Facebook Twitter

საქმე¹ბს-588-568(კ-13) 14 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. მ-ემ 2011 წლის 17 ნოემბერს სასარცელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მისი პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით უარი ეთქვა გ. მ-ეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და უკან დაუბრუნდა სარჩელი, თანდართული დოკუმენტებით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. მ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინება. სასამართლომ განმარტა, რომ განჩინება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა.

გ. მ-ემ 2013 წლის 15 ოქტომბერს საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს, რომლითაც #3ბ/2077-11 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის, 2013 წლის 9 და 11 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება და პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გ. მ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამ ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება ორსაფეხურიანია და მისი განხილვა უნდა დამთავრდეს კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების შემოწმებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში;

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. მ-ე ითხოვს #3ბ/2077-11 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის, 2013 წლის 9 და 11 ოქტომბრის განჩინებების გაუქმებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული თარიღის განჩინებები არ არის საქმეში დაცული, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება, რომლითაც გ. მ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, წარმოადგენს კერძო საჩივრის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომი სასამართლოს, მიერ გამოტანილ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე