Facebook Twitter

ბს-635-623(კ-12) 25 აპრილი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 30 აპრილს მ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2012 წლის 27 თებერვალს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებელმა კომისიას წარუდგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 6 აპრილის №004654-2011/03 დასკვნა, რომელიც კომისიისადმი პირველად მიმართვის დროს არ ყოფილა წარდგენილი და რომლითაც დასტურდებოდა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო კაპიტალური ნაგებობა. აღნიშნული, განმცხადებლის მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რამდენადაც საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ საკითხის წინა განხილვისას მ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ვერ დასტურდებოდა მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობის არსებობა კანონის ამოქმედებამდე.

მოსარჩელის მითითებით, აღნიშნულის მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საერთოდ არ იმსჯელა მის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, არ მიიჩნია იგი ახლად აღმოჩენილ გარემოებად და უარი უთხრა განცხადების განხილვაზე.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 1 მარტის (ოქმი #292) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც მ. გ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, მეტრო ... მიმდებარედ 27,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების განხილვაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მ. გ-ის 2012 წლის 27 თებერვლის განცხადების განხილვის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 4 მარტს მ. გ-ემ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. თბილისში, ..., №27 კორპუსის მიმდებარედ 160 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. კომისიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №188) მ. გ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რამდენადაც არ დასტურდებოდა თვითნებურად დაკავების ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ამასთან, მიწის ნაკვეთზე არ იყო განთვასებული კაპიტალური შენობა. კომისის გადაწყვეტილება მ. გ-ეს სადავოდ არ გაუხდია.

2012 წლის 27 თებერვალს მ. გ-ემ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად კომისიას წარედგინა მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ქ. თბილისში, მეტრო ... მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ნივთი არ იყო აღრიცხული, ასევე კომისიას წარედგინა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო და ექსპერტიზის დასკვნა.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით (ოქმი №292) მ. გ-ეს უარი ეთქვა განცხადების ხელახლა განხილვაზე.

საქალაქო საამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის არ წარუდგენია ახალი გარემოების დამდგენი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქარველოს კანონით, კერძოდ, №525 ბრძანებულების 1-ლი, მე-2, მე-18 მუხლებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით, მე-51 მუხლებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ განმეორებით იქნა განცხადება წარდგენილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ისე, რომ ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლას ადგილი არ ჰქონია. ექსპერტიზის დასკვნა სასამართლომ არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მ. გ-ის 2012 წლის 27 თებერვლის განცხადებას არ ერთვოდა ახალი გარემოების დამდგენი დოკუმენტაცია, კანონიერად ეთქვა უარი განცხადების განხილვაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, მოსარჩელე მ. გ-ემ ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების ეტაპზე ვერ უზრუნველყო იმ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების დადასტურება, რომელთა არსებობის პირობებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ არ არსებობდა მ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის განცხადებით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ნაკვეთზე საკუთრების უფლების არ აღიარების გამო იგი ვერ ახერხებდა მასზე განთავსებული, მის მიერ აშენებული ნაგებობის ლეგალიზებას, რაც ქმნიდა შენობის დემონტაჟის საფრთხეს. მოცემულ ნაგებობაში განთავსებული სავაჭრო დაწესებულება აპელანტისა და მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა, მისი მოსპობით კი, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა. ამასთანავე, მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი შვილი და უსინათლო დედა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტებრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“ განისაზღვრა როგორც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. ამასთანავე, როგორც კანონით, ისე პრეზიდენტის ბრძანებულებით, დაინტერესებული პირებისათვის დადგენილია განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი (მფლობელობა, თვითნებურად დაკავება), არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსხვავებული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიას მინიჭებული ჰქონდა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას ავალდებულებდა ეს უფლებამოსილება განეხორციელებინა კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთანავე, მხოლოდ სათანადო დოკუმენტების წარდგენა უპირობოდ არ ავალდებულებს კომისიას, აღიაროს ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის საკუთრების უფლება მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო გადაწყვეტილება გამოიცა კომისიისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში არ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2012 წლის 1 მარტის (საკითხი №37) სხდომაზე კომისიის მიერ მ. გ-ის განცხადების განხილვის, სადავო გადაწყვეტილების მომზადება-გამოცემისას (ოქმი №292), განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რაც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - ამავე კომისიის 2010 წლის 26 მარტის (ოქმი №188), 21 მაისის (ოქმი №202) და 5 აგვისტოს (ოქმი №215) სხდომების საოქმო გადაწყვეტილებების გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან/და არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. პალატამ ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნია აპელანტის მიერ მითითებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №004654-2011/3 დასკვნა, ვინაიდან აღნიშნულით არ დასტურდებოდა, რომ აპელანტმა მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განათავსა კაპიტალური შენობა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე არ დადასტურდა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარიმართა საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით განსაზღვრული საპროცესო წესებისა და პროცედურების უხეში დარღვევით. აპელანტს არ მიეცა შესაძლებლობა დაესვა მოწინააღმდეგე მხარისათვის შეკითხვები, ესარგებლა პაექრობის, რეპლიკისა და სხვა საპროცესო უფლებებით.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ადასტურებდა კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე ნაგებობის არსებობის ფაქტს. საქმეში წარმოდგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 8 აპრილის აქტი საექსეპრტო კვლევის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ (კვლევის საგანს წარმოადგენდა საკითხი იმის თაობაზე, რომ 2004 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი შენობა რა პერიოდში იყო აშენებული და რა კონსტრუქციის იყო იგი). აქტის თანახმად, ექსპერტიზის ჩატარების პერიოდში გამოსაკვლევი ობიექტი არ არსებობდა და მის ადგილას აშენებული იყო ახალი შენობა, რის გამოც ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ტექნიკურად შეუძლებელი იყო. 2011 წლის 6 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც წარედგინა აღიარების კომისიას, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ 2005 წელს არსებული ახლად აშენებული და იმავე ტერიტორიაზე დღეს არსებული შენობა წარმოადგენდა ერთი და იმავე ნაგებობას. საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზით კი დასტურდებოდა, რომ მიწის ნაკვეთზე დღეისათვის არსებული ნაგებობა იყო კაპიტალური. შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მიწის ნაკვეთზე ნაგებობა არსებობდა 2007 წლამდე, რაც სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად.

კასატორმა ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე და აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უარის თქმას განცხადების განხილვაზე.

კასატორმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე განეხილა მ. გ-ის განცხადება და მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რამდენადაც სახეზე იყო მითითებული ნორმით გათვალისწინებული ყველა პირობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 4 მარტს მ. გ-ემ განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ქ. თბილისში, ..., ... №27 კორპუსის მიმდებარედ 160 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №188) მ. გ-ეს უარი ეთქვა ნაკვეთის დაკანონებაზე იმ დასაბუთებით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული კაპიტალური შენობა. მ. გ-ეს ასევე უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №202). მითითებული გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ მ. გ-ის მიერ კომისიისათვის დამატებით წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე კაპიტალური ნაგებობის განთავსების ფაქტი, ხოლო საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №215) მ. გ-ეს უარი ეთქვა 160 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ განცხადების ხელახლა განხილვაზე, იმ მოტივით, რომ განმცხადებელს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ წარუდგენია ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია.

მ. გ-ემ 2012 წლის 27 თებერვალს კვლავ განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, მხოლოდ 27,4 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მან კომისიას წარუდგინა მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ქ. თბილისში, მეტრო ... მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთი არ იყო აღრიცხული. დამატებით წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 6 აპრილის №004654-2011/3 ექსპერტის დასკვნა. ფიზიკური და კერძო სამართლის ურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №292) წარდგენილი განცხადების ხელახლა განხილვაზე მ. გ-ეს ეთქვა უარი ფაქტობრივად იგივე დასაბუთებით, რომ კომისიის მიერ საკითხის წინა განხილვებისას მიღებული იყო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან კომისიაში წარდგენილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სახანძროს ცნობის მიხედვით, 2004 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად ჯიხური იყო დამწვარი. შესაბამისად, კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე კაპიტალური ნაგებობის განთავსების ფაქტი დადასტურებულად არ მიიჩნია. კომისიის 2012 წლის 1 მარტის სადავო გადაწყვეტილებაში ასევე მიეთითა, რომ განმცხადებელს არ წარუდგენია ახალი გარემოებების დამდგენი დოკუმენტაცია, რის გამოც განცხადება არ იქნა განხილული.

მ. გ-ე სარჩელით ითხოვს საკთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და მის მიერ 2012 წლის 27 თებერვალს წარდგენილი განცხადების განხილვის კომისიისათვის დავალებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება სახელმწიფო საკთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და პირობების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ზოგად შეფასებას და არ შეიცავს მსჯელობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესახებ. მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მ. გ-ის განცხადების განხილვაზე უარის კანონიერება და მხოლოდ მისი განხილვის დავალება ადმინისტრაციული ორგანოსათვის. შესაბამისად, უნდა შეფასდეს მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობდა თუ არა მ. გ-ის განცხადების განხილვის წინაპირობა და მართებულად ეთქვა თუ არა განმცხადებელს უარი მის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით (მარტივი ადმინისტრაციული წარმოება) დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის განცხადების ხელახლა წარდგენის წესს. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. იგივე წესია დადგენილი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-18 მუხლით, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. გ-ემ არაერთხელ მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კომისიის გადაწყვეტილებები ემყარებოდა ერთი და იმავე დასაბუთებას, რომ არ დასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე კაპიტალური შენობის განთავსების ფაქტი. მ. გ-ის მიერ კომისიას თავდაპირველად წარედგინა საექსპერტო კვლევის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ 2005 წლის 8 აპრილის აქტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საექსპერტო კვლევა ვერ ჩაუტარდებოდა 2004 წელს მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარ ჯიხურს, რამდენადაც მის ადგილას განთავსებული იყო ახლად აშენებული შენობა. აღნიშნულის მიუხედავად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2010 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ მიიჩნია დადასტურებულად კანონის ამოქმედებამდე კაპიტალური შენობის არსებობის ფაქტი. 2012 წლის 27 თებერვალს წარდგენილ განცხადებასთან ერთად მ. გ-ემ კომისიას წარუდგინა 2011 წელს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2005 წლის 8 აპრილის აქტში მითითებული შენობა და წინამდებარე ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გამოკვლეული შენობა წარმოადგენდა ერთსა და იმავე ნაგებობას. სწორედ აღნიშნული გარემოება მიიჩნია განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რამდენადაც ადასტურებდა 2007 წლამდე სადავო ტერიტორიაზე შენობის განთავსების ფაქტს, თუმცა კომისის 2012 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით განცხადება არ იქნა განხილული. სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად გაიზიარა კომისიის გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ მ. გ-ის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე ახალი მტკიცება, რომელიც განაპირობებდა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლომ ასეთ გარემოებად არ მიიჩნია 2011 წლის ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნა, რომ აღნიშნული საექსპერტო კვლევა არ ადასტურებდა მ. გ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე კაპიტალური შენობის განთავსების ფაქტს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არც ადმინისტრაციული ორგანოსა და არც სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ არ წარმოადგენდა ექსპერტიზის დასკვნა საკმარის მტკიცებულებას იმ ფაქტის დასადასტურებად, რომ შენობა არსებობდა 2007 წლამდე. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, რატომ არ დასტურდებოდა მითითებული მტკიცებულებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოება და რატომ უარყო სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულება.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სახეზე იყო თუ არა მ. გ-ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არაერთხელ მიმართა მ. გ-ემ, წარადგინა მტკიცებულებები თვითნებურად დაკავების ფაქტის დასადასტურებლად, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე უარყო განცხადება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად (რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ), არც ერთხელ არ განუმარტავს დაინტერესებული მხარისათვის რა მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა მას სადავო გარემოება და დამატებით რა დოკუმენტების წარდგენა იყო საჭირო.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ადმინისტრაციული ორგანოს - საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გადაწყვეტილების დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემისა და მისი კანონშესაბამისობის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არამართებულია დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტით ადმინისტრაციულ ორგანოს არსებითად არ გადაუწყვეტია მის კომპეტენციას განკუთვნილი საკითხი, მან მხოლოდ უარი თქვა მის განხილვაზე. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

სასამართლოს მინიჭებული აქვს პროცესუალური კომპეტენცია შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება. სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება არ წარმოადგენს აქტის კანონიერების დადასტურების საკმარის საფუძველს, რამდენადაც სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მითითებული კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს ამავე კანონის ამოქმედებამდე ქონების თვითნებურად დამკავებელ პირს კანონით დადგენილი წესით დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი, რაც მართალია არ გულისმობს უპირობოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და მიუთითოს, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს უფლების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ნ. სხირტლაძე