საქმე №ბს-596-585(კ-12) 29 იანვარი , 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – შ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერია, მ. მ-ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე: შ. ხ-ე
მოპასუხეები: თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერია, მ. მ-ე
მესამე პირები – მესამე პირები საქმეში არ მონაწილეობენ
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი: თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: სახლსაშენი კომბინატის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის 25 აგვისტოს №19 ოქმის თანახმად, მოსარჩელეს სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ... (ყოფილი... ქუჩა) ქ.№9-ში ბინა №17-ში, მდებარე ოროთახიანი ბინა - 59,49 კვ.მ, რის საფუძველზეც შ. ხ-ის სახელზე გაიცა ორდერი №08846. ორდერში ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია მოსარჩელე და მოპასუხე მ. მ-ე.
მოსარჩელის განმარტებით, თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანებით მ. მ-ეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ.№9, ბ.17-ში მდებარე 59.49 კვ.მ. საერთო საკუთრების ფართის იდეალური წილი და მასზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც შემდგომ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ გადაცემა საკუთრების უფლების მინიჭებით.
საკუთრებაში გადაცემისთვის აუცილებელი კრიტერიუმია - სარგებლობის ფაქტიც. ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისატრციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე სარგებლობს ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე.
მოსარჩელის განმარტებით, მ. მ-ე არ ცხოვრობდა სადავო ბინაში, რაც გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან ბინით სარგებლობასა და შესაბამისად, საკუთრების უფლების მინიჭებას.
მოსარჩელის მტკიცებით, ბინაში კომუნალური გადასახადების გადამხდელად რეგისტრირებულია მხოლოდ თვითონ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაშიც რეგისტრირებულია მხოლოდ თვითონ.
სამართლებრივი: მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს პრეზიდენტის #73 ბრძანებულების საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანება (იხ. ს.ფ. 2-11).
მოპასუხის - მ. მ-ის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხე შესაგებელში მიუთითებდა, რომ მას ბათუმის მერიის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. №9-ში ბ. 17-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის იდეალური წილი ½ და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული საკუთრების უფლება მან დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.
1984 წლიდან დღემდე მოსარჩელესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ბინაც ქორწინების განმავლობაში მიიღეს. 2010 წლიდან ჩამოყალიბებული უთანხმოების გამო, (რაც ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ იგი უსინათლოა და მას მეუღლე ყურადღებას არ აქცევს) შვილებმა დროებით გადაიყვანეს შუახევის რაიონის სოფ. .... მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ იგი არ ჩაითვალოს ბინის კანონიერ მოსარგებლედ. ასევე, სხვადასხვა კომუნალური გადასახადების გადახდა არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მისი გადამხდელი პირი მიჩნეულ უნდა იქნეს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ.
მოპასუხის მითითებით, ასევე არამართებულია მოსარჩელის მოსაზრება, რომ იგი მისი განცხადების საფუძველზე ამოეწერა ბინიდან, აღნიშნულით მან დაკარგა ბინაზე საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან, მისამართზე რეგისტრაცია ისევე არ წარმოშობს არავითარ ქონებრივ უფლებებს, როგორც რეგისტრაციიდან მოხსნა არ წარმოადგენს კანონით დადგენილი ქონებრივი უფლების გაუქმების საფუძველს.
სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის №73-ე ბრძანებულება არეგულირებს კანონიერი მოსარგებლეებისათვის ჯერ კიდევ სახელმწიფოს საბინაო ფონდში არსებული საცხოვრებელი ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პირობებსა და პროცედურებს. აღნიშნული ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ პუნქტში მითითებულია თუ ვინ ითვლება კანონიერ მოსარგებლედ, კერძოდ, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბინის ორდერის, საბინაო წიგნის და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე. კანონმდებელი კანონიერ სარგებლობაში გულისხმობს საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის დოკუმენტის არსებობას, ხოლო რაც შეეხება სარგებლობას, კანონიერი სარგებლობის დოკუმენტის არსებობა თავის მხრივ მოიცავს სარგებლობის ფაქტს. ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია საცხოვრებელ ბინაზე კანონიერი სარგებლობის დოკუმენტი და იგი ამჟამადაც ძალაშია თავისთავად მიუთითებს, რომ მ. მ-ე, როგორც შ. ხ-ის მეუღლე წარმოადგენს მისთვის გადაცემული ბინის შესაბამისი წილის კანონიერ მოსარგებლეს.
ზეამოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თობაზე - არ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს პრეზიდენტის №73-ე ბრძანებულების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 82-90).
მოპასუხის - ბათუმის მერიის შესაგებელი:
სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის №73 ბრძანებულება ,,კანონიერი მოსარგებლის“ ტერმინში გულისხმობს არა ფართით ფიზიკურად და უწყვეტად მოსარგებლე სუბიექტს, არამედ დოკუმენტალურად მფლობელ პირს, ამდენად, ფართის ფაქტობრივად უწყვეტად სარგებლობის ფაქტი არ არის განმსაზღვრელი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის განხორციელებისათვის. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მე-4 მუხლის შესაბამისად - პრივატიზაციის განხორციელებისათვის სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალში არ მოიპოვება სარგებლობის დამადასტურებელი რაიმე სახის ცალკე დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობა.
მოპასუხის განმარტებით, მ. მ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები: ორდერი, პირადი ბარათი და სხვა წარმოადგენდა საფუძველს ბინის ნაწილის მ. მ-ეზე საკუთრების უფლებით გადაცემისათვის. ამასთან, ქ. ბათუმის მერიას პირის არცხოვრების ფაქტის შემთხვევაშიც არ აქვს უფლება პირი ცნოს ბინაზე უფლებადაკარგულად და უარი უთხრას პრივატიზაციაზე.
მოპასუხემ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თობაზე - არ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს პრეზიდენტის №73-ე ბრძანებულების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 141-149).
საქმის გარემოებები: მ. მ-ე და შ. ხ-ე 1984 წლიდან დღემდე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სახლსაშენი კომბინატის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის 25 აგვისტოს №19 ოქმის თანახმად, შ. ხ-ეს სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. ბათუმი, ... ქ. №9 ბ.№17-ში მდებარე ოროთახიანი ბინა - 59,49 კვ.მ. ფართი და გაიცა შესაბამისი ორდერი №08846.
ორდერში, ოჯახის შემადგენლობაში მითითებულია როგორც მოსარჩელე შ. ხ-ე, ასევე მოპასუხე მ. მ-ე, თუმცა თავად ორდერი მხოლოდ მოსარჩელე შ. ხ-ის სახელზეა გაცემული.
2010 წლიდან უთანხმოების გამო, (რაც ძირითადად იმით იყო განპირობებული, რომ მ. მ-ე უსინათლოა და მას მეუღლე ყურადღებას არ აქცევდა) შვილებმა დროებით გადაიყვანეს შუახევის რაიონის სოფ. ....
თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანებით მ. მ-ის განცხადების საფუძველზე, მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ... ქ. №9-ში, ბ.№17-ში მდებარე 59,49 კვ.მ. საერთო ფართის ½ იდეალური წილი და მასზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა.
ქ. ბათუმის მერიის მიერ გაცემული №02/346 ბრძანებისა და საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მ. მ-ემ აღნიშნულ ფართზე საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების /სარეზოლუციო ნაწილი/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით შ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 157-169).
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
შ. ხ-ე და მ. მ-ე 1988 წლის 24 თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
ბათუმის სახლსაშენი კომბინატის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის 25 აგვისტოს №19 ოქმის საფუძველზე 1993 წლის 22 იანვარს გამოწერილ იქნა საცხოვრებელი ბინის ორდერი №06846, რომლითაც შ. ხ-ესა და მ. მ-ეს სარგებლობის უფლებით გადაეცათ ქ. ბათუმი, ... ქ. №9 ბ.№17-ში მდებარე 59,49 კვ.მ. ფართის ოროთახიანი ბინა.
მ. მ-ემ 2011 წლის 28 აპრილს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის №73-ე ბრძანებულების საფუძველზე მოითხოვა კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის, მდებარე, ქ. ბათუმში, … ... ქ. №9-ში, №17 ოროთახიანი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანებით მ. მ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმი, ... ქ. №9, ბ.№17-ში მდებარე 59,49 კვ.მ. ფართის ½ წილი.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
მოსარჩელე ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/2346 აქტის ბათილად ცნობას ითხოვდა, იმ საფუძვლით, რომ მ. მ-ე არ წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... ქ. №9, ბ. №17-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
სასამართლოს განმარტებით, მ. მ-ემ 2011 წლის 28 აპრილს განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს, ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარის №73-ე ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. №8-ში მდებარე №17 ოროთახიანი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
განმცხადებლის მიერ აღნიშნული ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ წარდგენილი იქნა ბინის პირადი (სააღრიცხვო) ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ფართის კანონიერ მოსარგებლეებს წარმოადგენენ შ. ხ-ე და თვით განმცხადებელი, მ. მ-ე.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მე-5 მუხლის მე-22 პუნქტით განსაზღვრულია, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის ერთ-ერთი კანონიერი მოსარგებლე, შ. ხ-ე საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების წინააღმდეგი იყო. ის ასევე წინააღმდეგი იყო საცხოვრებელი ბინის მეორე კანონიერ მოსარგებლეზე, მ. მ-ეზე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისა. სახეზეა ბინის ერთ-ერთი კანონიერი მოსარგებლის ცალმხრივად გამოვლენილი ნება ბინის უსაყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, რასაც არ ეთანხმება ბინის მეორე კანონიერი მოსარგებლე შ. ხ-ე.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73-ე ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცემის წესის“ შესაბამისად, კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კანონიერი მოსარგებლის ცალმხრივი ნების გამოხატვა აღნიშნულთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის შეფასება, შ. ხ-ეს, როგორც ბინის ერთ-ერთი კანონიერი მოსარგებლის უარი გავლენას ვერ მოახდენდა ამავე ბინის მეორე კანონიერი მოსარგებლის მიერ გამოხატულ ნებაზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში მიეღო კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინის თავის კუთვნილი (1/2 ნაწილი) წილი, სამართლებრივად სწორია, რის შედეგადაც თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ... ქ. №9-ში მდებარე ბ. №17 -ის ½ ნაწილის მ. მ-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მ. მ-ეს, როგორც საცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლეს, არ გააჩნდა სხვა სამართლებრივი მექანიზმი, თავისი უფლების, მართლზომიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღების რეალიზებისათვის.
სადავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება :
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარის №73-ე ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერ მოსარგებლეს. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ მ. მ-ე არ წარმოადგენდა ქ.ბათუმში, ... ქუჩა №9-ში მდებარე ბინა №17-ის კანონიერ მოსარგებლეს.
სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად გადამწყვეტია არა ფაქტობრივი სარგებლობა, არამედ ფართით სარგებლობის კანონიერი საფუძველი - საცხოვრებელი ბინის ორდერი, ან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. კანონიერი მოსარგებლის იმ მომენტისათვის საცხოვრებელი ბინაში უშუალოდ ცხოვრების ფაქტი ვერ იქნება გადამწყვეტი იმის დადგენისა და შეფასებისათვის, ეს პირი წარმოადგენს თუ არა კანონიერ მოსარგებლეს. ბინაზე მ. მ-ის კანონიერი სარგებლობის ფაქტი დასტურდება საცხოვრებელი ბინის ორდერითა და სააღრიცხვო პირადი ბარათით, რომელშიც მ. მ-ესთან ერთად მითითებულია შ. ხ-ეც და აღნიშნულის კანონიერებას მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. ხ-ე და მ. მ-ე ბინაზე თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. (იხ. ს.ფ.157-169).
სასამართლოს დასკვნები - საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. ხ-ის სარჩელი არ უნდა უნდა დაკმაყოფილდეს.
აპელანტი: შ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები: თვითმმართველი ქ. ბათუმის მერია, მ. მ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: სადავო ბრძანებისა და საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მ. მ-ემ საკუთრების უფლება დაარეგისტრირა სააჯრო რეესტრში. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, რადგან სახლსაშენი კომბინატის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის 25 აგვისტოს №19 ოქმის თანახმად, მოსარჩელეს სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. ბათუმში, ... (ყოფილი... ქუჩა) ქ.№9-ში არსებული 59,49 კვ. მ. ფართის ოროთახიანი ბინა №17, რის შედეგადაც შ. ხ-ის სახელზე გაიცა ორდერი №08846. ორდერში ოჯახის შემადგენლობაში მითითებული იყო მოსარჩელე და მოპასუხე მ. მ-ე.
შ. ხ-ე უთითებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებას, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების კანონიერი მოსარგებლისთვის უსასყიდლოდ გადაცემა საკუთრების უფლების მინიჭებით.
აპელანტის განმარტებით, საკუთრებაში გადაცემისთვის აუცილებელი კრიტერიუმია - სარგებლობის ფაქტიც. ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, კანონიერ მოსარგებლეს წარმოადგენს ფიზიკური პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისატრციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე სარგებლობს ფართით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე.
აპელანტის მითითებით, ბინაზე ორდერის გაცემის შემდგომ მოპასუხე (მ. მ-ე) არ ცხოვრობდა სადავო ბინაში, რაც გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან ბინით სარგებლობას და შესაბამისად, საკუთრების უფლების მინიჭებას.
შ. ხ-ის მტკიცებით, ბინაში კომუნალური გადასახადების გადამხდელად რეგისტრირებულია მხოლოდ თვითონ, მოპასუხე მოხსნილია რეგისტრაციიდან, ასევე მოსარჩელის მტკიცებით, ფაქტს, რომ მ. მ-ე სადავო ბინით არ სარგებლობდა, ადასტურებენ მოწმეებიც. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია მხოლოდ თვითონ.
სამართლებრივი: ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-22-ე პუნქტის თანახმად, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ბინას რამდენიმე მოსარგებლე ჰყავს, მაშინ მათივე შეთანხმებით აღნიშნული ფართობი გადადის ან საერთო საკუთრებაში ან ერთი ან რამდენიმე პირის საკუთრებაში დანარჩენი მოსარგებლეების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე. ზემოაღნიშნული აქტი არ ითვალისწინებს ერთი საცხოვრებელი ფართის, ერთი ბინის ნაწილის პრივატიზაციას და დანარჩენი ნაწილის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვებას (იხ. ს.ფ. 175-185).
მოპასუხე მ. მ-ემ სააპელაციო შესაგებლით, შ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინებით შ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 226-232)
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად სრულად არის დასაბუთებული.
აპელაციის მოტივების არ გაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სასამართლოს განმარტებით, კანონიერი მოსარგებლის სტატუსის განსაზღვრისთვის საჭიროა იგი ფლობდეს და სარგებლობდეს ამ ქონებით და გააჩნდეს ამ ქონებაზე უფლებადამდგენი დოკუმენტი.
სასამართლოს მითითებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მ. მ-ეს სადავო საცხოვრებელ ბინაზე გააჩნდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი - ბინის ორდერი, რომლითაც მას მეუღლესთან - შ. ხ-ესთან ერთად მიენიჭა საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლება, ისინი 1993 წლიდან 22 იანვრიდან მასში ცხოვრებით ფაქტობრივად დაეუფლნენ უძრავ ქონებას, შესაბამისად, როგორც საცხოვრებელი ბინის პოტენციურმა თანამესაკუთრეებმა მოიპოვეს მისი პრივატიზების უფლება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საცხოვრებელი ბინის პრივატიზების განხორციელების დროისათვის მ. მ-ის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო საცხოვრებლად სხვა ადგილას გადასვლა ან კომუნალური გადასახადების გადაუხდელობა ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების გამოყენებლობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს უძრავი ქონების მფლობელობიდან გასვლის ან უძრავი ქონების მიტოვების მტკიცებულებას, მით უფრო როდესაც საცხოვრებელი ბინის მიმართ მისი ინტერესის არსებობა საქმის მასლებით დადასტურებულია. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ბინის ორდერის მხოლოდ შ. ხ-ეზე გაცემის შემთხვევაში იმ დროს მოქმედი საქართველოს სსრ საბიანო კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, იგი გახდებოდა უფრო ნაკლები ფართის კანონიერი დამქირავებელი, შესაბამისად, მისი პოტენციური მესაკუთრე, ვიდრე მეუღლესთან ერთად გახდა.
სასამართლოს მითითებითვე, მ. მ-ისთვის უძრავი ქონების ½ იდეალური წილის სახით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა არ ეწინააღმდეგება დასახელებულ ბრძანებულებას. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი კანონიერი მოსარგებლის წერილობით განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობას ითვალისწინებს მხოლოდ ორი პირობის კუმულაციურად არსებობის შემთხვევაში - თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება მოსარგებლის მიერ ერთი ან რამდენიმე მოსარგებლის სასარგებლოდ, რაც მოცემული შემთხვევის გათვალისწინებით ერთობლიობაში არ არის სახეზე.
კასატორი: შ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: ქ. ბათუმის მერია, მ. მ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები:
პროცესუალური: გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია
ფაქტობრივი: კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ბინას ჰყავდა ორი მოსარგებლე. აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაშიც, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამრთლომ არასწორად დაადგინა, რომ მ. მ-ე ფლობდა ფართს და წარმოადგენს სადავო ბინის მოსარგებლეს. მოწმეთა ჩვენებებით და თავად მ. მ-ის წარმომადგენლის განმარტებით, უდავოდ დასტურდება, რომ მ. მ-ე ცხოვრობს არა სადავო ფართში, არამედ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ... . სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნივთზე მფლობელობა წყდება თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ემ დათმო სადავო ბინის მფლობელობა და ამდენად მისი მოსარგებლედ მიჩნევა დაუსაბუთებელია და უკანონოა.
სამართლებრივი: საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73-ე ბრძანებულების თანახმად, თუ ბინას ყავს რამდენიმე მესაკუთრე, მაშინ უსასყიდლოდ გადაცემა ხდება ყველა მოსარგებლეზე მათი წერილობითი თანხმობითი განცხადების საფუძველზე წილობრივად. კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სასმართლომ დაადგინ, რომ ბინას ჰყავს ორი თანამოსარგებლე, თუმცა ბინა საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ ერთ მოსარგებლეს ისე, რომ მეორე მოსარგებლე წინააღმდეგი იყო ამისა და პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე არ იცოდა და მხოლოდ შემთხვევით გაიგო.
კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-5 მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, „თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული იყო რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი შეიძლება გადასცემოდათ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ასევე ამავე წესების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განცხადებას თან უნდა დართვოდა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე იყო მითითებული და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ. კასატორის თქმით აღნიშნული ნორმით პირდაპირ არის დადგენილი, რომ ერთი ფართობის რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის არსებობის შემთხვევაში, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი შეიძლება გადაეცეთ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. კასატორი უთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელი იყო რამდენიმე მოსარგებლიდან მხოლოდ ერთისთვის საცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა და ფართობის მეორე ნაწილის სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო ასევე არ იყო უფლებამოსილი თავად გაენსაზღვრა საკუთრებაში გადასაცემი სადავო ბინის წილი, ვინაიდან წილის განსაზღვრა არც ადმინისატრციული ორგანოს და არც ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას არ წარმოადგენს.
კასატორი საკასაციო საჩივარი ასევე მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებულ პრაქტიკას, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებაში საქმეზე №ბს-323-320(კ-11) ერთმნივნელოვნად მიუთითებს, რომ საცხოვრებელი ბინის წილობრივი პრივატიზება დაუშვებელია და ასეთ რამეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა (იხ. ს.ფ. 239-246).
მოწინააღმდეგე მხარემ მ. მ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ამასთან მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებიდან გამომდინარე, სარჩელის დასაშვებობის საკითხზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ საცხოვრებელ ბინას ჰყავს ორი კანონიერი დამქირავებელი რომელთა წილი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის დროს თანაბარია, თითოეულის1/2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. მ-ეს გადაეცა ბინის ½ წილი, ხოლო შ. ხ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასაცემი ნაწილი ½ დარჩა ღიად, შესაბამისად გაურკვეველია რა ზიანს აყენებს შ. ხ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ გაცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, იმ პირობებში როცა ბინას ჰყავს ორი კანონიერი მოსარგებლე, მათ შორის მ. მ-ე, რა უფლებებში აღდგენას ისახავს მიზნად შ. ხ-ის მიერ აღძრული სარჩელი. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, შ. ხ-ის სარჩელით არ იკვეთება მოსარჩელის ინტერესი თუ რა უფლებებში აღდგენას ემსახურება მისი სარჩელი.
ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ის გარემოება, რომ მ. მ-ემ მიატოვა ბინით სარგებლობა და ამიტომ იგი ვერ ჩაითვლება მის კანონიერ მოსარგებლედ, უსაფუძვლოა, ვინაიდან, სამართლებრივად კანონიერი მოსარგებლე წარმოადგენს პირს, რომელსაც საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელ ფართზე გააჩნია კანონიერი სარგებლობის დოკუმენტი, შესაბამისად განმსაზღვრელია არა მხოლოდ ფართის ფიზიკურად სარგებლობა, არამედ მასზე კანონიერი სარგებლობის დოკუმენტის არსებობა (იხ. ს.ფ. 255-257).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები (სასკ 34.3 მ.):
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს შ. ხ-ის სარჩელი. კერძოდ, ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის მერიის 2011 წლის 23 სექტემბრის №01/346 ბრძანება, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 და 394-ე ,,ე” მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გაუქარწყლებია სააპელაციო საჩივრის მოტივაცია, არ გადმოუცია გადაწყვეტილებაში სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი არგუმენტაციის იურიდიული დასაბუთება, რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივ ობიექტურად დადგენისა და კანონიერი შეფასებების თაობაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ხ-ე და მ. მ-ე 1988 წლის 24 თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
ბათუმის სახლსაშენი კომბინატის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის 25 აგვისტოს №19 ოქმის საფუძველზე 1993 წლის 22 იანვარს გამოწერილ იქნა საცხოვრებელი ბინის ორდერი №06846, რომლითაც შ. ხ-ესა და მ. მ-ეს სარგებლობის უფლებით გადაეცათ ქ. ბათუმი, ... ქ. №9 ბ.№17-ში მდებარე 59,49 კვ.მ. ფართის ოროთახიანი ბინა (იხ. ს.ფ. 18)
მ. მ-ემ 2011 წლის 28 აპრილს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის №73-ე ბრძანებულების საფუძველზე მოითხოვა კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის, მდებარე, ქ. ბათუმში, ... ქ. №9-ში, №17 ოროთახიანი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა (იხ. ს.ფ. 48).
2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანებით მ. მ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმი, ... ქ. №9, ბ.№17-ში მდებარე 59,49 კვ.მ. ფართის ½ წილი, რაზედაც გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა №217 (იხ. ს.ფ. 46).
საკასაციო სასამართლო იზიარებს, კასატორის შ. ხ-ის კასაციის მოტივს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის განხილვისას არ გაითვალისწინა შ. ხ-ის უარი მ. მ-ისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. №9-ში, №17 ოროთახიანი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებმადე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელი ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობების მხარეებასა და მათ უფლებამოსილებას.
ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამავე მუხლის ,,ვ~ ქვეპუნტის შესაბამისად, საკუთრბაში გადაცემა ნიშნავს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე არაპრივატიზებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე კანონირი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მინიჭებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების მე-4 მუხლი განსზღვრავს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის წესს, რომლის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში, ამავე მუხლში მითითებულია განცხადებზე თანდართული დოკუმენტის ჩამონათვალიც.
ამდენად, მითითებული წესი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრებაში ფართის გადაცემის საკითხის განხილვისას შეამოწმოს განმცხადებლის მოთხოვნისა და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა აღნიშნული წესის მოთხოვნებთან.
აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია ასევე რამოდენიმე კანონიერი მოსარგებლის არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების წესი და პირობები. მე-5 მუხლის მე-22 ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამოდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არის რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ანუ თუ ბინას რამდენიმე თანამოსარგებლე ჰყავს, მაშინ ეს ბინა მათი შეთანხმებით გადადის ან ყველას საერთო საკუთრებაში ან ერთი ან რამდენიმე პირის საკუთრებაში დანარჩენი მოსარგებლბის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე.
ბათუმის სახლსაშენი კომბინატის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1993 წლის 22 იანვრის საცხოვრებელი ბინის №06846 ორდერის, შესაბამისად, შ. ხ-ე და მ. მ-ე წარმოადგენენ ქ. ბათუმში, ... ქ. №9-ში, №17 ოროთახიანი ბინის კანონიერ მოსარგებლეებს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-22 ქვეპუნტის თანახმად, მ. მ-ისათვის ბინის უსასიდლოდ გადაცემისათვის საჭირო იყო შ. ხ-ის თანხმობაც.
კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქ. ბათუმის მერიამ ისე მიიღო 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანება მ. მ-ისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. №9, ბ.№17-ში მდებარე 59,49 კვ.მ. ფართის ½ წილის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რომ არ გაითვალისწინა ბინის მეორე მოსარგებლის - შ. ხ-ის უარი მ. მ-ისათვის ქ. ბათუმში, ... ქ. №9, ბ.№17-ში მდებარე 59,49 კვ.მ. ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმში, ... ქ. №9, ბ.№17-ში მდებარე 59,49 კვ.მ. ბინის კანონიერ მფლობელებს შ. ხ-ესა და მ. მ-ეს შორის არსებობს კონფლიქტი, ანუ სადავო ვითარებაა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანო - ქ. ბათუმის მერია, მხარეთა შორის კონფლიქტის პირობებში არ იყო უფლებამოსილი მიეღო სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მით უფრო იდეალური წილების განსაზღვრით, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისად, პირს ენიჭება რაიმე სახის უფლებები და მოვალეობები, ადმინისტრაციული ორგანო არ არის ორ მხარეს შორის წამოჭრილი დავის გადამწყვეტი ორგანო, არც წილების განსაზღვრა შედიოდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაში, მით უფრო მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულება არ განსაზღვრავს როდესაც ბინის რამოდენიმე კანონიერი დამქირავებლის არსებობის შემთხვევაში, ბინის ერთ-ერთი მფლობელის (ამასთან, აღნიშნული ზემოაღნიშნული ბრძანებულება არ ითვალისწინებს ქონების წილობრივ პრივატიზაციას), თანხმობის არ არსებობის პირობებში განცხადების გადაწყვეტის სამართლებრივ შედეგს. რაც გულისხმობს, რომ ამგვარ ვითარებაში ანუ თანამფლობელთა შორის უთანხმოების პირობებში ორგანო არ არის უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ადმინისტრაციულ ორგანოს - ქ. ბათუმის მერიას მ. მ-ის განცხადების განხილვისას უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიას უარი უნდა ეთქვა მ. მ-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, და განემარტა მისი უფლებების სასამართლო წესით დაცვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირთა შორის კონფლიქტის გადაწყვეტა სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ფუნქციას წარმოადგენს და მმართველობით ორგანოებს, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა, სადავო საკითხების გადაწყვეტის კომპეტენცია არ გააჩნიათ.
საქმეში მონაწილე ფიზიკური პირების შეუთანხმებლობა სადავო ბინის საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს სამოქალაქო წესით, სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, რის შედეგადაც განისაზღვრება ბინათმფლობელთა სამართლებრვი უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლების დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები და შ. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ქ. ბათუმის მერია უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანება, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით;
5. ქ. ბათუმის მერიას დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/