ბს-526-517(კ-12) 4 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ს. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება
სარჩელის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. მ-ამ 2011 წლის 9 ნოემბერს სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი 1951-1953 წლებში გადასახლებული იყო ყაზახეთში, სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის #4893-2113 დადგენილების საფუძველზე, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ 1953 წლამდე. ოჯახის შემადგენლობაში შედიოდნენ დედ-მამა და ექვსი შვილი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დედა-უ. და მამა-ა. ზ-ებთან ერთად გადასახლებული იყო ყაზახეთში 1951 წლიდან 1953 წლამდე, ასევე მასთან ერთად იყვნენ გადასახლებულები მისი და ბ., ა., ფ., ს. და ა. ზ-ები, რაც დასტურდება საქართველოს შ.ს.ს მიერ გაცემული 2011 წლის 3 ოქტომბრის №1219834 ცნობით გადასახლების შესახებ. მოსარჩელე მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ მე-7 მუხლის თანახმად არის რეპრესიის მსხვერპლი და რეაბილიტირებულ პირად აღიარება მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ს. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ-ა ს. ა. ყ. არის ზ-ი ა. ზ. ო. შვილი. ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ ზ-ა ს. ა. ყ. და მ-ი ა. ა. ო. იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და დაქორწინების შემდეგ მიეკუთვნათ გვარები ქმარს-მ-ი და ცოლს-მ-ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ 2011 წლის 3 ოქტომბერს გაცემულ №1219834 ცნობაზე დაყრდნობით რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ა. ზ. ო. ზ-ის 1951-1953 წლებში ყაზახეთის სსრკ-ში გადასახლების ფაქტი.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია; მე-7 მუხლის თანახმად, განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ წარადგენს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვით, პირის მიმართ გამოყენებული იძულების სხვადასხვა ფორმები მათ შორის გადასახლება უნდა უკავშირდებოდეს პოლიტიკურ მოტივს, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი, ამომწურავი გამოკვლევითა და შეფასებით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის ა. ზ. ო. ზ-ის ყაზახეთის სსრ-ში გადასახლების პოლიტიკური მოტივი. სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკურ მსხვერპლად ასაღიარებელი პირის გადასახლება, გასახლება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ მოტივს სასამართლოების ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ იგი იმყოფებოდა სპეცგადასახლებაში პოლიტიკური მოტივით, სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთნ, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, რაც სასამართლოს მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ს. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა ს. მ-ას გადასახლებაში ყოფნის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, იგი რეპრესიების შედეგად 1951 წლიდან თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სპეცდასახლებაში ყაზახეთის კომენდატურაში. კასატორის მითითებით, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტის თანახმად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა პოლიტიკური რეპრესია, ასევე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა მსხვერპლის მეუღლე, მშობელი და პირდაპირი ხაზის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა მისი რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ 2011 წლის 3 ოქტომბერს გაცემული №1219834 ცნობით დასტურდება ა. ზ. ო. ზ-ის (ოჯახის წევრებთან ერთად სულ 8 სული) 1951-1953 წლებში ყაზახეთის სსრკ-ში გადასახლების ფაქტი ყაზახეთის სსრკ-ში მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის #4893-2113 დადგენილების საფუძველზე, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ 1953 წლამდე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ-ა ს. ა. ყ. არის ზ-ი ა. ზ. ო. შვილი. ქორწინების მოწმობით დადგენილია,რომ ზ-ა ს. ა. ყ. და მ-ი ა. ა. ო. იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და დაქორწინების შემდეგ მიეკუთვნათ გვარები ქმარს-მ-ი და ცოლს-მ-ა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ს. მ-ა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოცემული კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებებს, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად და არასრულად განმარტა „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2-4 მუხლები. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად: „პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა - სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დაწესებულების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფელებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთნ, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება „ГПУ-ОГПУ“-ს, „ВЧК“-ს, „УНКВД-НКВД“-ს, „МГБ“-ს, „КГБ“-ს, „МВД“-ს საგანგებო სათათბიროების, ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.“
სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით სრულად დასაბუთებულად მიიჩნია და უცვლელად დატოვა. რაიონული სასამართლოს შეფასებით კი ვერ დადგინდა ს. მ-ას სპეცგადასახლებაში ყოფნის პოლიტიკური საფუძველი. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მოხდა ს. მ-ას პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება .
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაზიარებული რაიონული სასამართლოს მსჯელობა, ვინაიდან უნდა მომხდარიყო ნორმის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ მიიჩნევა ს. მ-ას და მისი ოჯახის გადასახლების ფაქტი ყაზახეთის სსრ-ში, მათი გამწესება სპეციალური დასახლების ადგილზე. ეს გარემოება კი პოლიტიკური რეპრესიის ერთ-ერთ იძულების ფორმადაა აღიარებული „მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალურ დასახლების ადგილას“. მოცემულ დავაში კი, ს. მ-ა ითხოვს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას, რადგან იმყოფებოდა გადასახლებაში ოჯახთან ერთად 1951-1953 წლებში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. მხარეს უფლება აქვს ამ ფაქტობრივი გარემოებების გამოყენებამდე და მტკიცებულებების შემოწმებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება მათ თაობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი _ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე