Facebook Twitter

საქმე #ბს-496-490(კ-12) 26 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. მ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

მესამე პირები - მ. დ-ი; ლ. ხ-ი;

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: მ. მ-ი;

მოპასუხე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

სარჩელის სახე: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

სარჩელის საგანი:

1) თბილისის ქონების მართვის სამმართველოს 1999 წლის 8 მარტის N23577 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა;

2) 1998 წლის 24 ივლისის ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ი. მ-ის N1-4/484 ბრძანების, 1998 წლის 20 ივლისის კონსკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ, ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების 1 და 1.1 პუნქტების, რომლითაც საბურთალოს რაიონში, ... ქუჩა N8-ში მდებარე 28.5 კვ.მ სარდაფის საწყისი ფასი განისაზღვრა 1068 აშშ დოლარად და 1117 აშშ დოლარად მ. დ-ზე და ლ. ხ-ზე იჯარა გამოსყიდვით პრივატიზების შესახებ, ბათილად ცნობა;

3) 1998 წლის 13 აგვისტოს იჯარა-გამოსყიდვის ფორმით დადებული პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

4) ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის N1-3/268 ბრძანების, რომლითაც შეიქმნა საპრივატიზაციო კომისია, ... №8-ში შენობის სარდაფ-სართულზე მდებარე 28.5 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის კონკურსის ფორმით იჯარით გამოსყიდვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, ბათილად ცნობა;

5) საკონკურსო კომისიის 502-ე საოქმო გადაწყვეტილების, რომლის საფუძველზე დაიდო 1998 წლის 13 აგვისტოს იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

6) 1999 წლის 8 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის, რომლის საფუძველზეც გაიცა N23577 საკუთრების უფლების მოწმობა, ბათილად ცნობა

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: მოსარჩელე მ. მ-ი 1967 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. №8-ში, ბინა №1-ში. 1992 წლიდან პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მ. მ-ს საცხოვრებელ ფართთან ერთად საკუთრებაში გადაეცა სარდაფი საერთო ფართით - 33 კვ.მ., რაზედაც რეგისტრირებულია მ. მ-ის უფლება.

მან ზემოაღნიშნული სარდაფი სარგებლობის უფლებით გადასცა მეზობელს - ლ. ხ-ს, რომელმაც არასაცხოვრებელ ფართში გახსნა საცხობი და მოსარჩელე ვეღარ იყენებს მის საკუთრებაში არსებულ ფართს.

2011 წლის 6 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების მოწმობა და 1998 წლის 13 აგვისტოს იჯარა გამოსყიდვის ხელშეკრულება, ასევე მოითხოვა №1 ბრძანება, აღნიშნული დოკუმენტები მოსარჩელეს ჩაბარდა 2011 წლის 16 ივნისს.

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის №1-3/268 ბრძანებით შეიქმნა საპრივატიზაციო კომისია ... ქ. №8-ში შენობის სარდაფ სართულზე მდებარე 28.5 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის კონკურსის ფორმით იჯარით გამოსყიდვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, კომისიას დაევალა ... ქ.№8-ში მდებარე შენობის სარდაფ სართულზე მდებარე ფართის - 28,5 საპრივატიზაციო ღირებულების დადგენა და საპრივატიზაციო ღირებულების დამტკიცება. აღნიშნული ბრძანება გაიცა იმ სარდაფზე, რომელიც პრივატიზაციის უფლებით ეკუთვნოდა მ. მ-ს.

საპრივატიზაციო კომისიამ 1998 წლის 20 ივლისის №502-ე ოქმის თანახმად, საბურთალოს რაიონში, ... ქ. №8-ში მდებარე 28,5 კვ.მ. სარდაფის საწყისი ფასი განსაზღვრა 1068 აშშ დოლარად, ხოლო შემდგომ 1117 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაეცათ ფიზიკურ პირებს - მ. დ-სა და ლ. ხ-ს.

1998 წლის 13 აგვისტოს ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე ქონების მართვის სამმართველოსა და მ. დ-სა და ლ. ხ-ს შორის გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზაციის ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულების, N1-4/484 ბრძანებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე კი გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა №23/573.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილებით სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მ. მ-ს დაკავებული აქვს 5,82 კვ.მ. სარდაფი, რაც მის საჯარო რეესტრის ამონაწერით კუთვნილ ფართზე 27,18 კვ.მ. ნაკლებია, ხოლო მ. დ-სა და ლ. ხ-ს დაკავებული აქვთ - 39,93 კვ.მ. სარდაფი, რაც მათ საჯარო რეესტრის ამონაწერით კუთვნილ ფართზე 11.43 კვ.მ. მეტია, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ... ქ. №8-ში მდებარე კორპუსს მათ მიერ დაკავებული სარდაფების გარდა სხვა სარდაფი არ გააჩნია, შესაძლებელია, რომ მოსარჩელის და მ. დ-ისა და ლ. ხ-ის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან გაცემული იყოს ერთსა და იმავე ფართზე.

სამართლებრივი: მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-17, 53-ე მე-601 მუხლების, 96-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-16; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ასკ-ის 16.2 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლ. ხ-ი და მ. დ-ი (იხ. ს.ფ. 65-66; ტ.1).

მოპასუხეებს და მესამე პირებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

საქმის გარემოებები: მ. მ-ი 1967 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ... ქ. №8-ში, ბინა №1-ში, 1992 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელ ფართთან ერთად გადაეცა სარდაფი საერთო ფართით - 33 კვ.მ.. აღნიშნული სარდაფი მოსარჩელემ სარგებლობის უფლებით გადასცა მეზობელს - ლ. ხ-ის მეუღლეს - გ. მ-ეს, რომელმაც არასაცხოვრებელ ფართში გახსნა საცხობი.

2011 წლის 6 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების მოწმობა და 1998 წლის 13 აგვისტოს იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, ასევე მოითხოვა №1 ბრძანება, აღნიშნული დოკუმენტები მოსარჩელეს ჩაბარდა 2011 წლის 16 ივნისს.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილებით სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მ. მ-ს დაკავებული აქვს 5,82 კვ.მ. სარდაფი, რაც მის საჯარო რეესტრის ამონაწერით კუთვნილ ფართზე 27,18 კვ.მ. ნაკლებია, ხოლო მ. დ-სა და ლ. ხ-ს დაკავებული აქვთ - 39,93 კვ.მ. სარდაფი, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერით კუთვნილ ფართზე 11.43 კვ.მ. მეტია, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ... ქ. №8-ში მდებარე კორპუსს მათ მიერ დაკავებული სარდაფების გარდა სხვა სარდაფი არ გააჩნია, შესაძლებელია, რომ მოსარჩელისა და მ. დ-ისა და ლ. ხ-ის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან გაცემული იყოს ერთსა და იმავე ფართზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 157-162; ტ.2).

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

1992 წლის 30 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების შესაბამისად, მ. მ-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი მმართველობის კუთვნილი ბინა №1 და სარდაფი 33 კვ.მ.

2011 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრში მ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ქუჩა №8-ში 33 კვ.მ. სარდაფი (საკადასტრო კოდი №...) უფლების რეგისტრაციის საფუძველია 1992 წლის 30 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება. უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღია 2007 წლის 25 ივლისი.

2011 წლის 20 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრში ლ. ხ-ისა და მ. დ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ქუჩა №8-ში სარდაფ-სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის - 28.50 კვ.მ. უფლების რეგისტრაციის საფუძველია 1999 წლის 8 მარტს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა №23/573;

საბინაო მეურნეობის სამმართველოს 1991 წლის №1523 ორდერით, დასტურდება, რომ ... ქ. №8-ში 25 კვ.მ. სარდაფში განთავსებულია მწვანე მშენებლობისა და კომპლექსური კეთილმოწყობის კოოპერატივი ,, ...”.

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 21.06.1998წ. №1-3/268 ბრძანებით დამტკიცდა საბურთალოს რაიონში ... ქ. №8-ში შენობის სარდაფ-სართულზე მდებარე 28.5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით საპრივატიზაციო კომისია. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998 წლის 24 ივლისის №1-4/484 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 1998 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებები და მათ შორის ოქმი №502-საბურთალოს რაიონში, ... ქ. №8-ში მდებარე 28.5 კვ.მ. სარდაფის მ. დ-სა და ლ. ხ-ზე იჯარა-გამოსყიდვით პრივატიზების შესახებ. 1998 წლის 13 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და მ. დ-სა და ლ. ხ-ს შორის გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება, ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქ. №8-ში შენობის სარდაფ-სართულზე განთავსებული 28.5 არასაცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.

... ქ. №8 პირველი სადარბაზოს მობინადრეთა განმარტებით, 1967 წლიდან, ბინის ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან პირველი სადარბაზოს პირველი სართულის №1 ბინაში მცხოვრებ მ. ო. ძე მ-ს ეკუთვნოდა აღნიშნული ბინის სარდაფ-სართული და დღესაც ეკუთვნის.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავოა 1992 წლის 30 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით მ. მ-ისთვის გადაცემული და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ მესამე პირებზე მ. დ-ზე და ლ. ხ-ზე გასხვისებული უძრავი ნივთის იდენტურობა.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტების შეფასება:

სასამართლოს განმარტებით, არ დასტურდება 1992 წლის 30 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით მ. მ-ისთვის გადაცემული და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ გასხვისებული უძრავი ნივთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მ. მ-ის საკუთრებად აღრიცხულ სარდაფს აქვს სხვა საკადასტრო კოდი, მესამე პირთა საკუთრებად აღრიცხულ ფართს - განსხვავებული საკადასტრო კოდი, განსხვავებულია სარდაფების ფართებიც. პრივატიზაციის ხელშეკრულებით მ. მ-ისთვის გადაცემული ფართია - 33 კვ.მ., ხოლო სადავო აუქციონის გზით გასხვისდა - 28.5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის თანახმად, მესამე პირებს დაკავებული აქვთ მ. მ-ის ბინის ქვეშ მდებარე - 39.93 კვ.მ. სარდაფი, ხოლო მ. მ-ს - 5.82კვ.მ. , რაც ჯამში აღემატება მოსარჩელისათვის პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაცემული სარდაფის ფართს. მოსარჩელისათვის გადაცემული სარდაფის გარდა სხვა სარდაფი კორპუსს არ გააჩნდა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება: /კვალიფიკაცია/:

სასამართლოს მითითებით, ვერ დადგინდა 1992 წლის 30 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით მ. მ-ისათვის გადაცემული და ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ გასხვისებული უძრავი ნივთის იდენტურობა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, კი აუქციონის ბათილად ცნობის სხვა საფუძველი არ ყოფილა მოსარჩელის მიერ მითითებული ან საქმის განხილვის დროს გამოვლენილი. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გასხვისების პროცედურას, სარჩელის საფუძველი არის ის გარემოება, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ განიკარგა უძრავი ნივთი, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენდა.

სასამართლოს დასკვნები - საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ის სარჩელი არ უნდა უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. ს.ფ. 146-150; ტ.1).

აპელანტი - მ. მ-ი

წარმომადგენელი - ა. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

მესამე პირები - მ. დ-ი; ლ. ხ-ი

წარმომადგენელი - მ. ს-ა

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: აპელანტის მსჯელობით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 29 აპრილის დასკვნა, რომლის შესაბამისად, მ. მ-ს დაკავებული აქვს 5.82 კვ.მ სარდაფი, რაც მის საჯარო რეესტრის ამონაწერით კუთვნილ ფართზე 33.2-5.82=27.18 კვ.მ-ით ნაკლებია. ხოლო მ. დ-სა და ლ. ხ-ს დაკავებული აქვთ 39.93-28.5=11.43 კვ.მ-ით მეტი, ასევე ექსპერტმა განცხადების-მტკიცების საფუძველზე იმის გათვალისწინებით, რომ ... ქუჩა N8-ში მდებარე კორპუსს მათ მიერ დაკავებული სარდაფების გარდა სხვა სარდაფი არ გააჩნია, სავარაუდოდ შესაძლებლად მიიჩნია, რომ მ. მ-ის საკადასტრო კოდი ... და მ. დ-ის და ლ. ხ-ის საკადასტრო კოდი ... ამონაწერები საჯარო რეესტრიდან გაცემული იყოს ერთსა და იმავე ფართზე.

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სასამართლო პროცესზე თავად მესამე პირთა (მ. დ-ის და ლ. ხ-ის) წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსს გააჩნია მხოლოდ ერთი სარდაფი.

სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა ... ქუჩა N8-ში პირველი სადარბაზოს მობინადრეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ 1967 წლიდან ბინის ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან, პირველი სადარბაზოს პირველი სართულის N1 ბინაში მცხოვრებ მ. ო. ძე მ-ს ეკუთვნოდა და ეკუთვნის დღესაც.

სამართლებრივი : აპელანტის აზრით სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მან არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, მე-601 და 96-ე მუხლები. ასევე, არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილი და სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი (იხ. ს.ფ. 161-17; ტ.1).

მოწინააღმდგე მხრეს და მესამე პირებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისა და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მიერ ასევე ვერ იქნა დადასტურებული, რომ სადავო ხელშეკრულებითა და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებით მ. დ-ისა და ლ. ხ-ისათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული 28,5კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი (თბილისი,... N8) ამავე დროს წარმოადგენს 1992 წლის 30 მაისში აპელანტსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს N85 საბინაო საექსპლუატაციო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის, აპელანტ მ. მ-ისათვის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემულ თბილისი, ... N8–ში მდებარე საცხოვრებელი ბინა N1–ის (ორი ოთახი საცხ. ფართი 29,11 კვ.მ. საერთო ფართი 33კვ.მ. სარდაფი 33 კვ.მ.) შემადგენელ 33კვ.მ. ფართის სარდაფს. სააპელაციო პალატის განმარტებით, მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 29 აპრილის დასკვნას, ვინაიდან აღნიშნულით არ დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულებისა და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების საფუძველზე გასხვისებული იქნა აპელანტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი ( თბილისი, ... ქუჩა N8–ში მდებარე საცხოვრებელი ბინა N1–ის შემადგენელი 33 კვ.მ. სარდაფი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ (ძალადაკარგულია საქართველოს 21.07.2010წ. N3512 კანონით) საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) "სახელმწიფო ქონება" - საწარმოები, ამ საწარმოთა ქვედანაყოფები, რომელთა გამოყოფა შეიძლება დამოუკიდებელ საწარმოებად; ლიკვიდირებას დაქვემდებარებული ან უკვე ლიკვიდირებული საწარმოების ან მათი ქვედანაყოფების შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, სხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივები; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები, წილი; ბ) "პრივატიზება" - ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რის შედეგად სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის, ხოლო სახელმწიფო ორგანოები - მისი მართვის უფლებებს.

მითითებული კანონის 2.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. ეს კანონი არ აწესრიგებს მიწისა და სახელმწიფო საბინაო ფონდების პრივატიზების საკითხს., ხოლო 3.6. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებისა - მისი ტერიტორიული ორგანო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრების ქონების (აქციების გარდა) პრივატიზების უფლება შესაძლებელია გადასცეს თავის ტერიტორიულ ორგანოებს.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უძრავი ნივთი – მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა; მ) საკადასტრო მონაცემების ზედდება – უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

მითითებული კანონის მე–5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

კასატორი: მ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მესამე პირები: მ. დ-ი; ლ. ხ-ი;

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული 2012 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში.

კასატორი უთითებდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, ჩამოყალიბებულ სამართლებრივ განმარტებებსა და სასამართლო დასკვნებზე და სადავო პრივატიზაციით კანონიერების პრინციპებსა და კანონიერი ნდობის უფლების შელახვაზე.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის მ. მ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამრთლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიუთითებს, საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 1992 წლის 30 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების შესაბამისად, მ. მ-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ადგილობრივი მმართველობის კუთვნილი ბინა №1 და სარდაფი 33 კვ.მ. (იხ. ს.ფ. 30; ტ.1).

2011 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრში მ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ქუჩა №8-ში 33 კვ.მ. სარდაფი (საკადასტრო კოდი №...), უფლების რეგისტრაციის საფუძველია 1992 წლის 30 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება. უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღია 2007 წლის 25 ივლისი (იხ. ს.ფ. 134; ტ.1).

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის 21.06.1998წ. №1-3/268 ბრძანებით დამტკიცდა საბურთალოს რაიონში ... ქ. №8-ში შენობის სარდაფ-სართულზე მდებარე 28.5 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით საპრივატიზაციო კომისია. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998 წლის 24 ივლისის №1-4/484 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 1998 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებები და მათ შორის ოქმი №502-საბურთალოს რაიონში, ... ქ. №8-ში მდებარე 28.5 კვ.მ. სარდაფის მ. დ-სა და ლ. ხ-ზე იჯარა-გამოსყიდვით პრივატიზების შესახებ. 1998 წლის 13 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და მ. დ-სა და ლ. ხ-ს შორის გაფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება, ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქ. №8-ში შენობის სარდაფ-სართულზე განთავსებული 28.5 არასაცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე (იხ. ს.ფ. 18-22; 23, 24-25; 26-27; 55-57).

1999 წლის 8 მარტს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული №23/573 საკუთრების მოწმობით მ. დ-ისა და ლ. ხ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან 1998 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გამოსყიდული ქონება, ქ. თბილისში, ... ქ. №8-ში განთავსებული 26,5 კვ. არასაცხოვრებელი ფართი (იხ. ს.ფ. 83; ტ.1).

2011 წლის 20 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრში ლ. ხ-ისა და მ. დ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ... ქუჩა №8-ში სარდაფ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის - 28.50 კვ.მ. უფლების რეგისტრაციის საფუძველია 1999 წლის 8 მარტს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა №23/573 (იხ. ს.ფ. 33; ტ.1) ;

საბინაო მეურნეობის სამმართველოს 1991 წლის №1523 ორდერით დასტურდება, რომ ... ქ. №8-ში 25 კვ.მ. სარდაფში განთავსებულია მწვანე მშენებლობისა და კომპლექსური კეთილმოწყობის კოოპერატივი ,, ...” (იხ. ს.ფ. 128; ტ.1).

კონკრეტულ შემთხვევაში როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სარჩელის საფუძველია 1998 წლის 13 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს პრივატიზების ხელშეკრულება, რომლითაც მ. დ-სა და ლ. ხ-ს გადაეცათ ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ... ქ. №8-ში შენობის სარდაფ-სართულზე განთავსებული 28.5 არასაცხოვრებელი ფართი და შემდეგომ აღნიშნულის საფუძველზე 1999 წლის 8 მარტს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული №23/573 საკუთრების მოწმობა, მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განიკარგა და მესამე პირებს - მ. დ-სა და ლ. ხ-ს საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 33 კვ.მ. სარდაფი, მდებარე, ქ. თბილისში, ... ქ. №8-ში.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიუთითებს, მ. მ-მა სარჩელით (თბილისის ქონების მართვის სამმართველოს 1999 წლის 8 მარტის N23577 საკუთრების უფლების მოწმობის, 1998 წლის 24 ივლისის ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ი. მ-ის N1-4/484 ბრძანების, 1998 წლის 13 აგვისტოს იჯარა-გამოსყიდვის ფორმით დადებული პრივატიზების ხელშეკრულების, 1999 წლის 8 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის, რომლის საფუძველზეც გაიცა N23577 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით) სასამართლოს 2011 წელს მიმართა.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსით განსაზღვრულია სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადები, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს, ხოლო ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა განისაზღვრება 10 წლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის განმარტებით, მართალია ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ კონკრეტულ შემთხევაში არ გამორიცხავს სუბიექტურ მომენტს - იცოდა თუ არა მ. მ-მა 2011 წლამდე ანუ სარჩელის აღძვრის მომენტამდე ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მ. მ-ის განმარტებას, რომ მისთვის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესახებ ცნობილი გახდა 2011 წლის 16 ივნისს, როდესაც მან სადავო აქტები ჩაიბარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან, ვინაიდან, მართალია მოსარჩელე მ. მ-ს 1992 წლის 30 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაეცა ქ. თბილისში, ... ქ. №8-ში მდებარე ბინა, ორი ოთახი საცხოვრებელი ფართი 29,11 კვ.მ., საერთო ფართი - 33 კვ.მ., ასევე სარდაფი 33 კვ.მ., რის საფუძველზეც 2007 წლის 4 აგვისტოს აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის საკუთრებად (იხ. ს.ფ. 32; 132; ტ.1), მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე - მ. მ-ი როდესმე სარგებლობდა სადავო სარდაფით, პირიქით საქმეში არსებული მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან, რასაც თავად მ. მ-იც ადასტურებას, მან სადავო სარდაფი 1990 წლებში სარგებლობის უფლებით გადასცა მეზობელს - ლ. ხ-ის მეუღლეს გ. მ-ეს, რომელმაც აღნიშნულ ფართში გახსნა საცხობი და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მესამე პირები სარგებლობდნენ სადავო ფართით და მ. მ-ს 2011 წლამდე არ გასჩენია არანაირი პრეტენზია აღნიშნულზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მ. მ-ი 1990 წლიდან არ სარგებლობდა სადავო ფართით და ამ ფართით წლების განმავლობაში სარგებლობდნენ მესამე პირები, მას უნდა ევარაუდა და გამოერკვია ხომ არ დაირღვა მისი საკუთრების უფლება რაიმე ფორმით, მით უფრო იმ პირობებში, როცა მას არასდროს უსარგებლია სადავო ფართით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლებას მიაჩნია, რომ მ. მ-ის სარჩელი ხანდაზმულია, მით უფრო მაშინ როცა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის თანახმად პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა 3 წელს შეადგენს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობასთან მიმართებაში, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი ზემოხსენებული მტკიცებულებებით სარწმუნოდ არის დადასტურებული, რომ სადავო ფართი ჯერ კიდევ 1991 წლის ოქტომბრის თვეში (1992 წლის 30 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებამდე), იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 04.02.91 №53 განკარგულებით, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი, თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს 1991 წლის 1 ოქტომბრის №1523 ორდერით (მუდმივი) გადაცემული ჰქონდა მწვანე მშენებლობისა და კომპლექსური კეთილმოწყობის კოოპერატივ ,, ...“ (იხ. ს.ფ. 128) ეს გარემოება შემდეგომ საფუძვლად დაედო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას, ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მ. მ-ის მიერ მტკიცების სახით წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №12029773/3 2012 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით (იხ. ს.ფ. 14; ტ.2) არ დასტურდება, რომ 1991 წლის ოქტომბრის თვეში მწვანე მშენებლობისა და კომპლექსური კეთილმოწყობის კოოპერატივი ,, ...“ არ არსებობდა, ამასთან, მითითებული ორდერი სადავო არ გამხდარა. ამასთან, კასატორი არც აუქციონის ჩატარებისა და ფართის გასხვისების პროცედურებს ხდის სადავოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენობის უმრავლესობით მიაჩნია, რომ მ. მ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/