Facebook Twitter

A

საქმე №ბს-703-689(კ-12) 28 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. კ-ა

მოწინააღმდეგე მახარე (მოპასუხე) _ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 24 იანვარს ნ. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასჯელს იხდიდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სადაც 2011 წლის 29 დეკემბერს გადაყვანილ იქნა №17 დაწესებულებიდან. 2012 წლის 12 იანვარს, საღამოს შემოწმებისას სამართლებრივი რეჟიმის თანამშრომლებმა №... საკნის დათვალიერებისას დააფიქსირეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, მსჯავრდებულ ნ. კ-ას საცხოვრებელი სადგომის მოუწესრიგებლობა, რის გამოც 2012 წლის 13 იანვრის განაკრგულებით მას შეეფარდა დისციპლინური სახდელი – საყვედური.

მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია მის მიმართ დისციპლინური ღონისძინების გამოყენება, აღნიშნა, რომ მას №14 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან ეზღუდებოდა მიმოწერისა და იურიდიული ლიტერატურის მიღების შესაძლებლობა, რის გამოც შემოწმების ჩატარებამდე წერილობით მიმართა №14 დაწესებულების ადმინისტრაციას შიმშილობის დაწყების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ დისციპლინური სახდელი შეეფარდა მისი მხრიდან პროტესტის გამოხატვის გამო. №... საკანში მასთან ერთად სასჯელს იხდიდა ოთხი მსჯავრდებული, ოთხივეს მიმართ დაფიქსირდა მსგავსი დარღვევა და შედგა ანალოგიური სამართალდარღვევის ოქმები, სადაც მიეთითა, რომ მსჯავრებულებს დაულაგებელი ჰქონდათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები, აგრეთვე საწოლზე გაბმული ჰქონდათ ზეწრიდან დამზადებული მწვანე ფერის თოკები, რითაც დაირღვა დაწესებულების შინაგანაწესი, „პატიმრობის კოდექსის“ მე-80 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები.

მოსარჩელის განმარტებით, მას პენიტენციალურ სისტემაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში არასდროს მიუღია ადმინისტრაციისაგან თეთრეული, რომელიც „პატიმრობის კოდექსის“ 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი სახით. ამდენად, დისციპლინურ გადაცდომად მიჩნეული ქმედებით გაურკვეველია ვისი ქონება დაზიანდა, რამდენადაც „პატიმრობის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულს მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს ან ფიზიკური/იურიდიული პირებისათვის მიყენებული ზიანისათვის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე, 42-ე მუხლების საფუძველზე – 6000 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ა 2011 წლის 29 დეკემბრის №12405 ბრძანებით გადაყვანილ იქნა გეგუთის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 12 იანვარს მე-... საცხოვრებელი კორპუსის 1-ლი სართულის №... საკანში განთავსებულ მსჯავრდებულ ნ. კ-ას საღამოს სიობრივი შემოწმების მიმდინარეობისას დაულაგებელი ჰქონდა თავისი საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე საწოლზე გაბმული ჰქონდა ზეწრიდან დამზადებული მწვანე ფერის თოკები. საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია აღნიშნული გარემოება, რამდენადაც მისი გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 12 იანვარს ნ. კ-ას მიმართ სახდელის გამოყენების საკითხის განხილვისას სხდომაზე ახსნა-განმარტება მისცეს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა – რ. ყ-მა, ამავე განყოფილების კონტროლიორებმა – ზ. ზ-ემ და გ. ლ-ემ, რომლებმაც განმარტეს, რომ 2012 წლის 12 იანვარს იმყოფებოდნენ მორიგე განაწესში, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, მსჯავრდებულთა საღამოს სიობრივი შემოწმების შედეგად მათ მიერ №... საკანში დაფიქსირდა დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის ფაქტი.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობები, დისციპლინური პასუხისმგებლობა, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი, მართლწესრიგისა და კანონიერების უზრუნველყოფა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებული „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებით“ და სხვა სამართლებრივი აქტებით. მითითებული დებულების პირველი მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღნიშნული დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც სასჯელს იხდიან დაწესებულებაში დ იმ პირთათვის, რომლებიც დროებით იმყოფებიან დაწესებულების ტერიტორიაზე. Dდებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დებულების მე-2 მუხლის თანახმად, დაწესებულება ახორციელებს კონტროლს დაწესებულების დებულებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე; ითხოვს მსჯავრდებულისაგან და სხვა პირებისაგან კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობის შესრულებას, დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვას; იყენებს კანონით გათვალისწინებული ზემოქმედებისა და იძულების ღონისძიებებს; ადგენს ოქმებს დისციპლინური დარღვევის თაობაზე; იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონით განსაზღვრულ სახეებს. დებულების 21-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ საცხოვრებელ სადგომში, ხოლო 22-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას პატიმრობის კოდექსი, მითითებული დებულება, დაწესებულების დადგენილი დღის განრიგი და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმები, შეასრულოს მისთვის დაკისრებული ვალდებულებები და ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები, გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება, თავაზიანად მოეპყროს სხვა მსჯავრდებულებსა და დაწესებულების პერსონალს, შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები, დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს საცხოვრებელი და სხვა სადგომები, სამუშაო ადგილი, ტანსაცმელი, საწოლი, შინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში, ატაროს მსჯავრდებულის სპეციალური ტანსაცმელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ტანსაცმელზე დადგენილი ნიმუშის გულსაბნევი და სამკლავური.

„პატიმრობის კოდექსის“ მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა; დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა პირისათვის მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა; განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა და სხვ.

საქალაქაო სასამართლომ აღნიშნა, რომ პატიმრობის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დისციპლინური დარღვევის შედეგია მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სახდელი ინდივიდუალურად დგინდება.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს თვითმხილველი მოწმეები, მათი ჩვენებები და ახსნა-განამრტებები, რომელთაც ძირითადად პოლიციის ოპერატიული მუშაკები, საპატრულო სამსახურის მუშაკები, მოხელეები წარმოადგენენ, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები, რათა ადეკვატურად შეაფასონ მოვლენა. მათი ახსნა-განმარტება თვით სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ხილვით, თანდასწრებით არის შექმნილი, იგი შეიცავს სანდოობის ნიშანს და მტკიცებულების ეს წყარო შეუცვლელია.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ამ, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით ნ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ამ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატეს 2012 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2012 წლის 13 იანვრის №118 გაკნარგულების ბათილად ცნობა.

კასატორმა მიიჩნია, რომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და სწორი სასამართლო პრაქტიკის დანერგვისათვის.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს ისეთი გარემოება, რომელიც არ მტკიცდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.

კასატორმა არ გაიზიარა სასამართლოთა მითითება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი არ ჰქონია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის დარღვევას. სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის №97 ბრძანებით დამტკიცებული „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების“ იმ ნორმებით, რომლებიც არეგულირებდა დისციპლინური სამართალწარმოების წესებს, კერძოდ, 79-ე მუხლის მე-17 პუნქტით, ამავე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის განჩინებით ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოს ეცნობა, რომ იგი ამნისტიის აქტის საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ას სარჩელზე დაუშვებლობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ნ. კ-ა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენების საფუძველზე, რომელთა თანახმად მას ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით, ასევე დაეკისრა ჯარიმის – 6000 ლარის გადახდა, 2011 წლის 29 დეკემბრიდან სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამავე დაწესებულების დირექტორის 2012 წლის 13 იანვრის განკარგულებით ნ. კ-ას მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კერძოდ, „პატიმრობის კოდექსის“ მე-80 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი - საყვედური. მითითებული ნორმები დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევისათვის; ასევე დისციპლინურ დარღვევად განიხილება დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით. ნ. კ-ამ უკანონოდ მიიჩნია მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება და აღძრული სარჩელით მოითხოვა სახდელის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სასჯელასრულების დეპარტამენტის გეგუთის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექოტირს განკარგულების ბათილად ცნობა. ამდენად, სარჩელის მიზანს წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალების პირადი საქმიდან ამორიცხვა. საქმის წარმოების ეტაპზე საკასაციო სასამართლოს კასატორის მიერ ეცნობა, რომ ამნისტიის აქტის საფუძველზე იგი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს. თუ დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა საეჭვოა ან მოსამართლე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, სასამართლო სარჩელის მიღებიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს განმწესრიგებელ სხდომას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე_179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას იმსჯელოს სარჩელის დასაბუთებულობაზე (მატერიალური დასაშვებობა). სარჩელის დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, მაგრამ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შემდეგ ეტაპზე გამოვლინდა სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. სარჩელის დასაშვებობის შემოწმება ხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე_25-ე მუხლების შესაბამისად. შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამდენად, სარჩელის დასაშვებად ცნობის სავალდებულო პირობა არის მხარის კანონიერი ინტერესის არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და აღნიშნული აქტით მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, ანუ სარჩელის მიზანი იყო სასჯელის მოხდის პერიოდში გამოყენებული დისციპლინური ღონისძიების გაუქმება და პირადი საქმიდან მისი ამორიცხვა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „პატიმრობის კოდექსის“ 36-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე დგება მისი პირადი საქმე, რომელშიც შეიტანება მონაცემები წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. „პატიმრობის კოდექსის“ შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება გავლენას ახდენს სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ გარკვეული უფლებებისა თუ შეღავათების გავრცელებაზე. „პატიმრობის კოდექსის“ 87-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დისციპლინურ სახდელ დაუდებლად ითვლება პირი, რომელიც სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში ნ. კ-ა საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე გათავისუფლებულია სასჯელის მოხდისაგან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262.6 მუხლის შესაბამისად სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რამდენადაც სარჩელის, როგორც მატერიალური უფლების რეალიზაციის პროცესუალური საშუალების დაშვების წინაპირობას წარმოადგენს დაინტერესებული მხარის დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, გასაჩივრებული აქტის გაუქმების მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობა. სადავო აქტის – დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო მისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, რამდენადაც დისციპლინური ღონისძიება, როგორც პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე გავლენას ახდენს მსჯავრდებულის უფლებების რეალიზაციაზე, ხოლო მისი სასჯელის მოხდისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემდეგ აღარ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის მიმართ კანონიერი ინტერესი, მით უფრო, რომ სახდელის დადებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ იგი გაქარწყლებულად ითვლება. შესაბამისად, იმ სამართლებრივი არგუმენტების საფუძვლიანობის შემოწმება, რომლებსაც აყენებდა მოსარჩელე, კერძოდ, ადგილი ჰქონდა თუ არა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, რამდენად პროპორციული იყო ჩადენილი ქმედების მიმართ გამოყენებული სახდელის ზომა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულ იქნა თუ არა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დისციპლინური სამართალწარმოების წესები და პროცედურა, მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე გახდებოდა სასამართლოს განსჯის საგანი. მოცემულ შემთხვევაში კი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღარ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ მხარის კანონიერი ინტერესი და შესაბამისად, საქმის განსახილველად დაშვების პროცესუალური წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ნ. კ-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მისი შუამდგომლობის საფუძველზე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომ ნ. კ-ას მიმართ რამონედინე საქმეზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება რიცხული დავალიანების გამო, ამასთან, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებით იგი მოიხსნა რეგისტრაციიდან მის საკუთრებაში არსებული სახლიდან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, კასატორი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 9.3, 262, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება;

2. ნ. კ-ას სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე