Facebook Twitter

#ბს-566-556(კ-12) 28 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ აიპ „...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრში იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 25 ივლისს ს/კ „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 28 მარტს ს/კ „...“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები: 1. წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; 4. იჯარის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იჯარის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილ იქნა ... ინსტიტუტსა და ს/კ „...“ შორის 1995 წლის 25 დეკემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... ქ. N5-ში მდებარე ფართზე. ხელშეკრულების პირველი მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს სამსახურეობრივი საჭიროებისათვის ოფისის განსათავსებლად გადაეცა შენობის მე-2 სართულზე მდებარე ფართის ნაწილი, ცამეტი სამუშაო ოთახის (NN-201-209, 211, 212, 214, 215) სახით, ხოლო სხდომათა დარბაზი და კინოსაპროექციო ოთახი (NN210, 213) წილობრივი სარგებლობით. საიჯარო ქირად განისაზღვრა 2000 აშშ დოლარი წელიწადში, ყოველთვიურად – 166,6 აშშ დოლარის გადახდით. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 1996 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე. ხოლო ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა, რომ თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე ,,ინსტიტუტი“ არ აცნობებდა ,,დამქირავებელს“ ვადის გაგრძელების ან ფართის გამოთავისუფლების თაობაზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადით. ინსტიტუტს ასეთი შეტყობინებით მოსარჩელისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდა 2016 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნულ ფართზე აიპ ,, ...” დღემდე ფუნქციონირებს.

მოსარჩელის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის N882011137100-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ „...“ დამატებით უნდა წარედგინა უძრავი ნივთის მონაცემები და დამატებითი ხელშეკრულება ვადასთან დაკავშირებით. 2011 წლის 11 აპრილს წარდგენილ იქნა შესაბამისი სარეგისტრაციო ამონაწერები. განცხადებაში განმარტებულ იქნა, რომ ,,...” გააჩნდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის სარეგისტრაციო კოდი №..., რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ფიგურირებდა აღნიშნული ფართი. ამასთან, მოპოვებულ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერები, სადაც ფართი სავარაუდოდ გაყოფილი იყო ორ ნაწილად და მათი საკადასტრო კოდები იყო N... და N.... მითითებული ამონაწერები წარდგენილ იქნა განცხადებასთან ერთად. დამატებით, განცხადებაში განმარტებულ იქნა, რომ ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდა მისი მე-5 მუხლით, რაც დასტურდებოდა საიჯარო ქირის გადახდის ქვითრებით, რომლებიც აგრეთვე წარდგენილ იქნა განცხადებასთან ერთად. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა ქვითრები არ დაიტოვა, რადგან მისი განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედებისათვის საკმარისი იყო მე-5 მუხლის მითითებები. 2011 წლის 11 მაისის N8820111137100-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო სამსახურმა შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ არ იქნა წარდგენილი ძალაში მყოფი ხელშეკრულება და აგრეთვე იჯარის საგნის საკადასტრო მონაცემები. აღნიშნული გადაწყვეტილება „...“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთო საიჯარო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები 2010-2011 წლებისათვის თვეების მიხედვით. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 25 მაისს N80176 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი იმ მოტივით, რომ გარიგების ვადის გაგრძელების დოკუმენტი არ იყო წარდგენილი და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ვერ ხდებოდა უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია, რომლის თაობაზეც მოთხოვნილ იქნა იჯარის ხელშეკრულება.

მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგებოდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონს. სადავო ადმინისტრაციული აქტები არ შეიცავდნენ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, თუ რატომ ეთქვა უარი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ისეთ ვითარებაში, როდესაც: ა) წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერები შესაბამისი საკადასტრო კოდებით; ბ) მითითებული იქნა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ხელშეკრულების მე-5 მუხლზე, როგორც ამ ხელშეკრულების გაგრძელების პირობაზე; გ) ჯერ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, ხოლო შემდგომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა ... ინსტიტუტის მიერ 2010-2011 წლებში „...“ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები საიჯარო ქირის გადახდის შესახებ, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ხელშეკრულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 მაისის №882011137100-06 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 25 მაისის №80176 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ... ინსტიტუტსა და ს/კ „...“ შორის 1995 წლის 25 დეკემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით აიპ „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ... ინსტიტუტსა და ს/კ „...“ შორის 1995 წლის 25 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება არასაცხოვრებელი ფართის დროებით იჯარით გაქირავების შესახებ. ხელშეკრულების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ინსტიტუტი კისრულობდა ვალდებულებას ,,დამქირავებლისათვის” სამსახურეობრივი საჭიროებისათვის ოფისის განსათავსებლად, თავის გამგებლობაში და ბალანსზე რიცხული საერთო ფართიდან მიექირავებინა (გადაეცა იჯარით დროებით სარგებლობაში) ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ..., ... ქ. №5-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული ფართის ნაწილი, ცამეტი სამუშაო ოთახის სახით (№№201,202,203,204, 205, 206, 207, 208, 209, 211, 212, 214, 215), ხოლო სხდომათა დარბაზი და კინოსაპროექციო ოთახი (№210, 213) ინსტიტუტთან წილობრივი სარგებლობით, სულ ფართი შეადგენდა – 435 კვ.მ-ს. ხელშეკრულების მოქმედების ვადად ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად განისაზღვრა 1996 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე ინსტიტუტი არ აცნობებდა დამქირავებელს ვადის გაგრძელების ან ფართის გამოთავისუფლების თაობაზე, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდებოდა იმავე ვადით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2011 წლის 28 მარტს ს/კ „...“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. თბილისში, ... ქ. №5/7-ში, მე-2 სართულზე მდებარე უძრავ ნივთზე (425.3 კვ.მ) იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის №882011137100-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ დამატებით წარსადგენი იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, ასევე მიეთითა, რომ წარდგენილი ხელშეკრულება ვადაგასული იყო და განმცხადებელს დამატებით უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულება ვადასთან დაკავშირებით.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 მაისის №882011137100-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. კერძოდ, არ იქნა წარდგენილი ძალაში მყოფი ხელშეკრულება, ასევე იჯარის საგნის საკადასტრო მონაცემები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 მაისის №882011137100-06 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ს/კ „...“ მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 25 მაისის №80176 გადაწყვეტილებით ს/კ „...“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ განმცხადებელმა მარეგისტრირებელ ორგანოს ვერ წარუდგინა იმ უძრავი ქონების ზუსტი მონაცემები (მათ შორის, საკადასტრო მონაცემები), რომელზეც ითხოვდა საიჯარო ხელშეკრულების უფლების რეგისტრაციას. ს/კ „...“ მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. №5/7-ში მდებარე შენობის მე-2 სართულზე, 425 კვ.მ ფართზე იჯარის უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ს/კ „...“ მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა 2008 წლის 7 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: საკადასტრო კოდი №„...“, მისამართი: ქ. თბილისი, ... ქ. №5, მე-2 სართული, მესაკუთრე - შპს „...“, ფართი - 125.04 კვ.მ. ასევე წარდგენილ იქნა 2008 წლის 8 მაისის ამონაწერი: საკადასტრო კოდი №..., მისამართი: ქ. თბილისი, ... ქ. №7, მე-2 სართული, მესაკუთრე - შპს „...“, ფართი - 201.25 კვ.მ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, დღეის მდგომარეობით უცნობი იყო თუ ვინ წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, ასევე არ დასტურდებოდა ... ინსტიტუტს რა უფლება ჰქონდა ამ ქონებასთან მიმართებაში ან ვინ იყო მისი უფლებამონაცვლე. სარჩელზე თანდართული 2011 წლის 27 ივნისის №11 საგადასახადო დავალების თანახმად, იჯარის 2 თვის გადასახადი (აპრილი და მაისი) ... მიერ უკვე შეტანილი იყო ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის №882011137100-03 გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს მიეცა ვადა სარეგისტრაციო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებისა და დამატებითი ხელშეკრულების წარსადგენად. მხარემ სადავო გახადა მარეგისტრირებელი ორგანოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის საფუძველზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებდა გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იყო წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია იყო ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი იყო უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელს - ს/კ „...“ დაევალა: 1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების და 2) დამატებითი ხელშეკრულების წარდგენა. განმცხადებლის მითითებით, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრისა და საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენდა და მისთვის უცნობი იყო, დღეის მდგომარეობით ვინ წარმოადგენდა ნივთის მესაკუთრეს. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე ინსტიტუტი არ აცნობებდა დამქირავებელს ვადის გაგრძელების ან ფართის გამოთავისუფლების თაობაზე, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდებოდა იმავე ვადით.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ... ინსტიტუტსა და ს/კ „...“ შორის 1995 წლის 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლზე მითითებით არ აღმოფხვრილა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების რომელიმე საფუძველი. ხელშეკრულების მე-5 პუნქტით მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების შესაძლებლობა. თუმცა, სარეგისტრაციო წარმოების დროს განმცხადებელმა ვერ წარუდგინა მარეგისტრირებელ ორგანოს იმის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა არ შეცვლილა და ხელშეკრულების მე-5 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულება მოქმედებდა განცხადების წარდგენის დროისათვის. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელისათვის უცნობი იყო დღეის მდგომარეობით ვინ წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული კი ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ უდავო უფლებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მარეგისტრირებელ ორგანოში არ წარდგენილა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის №882011137100-03 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შეჩერების საფუძველი განმცხადებლის მიერ არ აღმოფხვრილა. ამდენად, სადავო აქტები მიღებული იყო ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხისათვის იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაციის დავალდებულების შესახებ გამომდინარეობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნიდან, ამდენად, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აიპ „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით აიპ „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებოდა ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეეძლოთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დაედოთ ხელშეკრულებები და განესაზღვრათ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 327–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარეები თვითონ იყვნენ უფლებამოსილნი დაედოთ ხელშეკრულება, განესაზღვრათ მისი არსებითი პირობები, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ა.შ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ... ინსტიტუტსა და ს/კ „...“ შორის 1995 წლის 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე ,,ინსტიტუტი“ არ აცნობებდა ,,დამქირავებელს“ ვადის გაგრძელების ან ფართის გამოთავისუფლების თაობაზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადით. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ დათქმას ძალა ექნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სადავო უძრავი ქონება ისევ იქნებოდა ... ინსტიტუტის ბალანზე ან/და საკუთრებაში და იგი არ მოითხოვდა (არ აცნობებდა) ს/კ „...“ ფართის გამოთავისუფლების თაობაზე. ბუნებრივია, რომ თუ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ... ინსტიტუტის ბალანზე ან/და საკუთრებაში აღარ იქნებოდა იჯარით გადაცემული სადავო ქონება, მაშინ ეს ინსტიტუტი ვეღარ იქნებოდა ხელშეკრულების მხარე და მასთან ვერც ავტომატურად და ვერც თუნდაც პირდაპირი გზით ვეღარ გაგრძელდებოდა იჯარის ხელშეკრულების ვადა. შეუძლებელი იყო ... ინსტიტუტსა და ს/კ „...“ შორის 1995 წლის 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ვადა გაგრძელებულიყო იმავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, თუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროისათვის ან მას შემდეგ სადავო უძრავი ქონება აღარ იმყოფებოდა ... ინსტიტუტის ბალანზე ან/და საკუთრებაში და მას აღარ ჰქონდა ამ ქონების იჯარის გაცემის უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით და თვით აპელანტის ახსნა–განმარტებით დადგინდა, რომ 2008 წლისათვის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე იყო შპს „...“. ამდენად, უდავოდ დადგენილი იყო ის გარემოება, რომ ... ინსტიტუტსა და ს/კ „...“ შორის 1995 წლის 25 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის პერიოდისათვის სადავო უძრავი ქონება უკვე აღარ ირიცხებოდა ინსტიტუტის ბალანსზე, რასაც არც აპელანტი უარყოფდა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მიჩნეულიყო გაგრძელებულად იმავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე და მით უფრო, დაუშვებელი იყო საჯარო რეესტრისათვის საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება, თუ ბუნებაში არ არსებობდა ასეთი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო წარდგენილ საიჯარო ხელშეკრულებას უკვე ვადა ჰქონდა გასული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის №882011137100-03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დაევალა დადგენილ ვადაში წარედგინა დამატებითი ხელშეკრულება ვადასთან დაკავშირებით, ვინაიდან, წარდგენილი ხელშეკრულება უკვე ვადაგასული იყო, ხოლო ვინაიდან დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი, განმცხადებელს სწორად ეთქვა უარი იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აიპ „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, 2011 წლის 28 მარტს ს/კ „...“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით. განცხადებას თან ერთვოდა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები: 1. წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; 4. იჯარის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იჯარის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილ იქნა ... ინსტიტუტსა და ს/კ „...“ შორის 1995 წლის 25 დეკემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულება ქ. თბილისში, ... ქ. N5-ში მდებარე ფართზე. ხელშეკრულების პირველი მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს სამსახურეობრივი საჭიროებისათვის ოფისის განსათავსებლად გადაეცა შენობის მე-2 სართულზე მდებარე ფართის ნაწილი, ცამეტი სამუშაო ოთახის (NN-201-209, 211, 212, 214, 215) სახით, ხოლო სხდომათა დარბაზი და კინოსაპროექციო ოთახი (NN210, 213) წილობრივი სარგებლობით. საიჯარო ქირად განისაზღვრა 2000 აშშ დოლარი წელიწადში, ყოველთვიურად 166,6 აშშ დოლარის გადახდით. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 1996 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე. ხოლო ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა, რომ თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე ,,ინსტიტუტი“ არ აცნობებდა ,,დამქირავებელს“ ვადის გაგრძელების ან ფართის გამოთავისუფლების თაობაზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდებოდა იმავე ვადით. ინსტიტუტს ასეთი შეტყობინებით მოსარჩელისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდა 2016 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნულ ფართზე აიპ „...“ დღემდე ფუნქციონირებს.

კასატორის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის N882011137100-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ „...“ დამატებით უნდა წარედგინა უძრავი ნივთის მონაცემები და დამატებითი ხელშეკრულება ვადასთან დაკავშირებით. 2011 წლის 11 აპრილს წარდგენილ იქნა შესაბამისი სარეგისტრაციო ამონაწერები. განცხადებაში განმარტებულ იქნა, რომ „...“ გააჩნდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის სარეგისტრაციო კოდი №..., რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ფიგურირებდა აღნიშნული ფართი. ამასთან, მოპოვებულ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერები, სადაც ფართი სავარაუდოდ გაყოფილი იყო ორ ნაწილად და მათი საკადასტრო კოდები იყო N... და N.... მითითებული ამონაწერები წარდგენილ იქნა განცხადებასთან ერთად. დამატებით, განცხადებაში განმარტებულ იქნა, რომ ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გაგრძელდა მისი მე-5 მუხლით, რაც დასტურდებოდა საიჯარო ქირის გადახდის ქვითრებით, რომლებიც აგრეთვე წარდგენილ იქნა განცხადებასთან ერთად. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა ქვითრები არ დაიტოვა, რადგან მისი განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედებისათვის საკმარისი იყო მე-5 მუხლის მითითებები. 2011 წლის 11 მაისის N8820111137100-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო სამსახურმა შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ არ იქნა წარდგენილი ძალაში მყოფი ხელშეკრულება და აგრეთვე იჯარის საგნის საკადასტრო მონაცემები. აღნიშნული გადაწყვეტილება „...“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთო საიჯარო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები 2010-2011 წლებისათვის თვეების მიხედვით. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 25 მაისს N80176 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი იმ მოტივით, რომ გარიგების ვადის გაგრძელების დოკუმენტი არ იყო წარდგენილი და წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ვერ ხდებოდა უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია, რომლის თაობაზე მოთხოვნილ იქნა იჯარის ხელშეკრულება.

კასატორის მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგებოდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონს. სადავო ადმინისტრაციული აქტები არ შეიცავდნენ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, თუ რატომ ეთქვა უარი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ისეთ ვითარებაში, როდესაც: ა) წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერები შესაბამისი საკადასტრო კოდებით; ბ) მითითებული იქნა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ხელშეკრულების მე-5 მუხლზე, როგორც ამ ხელშეკრულების გაგრძელების პირობაზე; გ) ჯერ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, ხოლო შემდგომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა ... ინსტიტუტის მიერ 2010-2011 წლებში „...“ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერები საიჯარო ქირის გადახდის შესახებ, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ხელშეკრულებას.

კასატორის მითითებით, მის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით ნათლად იყო დადასტურებული ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე 2008 წლიდან იყო შპს „...“, ხოლო რაც შეეხებოდა ... ინსტიტუტს, მისი უფლება ფართზე დასტურდებოდა ქ. თბილისის მერიის 1992 წლის 25 მარტის N376 განკარგულებით, აღნიშნული განკარგულება დღემდე ძალაში იყო.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებს არ შეუფასებიათ ინსტიტუტის მიერ გაცემული საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი სალარო შემოსავლის ორდერები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 2010-2011 წლებში ფართი ინსტიტუტის ბალანსზე იმყოფებოდა.

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა საერთოდ არ იმსჯელეს აკმაყოფილებდა თუ არა განმცხადებლის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სადავო აქტის მოთხოვნებს. კასატორის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი იქნა საკმარისი დოკუმენტები და მიეთითა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ხელშეკრულების მე-5 მუხლზე. შესაბამისად, სასამართლომ თავი აარიდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების (წარდგენილი ამონაწერები, საიჯარო ქირის გადახდის ქვითრები) განხილვას, რითაც დარღვეულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აიპ „...“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი აიპ „...“ საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2013 წლის 7 თებერვალს 12:00 საათზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით აიპ „...“ საკასაციო საჩივრის განხილვა გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მერიის 1992 წლის 25 მარტის N376 განკარგულებით „...“ თხოვნა დაკმაყოფილდა და „...“ სამუშაო ფართად იჯარით გადაეცა ქ. თბილისში, ... ქ.N5/7–ში მდებარე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ... ინსტიტუტის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული. ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 1992 წლის 15 აპრილს ქ. თბილისის მერიის საბინაო მეურნეობის სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა–განაწილების სამმართველოს მიერ გაიცა N1818 ორდერი.

1995 წლის 25 დეკემბერს პოლიტიკურმა გაერთიანება „...“ მის სარგებლობაში არსებული ფართი ხელშეკრულებით სარგებლობაში გადასცა საზოგადოებრივ კავშირ „...“, რომელმაც თავის მხრივ იჯარის ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ... ინსტიტუტთან. ხელშეკრულების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ინსტიტუტი კისრულობდა ვალდებულებას ,,დამქირავებლისათვის” სამსახურეობრივი საჭიროებისათვის ოფისის განსათავსებლად, თავის გამგებლობაში და ბალანსზე რიცხული საერთო ფართიდან მიექირავებინა (გადაეცა იჯარით დროებით სარგებლობაში) ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ..., ... ქ. №5-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე არსებული ფართის ნაწილი, ცამეტი სამუშაო ოთახის სახით (№№201,202,203,204, 205, 206, 207, 208, 209, 211, 212, 214, 215), ხოლო სხდომათა დარბაზი და კინოსაპროექციო ოთახი (№210, 213) ინსტიტუტთან წილობრივი სარგებლობით, სულ ფართი შეადგენდა 435 კვ.მ-ს. ხელშეკრულების მოქმედების ვადად ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად განისაზღვრა 1996 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე ინსტიტუტი არ აცნობებდა დამქირავებელს ვადის გაგრძელების ან ფართის გამოთავისუფლების თაობაზე, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდებოდა იმავე ვადით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2011 წლის 28 მარტს ს/კ „...“ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ქ. თბილისში, ... ქ. №5/7-ში, მე-2 სართულზე მდებარე უძრავ ნივთზე (425.3 კვ.მ) იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია მოითხოვა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 1 აპრილის №882011137100-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ დამატებით წარსადგენი იყო სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, ასევე მიეთითა, რომ წარდგენილი ხელშეკრულება ვადაგასული იყო და განმცხადებელს დამატებით უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულება ვადასთან დაკავშირებით. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ს/კ „...“ მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა 2008 წლის 7 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერები და მიუთითა იჯარის ხელშეკრულების მე-5 პუნქტზე, როგორც ამ ხელშეკრულების გაგრძელების პირობაზე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 მაისის №882011137100-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია. კერძოდ, არ იქნა წარდგენილი ძალაში მყოფი ხელშეკრულება, ასევე იჯარის საგნის საკადასტრო მონაცემები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 11 მაისის №882011137100-06 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ს/კ „...“ მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 25 მაისის №80176 გადაწყვეტილებით ს/კ „...“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს/კ „...“ მიერ სარეგისტრაციო სამსახურში განცხადების წარდგენის, ისევე როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვის ეტაპზე, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრისა და საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლმა სასამართლოს წარმოუდგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 სექტემბრის №145371 წერილი, რომლის თანახმადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2012 წლის 13 სექტემბრის წერილის შესაბამისად, განხორციელდა ქ. თბილისში, ... ქ. №7-ში მე-2 სართულზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით 01.18.03.018.004.02.504) განსაიდუმლოება. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამჟამად ქ. თბილისში, ... ქ. №7-ში მდებარე 340.55 კვ.მ ფართის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ – სახელმწიფო (139.30 კვ.მ) და ააიპ ,,...“ (201.25 კვ.მ). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება საქმისათვის არსებითად ახალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს იჯარის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია წარმოადგენს, შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე ნამდვილად იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი და რომლის კანონიერ ინტერესზე და უფლებაზე პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე საქმეში უნდა ჩააბას სავალდებულო მიწვევის მესამე პირად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თავად ჩააბას საქმეში სავალდებულო მიწვევის მესამე პირი, მაგრამ მხოლოდ მისი თანხმობით და იმ შემთხვევაში, თუ მხარე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, მოცემულ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის კი არსებითი მნიშვნელობა სწორედ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნულ გარემოებებთან მიმართებაში (იჯარის ხელშეკრულების ვადის ავტომატურ გაგრძელებასთან მიმართებაში) მხარეების, მათ შორის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის პოზიციას ენიჭება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ... ინსტიტუტის (მისი უფლებამონაცვლის) მოსაზრება იჯარის ხელშეკრულების ვადის ავტომატურ რეჟიმში გაგრძელებასთან მიმართებაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელი სალარო შემოსავლის ორდერები (2010-2011 წლების) სწორედ კვლევითი ინტიტუტის მიერ არის გაცემული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას სათანადო შეფასება უნდა მისცეს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, იმ გარემოებას, რომ კასატორი საიჯარო ქირას 2010-2011 წლის ჩათვლით იხდიდა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კასატორის იურიდიული მისამართი დღემდე – ქ. თბილისი, ... ქ. №5-ია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და სადავო უძრავი ქონების ძველი და ახალი მესაკუთრეების ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხელახლა უნდა დაადგინოს ის გარემოება, წარმოადგენდა თუ არა იჯარის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი საიჯარო ხელშკრულების ავტომატურ რეჟიმში გაგრძელების და შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის საფუძველს. რაც შეეხება, სადავო უძრავი ქონების საკადასტრო კოდის წარდგენის საკითხს, უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა და შესაბამისად, განმცხადებელი არ იყო უფლებამოსილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარედგინა აღნიშნული ინფორმაცია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს საქმეში არსებული ახალი ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აიპ „...“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აიპ „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე