ბს-518-509(კ-12) 4 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინება
სარჩელის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. თ-ემ 2011 წლის 14 სექტემბერს სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში მოპასუხის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის განყოფილების მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მშობლები 1944-1956 წლებში გადასახლებულები იყვნენ ყაზახეთში, სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944 წლის 31 ივლისის №6279 დადგენილების საფუძველზე, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ 1956 წლამდე. მ. გ-ესთან (მამა) ერთად გასახლებული იყო და იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში დედა, ე. გ-ე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მამამისი, რომელიც დედამისთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებული ყაზახეთში, 2003 წელს აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. ის და ე. გ-ე ერთად იყვნენ გადასახლებაში, რომლის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებაც არ ხდება. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ იმ პერიოდში როცა დაიწყო რეპრესირებულთა რეაბილიტაცია ვერ მოახერხა მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება რადგან იმ დროისათვის დედა-ე. გ-ე უკვე გარდაცვლილი იყო. ე. გ-ე გარდაიცვალა 1972 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდაცვლილი მშობლის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. თ-ე არის მ. გ-ისა და ე. გ-ის შვილი. გარდაცვალების მოწმობით დასტურდება ე. გ-ის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 19.09.1998წ. გაცემულ 7/6/1-1298 საარქივო ცნობაზე დაყრდნობით რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აღნიშნული პირების 1944-1956 წლებში ყაზახეთის სსრკ-ში გადასახლების ფაქტი.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; მე-7 მუხლის თანახმად, განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ წარადგენს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, პირის მიმართ გამოყენებული იძულების სხვადასხვა ფორმები მათ შორის გადასახლება უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მოტივს, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი, ამომწურავი გამოკვლევითა და შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის დედის სპეცგადასახლებას ყაზახეთის სსრ-ში საფუძვლად დაედო პოლიტიკური მოტივი, რადგან პოლიტიკური მსხვერპლად ასაღიარებელი პირის გადასახლება, გასახლება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ მოტივს სასამართლოების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მისი დედა გადასახლებული იყო პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთნ, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, რაც სასამართლოს მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით შ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა ე. გ-ის მიმართ იძულების სხვადასხვა ფორმის გამოყენება პოლიტიკური მოტივით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მისი მშობლები რეპრესიების შედეგად 1944 წლიდან იმყოფებოდნენ სპეცდასახლებაში ყაზახეთის კომენდატურაში. იმ დროისათვის „სპეცდასახლება“ შეეხებოდა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ შერაცხულ იყვნენ სამშობლოს მტრებად. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საარქივო ცნობაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი, კასატორის მითითებით, იმ დროისათვის პოლიტიკური მოტივი არ იყო გამოკვეთილი და ძირითადი დასაბუთება ემყარებოდა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლზე მითითებას.
კასატორის მითითებით, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა მსხვერპლის მეუღლე, მშობელი და პირდაპირი ხაზის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა მისი მშობლის-ე. გ-ის რეპრესიის მსხვერპლად აღიარება, რადგან მამამისი-მ. გ-ე აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, ხოლო ე. გ-ე მასთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1998 წლის 19 სექტემბრის №7/6/1-1298 საარქივო ცნობით დასტურდება მ. გ-ისა და ე. გ-ის გადასახლების ფაქტი ყაზახეთის სსრკ-ში 1944 წლის 31 ივლისის №6279 დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდნენ აღრიცხვაზე 1956 წლამდე. ამავე ცნობის თანახმად, აღნიშნული პირები სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან მოიხსნენ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1956 წლის 28 აპრილის №135/42 დადგენილების საუძველზე.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ე. გ-ის გარდაცვალების ფაქტს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურის მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობით. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ. ძე გ-ე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და აღდგენილ იქნა მისი დარღვეული უფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შ. თ-ე თავისი დედის ე. გ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოცემული კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ უდავო გარემოების შეფასებას, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით თავად მ. გ-ე აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ ის იმყოფებოდა ყაზახეთის სსრ-ში გადასახლებაში 1944-1956 წლებში. მოცემულ შემთხვევაში კი, არც პირველმა ინსტანციამ და არც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელეს მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით და არ მისცეს მას სათანადო სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად და არასრულად განმარტა „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2-4 მუხლები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად: „პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა - სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დაწესებულების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფელებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთნ, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები“. კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულად მიიჩნია და უცვლელად დატოვა. რაიონული სასამართლოს შეფასებით კი ვერ დადგინდა ე. გ-ის სპეცგადასახლებაში ყოფნის პოლიტიკური საფუძველი. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ მოხდა მისი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაზიარებული რაიონული სასამართლოს მსჯელობა, ვინაიდან უნდა მომხდარიყო ნორმის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ მიიჩნევა მ. და ე. გ-ეების გადასახლების ფაქტი ყაზახეთის სსრ-ში, მათი გამწესება სპეციალური დასახლების ადგილზე. ეს გარემოება კი პოლიტიკური რეპრესიის ერთ-ერთ იძულების ფორმადაა აღიარებული „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალურ დასახლების ადგილას. მოცემულ დავაში კი, შ. თ-ე ითხოვს დედის- ე. გ-ის აღიარებას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, რომელიც მეუღლესთან – მ. გ-ესთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში 1944-1956 წლებში. თავად მ. გ-ე კი აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე