვევებს ადგილი ჰქონდა ასევე გასაჩივრებული 2011 წლის 18 ივლისისა და 2011 წლის 16 სექტემბრის ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2010 წლის 20 მაისის N14/ნ ბრძანების მეორე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი. იმავე ბრძანების მე-14 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს ავსებს იმ შემთხვევაში თუ, ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი.“ აღნიშნული მუხლების შესაბამისად, 2011 წლის 1 ივნისის აქტის შედგენისას სოციალურ აგენტს უნდა დაედგინა: 1) რამდენი წევრისგან შედგებოდა განმცხადებლის ოჯახი და 2) სწორად უთითებდა თუ არა განმცხადებელი ოჯახის წევრების რაოდენობას. სოციალურმა აგენტმა ამ გარემობების გამოკვლევისა და დადგენის ნაცვლად, იმის გამო, რომ მოსარჩელის ოჯახში იმ კონკრეტულ მომენტში იმყოფებოდა რამდენიმე სტუმარი, ჩათვალა, რომ ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნურ დაყოფას და შეადგინა უკანონო ოქმი შეფასების შეწყვეტის შესახებ. ოქმის უკანონობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის განცხადების წარდგენის შემდგომ აგენტმა მოსარჩელის ოჯახში განახორციელა ვიზიტი, დეკლარაცია შეივსო ოჯახის ორი წევრის გათვალისწინებით და შესაბამისად, განისაზღვრა 43220 ქულა. სასამართლომ, მართალია, გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა სამინისტროს 2010 წლის 20 მაისის 141/ნ ბრძანებაზე, მაგრამ დასაბუთების შინაარსიდან გამომდინარე, არასწორად განმარტა იგი (იხ. ს.ფ. 98-108/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სასამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
პალატა არ იზიარებს აპელანტის პერეტენზიებს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 16 სექტემბრის #04/38930 გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, 2011 წლის 23 აგვისტოს წერილით ჯ. მ-ს ეცნობა, რომ მას 2011 წლის 17 აგვისტოს საჩივართან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრციული კოდექსისი 182-ე მუხლის საფუძველზე ორი კვირის ვადაში უნდა წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი არ იქნებოდა მიღებული წარმოებაში.
პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, მასზე რომ მან გაასაჩივრა 2011 წლის 18 ივლისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის გადაწყვეტილება, ამით დაიცვა საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, მაშინ, როცა ოჯახზე შევსებული დეკლარაციის შეწყვეტის შესახებ შედგენილი ოქმის მიზეზის გარკვევასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს და 2011 წლის 22 ივნისის წერილით მას ეცნობა განაცხადის ძალადაკარგულად აღიარების შესახებ. საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ დიდუბე–ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს მან წარუდგინა განცხადება, თავისი შინაარსით საჩივარი – 22 ივნისის წერილზე. 2011 წლის 18 ივლისის წერილით მოსარჩელეს განმეორებით ეცნობა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ/
რაც შეეხება 2011 წლის 01 ივნისის ოქმის შედგენის გამო გაუცემელი სოციალური დახმარების 180 ლარის ანაზღურებას, სააპელაციო პალატის მითითებით, 2011 წლის 8 აგვისტოს ჯ. მ-ის ოჯახში განხორციელებული სოციალური აგენტის ვიზიტის შედეგად, ოჯახს მიენიჭა შესაბამისი სარეიტინგო ქულა და მოიპოვა სოციალური დახმარებით სარგებლობის უფლება, რაც ძალაში შევიდა 2011 წლის 7 სექტემბერს, ხოლო საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება მიეცა სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან მესამე თვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გაიზიარა სააპელაციო პალატამ. სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს (ს.ფ. 165-179).
კასატორი: ჯ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეეები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი,
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული 2012 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმება და მისის სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის განმარტებით, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტში მოხსენიებული ,,ოჯახის ხელოვნურად დაყოფის“ განმარტებას, მისი შინაარსის გათვალისწინებით ოჯახის ხელოვნურად დაყოფაში მოიაზრება ისეთი სახის არაწორი ინფორმაცის მიწოდება სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის, რაც ხელოვნურად ქმნის ოჯახის რაოდენობის შეახებ არასწორ წარმოდგენას. ამასთან, აღნიშნულ არასწორ ინფორმაციას შედეგად უნდა მოჰყვეს ის, რომ ოჯახის ცალკეული პირები დამოუკიდებლად, ერთმანეთისაგან განცალკევებით იღებდნენ სოციალურ დახმარებას, როგორც ოჯახის არაწევრი პირები. კასატორის მითითებით, თუ დადასტურებულად მივიჩნევთ, რომ სოციალური აგენტისათვის ინფორმაციის არასორად მიწოდების ფაქტს, იგი მაინც ვერ ჩაითვლება ოჯახის ხელოვნურად დაყოფად, ვინაიდან ოჯახში სოციალურ დახმარებას იღებენ მხოლოდ თვითონ და მისი შვილი დ. ნ-ი, ხოლო ის პირები, რომლებიც მისი ოჯახის წევრებად იყვნენ მიჩნეულნი სოციალურ დახმარებას არ იღებენ. ზემოაღნიშნული ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუქნტის ,,ბ“ ქვეპუნტი თავისი შინაარსით მოიცავს არამხოლოდ ოჯახის წევრების რაოდენობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, არამედ ასეთი ინფორმაციის შედეგად არამართლზომიერად სოციალური დახმარების მიღებას. აღნიშნულიდან გამომიდნარე, კასატორის მოსზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუქნტის ,,ბ“ ქვეპუნტი.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და არ გაიზიარა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 244-ე და 249-ე მუხლები, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და მტკიცებულებად გამოიყენა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2011 წლის 21 დეკემბრის სამსახურებრვი ბარათი, რომელსაც კასატორის განმარტებით, არავითარი კავშირი არ აქვს განსახილველ საქმესთან, ვინაიდან წარმოდგენილ ბარათში 2011 წლის 16 დეკემბერს სოციალური აგენტის მიერ მოსარჩელის ოჯახში განხორციელებული ვიზიტის შესახებ არის გადმოცემული, რაც ცალკე დავის საგნად არის გამხდარი.
კასატორის მოსაზრებით, ასევე არამართებულია სასამართლოების მითითება გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების თაობაზე, ვინაიდან, მან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა 2011 წლის 1 ივნისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მოპასუხემ გადასცა 2011 წლის 9 სექტემბერს, ამსათან, 2011 წლის 17 აგვისტოს ასევე გაასაჩივრა 2011 წლის 18 ივლისის ადმინისტრაციული აქტი და იმავე საჩივრით მოითხოვა უკანონოდ გაუცემელი სოციალური დახმარების გაცემა ანუ საჩივარი რეალურად შეიცავდა სამ მოთხოვნას და მოპასუხის მიერ შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გზით დადასტურებული არ იყო ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვადა გაშვებული იყო სამივე მოთხოვნის მიმართ.
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შესაგებელი საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 16 სექტემბრის №04/38930 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ჯ. მ-ის საჩივართან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და დავა არსებითად გადაწყვიტა მაშინ, როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე ოფიციალობის პრინციპის გამოყენებით სრულყოფილად არ არის მოპოვებული და გამოკვლეული საქმის გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ობიექტური სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება შეუძლებელია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლით განსზღვრულია ადმინისტრაციული საჩივრის რეკვიზიტები: ა) ადმინისტრაციული ორგანო სადაც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი; გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება; დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, როემლთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182.1 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივრის მიღებასა და განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური თავით (XIII) განსაზღვრული წესი და პროცედურა წარმოადგენს მმართველობითი ორგანოების იერარქიული კონტროლის განხორციელების სამართლებრივ ფუნქციას, რა დროსაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით შეამოწმოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანების გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა (უმოქმედობათა) კანონიერება და მიზანშეწონილობა, რაც დამატებითი საშუალებაა მმართველობის კანონიერების უზრუნველსაყოფად.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლების რეალიზაციასა და საჩივრის განხილვის გადაწყვეტის საკითხებს.
ადმინისტრაციული საჩივარი ეს არის სადავო აქტის ადრესატის მიერ პროცედურული უფლების რეალიზაცია, რომელიც კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ წესებს ექვემდებარება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს დადგენის საკითხი განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლით, კერძოდ, 1-ლი პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუქნტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარადგინა არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
საქმის მასალებიდან დასტურდება:
1. ჯ. მ-ი 2011 წლის ივნისის თვემდე იღებდა სოციალურ დახმარებას, ხოლო ივნისის თვიდან შეუწყვიტეს, აღნიშნულის გარკვევის მიზნით მან 2011 წლის 9 ივნისს მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს (იხ ს.ფ. 144).
2. სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მ. წ-ის 2011 წლის 22 ივნისის №05/1351 წერილით ეცნობა, რომ 2011 წლის 1 ივნისს მასთან სოციალური აგენტის ვიზიტისას აღმოჩნდა რომ ადგილი ჰქონდა არასრული ინფორმაციის მიწოდებას, ოჯახი იყო ხელოვნურად გაყოფილი, რის გამოც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნტის გათვალისწინებით ოჯახის განაცხადი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ, ძალადაკარგულად იქნა აღიარებული, აქედან გამომდინარე, გაუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, აქვე განემარტა, რომ ოჯახი, რომ კვლავ დარეგისტრირდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, შეეძლო შეეტანა ახალი განაცხადი, სადაც მითითებული იქნებოდა ოჯახის წევრთა რეალური შემადგენლობა (იხ. ს.ფ. 15).
3. ჯ. მ-ის განმარტებით, მან კვლავ მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს და ამჯერად მოითხოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 22 ივნისის №05/1351 წერილის გაუქმება და უსაფუძვლოდ შეწყვეტილი დახმარების ანაზღაურება, თუმცა ეს მტკიცებულება საქმეში დაცული არ არის, დიდი ალბათობით იგი წარდგენილია, რადგან:
4. სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მ. წ-ის 2011 წლის 18 ივლისის წერილით ეცნობა, რომ როგორც 2011 წლის 22 ივნისის №05/1351 წერილით განემარტა – გაუქმებული ჰქონდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში (იხ. ს.ფ. 13).
5. აღნიშნული ჯ. მ-მა 2011 წლის 17 აგვისტოს გაასაჩივრა საჩივრით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და მოითხოვა ოჯახისათვის დახმარების შეწყვეტისა და მისი განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე 2011 წლის 22 ივნისის №05/135 და 2011 წლის 18 ივლისის №05/1586 წერილების ბათილად ცნობა და შეწყვეტილი დახმარების განახლებისა და მიუღებელი დახმარების ანაზღაურება.
6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 23 აგვისტოს №04/35171 გადაწყვეტილებით ჯ. მ-ს განემარტა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 22 ივნისის №05/1351 წერილით ეცნობა ფულადი სოციალური დახმარებისა (საარსებო შემწეობის) შეწყვეტის თაობაზე, რომლის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში გასაჩივრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჩივარს არ ერთვოდა, შესაბამისად, დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად, ორი კვირის ვადაში წარმოედგინა მოსაზრებები და მტკიცებულებები, იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ გაუშვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182.2 ნაწილით განსაზღვრული 1 თვიანი ვადა (იხ. ს.ფ. 16).
7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 16 სექტემბრის №04/38930 გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის საჩივარი არ იქნა წარმოებაში მიღებული, იმ მოტივით, რომ არ წარმოუდგენია 2011 წლის 23 აგვისტოს №04/35171 გადაწყვეტილებაში მითითებული მტკიცებულებები (იხ. ს.ფ. 14).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტური შეფასება არ მისცა ზემო ჩამოთვლილ დაინტერესებულ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის წერილობითი კომუნიკაციის ამსახველ მტკიცებულებებს, არ უმსჯელია რამდენად შესაბამისობაშია ადმინისტრაციული ორგანოების წერილები (შინაარსობრივად გადაწყვეტილებები) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ წესსა და პროცედურებთან.
სააპელაციო სასამართლოს ასევე არ უმსჯელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების კანონისმიერი ვალდებულების - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობის სრული იგნორირების თაობაზე, რამდენადაც მათთვის ცხადი იყო, რომ ჯ. მ-ს არ გააჩნდა სათანადო ცოდნა და უნარი კვალიფიციურად დაეცვა თავისი იტერესები ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში. (სზაკ-ის 85-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი არ არის ცალკე საქმედ აკინძული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, ხოლო, რაც ასლების სახით საქმეშია განთავსებული, არ არის სრულყოფილი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როცა ჯ. მ-ს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების სააგენტომ 2011 წლის 22 ივნისის №05/1351 წერილით აცნობა მისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზის თაობაზე (იხ. ს.ფ. 15), რის შემდეგაც მან კვლავ მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს და უკვე მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და უსაფუძვლოდ შეწყვეტილი დახმარების ანაზღაურება, ჯ. მ-ის საჩივარი დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის 1-ლი პუნქტის და 180-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაეგზავნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ვინაიდან, მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ჯ. მ-ის 2011 წლის 17 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენილი საჩივარი უნდა ჩაითვალოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლით დადგენილ ვადაში შეტანილად, ვინაიდან, მართალია საქმის მასალებიდან არ ჩანს თუ როდის მიმართა ჯ. მ-მა სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მ. წ-ის 2011 წლის 22 ივნისის №05/1351 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს (აღნიშნულის თაობაზე უთითებს 2011 წლის 17 აგვისტოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენილ საჩივარში იხ. ს.ფ. 151), მაგრამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნულ განცხადებაზე მას 2011 წლის 18 ივლისის სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მ. წ-ის წერილით უკვე ეცნობა, რომ როგორც 2011 წლის 22 ივნისის №05/1351 წერილით განემარტა გაუქმებული ჰქონდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში (იხ. ს.ფ. 13), ანუ ჯ. მ-ს სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მ. წ-ის 2011 წლის 22 ივნისის №05/1351 გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია 2011 წლის 22 ივლისამდე, როგორც კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა ითხოვს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავის ,,ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება“ მიხედვით, მმართველობის ორგანოების უფლებამოსილება - განახორციელონ ქვემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებების კანონიერებაზე კონტროლი, გულისხმობს მათ მიუკერძოებლად, ობიექტურად და კანონიერებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით განხილვა-გადაწყვეტის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, როცა ქვემდგომ ორგანოს დამაჯერებლად არ გამოუკვლევია აქტის გამოცემისათვის საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და მათი შეფასება-დადგენის საფუძველზე კანონიერად გადაწყვიტოს დავა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა ადმინისტარციული საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რითაც დაარღვია დაინტერესებული პირის პროცესუალური უფლება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ხელახლა უნდა იმსჯელოს ჯ. მ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და შემდგომ სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მათი სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით ,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ განსაზღვრული ნორმები.
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვების გზით, ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ხოლო ობიექტური ინფორმაცია მიიღება გულისხმობს ინტერვიუირების შედეგად მიღებულ ინფორმაციას. ოჯახში ვიზიტისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია განუმარტოს თავისი უფლება-მოვალეობები, შესასრულებელი სამუშაოს მიზანი და ასევე დამატებით შეახსენოს ოჯახის წევრს წარმოშობილი უფლებისა და მოვალეობების თაობაზე. ინტერვიუს დაწყებამდე კი ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთანაც იმართება ინტერვიუ, თავის მხრივ ოჯახი ასევე ვალდებულია შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს მუშაობისათვის სათანადო პირობები, ხელი არ შეუშალოს მისთვის დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში, მაგ: საცხოვრებელში შესვლაში, რომელიმე ადგილის დათვალიერებაში და ა.შ. ამავე ბრძანების 4.2 მუხლის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციის შევსების დაწყებამდე, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა განუმარტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომ ინტერვიუირების შედეგად დეკლარირებული ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას და არასწორი (ყალბი) ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ოჯახს შეიძლება შეუწყდეს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში. ასევე 6.1 მუხლის თანახმად, ოჯახის დეკლარაციის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ზუსტად უნდა განუმარტოს ოჯახს, თუ რა იგულისხმება „ოჯახის“ ცნებაში. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამჩნევს ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ან ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მცდელობას, მაშინ აღნიშნული ფაქტის დაზუსტებას ახდენს საცხოვრებელი პირობების ყურადღებით შემოწმების მეშვეობით (მაგ.: საძინებლები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა). ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ ხდება მარაგების შენახვა და განაწილება მოცემულ ოჯახში, უნდა შემოწმდეს ცხოვრობენ, თუ არა ისინი ერთ საცხოვრისში და აქვთ თუ არა მათ საერთო სამზარეულო, საერთო კომუნალური მრიცხველი, საერთო შესასვლელი და ა.შ. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ენიჭება მოქმედების თავისუფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადგენად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ საცხოვრისში მოცემულ ოჯახთან ერთად ცხოვრობს სხვა ოჯახი (მაგ.: ეს შეიძლება იყოს მშობლების, შვილების, ნათესავების ან არანათესავების ოჯახი), რომელიც ამ ოჯახისაგან დამოუკიდებლად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია დამატებითი გამოკითხვის საშუალებით, გადაამოწმოს ხელოვნურად ხომ არ იყოფა ოჯახი. იმ შემთხვევაში თუ, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი არასწორად უთითებს ოჯახის შემადგენლობას (ოჯახის ხელოვნური დაყოფა ან გაერთიანება), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ და მისი თანხმობის შემთხვევაში შეავსოს ოჯახის დეკლარაცია, ოჯახში რეალურად მცხოვრები ყველა წევრის გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს უფლებამოსილი პირი წყვეტს ოჯახის დეკლარაციის შევსებას და არსებული წესის შესაბამისად ავსებს ოქმს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ. თუ რა შემთხვევაში უნდა შედგეს ოქმი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ განსაზღვრულია ასევე ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-14 მუხლით, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ერთ-ერთი ასეთია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა, ამ საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი დარწმუნებულია ოჯახის ხელოვნურად დაყოფის საკითხში, რასაც მოწმობს ოჯახის საცხოვრებელი პირობები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალურმა მომსახურების სააგენტომ ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, უნდა განიხილოს ჯ. მ-ის საჩივარი და უნდა გამოიკვლიოს სოციალურმა აგენტმა განუმარტა თუ არა ოჯახის დეკლარაციის შევსებისას მისი უფლებების შესახებ, იცოდა თუ არა ოჯახმა თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მათ მიერ რაიმე არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, სარწმუნოდ არ არის დადგენილი თუ რის საფუძველზე დაადგინა სოციალურმა აგენტმა ოჯახის ხელოვნურად გაყოფის ფაქტი, ნივთები, რომელთა არსებობის გამოც მიიჩნია სოციალურმა აგენტმა ოჯახი ხელოვნურად გაყოფილად მართლაც წარმოადგენდენ თუ არა იქ მუდმივად მცხოვრები პირების საკუთრებას, თუ ეკუთვნოდათ მოსარჩელესთან დროებით სტუმრად მყოფ პირებს.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს ნამდვილად ჰქონდა თუ არა სოციალური აგენტის მხრიდან მოსარჩელისადმი უხეშად მოპყრობის ფაქტს ადგილი, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, რა დროსაც საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული პირის უფლებები წარმოშობს საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირების საჯარო ვალდებულებას - სრულად უზრუნველყონ პირის უფლებების რეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრმა სოციალური აგენტების მიმართ სრულად უნდა გავრცელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასებები და დასკვნები (ადმინისტრაციულ საქმეზე #ბს-1250-1194(კ-09), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 ივლისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარე შპს ,,...“ მიმართ), რომელიც ეხება საჯარო მოსამსახურეთა ქცევის სტანდარტის დადგენას, კერძოდ, სასამართლომ მითითებულ საქმეზე დაადგინა: ,,სწორედ საჯარო სამსახურის სისტემის და ყოველი საჯარო მოსამსახურის როლის ჯეროვანი გაცნობიერება დაედო საფუძვლად ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტების ჩამოყალიბებას და ზრუნვას მათი დამკვიდრებისთვის.
ადამიანის უფლებები, რომლის დაცვის ვალდებულებაც გააჩნია საჯარო მოხელეს თავიანთი მოვალეობის შესრულებისას დადგენილია და დაცულია ეროვნული და საერთაშორისო სამართლით. შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებს განეკუთვნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ა.შ. აუცილებელია დაცული იყოს წონასწორობა ერთი მხრივ, იმ დაწესებულების შინაგანი დისციპლინის დაცვის აუცილებლობისათვის, რომელზეც დამოკიდებულია საზოგადოება და მეორე მხრივ, ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასთან ბრძოლის აუცილებლობისათვის. საზოგადოებისადმი სამსახური მოიცავს საზოგადოების იმ წევრებისათვის სამსახურისა და დახმარების გაწევას, რომელნიც პირადი, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა განსაკუთრებული ხასიათის მიზეზებით საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას.
ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის მიზანი სწორედ იმგვარი ნორმატიული სტანდარტების შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვას /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2. მუხლი“/.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო დაწესებულებებმა და მათთმა მოხელეებმა უნდა გაითვალისწინონ სახელმწიფოში არსებული დაბალი სამართლებრივი კულტურის ფონი, სამართლებრივ დაცვაზე ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი და მაქსიმალურად სრულფასოვანი სამართლებრივი კონსულტაციის გზით დაეხმარონ პირს მისი კანონიერი ინტერესების განხორციელებაში, რათა კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმალური პროცედურები არ იქცეს პირის მატერიალური უფლებების რეალიზაციის დამაბრკოლებელ გარემოებად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის ხელახალი განხილვისას ასვე უნდა გაითვალისწინოს საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 14 მაისის №04/38464 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ჯ. მ-ის ოჯახმა მოიპოვა ფულადი დახმარების, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით და ქ. თბილისის მერიის სოციალური შეთავათების პაკეტით სარგებლობის უფლება,ამასთან ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 43220.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ მოცემულ შემთხვევაში სადავოა ჯ. მ-ის არასწორად შეუჩერდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში
ამასთან, გაუცემელი სოციალური დახმარების - 180 ლარის ანაზღაურებასთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინიადან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არის ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ჯ. მ-ის საჩივრის ხელახალი განხილვა, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს გაუცემელი სოციალური დახმარების საკითხზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც ჯ. მ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53 მუხლის თანახმად, სსიპ სოცილაური მომსახურების სააგენტოს სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 32.4; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 16 სექტემბრის ¹04/38930 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/