საქმე ბს-667-653(k-12) 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
L ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძეგანხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ო. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინება
სარჩელის საგანი – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ო. ქ-მა 2012 წლის 24 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2012 წლის 29 თებერვლის №02/12-546 გადაწყვეტილება და ამავე საბჭოს 2012 წლის 29 თებერვლის სხდომის ოქმი. დაევალოს მოპასუხეს – ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება მოსარჩელის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ო. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ქ-მა,
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით ო. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ო. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმების შედეგად სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
საქმის მასალების თანახმად, ო. ქ-ი 2012 წლის 24 აპრილის სარჩელით ითხოვდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს სხდომის ოქმისა და მის საფუძველზე მიღებული 2012 წლის 29 თებერვლის № 02/12-546 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ო. ქ-ის შუამდგომლობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. ო. ქ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენი ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ. ო. ქ-ის სასჯელის მოხდა დაიწყო 2008 წლის 10 ივლისიდან და სასჯელის მოხდის ვადა 2012 წლის 10 ივლისს ამოეწურა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ქ-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არარსებობის გამო, რამდენადაც წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. ო. ქ-ის საქმეზე ზეპირი განხილვის დანიშვნის შესახებ, წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის ო. ქ-ს სასჯელი მოხდილი აქვს სრულად. სადავო აქტით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ო. ქ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, რამდენადაც დებულების მე-12 მუხლით დადგენილი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად საბოლოო ქულამ 6,5-ზე მეტი შეადგინა, რაც დებულების 12.5 მუხლის თანახმად, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ შეფასების ქულებს და მიაჩნია, რომ დაუსაბუთებლად მოხდა იმაზე მეტი ქულის მინიჭება, ვიდრე მას რეალურად ეკუთვნოდა. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულების” მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო, რომლის კომპეტენციაშია მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა, გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე ზეპირი მოსმენის გარეშე ან ზეპირი მოსმენით. ამავე დებულების მე-6 მუხლის მიხედვით, ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სარჩელის საგანს წარმოადგენს დებულების მე-12 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით საბჭოს მიერ შეფასების ფაქტი, რაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ო. ქ-ს 2012 წლის 10 ივლისს ამოეწურა სასჯელის მოხდის ვადა, აღარ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების პროცესუალური წინაპირობა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ო. ქ-მა სრულად მოიხადა სასჯელი, მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. ქ-ს (პირადი №...) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 3 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 (სამასი) ლარის ნახევარი – 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 9.3, 262, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინება;
2. ო. ქ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
3. ო. ქ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 3 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 (სამასი) ლარისნახევარი – 150 (ასორმოცდაათი) ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე