Facebook Twitter

საქმე №ბს-600-589(4კ-12) 14 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - ა. ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. გ-ე, წარმომადგენელი ვ. ხ-ი (მინდობილობა 28.10.13წ., №131132785);

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს მთავრობა, წარმომადგენელი ფ. ზ-ი (ბრძანება 25.01.13წ., №27);

კასატორი (მოპასუხე) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, წარმომადგენელი ვ. ბ-ი (მინდობილობა 31.10.13წ., №199094);

კასატორი (მოპასუხე) – აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, წარმომადგენელი ზ. მ-ე (ბრძანება 05.12.11წ., №358);

მოწინააღმდეგე მხარეები (ი. გ-ის საკასაციო საჩივარზე) – 1. ქ. ბათუმის მერია, წარმომადგენელი მ. კ-ე (ბრძანება 28.10.13წ., №643); 2. აჭარის ა.რ. მთავრობა, წარმომადგენელი ო. დ-ე (განკარგულება 28.10.13წ., №201); 3. ე. ბ-ე, წარმომადგენელი ი. კ-ი (მინდობილობა 31.10.13წ., №131144234); 4. ნოტარიუსი ხ. კ-ი.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, კეთილსინდისიერი შემძენი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში და აქტის მიმართ კანონიერი ნდობა.

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.12წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ბათუმის მერიის 31.12.99წ. №430 განკარგულების თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. №70–72–ში მდებარე 116. 18 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართს შეეცვალა დანიშნულება და ჩაირიცხა საცხოვრებელ ფონდში, ფართი საცხოვრებლი ბინის დანიშნულებით გამოეყო ი. გ-ეს, ქ. ბათუმის საბინაო სამმართველოს დაევალა ბინის ორდერის გაცემა, ხოლო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს და №3 მიკრორაიონის გამგეობას – სათანადო ცვლილებების შეტანა აღრიცხვაში. ფართი აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად და ი. გ-ის სახელზე 22.09.2000 წ. გაიცა №00457 ორდერი.

2008 წლის აპრილის თვეში ი. გ-ემ სადავო ფართის პრივატიზაციის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულების საფუძველზე, განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას, რასაც დაურთო 22.09.2000წ. გაცემული ორდერი და მერიის 31.12.99წ. №430 განკარგულება. ქ. ბათუმის მერიამ 23.09.08წ №836 ბრძანებით ი. გ-ეს უარი უთხრა ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ 31.12.99წ. №430 განკარგულება არ აღსრულებულა. მერიამ მიუთითა, რომ ი. გ-ე ფაქტიურად ითხოვდა არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ №73 ბრძანებულებით უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემას ექვემდებარებოდა მხოლოდ ის არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც საცხოვრებელ ფართთან ერთად ქმნიდა ინდივიდუალური საკუთრების საგანს და შედიოდა სახელმწიფო საბინაო ფონდში. ი. გ-ემ მერიის 23.09.08წ. №836 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი აღძრა სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.12.08წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 23.09.08წ. №836 ბრძანება, მერიას დაევალა ახალი აქტის გამოცემა უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ი. გ-ეზე გადაცემის საკითხის განხილვის შემდეგ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.06.09წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, კერძოდ, 30.09.08წ. მიმართა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. 70–72–ში მდებარე 116 კვ.მ ფართის სახელმწიფოს სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვის საკითხის განხილვა. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 26.11.08წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს გაუგზავნა №01–22/4500 მიმართვა, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში ... ქ. №70–72–ში მდებარე ფართის, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთით, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია, რაც აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 26.11.08წ. მიმართვის საფუძველზე 26.11.08წ. განხორციელდა.

08.12.08წ. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და წარუდგინა აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მონაცემები, რის თაობაზეც თავის მხრივ ეცნობა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულებით აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადაეცა რამოდენიმე ობიექტი, მათ შორის ქ. ბათუმში, ... ქ. №70–72–ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი. 10.03.09წ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომლითაც ... ქ. №70–72–ში მდებარე 116 კვ.მ. ფართი გადაეცა აჭარის ა.რ. მთავრობას საკუთრებაში და იგი 14.03.09წ. საჯარო რეესტრში აღირიცხა აჭარის ა.რ. საკუთრებად.

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 18.03.09წ. №143 ბრძანებით ქ. ბათუმში, ... ქ. №70–72–ში მდებარე 116 კვ.მ. ფართზე გამოცხადდა აუქციონი. 21.04.09წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №201 ოქმით ფართი შეიძინა ე. ბ-ემ, 24.04.09წ. მასზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 23.01.09წ. სადავო ფართზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე. ბ-ის საკუთრების უფლება.

ი. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა: ქ. ბათუმის მერიის 30.09.08წ. №2–26–2428 წერილის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 26.11.08წ. №01–22/4500 მიმართვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 27.11.08წ. ჩანაწერის, საქართველოს პრემიერ–მინისტრის 02.03.09წ. №151 განკარგულების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 10.03.09წ. დადებული ხელშეკრულებისა და შესაბამისად სადავო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 16.03.09წ. ჩანაწერის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 18.03.09წ. №143 ბრძანების ბათილად ცნობა, აგრეთვე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №201 ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი №938 მოწმობის ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.05.09წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი. გ-ის განცხადება, ე. ბ-ეს აეკრძალა სადავო ქონების გასხვისება. სააპელაციო სასამართლოს 21.07.09წ. განჩინებით ე. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30.11.09წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.06.10წ. განჩინებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს 13.04.11წ. განჩინებით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.08.11წ. გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 26.11.08წ. №01–22/4500 მიმართვა, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 27.11.08წ. ჩანაწერი; ფართზე აუქციონის გამოცხადების შესახებ 18.03.09წ. №143 ბრძანება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას დაევალა ძალადაკარგულად გამოცხადდეს 02.03.09წ. №151 განკარგულება, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა 16.03.09წ. ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადება. მოსარჩელის მოთხოვნა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 21.04.09წ. №201 ოქმისა და 24.04.09წ. საკუთრების დამადასტურებელი №938 მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მერიის მოსაზრება, რომ მერიის 31.12.1999წ. განკარგულება არ აღსრულებულა. სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ არ არსებობს 31.12.1999წ. განკარგულებისა და 22.09.2000წ. ორდერის არარად ცნობის საფუძველი. სკ-ის 155-ე, 156-ე, 161-ე მუხლებით დაცულია მართლზომიერი მფლობელის უფლებები, მფლობელობის პერიოდში კეთილსინდისიერ მფლობელს აქვს მესაკუთრის მსგავსი უფლებები, მფლობელობა წყდება მხოლოდ მესაკუთრის დასაბუთებული პრეტენზიის გამო. ი. გ-ე უფლებამოსილი იყო მისთვის გადაცემული ფართი გამოეყენებინა საკუთარი შეხედულებისამებრ, ნივთით სარგებლობის უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას არ ისარგებლოს ნივთით. სასამართლომ დადგენილად ცნო საქმეზე, რომ საცხოვრებელი ფართის სტატუსის მინიჭების შესახებ, აქტის გამოცემისას ფართი არ იმყოფებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. საბინაო ფონდში რიცხული საცხოვრებელი ფართის განკარგვა შესაძლებელი იყო მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ და არა სახელმწიფოს რომელიმე სხვა ორგანოს მიერ. მერიამ იმ დროს მიმართა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული დავის განხილვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ ჰქონდა სადავო ფართის სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნის უფლება, მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებაში შესაძლებელი იყო იმ ფართის აღრიცხვა, რომელიც არ იყო საბინაო ფონდში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ როდესაც აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო მერიის წერილი, მერიაში არ იყო დასრულებული ადმინისტრაციული წარმოება ი. გ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხოლო სამინისტროს მიერ მიმართვის საჯარო რეესტრისათვის წარდგენის დროს სასამარლოში მიმდინარეობდა ი. გ-ის სარჩელის განხილვა. სზაკ-ის 95.2 მუხლის თანახმად, სამინისტროს ი. გ-ე, როგორც დაინტერესებული პირი, უნდა მოეწვია ადმინისტრაციულ წარმოებაში. სასამართლომ სამინისტროს მიმართვა აქტად მიიჩნია და 601.1 მუხლის, აგრეთვე სასკ-ის 22-ე, 32.1 მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ 26.11.08წ. №01-22/4500 მიმართვა ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულებასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ განკარგულება, სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, სზაკ-ის 61 მუხლის თანახმად ექვემდებარება გამოცემის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადებას, ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ამ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

აჭარის ა.რ. მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ის არის აუცილებელი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმა, რომელიც უნდა გაფორმდეს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა.რ. მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 10.03.09წ. დადგენილი ადმინისტრაციული ხელშეკრულება ეფუძნება საქართველოს მთავრობის 19.02.05წ. №26 დადგენილებას.

საქალაქო სასამართლომ სზაკ-ის 61-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს სადავო ქონების ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ 16.03.09წ. ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადება იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად არის ცნობილი სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.08წ. ჩანაწერი ფართის სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვის შესახებ და ძალადაკარგულად გამოცხადებას ექვემდებარება საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულება.

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 18.03.09წ. №143 ბრძანებასთან დაკავშირებით, რომლითაც სადავო ფართზე გამოცხადდა აუქციონი, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ამ აქტის გამოცემისას სამინისტროსათვის ცნობილი იყო ფართთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ, აქტით შეილახა ი. გ-ის უფლება სადავო ფართზე. რაც შეეხება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს, სასამართლომ ის გარიგებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოპასუხეს ე. ბ-ის, როგორც მყიდველის, საკუთრების უფლებას იცავს სამოქალაქო კოდექსის ნორმები კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით. სკ-ის 185-ე, 312-ე მუხლები იცავენ შემძენის ინტერესებს, ე. ბ-ე კეთილსინდისიერი შემძენია, ამდენად ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 09.08.11წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. გ-ის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.05.12წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მერიის 31.12.1999წ. №430 განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. გ-ის მოთხოვნა არასაცხოვრებელი ფართის საცხოვრებელ ფონდში გადაყვანისა და ფართის საცხოვრებელი ბინის დანიშნულებით გამოყოფის შესახებ, დღემდე ძალმოსილი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტია, რომლის საფუძველზე ი. გ-ეს წარმოეშვა მართლზომიერი უფლებები. სასამართლომ არ გაიზიარა მერიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული აქტი აღსრულებული არ ყოფილა და მიუთითა, რომ ბინის ორდერის გაცემა ნიშნავდა 31.12.99წ. №430 განკარგულების აღსრულებას, შესაბამისად ი. გ-ეს კანონიერი ნდობის უფლება ჰქონდა აღნიშნული აქტის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე მერიის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 31.12.99წ. №430 განკარგულება და 22.09.2000წ. ორდერი არარა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებია და აღნიშნა, რომ არ არსებობს სზაკ–ის მე–60 მუხლით განსაზღვრული ამ აქტების არარად აღიარების რომელიმე საფუძველი, ამასთანავე აქტს არარად აღიარებს მისივე გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხსენებული აქტები სადღეისოდ ძალაშია და ამ საფუძველზე ფართის მართლზომიერ მფლობელს ი. გ-ე წარმოადგენს. აქტებს არარად არ აქცევს ის გარემოება, რომ ი. გ-ე არ იყენებდა ფართს საცხოვრებელი დანიშნულებით, უკეთუ მერია წინააღმდეგი იყო ი. გ-ის მიერ ფართის არასაცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენებაზე, მას უნდა დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება №430 განკარგულების და ორდერის გაუქმებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგულისხმებოდა, რომ მერია ეთანხმებოდა მართლზომიერი მფლობელის მიერ ფართის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენებას, ი. გ-ე უფლებამოსილი იყო მისთვის გადაცემული ფართი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა. 31.12.1999წ. №430 განკარგულებას ი. გ-ის მიმართ სამართლებრივი შედეგი მოყვა – ი. გ-ე ამ ფართის მართლზომიერი მოსარჩელე გახდა და მოქმედი კანონმდებლობით გაუჩნდა საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ 31.12.1999წ. №430 განკარგულებისა და 22.09.2000 საცხოვრებელი ბინის ორდერის გაუქმების გარეშე სადავო ფართის სამართლებრივი რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია, ამ აქტების მიმართ ი. გ-ეს კანონიერი ნდობის უფლება აქვს, რამდენადაც კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება არ არსებობს. ი. გ-ესა და მერიას შორის ფართის პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავის წარმოშობის მომენტისათვის ფართის გადაცემა განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით, მერიამ თავისი წერილით აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ დროს მოთხოვა სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებად გადაცემის თაობაზე ი. გ-ის მოთხოვნის კანონიერების საკითხი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ ჰქონდა უფლება საჯარო რეესტრისათვის მოეთხოვა სადავო ფართის სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვა, რადგანაც ამ ფართზე ი. გ-ეს მართლზომიერი სარგებლობის უფლება ჰქონდა მინიჭებული 31.12.1999წ. №430 განკარგულებითა და 22.09.2000წ. ორდერით, რომლებიც არ გაუქმებულა, ხოლო მერიის ბრძანება, რომლითაც ი. გ-ეს უარი ეთქვა სადავო ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე არ იყო კანონიერ ძალაში შესული (დავას სასამართლო იხილავდა). სამინისტროსათვის ცნობილი იყო სადავო ფართზე ი. გ-ის პრეტენზიისა და ინტერესის შესახებ, რაც სზაკ–ის 95.2 მუხლის მიხედვით ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს ი. გ-ის, როგორც დაინტერესებული პირის, ადმინისტრაციული წარმოებაში მოწვევას. სზაკ–ის 182–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სამინისტროს თავი უნდა შეეკავებინა სადავო ფართის სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვისაგან, ვიდრე კანონიერ ძალაში არ შევიდოდა სასამართლო გადაწყვეტილება. ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.08წ. ჩანაწერი ფართზე სახელმწიფო საკუთრების უფლების აღრიცხვის შესახებ უკანონო აქტის საფუძველზეა განხორციელებული, რაც ამ ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულებას, რომლითაც აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადაეცა სადავო ფართი, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 19.02.05წ. №26 დადგენილების შესაბამისად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების აჭარის ა.რ. გადაცემის შესახებ იღებს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო საკუთრების უფლება მოცემულ შემთხვევაში დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერით. ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 26.11.08წ. განხორციელებული ჩანაწერი ბათილია, სასამართლომ მიიჩნია, რომ მთავრობის №151 განკარგულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი ექვემდებარება ძალადაკარგულად გამოცხადებას გამოცემის დღიდან, რის გამოც საქართველოს მთავრობას უნდა დაევალოს 02.03.09წ. №151 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება სადავო ფართის ნაწილში.

ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 26.11.08წ. ჩანაწერის ბათილობის, საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულების ძალადაკარგულობის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მისი განხორციელების დღიდან ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 16.03.09წ. ჩანაწერი, რომლითაც ფართი აჭარის ა.რ. საკუთრებად დარეგისტრირდა. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ კანონსაწინააღმდეგოა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 18.03.09წ. №143 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელის უფლება შეილახა, რის გამოც ის ბათილად უნდა გამოცხადდეს.

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №201 ოქმი სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა გარიგებად, სასამართლომ მიუთითა, რომ ოქმი და საკუთრების დამადასტურებელი №938 მოწმობა, ასევე ე. ბ-ისათვის 70 400 ლარის საფასურად ... ქ. №70/72–ში მდებარე ფართის საკუთრებაში გადაცემა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად განხორციელდა, მოპასუხე ე. ბ-ის საკუთრების უფლებას იცავს სკ–ის ნორმები (185–ე, 312–ე მუხ.) კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით. ვინაიდან აუქციონზე გატანილი ქონება რეგისტრირებული იყო აჭარის ა.რ. საკუთრებად, ამდენად ე. ბ-ე ფართის კეთილსინდისიერი შემძენია და მისი საკუთრების უფლება კანონით არის დაცული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავრობის, ი. გ-ის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ.

საქართველოს მთავრობა საკასაციო საჩივრით მოითხოვს განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მას დაევალა საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობა. კასატორი თვლის, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, სახეზეა სსკ–ის 394–ე მუხლის „ე“ და „ე1 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, სხვა აქტებთან ერთად, საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულების (სათავო ფართის ნაწილში) ბათილად ცნობა წარმოადგენდა. არც სარჩელი და არც ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს სასარჩელო მოთხოვნა არ ჩამოყალიბებულა განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის დავალების მიმართულებით. სსკ–ის 248–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს არ აქვს უფლება მიაკუთვნოს მხარეთა გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა. კასატორი თვლის, რომ სასამართლო უნდა შემოფარგლულიყო საქართველოს მთავრობის განკარგულების ბათილად ცნობაზე უარის თქმით ბათილობის წინაპირობების არარსებობის გამო და არ უნდა განევრცო მსჯელობა ძალადაკარგულობაზე ასეთი მოთხოვნის არარსებობის გამო. სარჩელი აღძრული იყო სასკ–ის 22–ე მუხლის საფუძველზე, ხოლო სასამართლომ თავისი ინიციატივით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სასკ–ის 23–ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით მიიღება აქტის გამოცემაზე. გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს უარის არარსებობის პირობებში. კეთილსინდისიერ შემძენზე მითითებით სასამართლომ ძალაში დატოვა აუქციონის შედეგები, რაც გაუგებარს ხდის საქართველოს მთავრობის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალების აუცილებლობას, ვინაიდან ასეთი შედეგის დადგენა შესაძლებელი იყო განკარგულების ძალაში დარჩენის შემთხვევაშიც.

ი. გ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულების ბათილად ცნობას ქ. ბათუმში, ... ქ. №70–72–ში მდებარე სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, კასატორი მოითხოვს აგრეთვე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 16.03.2000წ. ჩანაწერის ბათილად ცნობას, რომლითაც მოხდა აჭარის ა.რ. საკუთრებად აღრიცხვა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 21.04.09წ. №201 ოქმისა და 24.04.09წ. საკუთრების დამადასტურებელი №938 მოწმობის ბათილად ცნობა, მერიის 30.09.08წ. №2–26–2428 წერილის, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 10.03.09წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობას.

ი. გ-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილში არ ასახა დაკმაყოფილდა თუ არა ქ. ბათუმის მერიის 30.09.08წ. №2-26-2428 წერილის, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და აჭარის ა.რ მთავრობას შორის 10.03.09წ. დადებულ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნები. არასწორია საქართველოს მთავრობისათვის 02.03.09წ. №151 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების დავალება, ვინაიდან არ არის სახეზე სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი არც ერთი საფუძველი, ხოლო სზაკ-ის 61-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას სულ სხვა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოყვეს. კასატორი თვლის, რომ ყველა აქტის მიღება მოხდა მინაზმიმართულად, რათა მას წართმეოდა გადაცემული ბინა. სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღიარება მოხდა იმის მიუხედავად, რომ ფართის პრივატიზაციაზე მოთხოვნა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა, სახეზეა სზაკ-ის მე-5 მუხლის მოთხოვნის დარღვევა. სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულების ბათილად ცნობა, რადგან ეს აქტი მიღებულია სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე და სზაკ-ის პრინციპებიდან გამომდინარე ყველა ბათილად ცნობილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მიღებული შემდგომი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო დავა ქ. ბათუმის მერიის 23.09.08წ №836 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ი. გ-ის სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი, სადაც მოპასუხეები იყვნენ ქ. ბათუმის მერია და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის მთავრობამ მიიღო 02.03.09წ. №151 განკარგულება, გაფორმდა 10.03.09წ. ხელშეკრულება და გამოცხადდა აუქციონი. ფართის პრივატიზაციასთან დაკავშირებით დავის განმხილველი სასამართლოს სხდომებზე მოპასუხე მხარეებს არ განუცხადებიათ აუქციონის შესახებ, რის შედეგადაც კანონით დადგენილი წესების დარღვევით მოხდა ი. გ-ის ბინიდან გამოსახლება. სასამართლომ ისე მიიჩნია ე. ბ-ე კეთილსინდისიერ შემძენად, რომ არ გაითვალისწინა სზაკ-ის 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის მოთხოვნები. ვინიადან სასამართლომ ბათილად ცნო აუქციონის გამოცხადების შესახებ 18.03.09წ. №143 ბრძანება, სზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ბათილად უნდა ეცნო აუქციონის შედეგები და არ უნდა გამოყენებულიყო კეთილსინდისიერების პრინციპი. სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ე. ბ-ისათვის ცნობილი იყო სადავო ფართზე ი. გ-ის უფლებების შესახებ, სასამართლოს არ უმსჯელია მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ე. ბ-ემ, როგორც მეზობელმა, კარგად იცოდა ფართზე დავის მიმდინარეობის შესახებ, აღნიშნულის შესახებ მოწმეებიც აფრთხილებდნენ. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ე. ბ-ემ წინასწარ იცოდა ბინის ი. გ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის, ბინაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისა და სასამართლოში დავის მოგების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად ე. ბ-ემ მოპასუხეებთან წინასწარი შეთანხმებით შეიძინა სადავო ფართი. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლოს 18.06.10წ. კანონიერ ძალაში შესული განჩინების მითითებებით, რომლებიც სავალდებულოა ქვემდგომი სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი კრიტიკისა და შეფასების გარეშე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 393- და 394-ე მუხლების მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.05.12წ. განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 26.11.08წ. №01–22/4500 მიმართვა და 18.03.09წ. №143 ბრძანება აუქციონის გამოცხადების შესახებ. კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმაზე თითქოს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ცნობილი იყო ისეთი გარემოების შესახებ, რაც გამორიცხავდა სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვას და შემდგომში მის განკარგვას. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სადავო ქონება სახელმწიფოს საკუთრებად ქონების რეგისტრაციამდე არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა. ეს იყო დაურეგისტრირებელი სახელმწიფო ქონება. ქონების განკარგვისას არ დარღვეულა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის მოთხოვნები. საქმის სასამართლოში განხილვისას ი. გ-ეს არ მოუთხოვია უზრუნველყოფის რომელიმე ღონისძიების გამოყენება, ხოლო სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს არ ერთმევათ უფლება გაყიდონ ან სხვაგვარად გაასხვისონ დავის საგანი, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ი. გ-ე ვერ შეძლებდა სადავო ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, რადგან მას არ გააჩნდა ამის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად სამინისტროს ქმედებები კანონიერია და არ არსებობდა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 26.11.08წ. №01–22/4500 მიმართვის ბათილად ცნობის საფუძველი. სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის დროს სამინისტრო ვალდებული არ იყო ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაება ი. გ-ე. სამინისტროსათვის ქ. ბათუმის მერიის 30.09.08წ. №2-26-2428 წერილით გახდა ცნობილი, რომ ი. გ-ე ქ. ბათუმის მერიისაგან ითხოვდა ფართის საკუთრების უფლებით გადაცემას, რაც ქ. ბათუმის მერიის 23.09.08წ. №836 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. ამ ბრძანებით ქ. ბათუმის მერიაში წარმოება დასრულდა. შესაბამისად არასწორია სასამართლოების მითითება ი. გ-ის წარმოებაში ჩაბმის ვალდებულებაზე, სასამართლოები ვერ უთითებენ სამართლებრივ ნორმებზე, თუ რის საფუძველზე გააჩნდა სამინისტროს ეს ვალდებულება. არასწორად მოხდა სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება ი. გ-ის სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად მიჩნევისას, რადგან ფართის მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო და მისი უფლებები დაცულია სკ-ის 170-ე მუხლით. არასწორია აგრეთვე განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 18.03.09წ. №143 ბრძანება აუქციონის გამოცხადების შესახებ, ვინაიდან ქონება წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, აუქციონი ჩატარდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის მოთხოვნების სრული დაცვით და არ არსებობდა ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური საკასაციო საჩივრით მოითხოვს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არსებობს სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნტით განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად რომ სადავო ფართი ტექბიუროში აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის საკუთრებად და ი. გ-ის სახელზე გაიცა ორდერი. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივის სააღრიცხვო ბარათით დგინდება, რომ სადავო ფართის ქ. ბათუმის მერიის სახელზე აღრიცხვა არ განხორციელებულა ამ ფართის საბინაო ფონდში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული არასაცხოვრებრლი ფართი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე თავიდანვე აღრიცხული იყო ქ. ბათუმის მერიის სახელზე. 31.12.99წ. №430 განკარგულება არ აღსრულებულა, არ მომხდარა მისი საბინაო ფონდში გადაყვანა, რის გამოც ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მისი განკარგვის უფლება არ ქონდა. შესაბამისად სახელმწიფო უფლებამოსილი იყო სადავო ფართი აღერიცხა საკუთრების უფლებით. აღრიცხვა განხორციელდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, რადგან არ არსებობდა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. რეგისტრაციისას არ დარღვეულა კანონის ნორმები, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. კანონიერია აგრეთვე 16.03.09წ. საჯარო რეესტრის ჩანაწერი ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების შესახებ, რომელიც განხორციელდა უფლების დამდგენი დოკუმენტის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ მთავრობას შორის 10.03.09წ. დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. კანონიერია ასევე სადავო ფართის ე. ბ-ის საკუთრების უფლებით აღრიცხვა, რომლის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი მოწმობა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ რეგისტრაციის საფუძვლის ბათილად ცნობა კანონმდებლობით იწვევს რეგისტრაციის არა ბათილობას, არამედ ძალადაკარგულობას. წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 27.11.08წ. ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივრებს და მოითხოვეს თავიანთი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება. ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ა.რ. მთავრობის, ე. ბ-ის წარმომადგენლებმა არ ცნეს ი. გ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო საქართველოს მთავრობის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ ქ. ბათუმის მერიის 31.12.99წ. №430 განკარგულების თანახმად ქ. ბათუმში, ... ქ. №70–72–ში მდებარე 116. 18 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს შეეცვალა დანიშნულება და ჩაირიცხა საცხოვრებელ ფონდში, ფართი საცხოვრებლი ბინის დანიშნულებით გამოეყო ი. გ-ეს, ქ. ბათუმის საბინაო სამმართველოს დაევალა ბინის ორდერის გაცემა, ხოლო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს და №3 მიკრორაიონის გამგეობას – სათანადო ცვლილებების შეტანა აღრიცხვაში. ი. გ-ის სახელზე 22.09.2000 წ. გაიცა №00457 ორდერი. 2008 წლის აპრილის თვეში ი. გ-ემ სადავო ფართის პრივატიზების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულების საფუძველზე, განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას, რასაც დაურთო 22.09.2000წ. გაცემული ორდერი და ქ. ბათუმის მერიის 31.12.99წ. №430 განკარგულება. ქ. ბათუმის მერის 23.09.08წ №836 ბრძანებით ი. გ-ეს უარი ეთქვა ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე იმ საფუძვლით, რომ 31.12.99წ. №430 განკარგულება არ აღსრულებულა. მერის 23.09.08წ. №836 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით ი. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.12.08წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 23.09.08წ. №836 ბრძანება, მერიას დაევალა უძრავი ქონების საკუთრების უფლებით ი. გ-ეზე გადაცემის საკითხის განხილვის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმის მერიამ 30.09.08წ. №2-26-2428 წერილით მიმართა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ითხოვა ქ. ბათუმში, ი. ... ქ. 70–72–ში მდებარე 116 კვ.მ ფართის სახელმწიფოს სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხვის საკითხის განხილვა. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 26.11.08წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს გაუგზავნა №01–22/4500 მიმართვა, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. №70–72–ში მდებარე ფართის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვა. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 26.11.08წ. მიმართვის საფუძველზე ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 27.11.08წ. სადავო ფართი აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ 08.12.08წ. წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და წარუდგინა აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მონაცემები, რის თაობაზეც თავის მხრივ ეცნობა საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულებით აჭარის ა.რ. საკუთრებაში გადაეცა რამოდენიმე ობიექტი, მათ შორის ქ. ბათუმში, ... ქ. №70–72–ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 10.03.09წ. დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომლითაც ... ქ. №70–72–ში მდებარე 116 კვ.მ. ფართი გადაეცა აჭარის ა.რ. მთავრობას საკუთრებაში და იგი 14.03.09წ. საჯარო რეესტრში აღირიცხა აჭარის ა.რ. საკუთრებად. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 18.03.09წ. №143 ბრძანებით ქ. ბათუმში, ... ქ. №70–72–ში მდებარე 116 კვ.მ. ფართზე გამოცხადდა აუქციონი. 21.04.09წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №201 ოქმით ფართი შეიძინა ე. ბ-ემ, 23.04.09წ. სადავო ფართზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ე. ბ-ის საკუთრების უფლება. 24.04.09წ. ე. ბ-ეზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო პალატამ არ იქონიეს მსჯელობა მოსარჩელის ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოითხოვდა ქ. ბათუმის მერის 30.09.08წ. №2-26-2428 წერილის ბათილად ცნობას. საქმის მასალებით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.04.09წ. და 05.05.09წ. განჩინებებით) დასტურდება, რომ ი. გ-ის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დაშვებულ იქნა მთლიანად, ყველა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში. საქმეში დაცული საპროცესო დოკუმენტებით არ დასტურდება მოსარჩელის და შემდგომში აპელანტის ი. გ-ის მიერ ამ მოთხოვნაზე უარის თქმა. მიუხედავად ამისა არც ერთი ინსტანციის სასამართლოს ამ მოთხოვნაზე არ უმსჯელია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილზე და მისცეს მას სამართლებრივი შეფასება, დაადგინოს მერის წერილის ბუნება (აქტი, მოქმედება), უკეთუ სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერის 30.09.08წ. №2-26-2428 წერილი არ არის უშუალო სამართლებრივი შედეგის გამომწვევი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და თავისი არსით არის შუალედური აქტი, რომელიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება და ამდენად არ აკმაყოფილებს დასაშვებობის მოთხოვნებს (სასკ-ის 262 მუხ.), ამ ნაწილში სასამართლოს აქტით საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა აგრეთვე ი. გ-ის ერთ-ერთი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 10.03.09წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას. მოსარჩელის მოთხოვნის ამ ნაწილზე არც ერთი ინსტანციის სასამართლოს გაადწყვეტილება არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში ი. გ-ე საგანგებოდ ამახვილებდა ყურადღებას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის იგნორირების შესახებ (ტ.4, ს.ფ. 115), სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის ამ მოთხოვნის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რაც შეუძლებელს ხდის საკასაციო ინსტანციისათვის სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმებას. უფრო მეტიც, 10.03.09წ. დადებული სადავო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საერთოდ არ ჩართულა საქმეში მხარედ, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში შემოიფარგლა საქართველოს მთავრობის 19.02.05წ. №26 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ა.რ. სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ დებულებების ციტირებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს რაიმე დებულებას გასაჩივრებული 10.03.09წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. სასამართლოს განჩინება სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის მიმართ წინააღმდეგობრივია, ერთის მხრივ, სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამოტივაციო ნაწილში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ აჭარის ა.რ. მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების გადაცემის ფორმას, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე უნდა გაფორმდეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები დაეთანხმნენ ქონების გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების სადავო ფართის ნაწილში გაუქმების, კერძოდ, მისი ძალადაკარგულად გამოცხადების საჭიროებას, ორივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ა.რ. მთავრობასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტროს შორის დადებული ხელშეკრულება ეფუძნება საქართველოს მთავრობის 19.02.05წ. №26 დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 19.02.05წ. №26 დადგენილების 2.6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ქონების გადაცემა ფორმდება მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 19.02.05წ. №26 დადგენილებაში 17.09.12წ. №383 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ქონების გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეა და უნდა ჩაებას საქმის განხილვაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებას სადავო უძრავი ქონების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს და შეაფასოს ხელშეკრულების სადავო ნაწილის კანონიერება და ხელშეკრულების სადავო ნაწილთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვის შესახებ 16.03.09წ. ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადება, რაც უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე დაავალა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს გასაჩივრებული 16.03.09წ. ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადება, რომ არ იმსჯელა და სამართლებრივი შეფასება არ მისცა რეგისტრაციის საფუძველს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აჭარის ა.რ. მთავრობას შორის 10.03.09წ. დადებული ხელშეკრულება, რაც დამატებით ადასტურებს სასამართლოს მიერ მითითებული ხელშეკრულების გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროებას. სააპელაციო სასამართლოს არ მოჰყავს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 16.03.09წ. ჩანაწერთან დაკავშირებით მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილება, კერძოდ სადავო რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება და არა ბათილად ცნობა. ამდენად, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის თანახმად სარეგისტრაციო სამსახური იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 9.3 მუხლის თანახმად რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს. საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ სადავო ფართის მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემულია 16.03.09წ. №882009072640-03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის შედეგად სადავო ქონება აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელზე. ამდენად, მოთხოვნის დაზუსტების შედეგად სააპელაციო სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა სარეგისტრაციო სამსახურის ხსენებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ი. გ-ის მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი 27.11.08წ. ჩანაწერი, რომლითაც სადავო ფართი აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო ფართის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია ამჟამად გაუქმებულია, ვინაიდან ფართი შემდგომში აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო შემდგომ ე. ბ-ის საკუთრებად. აღნიშნული არ გამორიცხავს ფართის სახელმწიფოს სახელზე 26.11.08წ. განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს აგრეთვე ამჟამად მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დებულება იმის შესახებ, რომ რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მოცემულ შემთხვევაში სამინისტროს მიმართვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლის - სამინისტროს მიმართვის ბათილად ცნობა არ გამორიცხავს რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რეგისტრაციის საფუძვლის - აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 26.11.08წ. №01-22/4500 მიმართვის ბათილად ცნობით არ ისპობა რეგისტრაციის მომენტიდან რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის დასმის შესაძლებლობა. სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. რეგისტრაციის საფუძვლის გაუქმების შემთხვევაში რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს აგრეთვე სზაკ-ის 190-ე, სასკ-ის 32.3 მუხლების შინაარსიდან. რეგისტრაციის საფუძვლის ბათილად ცნობა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ქმნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძველს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის ბათილად ან არარად გამოცხადების შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სზაკ-ის 601 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს, შესაძლებელია განისაზღვროს აქტის მოქმედების შეწყვეტა მისი ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობის დღიდან და მომავალში კონკრეტული თარიღის მითითებით. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს საჯარო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებებს გასაჩივრებული განჩინების ამ ნაწილის მიმართ.

საკასაციო პალატა არ იზირებს სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა სადავო ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის პერიოდში მოქმედი „უძრავ ნივთზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. რეგისტრაციის საფუძვლის - სამინისტროს მიმართვის ბათილად ცნობის პირობებში, კასატორის ეს მოსაზრება არ ადასტურებს სადავო რეგისტრაციის კანონიერებას. გარდა ამისა, სკ-ის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე მის ფუნქციებს ახორციელებდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. №70-72-ში მდებარე სადავო ფართი ტექბიუროში თავიდანვე აღრიცხული იყო ქ. ბათუმის მერიის (ქალაქის საბჭოს) საკუთრებად. საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით 30.01.08წ. მდგომარეობით სადავო უძრავი ქონება ქ. ბათუმის მერიის საკუთრებაში იმყოფებოდა (ტ.1, ს.ფ.39). სადავო ფართის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის დროს მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის თანახმად, არსებითი წინააღმდეგობის არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებასა და საჯარო რეესტრში უკვე რეგისტრირებულ უფლებრივ მდგომარეობას შორის რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველია (24.1 მუხ. „ა“ ქვეპუნქტი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მოსაზრება სადავო ფართის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის კანონიერების შესახებ.

საკასაციო პალატა არ იზიარებს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 26.11.08წ. №01-22/4500 მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უსწორობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი. მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს რეგისტრაციის ბათილობასთან ერთად ბუნებრივია შეადგენს იმ საფუძვლის მოსპობა, რომელიც ქმნის ქონების რეგისტრაციის ერთადერთ სამართლებრივ პირობას და რომლითაც მოსარჩელის მოსაზრებით შეილახა მისი უფლება. ქონების რეგისტრაციის რეგულირების სფეროში სხვადასხვა დროს მოქმედი კანონმდებლობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შესაბამისად აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, როგორც სამართლის სუბიექტი, ამ თვალსაზისით გამონაკლისს არ ქმნის. მიმართვა, როგორც საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი, თავისი არსით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, ვინაიდან იგი აკმაყოფილებს სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, იწვევს სამართლებრივ შედეგს. მიმართვის საფუძველზე განხორციელდა უძრავი ქონების სადავო რეგისტრაცია, აღნიშნულის შესაბამისად სადავო რეგისტრაციის საფუძვლად საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სწორედ, რომ სამინისტროს 26.11.08წ. №01-12/4500 მიმართვაა მითითებული. შესაბამისად, 26.11.08წ. №01-22/4500 მიმართვის კანონიერება უნდა შემოწმდეს სზაკ-ის ნორმების მიხედვით. საქმეში დაცული მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ი. გ-ე არის ის დაინტერესებული პირი, რომლის ინტერესებსაც უშუალოდ შეეხებოდა სადავო ფართის განკარგვა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სწორედ სხვა პირზე სადავო ფართის განკარგვის მიზნით წარდგენილ იქნა მიმართვა სარეგისტრაციო სამსახურში, რითაც უარესდებოდა. ი. გ-ის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ მას ერთმეოდა ფართით სარგებლობისა და საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის წარდგენის უფლება. ამდენად, სზაკ-ის 95-ე მუხლის თანახმად, ი. გ-ის ადმინისტრაციულ წარმობაში ჩაბმის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს. სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება გაერკვია დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა მიმართვის შედეგად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო სამსახურისადმი სამინისტროს 26.11.08წ. მიმართვის წარდგენამდე ქ. ბათუმის მერიის 30.09.08წ. წერილით სამინისტროს ეცნობა, რომ მერიის 31.12.1999წ. №430 განკარგულებით და 22.09.2000წ. ორდერით 116.18 კვ.მ. ფართი საცხოვრებელ ფართში იყო ჩარიცხული და გადაეცა ი. გ-ეს, სამინისტროს ეცნობა აგრეთვე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ი. გ-ის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე, ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ ი. გ-ის განცხადება და მასთან დაკავშირებული საქმის მასალები დაერთო წერილს. მერიის უარი ფართის უსასყიდლოდ ი. გ-ისათვის გადაცემის შესახებ არ გამორიცხავდა, უფრო მეტიც – გულისხმობდა, უარის გაუქმების და მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად არ არსებობდა სადავო ფართთან დაკავშირებით სარეგისტრაციო სამსახურისადმი სამინისტროს მიმართვის წარდგენისა და სამინისტროს მიერ სადავო ფართზე აუქციონის გამოცხადების შესახებ 18.03.09წ. №143 ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამინისტრო ვალდებული იყო ჩაება დაინტერესებული პირი ი. გ-ე ადმინისტრაციულ წარმოებაში. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ი. გ-ე არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში და მას არ მისცემია საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სახეზე იყო სზაკ-ის 95-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო და კერძო ინტერესებს, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია უფლებამოსილება დაინტერესებული მხარის წარმოებაში ჩაბმის გარეშე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო პალატა არ იზიარებს აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციულ წარმოებაში ი. გ-ის მოწვევის ვალდებულება, რადგან მიმართვა ეხებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ დაურეგისტრირებელ ქონებას და ამ მიმართვით ვერ შეილახებოდა ი. გ-ის კანონიერი უფლებები და ინტერესები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი. გ-ეს, ძალაში მყოფი ქ. ბათუმის მერიის 31.12.99წ. №430 ბრძანებისა და 22.09.2000წ. №00457 ორდერის საფუძველზე, გააჩნდა სადავო ფართით სარგებლობის უფლება მინიჭებული, ხოლო გასაჩივრებული აქტით მისი სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისად, ი. გ-ე სზაკ-ის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სადავო სამართალურთიერთობაში არის დაინტერესებული პირი, რომელიც უნდა ჩაბმულიყო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის მოლოდინს იმისა, რომ მის მიმართ გამოიცემა კანონიერი და დასაბუთებული აქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოებები სზაკ-ის 601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის, ვინაიდან არსებითად დარღვეულია აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი გასაჩივრებულ აქტთან მიმართებაში. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ №01-22/4500 მიმართვა სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა სასამართლო დავის განხილვის პერიოდში, კერძოდ იმ დროს, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლო იხილავდა ი. გ-ის სარჩელს მერიის უარის შესახებ აქტის გაუქმებისა და უძრავი ქონების მის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს სადავო საკითხი. აღნიშნულ აკრძალვას პირდაპირ უთითებდა მიმართვის გამოცემის დროს მოქმედი სსკ-ის 184.2 მუხლი ( ამჟამად მოქმედი 11.5 მუხლი), აგრეთვე სზაკ-ის 182.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც ადასტურებს მართლმსაჯულების წესით საქმის განხილვის და გადაწყვეტის უპირატესობას სხვა წესით საქმის განხილვასთან შედარებით. ის გარემოება, რომ აუქციონის ჩატარების დროს სადავო ქონების მიმართ არ იყო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, არ ადასტურებს უძრავი ქონების განკარგვის კანონიერებას. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის საფუძველზე ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის შესახებ ი. გ-ის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ სადავო უძრავი ქონების რეალიზაცია არ ემყარება კანონმდებლობას. შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილში გაუქმების შესახებ, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს მიერ აუქციონის გამოცხადების თაობაზე 18.03.09წ. №143 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სადავო აქტების ბათილად ცნობის ნაწილში კანონიერია, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.12წ. განჩინება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მერიის 31.12.1999წ. №430 განკარგულება არ იყო აღსრულებული, რაც იძლეოდა ქონების განკარგვის შესაძლებლობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მერიის განკარგულების საფუძველზე გაიცა ორდერი, რაც ადასტურებს განკარგულების აღსრულებლობას. ტექბიუროს არქივის ჩანაწერებით ფართი მერიის სარგებლობაში ირიცხებოდა (ტ.1, ს.ფ.39), მერიის 31.12.1999წ. ბრძანება, ი. გ-ის სახელზე გაცემული ორდერი არ გაუქმებულა და დღესაც ძალაშია, არ არსებობს სადავო ფართის საბინაო ფონდიდან ამორიცხვის, მისი არასაცხოვრებელ ფონდში ჩარიცხვის შესახებ რაიმე აქტი. მერიის 31.12.1999წ. №340 განკარგულების გამოცემის და 22.09.2000წ. საცხოვრებელი ბინის ორდერის გაცემის შედეგად ი. გ-ეს შეექმნა არა მხოლოდ ფართის მართლზომიერი სარგებლობის, არამედ აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით ფართზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი. ხსენებული აქტების მიმართ ი. გ-ეს ჰქონდა კანონიერი ნდობის უფლება, სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება (სზაკ-ის 9.2 მუხ.), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფართის სამართლებრივი რეჟიმის შეცვლა არ იყო შესაძლებელი მიმართვის საფუძველზე ფართის სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვით. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმეზე დადგენილად ცნეს, რომ მერიის მიერ ფართისათვის საცხოვრებელი ფართის სტატუსის მინიჭების შესახებ აქტის გამოცემის დროს ფართი არ იმყოფებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების ცნება, ამჟამად მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონით განისაზღვრა თვითმმართველი ერთეულის ქონების სტატუსი. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის თანახმად თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და სხვა ნორმატიული აქტებით, ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონებრივი უფლებების საკითხებში დაუშვებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ ( 3 მუხ.), „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის ( 3 მუხ.), „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის (181.2; 46 მუხ.) თანახმად საბინაო ფონდში რიცხული სახელმწიფო ქონების განკარგვა მმართველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილებას შეადგენს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ საცხოვრებელ ფონდში რიცხული ფართის განკარგვა შესაძლებელი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით და არა სამთავრობო ორგანოს მიერ. ვინაიდან მართლზომიერი მფლობელობა დაცულია მესაკუთრის მსგავსად (სკ-ის 161-ე მუხ.) მას აქვს მფლობელობის პერიოდში ნივთის ფლობასთან დაკავშირებით მესაკუთრის იდენტური უფლებები, შესაბამისად მფლობელზე ვრცელდება სკ-ის 170-ე მუხლით გათვალისწინებული მესაკუთრის უფლება ისარგებლოს ან არ ისარგებლოს ნივთით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ი. გ-ე უფლებამოსილი იყო მისთვის გადაცემული ფართი გამოეყენებინა საკუთარი შეხედულებით, რამდენადაც ნივთით სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას პირმა არ ისარგებლოს ნივთით. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი არ უკავშირებს მფლობელობას უძრავი ნივთის ხელთმპყრობას, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების მიტოვება, ყოველ შემთხვევაში სადავო ფართის სამართლებრივი რეჟიმის შეწყვეტა, მასზე აუქციონის ჩატარება საჭიროებდა ი. გ-ის მფლობელობის დამადასტურებელი აქტების გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოების დაწყებას, მერიის 31.12.1999წ. №430 განკარგულების და 22.09.2000წ. ორდერის გაუქმებას. ხსენებული აქტები სადღეისოდ ძალაშია, ხოლო აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვა შედგა კანონიერი სარგებლობის გამო ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ი. გ-ის განცხადების მისთვის საუარესოდ შებრუნების შედეგად. ქ. ბათუმის მერიის კომისიის 19.09.08წ. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ კომისიამ საჭიროდ ჩათვალა ი. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისადმი თხოვნით მიმართვა, რათა ფართი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით სახელმწიფოს სახელზე აღრიცხულიყო (ტ.1. ს.ფ. 32-33), რაც განხორციელდა მერიის 30.09.08წ. №2-26-2428 წერილით. თავის მხრივ სამინისტროს მიერ მიმართვის წარდგენა მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩართვის გარეშე.

საქმის მასალების მიხედვით სადავო ფართი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა საქართველო მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას დაევალა 02.03.09წ. №151 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადება, რაც უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. ორივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელე მოითხოვდა არა აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას და საქართველოს მთავრობისათვის აქტის გამოცემის დავალებას, არამედ საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულების ბათილად ცნობას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ი. გ-ის მიერ სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული იყო შეცილებითი სარჩელი (სასკ-ის 22-ე მუხ.) საქართველოს მთავრობის 02.03.09წ. №151 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სასამართლომ ისე დაავალა საქართველოს მთავრობას ახალი აქტის გამოცემა, რომ არ არსებობდა სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე, რაც სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე აღძრული მავალდებულებელი სარჩელის დასაშვებობის სავალდებულო წინაპირობაა. სადავო საკითხის ასეთი გადაწყვეტით სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რითაც დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები. სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებანი. სსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა. სადავო ფართის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის და მისი საფუძვლის - აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიმართვის ბათილად ცნობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის სადავო განკარგულების ბათილად ცნობაზე სასამართლომ უარი თქვა ბათილად ცნობის პირობების არ არსებობის გამო. სასამართლომ არ დაასაბუთა თუ რატომ არის შეუძლებელი საქართველოს მთავრობის სადავო განკარგულების ბათილად ცნობა სადავო განკარგულების სამართლებრივი საფუძვლის ბათილად ცნობის პირობებში, მით უფრო, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საქმის გარემოებათა შესწავლის, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად 02.03.09წ. №151 განკარგულების გამოცემა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ქონების კეთილსინდისიერი შეძენის გამო არ არსებობს სადავო განკარგულების გაუქმების საფუძველი. ქონების ახალი შემძენის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევა არ გამორიცხავს შეძენამდე გამოცემული აქტების შეფასებას და მათი გაუქმების შესაძლებლობას.

„საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 04.05.1993წ. №348 დადგენილების თანახმად, მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან (ოქმთან) ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელი ნაწილია. მოწმობა გაიცემა ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 21.04.09. №201 ოქმის კანონიერების საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება მოსარჩელის მოთხოვნა ე. ბ-ის სახელზე 24.04.09წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 21.04.09 წ. №201 ოქმის და ე. ბ-ეზე 24.04.09წ. გაცემული №938ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფლებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია. სადავო აუქციონის ჩატარების დროს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.09.07წ. №1-1/1417 ბრძანებით დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების თანახმად, აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი (4.7 მუხ.), რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას (6.1 მუხ.). აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მხარეთა მიერ ხელმოწერის დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველსა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის წერილობითი ხელშეკრულება. სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 21.04.09წ. №201 ოქმი (ხელშეკრულება) თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული კანონომდებლობის მოთხოვნებს. დაუსაბუთებელია ოქმისა და საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის გამომრიცხავ გარემოებად კეთილსინდისიერ შემძენზე მითითება. პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი ყოველთვის არ გამორიცხავს ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით კეთილსინდისიერი მფლობელის უფლებები, მფლობელობის განხორციელების თვალსაზრისით, დაცულია მესაკუთრის ტოლფასად. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში სადავო ხელშეკრულების - აუქციონში ე. ბ-ის გამარჯვების ოქმის მოქმედებით ირღვევა ი. გ-ის უფლება და კანონიერი ინტერესი. საქმის მასალებით, კერძოდ, ძალაში მყოფი მერიის 31.12.1999წ. განკარგულებითა და 22.09.2000წ. №00457 ორდერით, რომელიც ი. გ-ეს უქმნის სადავო ფართის კანონიერი ფლობის და მის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნის საფუძველს, დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებით იზღუდება დაინტერესებული პირის ი. გ-ის უფლება და კანონიერი ინტერესი. სზაკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რასაც ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ხელშეკრულება) არის უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი დოკუმენტი, ხელშეკრულების დადებამდე პრივატიზაციის პროცესი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რიგი საჯარო მოქმედებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება აუქციონის გამოცხადების შესახებ. სააპელაციო პალატა შემოიფარგლა სზაკ-ის 70-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე მითითებით, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი. სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა ამავე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება. სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნავს, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ 18.03.09წ. №143 ბრძანება ქ. ბათუმში, ... ქ. №70-72-ში მდებარე 116 კვ.მ. ფართზე აუქციონის გამოცხადების თაობაზე, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ №143 ბრძანების გამოცემის დროს არ იყო დასრულებული სასამართლო დავა ბინის უსასყიდლოდ საკურებაში გადაცემაზე. სააპელაციო პალატა განჩინებაში უთითებს აგრეთვე, რომ №143 ბრძანება კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომლითაც მოსარჩელე ი. გ-ის კანონიერი უფლება და ინტერესი შეილახა, რის გამოც ის ბათილია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო ხელშეკრულებას, დამატებით ქმნის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულების) სზაკ-ის 70-ე მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლებს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ან მის გარეშე. პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ორი სტადიისაგან შედგება: ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და თვით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, სზაკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილობის გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ფართზე აუქციონის გამოცხადების შესახებ მინისტრის 18.03.09წ. №143 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, გაუგებარია რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა კანონიერად მიჩნეული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 21.04.09წ. №201 ოქმი (ხელშეკრულება) და ე. ბ-ის სახელზე 24.04.09წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სზაკ-ის მეხუთე თავით გათვალისწინებული სპეციალური ნორმები, ადმინსტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები გათვალისწინებულია არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ დამატებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითაც. ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები ვლინდება სზაკ-ის ისეთ დანაწესებში, როგორიცაა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭების ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის დაუშვებლობა და სხვ.. ამდენად, საჯარო ორგანო მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით მოწოდებულია უზრუნველყოს ადმინსტრაციული ხელშეკრულების კანონიერება, ბრუნვის სტაბილურობის მოსაზრებები არ წარმოადგენს ერთადერთ მოთხოვნას ადმინსტრაციული ხელშეკრულების მიმართ, სამართალურთიერთობის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესის სამართლიანი ბალანსის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული მოთხოვნების გათვალისწინების პირობებში. მოცემულ შემთხვევაში ი. გ-ის და ე. ბ-ის ინტერესებს შორის, მარეგისტრირებელი ორგანოს გარდა, დგას ქონების განმკარგავი ადმინისტრაციული ორგანო – სამინისტრო, ნივთის შეძენა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მის მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ არ იქონია მსჯელობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სზაკ-ის ნორმების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

კეთილსინდისიერი შემძენის სამოქალაქო-სამართლებრივი ინსტიტუტის მსგავსად, სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ადმინისტრაციულ სამართალში მიზნად ისახავს კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპი, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებას. ამდენად, აქტის ბათილად ცნობის საკითხი განიხილება არა მხოლოდ კანონიერების, არამედ აგრეთვე მისი საწინააღმდეგო - კანონიერი ნდობის თვალსაზრისით. 24.04.09წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისადმი, ისევე, როგორც აუქციონის გამოცხადების შესახებ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 18.03.09წ. №143 ბრძანებისადმი კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 601.4 მუხლის თანახმად მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესები, რაც სადავო ფართთან მიმართებით, კანონიერ ძალაში მყოფი ქ. ბათუმის მერიის 31.12.99წ. განკარგულებისა და 22.09.2000წ. №00457 ორდერის არსებობის გათვალისწინებით, სახეზეა. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ი. გ-ეს სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვით აქვს აღძრული, ხოლო კანონიერი ნდობა არ წარმოიშობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების პერიოდში, ვინაიდან ამ დროს დამდგარი შედეგი არ არის მყარი და შესაძლებელია შეიცვალოს. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ი. გ-ის კანონიერი ნდობა, მის მიმართ გამოცემული აღმჭურველი აქტების, კერძოდ, მერიის 31.12.1999წ, განკარგულების და 22.09.2000წ. ორდერის მიმართ, რასაც სააპელაციო სასამართლოც ეთანხმება თავის განჩინებაში, ამასთანავე, არ დასტურდება სზაკ-ის 9.2, 601.4 მუხლებით გათვალისწინებული ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა.

სკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია მოქმედებს უკეთუ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ საჩივარი არ იყო შეტანილი ან შემძენმა იცოდა ჩანაწერის უზუსტობის შესახებ. ამდენად, კეთილსინდისიერ შემძენად ე. ბ-ის მიჩნევისათვის არ არის საკმარისი იმაზე მითითება, რომ შეძენისას ქონება ავტონომიური რესპუბლიკის საკუთებად იყო აღრიცხული. სასამართლოს არ უმსჯელია აპელანტის მოსაზრებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ მყიდველისათვის ცნობილი იყო ობიექტის ი. გ-ის მიერ შესყიდვისა და მაშასადამე ჩანაწერის უზუსტობის შესახებ, სასამართლოს არ შეუფასებია ამ მხრივ მოწმეთა ჩვენებები. სსკ-ის 105-ე, 249-ე, 389-ე, 390-ე მუხლების თანახმად სასამართლომ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს თუ რატომ გაიზიარა ესა თუ ის მტკიცებულება და უარყო სხვა მტკიცებულებები. კეთილსინდისიერების უფლების წყაროდ გადაქცევისათვის, ობიექტური სინამდვილის სუბიექტური დამოკიდებულებით შეცვლისათვის აუცილებელია იმის დადგენა, რომ შემძენისათვის შეძენამდე უცნობი იყო ფართზე ი. გ-ის უფლება. სასამართლომ არ იქონია აგრეთვე მსჯელობა სისწორის პრეზუმფციის გამომრიცხავ გარემოებაზე. კეთილსინდისიერი შეძენა გამორიცხულია უკეთუ ჩანაწერის მიმართ შეტანილია საჩივარი. ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული უფლება ვერ გახდება შემძენის საკუთრება, თუნდაც მან არ იცოდეს რეესტრის უზუსტობის შესახებ. ამასთანავე, ნამდვილია მხოლოდ უძრავ ქონებაზე უფლებამოსილი პირის საჩივარი. ი. გ-ის უფლებამოსილება დასტურდება მერიის 31.12.1999წ. №340 განკარგულებით და მის საფუძველზე გაცემული ორდერით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აუქციონის ჩატარების პერიოდში ი. გ-ე სასამართლო წესით მოითხოვდა მერიის სახელზე რიცხული ფართის მისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას, რაც იყო სადავო ფართზე ი. გ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის საშუალება, ვინაიდან ფართის პრივატიზაციის საკითხის გადაწყვეტის გარეშე ი. გ-ე ვერ მოითხოვდა ფართის უშუალოდ მის სახელზე აღრიცხვას, საჯარო რეესტრში ფართზე საკუთრების აღრიცხვა დეტერმინირებული იქნებოდა ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დავის სასამართლოს მიერ გადაწყვეტით, ამასთანავე უძრავი ქონება აღრიცხული იყო ტექინვენტარიზაციის ბიუროში და არა საჯარო რეესტრში, რაც არ აძლევდა მოსარჩელეს დავის მიმდინარეობის შესახებ სარეგისტრაციო სამსახურის შეტყობინების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლომ საქმის ამ გარემოებაზე მსჯელობის გარეშე მიიჩნია ე. ბ-ე კეთილსინდისიერ შემძენად, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების ეს ნაწილი არ არის საკმარისად დასაბუთებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 21.04.09წ. №201 ოქმისა და 24.04.09წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №938ა მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის, აგრეთვე საქართველოს მთავრობისათვის 02.03.09წ. №151 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 16.03.09წ. შესრულებული ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალების ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.12წ. განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავრობის, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.12წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 09.08.11წ. გადაწყვეტილება აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 21.04.09წ. №201 ოქმისა და 24.04.09წ. გაცემული საკუთრების დამადასტურებელი №938ა მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის, აგრეთვე საქართველოს მთავრობისათვის 02.03.09წ. №151 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 16.03.09წ. შესრულებული ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადების დავალების ნაწილში. საქმე ამ ნაწილებში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.12წ. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. სასამართლოს ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე