ბს-746-730(კ-12) 14 ნოემბერი, 2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
სხდომის მდივანი – ა. ვარდიძე
კასატორი – ჯ. მ-ე, ი.ხ-ე, წარმომადგენელი - დ. მ-ე და ო. კ-ი (რწმუნებულება 27.10.2011წ. № 111182111).
მოწინააღმდეგე მხარე –ქ. თბილისის მერია - წარმომადგენელი მ. ბ-ი (მინდობილობა 01.07.2013წ. №06-17/13182109); თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - წარმომადგენელი გ. კ-ე (მინდობილობა 02.10.2013წ. № 07-16/13275284); სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური - წარმომადგენელი ო. ნ-ი (მინდობილობა 10.07.2013წ. №07-13/8104)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.08.2012წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჯ.მ-ემ და ი.ხ-ემ 15.02.12წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების – თბილისის მერიის, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ თბილისის არქიტექურის სამსახურის 19.10.2011წ. #4223 ბრძანების, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის მოწმობა, აგრეთვე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 14.11.2011 წ. #001304 დადგენილების, რომლითაც უნებართვო მშენებლობისათვის დაჯარიმდა მ. მ-ე და თბილისის მერიის 30.12.2011წ. #3095 და #3096 განკარგულებების, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ადმინისტრაციული საჩივრები, ბათილად ცნობა.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 17.08.2011წ. მითითების გაცემის შემდგომ ჯ. მ-ის მიერ სრულად იქნა შესრულებული მითითებით განსაზღვრული პირობა და განხორციელდა მშენებლობის დემონტაჟი. არ მომხდარა მხოლოდ იმ ერთი კედლის დემონტაჟი, რომლის დანგრევაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა არა მხოლოდ მოსარჩელე ჯ.მ-ეს, არამედ მის მეზობლებსაც. კედლის დემონტაჟი იყო საფრთხის შემცველი, რის გამოც კედელი არ დაინგრა, რაც არ უნდა შეფასებულიყო 17.08.11წ. მითითების შეუსრულებლობად. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 24.10.2011წ. შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ჯ.მ-ემ არ შეასრულა მითითებით განსაზღვრული პირობები. ჯ.მ-ე მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტის შედგენის დროისთვის არსებული ნაგებობა სრულად შეესაბამებოდა 2011 წლის 31 აგვისტოდან 19 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედ სანებართვო მოწმობას. მოსარჩელეები ასევე უკანონოდ მიიჩნევენ 31.08.11წ. სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობას სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, რადგან სანებართვო მოწმობა წარმოადგენდა აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც ჯ.მ-ეს განხორციელებული ჰქონდა სამშენებლო ქმედებები, შესაბამისად ჯ.მ-ეს აღნიშნული აქტის მიმართ წარმოეშვა კანონიერი ნდობა და მისი ბათილობა მოსარჩელეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ამასთანავე, ჯ.მ-ე მშნებელობის ნებართვის გაცემის მომენტში დაჯარიმებული არ ყოფილა, შესაბამისად მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. # 57 დადგენილების 63.2 პუნქტის შესაბამისად არქიტექტურის სამსახურში წარედგინა სამართალდარღვევის აქტი და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2012წ. გადაწყვეტილებით ჯ.მ-ისა და ი.ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ.მ-ემ 31.08.2011 წ. მშენებლობის ნებართვის მიღებამდე განახორციელა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, რაც დაფიქსირდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 17.08.2011წ. #001304 მითითებით. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე და აღნიშნა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაფიქსირდა სამშენებლო სამართალდარღვევა და ჯ.მ-ეს განემარტა, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრას შეძლებდა მითითების შედგენის დროისთვის არსებული სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ან მშენებლობის დემონტაჟის გზით. მოსარჩელემ მითითებით განსაზღვრული პირობები არ შეასრულა, რაზეც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 24.10.2011წ. შედგა #001304 შემოწმების აქტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია სამშენებლო სამართალდარღვევის დაფიქსირების შემდგომ, სამართალდარღვევის აღმოფხვრის საშუალებად შემდგომში მშენებლობის ნებართვის მიღებას კანონი არ ითვალისწინებს. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 14.11.2011წ. #001304 დადგენილება ჯ.მ-ისთვის ჯარიმის სახით 10 000 ლარის დაკისრების შესახებ. ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ მშენებლობის ნებართვის მიმართ ჯ.მ-ის კანონიერი ნდობა არ იკვეთება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2012წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ.მ-ემ და ი.ხ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.08.2012წ. განჩნებით ჯ.მ-ისა და ი.ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2012წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სსკ 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე მითითებით სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ ორგანო მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, თუ სამართალდამრღვევის მიერ წარმოდგენილი იქნება დარღვევისთვის გამოცემული აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში ორგანო მოკლებულია საკითხის არსებითად განხილვის შესაძლებლობას. მოსარჩელეს ჯარიმის გადახდის ქვითარი ნებართვის მოთხოვნისას არ წარუდგენია, მიუხედავად ამისა 31.08.2011წ. ჯ.მ-ეზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამ დროისთვის ჯ.მ-ეს ჩადენილი ჰქონდა სამშენებლო სამართალდარღვევა. სამშენებლო ნებართვას, როგორც სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოფხვრის საშუალებას კანონი არ ითვალისწინებს. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოასზრება მშენებლობის ნებართვის მიმართ ჯ.მ-ის კანონიერი ნდობის არარსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიეწოდებინა ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ორგანოს დაეხმარებოდა კანონიერი გადაწყვეტილების მიღებაში. ჯ.მ-ეს ორგანოსთვის უნდა ეცნობებინა უკანონო მშენებლობის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რაც არ განუხორციელებია. პალატის მოსაზრებით, ჯ.მ-ის უმოქმედობა გამორიცხავს მის კანონიერ ნდობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.08.2012წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ.მ-ემ და ი.ხ-ემ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ჯ. მ-ემ შეასრულა მითითების ყველა პირობა, მოახდინა მშენებლობის სრული დემონტაჟი. არ განხორციელდა მხოლოდ ერთი კედლის დემონტაჟი, რამდენადაც მისი დანგრევა საფრთხის შემცველი იყო არა მხოლოდ ჯ. მ-ისთვის, არამედ მისი მეზობლებისთვისაც. აღნიშნულის დადასტურების მიზნით სასამართლოს მიმართეს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, თუმცა სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილეს შუამდგომლობა. ერთი კედლის დანგრევა არ უდნა იქნეს მიჩნეული მითითების პირობების შეუსრულებლობად, რამდენადაც ჯ. მ-ეს გააჩნდა საპატიო მიზეზი. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ 31.08.2011წ. მშენებლობის ნებართვის გაცემით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფაქტობრივად განხორციელდა დარჩენილი ერთი კედლის ლეგალიზება. შემოწმების აქტის შედგენის დროისათვის არსებული ნაგებობა შესაბამისობაში იყო 31.08.2011წ. მშენებლობის ნებართვასთან. კასატორებმა მიუთითეს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მითითების გაცემამდე ჯ. მ-ეს 11.08.2011წ. მიმართული ჰქონდა თბილისის არქიტექტურული სამსახურისათვის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის გაცემის თაობაზე. აღნიშნული პერიოდისათვის არანაირი სახის ადმინისტრაციული ორგანოს მითითება არ არსებობდა. სასამართლომ არასწორად განმარტა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 24.03.2009წ. №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისათვის ჯ. მ-ის მიმართ არ იყო გამოცემული რაიმე სახის სამართალდარღვევის აქტი, აგრეთვე არ იყო დაკისრებული ჯარიმა, რომლის გადახდის ქვითარიც მოსარჩელეს შეეძლებოდა წარედგინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. ჯარიმის დაკისრების თაობაზე დადგენილება გამოიცა მხოლოდ მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შემდგომ. ნებართვის მოთხოვნისას ჯ. მ-ე ვერ წარადგენდა ვერც სამართალდარღვევის აქტს და ვერც ჯარიმის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, რამდენადაც არც ერთი არ იყო გამოცემული, ამასთან, ვინაიდან მოხდა მითითების პირობების შესრულება ჯარიმის დაკისრებასაც ადგილი არ ექნებოდა. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მითითება არის მხოლოდ შენიშვნა და არ იწვევს კონკრეტულ იურიდიულ შედეგს. მშენებლობის ნებართვა მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს სამართალდარღვევის აღმოფხვრის საშუალებას, იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მითითება აღმოიფხვრა მშენებლობის დემონტაჟით. სასამართლომ არასწორად იმსჯელა კანონიერ ნდობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სზაკ-ის 96-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ჯ. მ-ეს არ ეკისრებოდა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რამდენადაც დამატებით არ ყოფილა გამოცემული რაიმე სახის აქტი, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. სასამართლომ ვერ მიუთითა ვერცერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც მსგავსი სახის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური არიან ერთი უწყების დაქვემდებარებაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოები. შესაბამისად, ჯ. მ-ისათვის იმთავითვე სავარაუდო იყო ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული ორგანოები საქმის კურსში იქნებოდნენ მათ წარმოებაში არსებულ საქმეებთან მიმართებით. 17.08.2011 წ. მითითების გაცემის შესახებ არქიტექტურის სამსახურის ინფორმირება ვერ მოახდენდა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გავლენას, რამდენადაც მითითების პირობები 31.08.11წ. აღმოფხვრილი იყო. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი ნდობის არარსებობის საფუძვლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.03.2013წ. განჩინებით ჯ. მ-ისა და ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. მ-ისა და ი.ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 11.08.2011წ. ჯ. მ-ემ მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მანსარდის დაშენების ნებართვა. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 17.08.2011წ. შედგა №001304 მითითება (ტ.1, ს.ფ. 91), რომლითაც ჯ. მ-ეს მიეცა წინადადება 15 დღის ვადაში დარღვევის გამოსწორების მიზნით წარედგინა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შეთანხმებული შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია ან განეხორციელებინა ობიექტის დემონტაჟი. დადგენილია, აგრეთვე რომ 30.08.2011წ. ჯ. მ-ემ ქ. თბილისში, ... გზატკეცილსა და ... №22 მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება და მისი შემდგომი ლეგალიზება მოითხოვა. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 31.08.2011წ. №01/2604 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ... გზატკეცილსა და ... ჯ. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (დაშენების) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის ვადა 2011 წლის 08 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე განისაზღვრა. სსიპ არქიტექტურის სამსახურის 19.10.2011წ. №4223 ბრძანებით არქიტექტურის სამსახურის 31.08.2011წ. №01/2604 ბრძანება მშენებლობის ნებართვის ნაწილში და ამავე სამსახურის №ნ/2734-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი. 31.08.2011წ. მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის საფუძვლად მიეთითა ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 63-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი იყო ემსჯელა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. რამდენადაც მოსარჩელის მიერ ჯარიმის გადახდის ქვითარი არ იყო წარდგენილი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლება მას არ გააჩნდა. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 24.10.2011წ. მოხდა მითითების შესრულების შემოწმება, რომლის შედეგად დაფიქსირდა 17.08.2011წ. მითითების მოთხოვნების შეუსრულებლობა, რაზედაც შედგა შემოწმების №001304 აქტი (ტ. 1, ს.ფ. 88). ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 14.11.2011წ. №001304 დადგენილებით ჯ. მ-ე დაჯარიმდა 10000 ლარით ქ. თბილისში, ... გზატკეცილსა და ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ერთი სართულის დონეზე დაშენების განხორციელებისათვის (ტ. 1, ს.ფ. 115).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტით ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ჯარიმის დადების პერიოდში მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” კანონში 20.12.2011 წ. №5558 კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქ.თბილისის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობისა ან/და რეკონსტრუქციისთვის დადგინდა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით (221.1 მუხ. ,,ბ” ქვეპუნქტი). ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტს აქვს უკუქცევითი ძალა, ე.ი. ვრცელდება ამ აქტის გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე. სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ სასამართლოს მიერ უნდა იქნეს გამოყენებული სამართალდარღვევის შემდგომ მიღებული შეღავათიანი რეჟიმი. თბილისის არქიტექტურის სამსახურის სადავო 19.10.11წ. №4223 ბრძანების ტექსტის თანახმად, დაშენება განხორციელდა ჯ.მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე. ამდენად, უმართებულოა ჯ. მ-ის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 14.11.2011წ. №001304 დადგენილებით შეფარდებული სანქციიის – 10 000 ლარის უცვლელად დატოვება სააპელაციო სასამართლოს მიერ.
საქმის მასალების მიხედვით სსიპ არქიტექტურის სამსახურის 19.10.11წ. №4223 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 31.08.11წ. №01/26-04 ბრძანება მშენებლობის ნებართვის ნაწილში და №ნ/2734-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. №57 დადგენილების 63-ე მუხლი. ბათილად ცნობის საფუძვლად მიეთითა აგრეთვე ის, რომ დამკვეთმა იცოდა ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და არ აცნობა აღნიშნულის შესახებ არქიტექტურის სამსახურს ნებართვის გაცემისა და პროექტის დამტიცების დროს. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილების 63-ე მუხლი არ ქმნის სამშენებლო ნებართვის გაუქმებისა და საჯარიმო სანქციების გამოყენების საფუძველს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 63-ე მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს, კერძოდ, ხსენებული მუხლი ითვალისწინებს უნებართვო მშენებლობის წარმოების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს უფლებამოსილებას იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში 31.08.2011წ. მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისათვის ჯ. მ-ის მიმართ შედგენილი იყო მხოლოდ მითითება, ჯ.მ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევაზე ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ, კერძოდ, 14.11.2011წ. შედგა. მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისთვის შედგენილი იყო არა დადგენილება დაჯარიმების შესახებ, არამედ მითითება. პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მითითების შედგენა არ ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მითითება თავისთავად არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს - დაჯარიმებას, ჯარიმის დაკისრებას იწვევს არა მითითების შედგენა, არამედ მითითებით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა. მითითება არის შუალედური აქტი, სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, მითითება არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა, რათა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად განსაზღვრულ გონივრულ ვადაში პირმა ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები. მითითება ქმნის პირის დაჯარიმებამდე დარღვევის გამოსწორების პირობას. სამშენებლო სამართალდარღვევაზე მითითების გაცემის დანიშნულება არის სამართალდარღვევის გამოსწორება. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ იქნება გამოსწორებული, მითითება შესაძლოა საფუძვლად დაედოს დაჯარიმების შესახებ აქტის გამოცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57-ე დადგენილების 63.2 მუხლის დებულება უკავშირდება არა მითითების, არამედ დაჯარიმების შესახებ ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობას, ამდენად მოსარჩელე ნებართვის გამცემ ორგანოს ვერ წარუდგენდა აქტს და ჯარიმის გადახდის ქვითარს, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისათვის დაჯარიმების აქტის არარსებობის გამო, შესაბამისად, არ იკვეთება სადავო სამართალურთიერთობის მიმართ ხსენებული მუხლის გამოყენების პირობები.
დაუსაბუთებელია აგრეთვე სასამართლოს მოსაზრება გაუქმებული აქტების მიმართ კანონიერი ნდობის არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ კანონიერი ნდობა აქტების მიმართ გამორიცხა სზაკ-ის 601.5 მუხლით გათვალისწინებულ გარემოებაზე მითითებით, რომლის თანახმად, კანონიერი ნდობა არ არსებობს თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო ქმედება გამოიხატა მშენებლობის უფლების მაძიებლის უმოქმედობაში, სზაკ-ის 961.4 მუხლის თანახმად ის ვალდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიეწოდებინა ყველა საჭირო ინფორმაცია, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დამკვეთმა იცოდა სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის თაობაზე, რის შესახებაც უნდა ეცნობებინა სამსახურისთვის. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მითითების შედგენამდე ქ.თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ 13.07.11წ. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (ოქმი №27) თანხმობა გასცა ქ.თბილისში, ... რაიონში, ... გზატკეცილსა და ... არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) მდებარე საცხოვრებელ სახლზე მანსარდის დაშენების მიზნით, ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე. ქ.თბილისის მერის 18.07.11წ. №1567 განკარგულებით გაიცა ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. ჯ.მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა, ქმნიდა საცხოვრებელ სახლზე დაშენების განხორციელების დაწყების საჭირო სავალდებულო პირობას, საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ. სასამართლოს შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე (31.08.2011წ.) ჯ.მ-ემ განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს ობიექტის ლეგალიზაციის მოთხოვნით, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ დაინტერესებული პირის უკანონო მოქმედება მდგომარეობს ინფორმაციის დაფარვაში საქმის მასალებით არ დასტურდება. მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ ჯ.მ-ე უფლებამოსილი იყო ნებართვის მოქმედების პერიოდში ეწარმოებინა მშენებლობა დამტკიცებული პროექტის შესაბამისად. სსიპ არქიტექტურის სამსახურის 19.10.11წ. №4223 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 31.08.11წ. №01/2604 ბრძანება მშენებლობის ნებართვის ნაწილში, პროექტის დამტკიცების ნაწილში 31.08.11წ. ბრძანება უცვლელად დარჩა, ამდენად მითითების შესრულების შემოწმების აქტის შედგენის დროისათვის არსებობდა დამტკიცებული პროექტი, საქმეზე არ იკვეთება ნაგებობის შეუსაბამობა დამტკიცებულ პროექტთან.
მშენებლობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მენაშენის უფლებას დაიწყოს სამშენებლო საქმიანობა როგორც ახლადასაშენებელ ობიექტზე, ასევე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. დაინტერესებულმა პირმა მშენებლობა უნდა განახორციელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ. პროექტის დამტკიცებამდე, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე სამშენებლო სამუშაობების დაწყება არის თვითნებური მშენებლობა, ასეთ პირობებში მშენებლობის ნებართვის გაცემა უტოლდება თვითნებური ნაგებობის ლეგალიზაციას, რაც ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემამდე შეესწავლა სამშენებლო ობიექტის რეალური მდგომარეობა. ვინაიდან მშენებლობის ნებართვა არ უნდა იქცეს სამშენებლო სამართალდარღვევის აღმოფხვრის საშუალებად, დადგენას საჭიროებდა მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მითითების შესრულება - დაწყებული მიშენების დემონტაჟის განხორციელება, შემოწმების აქტის შედგენის დროს არსებული ნაგებობის შესაბამისობა 31.08.11წ. მშენებლობის ნებართვასთან. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 31.08.2011წ. გაცემული მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, ხოლო მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის კანონიერება, მმართველობის კანონიერების პრინციპი მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისათვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას. კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს განსაკუთრებულ მოთხოვნას უყენებს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა კანონიერების დაცვის პრინციპს. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი. ამდენად, საქმეზე დადგენას საჭიროებდა 31.08.11წ. გაცემული მშენებლობის ნებართვის და დამტკიცებული პროექტის საფუძველზე ჯ.მ-ის მიერ მშენებლობის წარმოების განხორციელება, შესაბამისად, აღმჭურველი აქტის საფუძველზე სარგებლის მიღება, სამშენებლო ნებართვით განსაზღვრულ ვადაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (საქმეში დაცულ 17.08.11წ. №001304 მითითებაში, აგრეთვე 24.10.11წ. №001304 შემოწმების აქტში შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი განსაზღვრულია, როგორც მიმდინარე). კანონიერი ნდობის დაცვა არ ხდება, უკეთუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ამ საფუძვლით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს უნდა აუნაზღაურდეს აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ქონებრივი ზიანი. მმართველობის კანონიერების პრინციპისა და დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპის სამართლიანი ბალანსის დაცვისთვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მესამე პირებისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 31.08.2011წ.გაცემული სამშენებლო ნებართვა არ არღვევს მესამე პირთა ინტერესებს. ნებართვის გაცემით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა, ნებართვის გაუქმების საფუძვლად სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მხოლოდ მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევაზე ჯარიმის ქვითრის წარუდგენლობა მიუთითა, რითაც ხაზი გაესვა მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობასა და უსაფრთხოებას. პალატა აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა აღმჭურველი აქტის მიმართ ყოველთვის არ არის დაცვის ღირსი, იგი გამოირიცხება უკეთუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება (მხარის მიერ ყალბი დოკუმენტების წარდგენა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვ.). ქვედა ინსტანციების სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ თუ რა დოკუმენტაცია წარადგინა ჯ.მ-ემ არქიტექტურის სამსახურში ნებართვის მისაღებად. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 29.03.2009წ. №57 დადგენილების 72-74-ე მუხლებით განსაზღვრულია მესამე კლასის შენობა-ნაგებობაზე (მშენებლობის სანებართვო მოწმობის თანახმად დაშენება მე-3 კლასის ობიექტთა რიცხვს განეკუთვნებოდა) მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, მათ შორის დასახელებულია არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო-მასალა შორი და ახლო ხედებით (№57 დადგენილების 73.1.ზ მუხ.). დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურს ექნებოდა შესაძებლობა ამომწურავი ინფორმაცია მიეღო არსებული და პროექტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების შესახებ. ინფორმაციის არასაკმარისობის შემთხვევაში, ორგანოს შეეძლო დამატებით გამოეკვლია საქმის გარემოებანი (მოეთხოვა დამატებითი დოკუმენტები, ადგილზე დაეთვალიერებინა ნაგებობა). სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ადგენენ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ იყო გამოკვლეული. ამასთანავე, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის აუცილებლობა ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, არქიტექტურის სამსახურს გააჩნდა მომეტებული პასუხისმგებლობა ნებართვის გაცემის დროს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 29.03.2009წ. №57 დადგენილების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის სამივე სტადიასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. სზაკ-ის IV თავის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადმინისტრაციული ორგანოსგან მოითხოვს აქტის გამოცემას იმ გარემოებების, ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე, რომლებიც სრულად იქნენ გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. არც სააპელაციო და არც საქალაქო სასამართლოს არ დაუდგენია რამდენად შეასრულა არქიტექტურის სამსახურმა ადმინისტრაციული ორგანოსთვის კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ეს ვალდებულება.
სსიპ არქიტექტურის სამსახური ჯ.მ-ის სახელზე გაცემული ნებართვის გაუქმების საფუძვლად უთითებს მოსარჩელის მიერ სზაკ-ის 96.4 მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების 53.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯ. მ-ის მიერ 11.08.2011წ. განცხადების წარდგენის დროისათვის მთავრობის №57-ე დადგენილების 53.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენდა ხაზობრივი ნაგებობისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებას. მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ჯ.მ-ის მიერ განცხადების წარდგენის შემდეგ, საქართველოს მთავრობის 12.08.2011წ. №315 დადგენილებით შეტანილი ცვლილებით აისახა ხსენებულ ნორმაში. რაც შეეხება, ჯ.მ-ის მიერ სზაკ-ის 96.4 მუხლის მოთხოვნის დარღვევას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 96.4 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დაინტერესებული მხარის ვალდებულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას, არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულებისგან. სამშენებლო ნებართვების შესახებ სპეციალური კანონმდებლობა არ ადგენს განმცხადებლის მიერ არქიტექტურის სამსახურისთვის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში სამშენებლო სამართალდარღვევაზე მიმდინარე ადმინისტრციული წარმოების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, ასეთი ინფორმაციის მოძიება უწყებებს შორის საქმიანი თანამშრომლობის შედეგად არის შესაძლებელი. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული წარმოებისას ჯ. მ-ის მიმართ გაცემული იყო მხოლოდ მითითება, რომლითაც დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 15 კალენდარული დღე, ამ ვადის გასვლამდე მოსარჩელეზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და დამტკიცდა პროექტი. უკვე აღინიშნა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე (31.08.2011წ.) ჯ. მ-ემ 30.08.2011წ. მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ქ. თბილისში, ... გზატკეცილსა და ... მდებარე №22 მიწის ნაკვეთზე უნაბერთვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დასრულების და შემდგომში მისი ლეგალიზების მოთხოვნით. ამდენად, არ დასტურდება განმცხადებლის მიერ თვითნებური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაციის არქიტექტურის სამსახურისათვის მიუწოდებლობა, ინფორმაციის დამალვა, შესაბამისად არ დასტურდება კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა - მშენებლობის ნებართვის გაცემა უკანონო მოქმედების საფუძველზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემთხვევაში სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური შეძლებდა თავისივე უწყებაში შესული განცხადების შესახებ ინფორმაციის მოძიებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები შეფასების მიღმა დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯ.მ-ის უმოქმედობა გამორიცხავს მის კანონიერ ნდობას არ არის დასაბუთებული.
სასამართლოს არ უმსჯელია, აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ არქიტექტურის სამსახურის 19.10.11წ. ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 31.08.11წ. ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში, რომლის უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე გასაჩივრდა სასამართლოში. საერთო წესის , სზაკ-ის 184-ე მუხლის, აგრეთვე სასკ-ის 29-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარს და სარჩელს სუსპენსიური ეფექტი აქვს გასაჩივრებული აქტის მიმართ. სასამართლომ ისე მიიჩნია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 14.11.11წ. დადგენილება და ქ.თბილისის მერიის 30.12.11წ. №3096 განკარგულება კანონიერად, რომ არ იქონია მსჯელობა მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრების სუსპენსიური ეფექტის არსებობაზე, სუსპენსიის და შესაბამისად სამშენებლო ნებართვის და დამტკიცებული პროექტის მოქმედების შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაჯარიმების შესაძლებლობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. საკასაციო წესით გასაჩივრებული სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. შესაბამისად, სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.მ-ის და ი.ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.08.2012წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2. სასამართლო ხარჯების მხარეებზე განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ.მურუსიძე
მ.ვაჩაძე