საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ბს-584-564(კ-13) 6 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბერის განჩინებაზე (ლ. ტ-ის, ზ. კ-ის, ე. შ-ის, კ. ს-ის, ბ. დ-ის, ა. ბ-ის, თ. ს-ის, გ. კ-ისა და ა. დ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2013 წლის 4 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ბს-584-564(კ-13) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნას. კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას თუ რაში მდგომარეობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა (იხ. ტ. II; ს.ფ. 134-135).
აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.
2013 წლის 26 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე განცხადება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით (იხ. ტ. II; ს.ფ. 160-161).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაეგზავნა 2013 წლის 19 ნოემბერს. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაჰბარდა 2013 წლის 20 ნოემბერს (იხ. ტ. II; ს.ფ. 159), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2013 წლის 25 ნოემბერს, ხოლო ხარვეზი გამოსწორებული იქნა 2013 წლის 26 ნოემბერს (იხ. ტ. II; ს.ფ. 160-162) .
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396, 401-ე, 447-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე