Facebook Twitter

საქმე №ბს-590-570(კ-13) 29 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ს. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, მესამე პირების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2013 წლის 4 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე №ბს-590-570(კ-13) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის მოთხოვნებს და დაევალა კასატორს წარმოედგინა წერილობითი დადასტურება (მტკიცებულება), თუ როდის იქნა საკასაციო საჩივარი შეტანილი საფოსტო განყოფილებაში (იხ. ტ. 2; ს.ფ. 134-135).

2013 წლის 25 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მომართა საკასაციო სასამართლოს და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოადგინა რეესტრი №137, რომლითაც დასტურდება საკასაციო საჩივრის ჩაბარება 2013 წლის 9 ოქტომბერს (იხ. ტ.2; ს.ფ. 147-148).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 397.1. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაჰბარდა 2013 წლის 17 სექტემბერს (იხ. ტ.2; ს.ფ 118), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა კასატორს ეწურებოდა 2013 წლის 8 ოქტომბერს, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2013 წლის 9 ოქტომბერს (აღნიშნულს თავად კასატორიც ადასტურებს წარმოდგენილი №137 რეესტრით (იხ. ტ.2; ს.ფ 148)) სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი ოცდაერთდღიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 397.1. მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე