Facebook Twitter

2176აპ 15 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დ. გ-ი, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ........-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 22 მარტიდან.

იმავე განაჩენით დ. გ-ი, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები თბილისში, ....-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 22 მარტიდან.

იმავე განაჩენით ს. ა-ი, _ დაბადებული ........ წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, უცოლშვილო, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები თბილისში, ........-ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 22 მარტიდან.

განაჩენის მიხედვით, დ. გ-ს, დ. გ-სა და ს. ა-ს მსჯავრი დაედოთ ქურდობისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 19 მარტს დ. გ-ი, დ. გ-ი და ს. ა-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი მივიდნენ თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ,,წმინდა ბარბარეს“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ, მოქალაქე შ. გ-ის კუთვნილ ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის, სახელმწიფო ¹......., ავტომანქანასთან, გააღეს ავტომანქანის ჩაკეტილი კარი და მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 5270 ლარად ღირებულ ზემოხსენებულ ავტომანქანას, რომელიც იმავე დღეს გადამალეს თბილისში, ..... ქუჩა ¹10-ში, ს. ა-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მეორე დღეს, 20 მარტს, ს. ა-მა და დ. გ-მა მოპარულ ავტომანქანას მოხსნეს ბუნებრივი აირის სამი ავზი და ერთი ჟანგბადის ავზი, რომლებიც იმავე დღეს, დაახლოებით 16:30 საათზე, დ. გ-მა 700 ლარად გაასაღაAთბილისში, მე-8 პოლკის დასახლებაში მდებარე ავტონაწილების ბაზრობის ¹14 სავაჭრო ჯიხურში, საიდანაც 2006 წლის 21 მარტს ერთი ცალი ბუნებრივი აირის ავზი ამოღებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხოლო შ. გ-ის ,,ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა 2006 წლის 22 მარტს ამოღებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს. ა-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის მის სასიკეთოდ შებრუნებას, კერძოდ, მის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მსჯავრდებულმა დ. გ-მა, რომელიც თავის საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მსჯავრდებულ დ. გ-ის ადვოკატმა მ. ფ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ დ. გ-ს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ დ. გ-ის, დ. გ-ისა და ს. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. გ-მა, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. გ-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა ქურდობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მისი ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულ შ. გ-სა და მოწმეების: მ. ა-ის, ზ. მ-სა და ლ. ა-ის ჩვენებებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოცნობის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა დ. გაიხარაშვილის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება და არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.

რაც შეეხება დ. გ-ის მიმართ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაზღვრულია ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და შედეგების, მსჯავრდებულის პიროვნების მახასიათებელი მონაცემებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ბრალის ხარისხის ადეკვატურ ზომას, არის სამართლიანი და აუცილებელი ზომა კანონის მიერ სასჯელის წინაშე დასახული მიზნის მისაღწევად.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულების _ დ. გ-სა და ს. ა-ს მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ ს. ა-ის მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ დ. გ-ის მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: დ. გ-ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მას გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელზე დამატებული, წინა განაჩენით საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა გაუნახევრდეს და ამ ნაწილში მას მოსახდელად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ. გ-ს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით _ უნდა შეუმცირდეს 3 (სამი) თვით და მას მოსახდელად საბოლოოდ უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ დ. გ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ დ. გ-ს ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე ძირითად სასჯელზე დამატებული, წინა განაჩენით საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და ამ ნაწილში მას მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით. შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. გ-ს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით _ შეუმცირდეს 3 (სამი) თვით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.