Facebook Twitter

საქმე ¹ბს-737-721(კ-12) 18 აპრილი, 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ზ. ი-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2012წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ი-ამ 05.12.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მარნეულის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ მშობლების შ. ი-ის და კ. რ-ას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი მშობლები: კ. რ-ა და შ. ი-ი სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.05.1949 წ. დადგენილების საფუძველზე გადასახლებულ იქნენ ყაზახეთში, სადაც იმყოფებოდნენ 7 წლის განმავლობაში - 1956 წლამდე. მათთან ერთად გადასახლებულნი იყვნენ და სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ მათი ოჯახის წევრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი მშობლები აღიარებულ უნდა იქნენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 24.02.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 11.12.97წ. კანონის მე-2, მე-4 მუხლებზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს აღიარებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად თუ საქმის გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ამომწურავი გამოკვლევით დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით იქნა გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმა. საქმეზე მოპოვებული საარქივო მასალებით არ დადგინდა კ. რ-ასა და შ. ი-ის მიმართ პოლიტიკური მოტივით ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების რომელიმე ფორმის გამოყენების ფაქტი, რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ი-ას მიერ, რომელმაც მოითხოვა შ. ი-ის და გ. ი-ას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.12წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 24.02.12წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე მითითებით სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.12წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ი-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორმა აღნიშნა, რომ შ. ი-ისა და გ. ი-ას საქართველოდან ყაზახეთში გადასახლება დადგენილად ცნო სასაამრთლომ და მოპასუხესაც სადავოდ არ გაუხდია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა დასახელებული კანონის მე-3 მუხლი, რომლის მიხედვით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელმაც უშუალოდ განიცადა რეპრესია, აგრეთვე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მეუღლე, შვილი (ნაშვილები), მშობელი და პირდაპირი ხაზის სხვა ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, გადასახლებაში, გასახლებაში, სპეციალური დასახლების ადგილას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.12წ. განჩინებით ზ. ი-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.12წ. განჩინება არის დაუსაბუთებელი. სახეზეა სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. განჩინების სამოტივაციო ნაწილი შედგება მხოლოდ ნორმების ციტირებისგან, სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ ციტირებული ნორმების გამოყენების რაიმე არგუმენტაციას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც (სსკ-ის მუხ. 377.1).

საკასაციო საჩივრის ავტორი ზ. ი-ა შ. ი-ისა და გ. ი-ას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლის მე-7 მუხლი ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უფლებამოსილ სუბიქტებს, ასეთად შეიძლება იყოს უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონისმიერი მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი. საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ. ი-ას მშობლები არიან შ. ი-ი და გ. ი-ა, ამდენად, მოსარჩელე მათი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეა სკ-ის 1336-ე მუხლის მიხედვით.

საქმეში დაცული შინაგან საქმეთა სამინისტროს 10.09.11წ. №1114591 ცნობით დასტურდება ბ. ზ-ის საქართველოდან გადასახლების ფაქტი სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.05.1949წ. №2214-856 დადგენილების საფუძველზე, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე სპეცკომენდატურაში 1956 წლამდე. ამავე ცნობის თანახმად იგი მოხსნილია სპეცკომენდატურის აღრიცხვიდან სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 22.09.1956წ. №144/29 დადგენილების საფუძველზე. მასთან ერთად სპეცგადასახლებულნი იყვნენ და სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები შ. ბ. ო. ი-ი და კ. ვ. კ. რ-ა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10.09.11წ. №1114591 ცნობაში არ არის მოხსენიებული გ. ი-ა. საქმეში დაცული ქორწინების მოწმობის მიხედვით, შ. ი-ი 1954 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კ. ვ. კ. რ-ასთან. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ზ. ი-ა სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მისი მშობლების კ. რ-ასა და შ. ი-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას, ამასთანავე, ზ. ი-ას დაბადების მოწმობის მიხედვით ზ. ი-ას დედა არის გ. ი-ა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ი-ას და კ. რ-ას პიროვნების იდენტობა. სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა ამ გარემოებაზე მაშინ, როდესაც აღნიშნული საკითხის გარკვევას მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისათვის. საქმის მასალებით არ დასტურდება გ. ი-ას გადასახლების ფაქტი, დასადგენია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10.09.11წ. №1114591 ცნობაში მითითებული კ. რ-ას იდენტობა გ. ი-ასთან, სასამართლოს არ მოუთხოვია ამ გარემოების გასარკვევად დამატებითი მტკიცებულებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა კ. რ-ას და შ. ი-ის გადასახლების პოლიტიკური მოტივი, თუმცა თავის მხრივ არ დასტურდება ასეთი მოტივის არარსებობა, თავისი ნებით ყაზახეთში გადასახლება. საქმის მასალების თანახმად, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს კ. რ-ასა და შ. ი-ის ყაზახეთის სს რესპუბლიკაში გადასახლება სსრკ მინისტრთა საბჭოს 29.05.1949წ. №2214-856 დადგენილების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული დადგენილება საფუძვლად დაედო გადასახლებას, სააპელაციო პალატამ დავა აღნიშნული დადგენილების შინაარსის ანალიზის გარეშე გადაწყვიტა. „საქართველოს, სასომხეთისა და აზერბაიჯანის სს რესპუბლიკებიდან, აგრეთვე შავი ზღვის მოსაზღვრე რაიონებიდან გასახლებულთა გადაზიდვის, განსახლების და შრომითი მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ“ სსრკ მინისტრთა საბჭოს 22.05.1949წ. №2214-856 დადგენილების თანახმად, განხორციელდა დაშნაკების, თურქეთის მოქალაქეების, თურქების, რომლებსაც არ ჰქონდათ მოქალაქეობა და თურქეთის ყოფილი მოქალაქეების, რომლებმაც მიიღეს სსრკ მოქალაქეობა, აგრეთვე საბერძნეთის ყოფილი ქვეშევრდომების, რომლებსაც არ ჰქონდათ სსრკ მოქალაქეობა და საბერძნეთის ყოფილი ქვეშევრდომების, რომლებმაც მიიღეს სსრკ მოქალაქეობა - გადასახლება სსრ კავშირის სხვადასხვა ოლქებში. სსრკ მინისტრათა საბჭოს 29.05.1949წ. №2214-856 დადგენილების ტექსტი არ გამორიცხავს პოლიტიკურ მოტივს, რამდენადაც სახელმწიფო იძულების ეს ღონისძიება გადასახლებული ხალხების იზოლირებულ გარემოში მოქცევის შესაძლებლობას ქმნიდა. გადასახლების იძულებით ხასიათზე მიუთითებს ასევე გადასახლების მასშტაბები და მასიური ხასიათი. პალატა აღნიშნავს, რომ გადასახლების იძულებითი ხასიათი აღიარებულ იქნა ჯერ კიდევ სსრ კავშირის ნორმატიული აქტებით (სსრკ უმაღლესი საბჭოს 14.11.1989წ. დეკლარაცია).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ. ი-ი და გ. ი-ა არიან ეროვნებით აზერბაიჯანელები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლი პოლიტიკური რეპრესიის ერთ-ერთ ფორმად გადასახლებას, გასახლებასა და სპეციალური დასახლების ადგილებში საცხოვრებლად გამწესებას მიიჩნევს. ამასთანავე, კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება, მათი რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლომ არ იქონია მსჯელობა ხსენებულ საკითხზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ამ გარემოებათა დადგენის გარეშე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერებაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპეალციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება არის შეუძლებელი, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.12წ. განჩინება არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არსებობს სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.12წ. გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ი-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.12წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე