Facebook Twitter

საქმე ბს-829-813(კ-12) 26 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) : ო. ლ-ი; წარმომადგენელი : ნ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) : თვითმმართველი ქ. რუსთავის მერია; 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - კანონიერ მოსარგებლედ აღიარება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: ო. ლ-ი

წარმომადგენელი : ნ. შ-ი

მოპასუხეები:

1.თვითმმართველი ქ. რუსთავის მერია

წარმომადგენელი: ლ. მ-ი

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო

წარმომადგენელი: ე. ნ-ე

სარჩელის სახე: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე უფლების აღიარება, კერძოდ, ფართზე კანონიერ მოსარგებლედ აღიარება.

სარჩელის საგანი:

ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ აღიარება.

მოსარჩელე ო. ლ-მა 2011 წლის 14 აპრილს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის, თვითმმართველ ქ. რუსთავის მერიის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, ქ. რუსთავში, ... #18-55 მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე პრივატიზაციის განხორციელების დავალება (იხ. ს.ფ. 3-11; ტ.I).

2011 წლის 14 ივნისს მოსარჩელე ო. ლ-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა რუსთავის მერიის 2011 წლის 15 მარტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა ქ. რუსთავში, ... #18-55 მდებარე არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე და რუსთავის მერიისათვის, აღნიშნული ფართის ო. ლ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (იხ. ს.ფ.65-73 ტ.I).

2011 წლის 21 ივლისს ო. ლ-მა კვლავ მიმართა სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით და ამჯერად მოითხოვა უფლების აღიარება, კერძოდ, ქ. რუსთავში, ... #18-55 მდებარე არასაცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ აღიარება. ამასთან, მოპასუხედ ქ. რუსთავის მერიასთან ერთად მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო (იხ. ს.ფ. 95-102; ტ.I).

სარჩელის საფუძველი:

ფაქტობრივი: ო. ლ-ი 1987 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. რუსთავში, ... №18-55-ში. აღნიშნული ბინა წარმოადგენდა არასაცხოვრებელ სადგომს.

ო. ლ-სა და მშრომელთა დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების, კომუნალურ საწარმოთა კომბინატის, საბინაო სამმართველოს №4 სახლმმართველობას შორის გაფორმდა №54 ხელშეკრულება ადგილობრივი საბჭოების, არასაცხოვრებელი სადგომების (ნაგებობის) დაქირავების შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელე ო. ლ-ს ერთი წლის ვადით გადაეცა ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად.

ყოველწლიურად 1989-1993 წლებში მსგავსი ხელშეკრულებები ფორმდებოდა მხარეებს შორის (ხელშეკრულებები №55ჟ, №53, №51, №51-14).

მოსარჩელემ 2011 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართა ქ. რუსთავის მერიას და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების საფუძველზე ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ გადაცემა, განცხადებას ერთვოდა 1989-1993 წლებში გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები (№55ჟ, №53, №51, №51-14).

თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის 2011 წლის 15 მარტის №1669 გადაწყვეტილებით ო. ლ-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73-ე ბრძანებულებით განსაზღვრულ ბინის კანონიერ მოსარგებლეს და მის მიმართ ვერ გავრცელდებოდა საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის წესი.

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73-ე ბრძანებულების ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ რომელ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს მისი სახელშეკრულებო ურთიერთობა დამქირავებელთან.

მოსარჩელის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელის განმარტებით, კი დღესაც არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შეწყვეტა არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი უდავოდ არის სადავო ფართის კანონიერი მოსარგებლე და ადგილობრივი მმართველობის უარი სრულიად უსაფუძვლოა (იხ. ს..ფ. 95-102; ტ.1).

სამართლებრივი: მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73-ე ბრძანებულება და სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილი (იხ. ს.ფ. 96-102; ტ.1).

მოპასუხე - თვითმმართველ ქ. რუსთავის მერიამ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ო. ლ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში პრივატიზების განხორციელებისათვის წარდგენილ იქნა ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე ფართზე 1988-1994 წ.წ. საბინაო სამმართველოსთან დადებული იჯარის ხელშეკრულებები, რომლის შესაბამისად 1 წლის ვადით გადაეცემოდა არასაცხოვრებელი სადგომი და იხდიდა საიჯარო ქირას ყოველთვიურად, აღნიშნული არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით ბინის პრივატიზებისათვის განსაზღვრულ დოკუმენტს.

ამასთან, მოპასუხის განმარტებით, საიჯარო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასულია და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსარჩელეს შეუძლია სარჩელი აღძრას სარჩელის სხვა სახით, ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად აღიარებითი სარჩელი ამ მოთხოვნით დაუშვებელია. მოპასუხემ განმარტა, რომ სადავოდ ქცეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დასაბუთება უნდა ხდებოდეს შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან და ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, რუსთავის მერია არ უნდა წარმოადგენდეს სადავო ურთიერთობის მონაწილე მხარეს (მოპასუხეს), ვინაიდან ამ კონკრეტული შემთხვევისათვის ქ. რუსთავის მერიას რაიმე უფლების (ვალდებულების) განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან, ქ. რუსთავის მერიის კომპეტენციაში არ შედის მოსარჩელის კანონიერ მოსარგებლედ ცნობა მისთვის საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნით (იხ. ს.ფ. 42-49; 75-82; 112-121; ტ.1).

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვინაიდან, ქ. რუსთავში, ... 18-55-ში 1988-1994 წ.წ მაშინდელ სახლმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ო. ლ-მა ვერ მოიპოვა საკუთრების უფლება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების შესაბამისად, სადავო ბინა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას.

სამართლებრივი: მოპასუხემ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე (იხ. ს.ფ. 152-160; ტ.1).

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე ო. ლ-ი 1987 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. რუსთავში, ... №18-55-ში.

1988 წლის 1 იანვარს მოსარჩელესა და მშრომელთა დეპუტატობის საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების, კომუნალურ საწარმოთა კომბინატის, საბინაო სამმართველოს №4 სახლმმართველობას შორის გაფორმდა №54 ხელშეკრულება არასაცხოვრებელი სადგომების დაქირავების შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელე ო. ლ-ს ერთი წლის ვადით გადაეცა ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, საიჯარო ქირა უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად.

აღნიშნული ხელშეკრულების მსგავსი ხელშეკრულებები ფორმდებოდა 1989-1994 წლებშიც.

2011 წლის 14 თებერვალს ო. ლ-მა განცხადებით მიმართა ადგილობრივ თვითმმართველობას და მოითხოვა ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე საცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ გადაცემა და წარადგინა 1988-1994 წ.წ. გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები, რაზედაც ქ. რუსთავის მერიის 2011 წლის 15 მარტის №1/1669 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეთქვა უარი, იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენდა კანონიერ მოსარგებლეს.

რაიონული/საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:

ო. ლ-სა და მშრომელთა დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის მეურნეობის განყოფილების, კომუნალურ საწარმოთა კომბინატის, საბინაო სამმართველოს №4 სახლმმართველობას შორის გაფორმდა №54 პ ხელშეკრულება ადგილობრივი საბჭოების, არასაცხოვრებელი სადგომების (ნაგებობის) დაქირავების შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელე ო. ლ-ს ერთი წლის ვადით გადაეცა ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, საიჯარო ქირა უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად.

1989-1993 წლებში მსგავსი ხელშეკრულებები ფორმდებოდა მხარეებს შორის ყოველწლიურად (ხელშეკრულებები №55ჟ, №53, №51, №51-14).

1993 წელს დადებული №51-14 იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე ო. ლ-თან ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე აღარ გაფორმებულა ქირავნობის, იჯარის ან სხვაგვარი სახის ხლშეკრულება, აღნიშნული ფართი არ განუკარგავს უფლებამოსილ ორგანოს არც სხვა ფორმით.

ო. ლ-მა მის მფლობელობაში არსებულ ფართს შეუცვალა დანიშნულება და იგი არასაცხოვრებელი კატეგორიის ფართს იყენებს საცხოვრებელი დანიშნულებით.

2011 წლის 14 თებერვალს ო. ლ-მა განცხადებით მიმართა თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიას და მოითხოვა ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ გადაცემა, რაზედაც თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის 2011 წლის 15 მარტის №1/1669 ადმინისტრაციული აქტით, უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენდა კანონიერ მოსარგებლეს.

ო. ლ-ი არ არის რეგისტრირებული ქ. რუსთავში, ... №18-55-ში.

სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:

სადავოა ო. ლ-ის მიერ ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის (სადგომის) კანონიერად ფლობის ფაქტი.

სადავოდ მიჩნეული ფაქტების შეფასება:

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №73-ე ბრძანებულების მე-2 მუხლის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართით, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, კი მოსარჩელე - ო. ლ-ს არც ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში არ წარუდგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ქ. რუსთავში, ... №18-55-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია ო. ლ-ის მიერ წარმოდგენილი 1997 წლის 20 ივნისის პროექტი, მხატვრებზე ბინის სახელოსნოების გაფორმების შესახებ, ასევე 1996 წლის 9 მაისის №75 საქართველოს მხატვართა კავშირის ცნობა, რომ კონკრეტულ მხატვრებს მიეცათ მათ სარგებლობაში არსებული შემოქმედებითი სახელოსნოების პრივატიზების ნებართვა, ვინაიდან სხვა პირებისთვის პრივატიზების ნებართვის მიცემა, არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე ო. ლ-მაც ისარგებლა ამ უფლებით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინა- პირობაა უკვე არსებული კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. სამართლებრივ ურთიერთობაში მოიაზრება საჯარო სამართლის ნორმიდან გამომდინარე კონკრეტული შინაარსის ურთიერთობა, როგორც კონკრეტული პირისა სხვა პირთან, ასევე კონკრეტული საგნის მიმართ. სამართლებრივი ურთიერთობა მოიცავს მხარეთა კონკრეტულ უფლებებსა და ვალდებულებებს. სამართლებრივი ურთიერთობის დადგენისას აუცილებელი პირობაა ამ ურთიერთობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რადგან აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, ამდენად აღიარების ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აშკარა, თუ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის სამართლებრივი ურთიერთობა კვლავ საზიანო ზემოქმედებას ახდენს მოსარჩელეზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მხარეებს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობა დასრულდა ბოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე. ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით ო. ლ-ს, როგორც მხატვარს, იჯარით გადაეცა ადგილობრივი საბჭოების არასაცხოვრებელი სადგომი. ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის მიხედვით, სადგომი გამოყენებულ უნდა ყოფილიყო მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით და მისი სხვაგვარი გამოყენება ჩაითვლებოდა ხელშეკრულების პირობის დარღვევად. ხელშეკრულების მეორე მუხლის ‘’ი’’ ქვეპუნქტის მიხედვით მოიჯარე (ო. ლ-ი) ვალდებული იყო იჯარის საგანი დაებრუნებინა ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ №73-ე ბრძანებულების პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს, ხოლო ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, კი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ორდერის, საბინაო წიგნის ან სხვა სამართლებრივი აქტის სახით. კონკრეტულ შემთხვევაში კი მხარეებს შორის დადებული იყო საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც შეზღუდული იყო ვადით და თითოეული მხარისთვის ადგენდა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს, ანუ მოსარჩელეს - ო. ლ-ს გადაცემული ჰქონდა დროებით სარგებლობაში უძრავი ქონება.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მითითებული ბრძანებულების მე-2 მუხლი კანონიერ სარგებლობას უკავშირებს ასევე დროებით სარგებლობაში გადაცემას, თუმცა ამავე ბრძანებულების მეოთხე მუხლი განსაზღვრავს თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს დაინტერესებული პირის განცხადება და რა უნდა იქნეს წარდგენილი ასეთი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნისთვის. კონკრეტულად: არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადებას უნდა ახლდეს გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე. ასევე დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ამ დებულების ამოქმედებამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნდა არც ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნებოდა მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე და ასევე არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ ფართობზე .

სასამართლოს დასკვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ო. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილ უფლების აღიარების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო.

აპელანტი: ო. ლ-ი

წარმომადგენელი - ნ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები:

1.თვითმმართველი ქ. რუსათვის მერია

წარმომადგენელი: ლ. მ-ი

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო

წარმომადგენელი: ე. ნ-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები:

სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ბინის კანონიერ მოსარგებლეს, რადგან მას არ წარუდგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73-ე ბრძანებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე განმარტებულია როგორც ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის /ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა / საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული/ ფართობით. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, მისთვის გაურკვეველია წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებები რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტად.

ამასთან, აპელანტის მტკიცებით, დაუსაბუთებელია საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ საიჯარო ხელშეკრულებით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობა დასრულდა ბოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები. სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით. ამდენად, აპელანტი განმარტავს, რომ ის დღესაც არის მოპასუხეებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის შეწყვეტა არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია (იხ. ს.ფ. 183-190; ტ.1).

მოწინააღმდეგე მხარეთა მოსაზრებები:

თვითმმართველი ქ. რუსთავის მერია წერილობითი შესაგებლით არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით რომ სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე საიჯარო ურთიერთობა კვლავ გრძელდება და აღნიშნა, რომ ო. ლ-ს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, იმის დასადასტურებლად რომ ის ისევ მოიჯარეა და იხდის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას, ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ აპელანტმა დანიშნულება შეუცვალა მის მფლობელობაში არსებულ ფართს და იგი არასაცხოვრებელი კატეგორიის ფართს იყენებს საცხოვრებელი დანიშნულებით, როცა ხელშეკრულება მას ავალდებულებდა, სადგომის მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით გამოყენებას.

მოპასუხის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო იჯარის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტად. მართალია, პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73-ე ბრძანებულების მე-2 მუხლი კანონიერ სარგებლობას უკავშირებს ასევე დროებით სარგებლობაში გადაცემას, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ასეთი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს გარკვეული პირობით დროებით გადაცემული ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, განსახილველ შემთხვევაში კი აპელანტს არ გააჩნია ნოტარიულად დამოწმებული უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულებაზე.

მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია, სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ქონების მესაკუთრის, ბალანსთმფლობელის არარსებობის, მისი მოუძიებლობის შემთხვევაში, ნებიემიერი უძრავი ქონება რეგისტრირდება სახელმწიფო საკუთრებად და სახელმწიფოს შეუძლია უძრავი ნივთის მხოლოდ აუქციონის წესით გასხვისება ან პირდაპირი მიყიდვის გზით პრივატიზება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით ო. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 171-177; ტ.2.).

აპელაციის მოტივების არ გაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქმეზე წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მე–2 მუხლის შესაბამისად, იგი წარმოადგენს სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულება არ შეიძლება გახდეს სადავო ფართზე მოსარჩელის კანონიერ მოსარგებლედ აღიარების საფუძველი, ვინაიდან დებულება კანონიერ მოსარგებლედ მიიჩნევს ფიზიკურ პირს, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით. რაც შეეხება ო. ლ-სა და მშრომელთა დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების, კომუნალურ საწარმოთა კომბინატის, საბინაო სამმართველოს №4 სახლმმართველობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს არასაცხოვრებელი სადგომების (ნაგებობის) დაქირავების შესახებ, აღნიშნული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით და საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის დადებული მსგავსი ხელშეკრულებები კონკრეტულად 1988–1993 წლებში.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ იგი კვლავ იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოიჯარესთან. საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც აპელანტის მიერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აპელანტი ისევ იხდის საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნის გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 28 იანვრის №73-ე ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მე-4 მუხლის მე–3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად განცხადებას არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ უნდა ახლდეს დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ამ დებულების ამოქმედებამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი.

საქმეში არსებული მასალებით კი უდავოდ დადგენილია, რომ ო. ლ-ი არ არის რეგისტრირებული ქ. რუსთავში, ... #18-55-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე.

სააპელაციო პალატის შეფასებით, ო. ლ-ს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი ემსახურება მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტას, თუმცა ამ ტიპის სარჩელის დაკმაყოფილება არ იწვევს უშუალოდ დავის გადაწყვეტას, მიღწეული შედეგი შესაძლოა საფუძვლად დაედოს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლების დაცვის მიზნის მიღწევა შეუძლებელია სარჩელის სხვა სახით, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. კოდექსის ეს მოთხოვნა ემსახურება პროცესის ეკონომიურობის მიღწევას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის ვითარება, როდესაც დგინდება უფლების არსებობა და შემდგომ დგება საკითხი აქტის გაუქმების ან აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

სააპელაციო პალატის დასკვნით, ო. ლ-ს სარჩელის აღძვრისას, დაცული არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით. საქმის მასალების თანახმად, ო. ლ-მა მიმართა ქალაქ რუსთავის მერიას, სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ო. ლ-ი არ წარმოადგენს კანონიერ მოსარგებლეს და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის 2011 წლის 15 მარტის №1/1669 ადმინისტრაციული აქტით არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის 2011 წლის 15 მარტის №1/1669 ადმინისტრაციული აქტის კანონიერება, ხსენებული წესით, აპელანტის (მოსარჩელე მხარე) მიერ სადავო არ გამხდარა და მას ასევე არ მოუთხოვია სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

კასატორი: ო. ლ-ი

წარმომადგენელი: ნ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) :

1. თვითმმართველი ქ. რუსთავის მერია

წარმომადგენელი: ლ. მ-ი

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი: ც. მ-ი

კასაციის საგანი და მოცულობა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფლება.

კასაციის მოტივები:

პროცესუალური: კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას გასაჩივრებული ჰქონდა სწორედაც ადგილობრივი მმართველობის უარი ბინის პრივატიზებაზე.

სასამართლოში სარჩელის აღძვრისას თავდაპირველი სარჩელის წარდგენის შემდგომ მან ორჯერ წარადგინა მოთხოვნა დაზუსტებული სარჩელის ფორმით. კასატორის განმარტებით, მას დაზუსტებული სარჩელის სწორად ჩამოყალიბებაში საქმის განმხილველი მოსამართლე დაეხმარა და მიუთითა, რომ მოთხოვნა მხარის მიერ უნდა წარდგენილიყო აღიარებითი სარჩელის ფორმით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ მის მიერ დაზუსტებული სარჩელების წარდგენას წინ უსწრებდა სასამართლოს სხდომები. კასატორის მითითებით, მისი მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, მაგრამ არა იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ პროცესუალურად არასწორად ჩამოაყალიბა მოთხოვნა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა სწორედ იმ მოტივით, რომ აპელანტს მოთხოვნა აღიარებითი სარჩელის ფორმით ჰქონდა ჩამოყალიბებული, რაც სამართლებრივად არასწორად იქნა მიჩნეული.

კასატორის განმარტებით, მან სასამართლოს მითითებით ჩამოაყალიბა სასარჩელო მოთხოვნა აღიარებითი სარჩელის ფორმით, რაც არასწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ. გაუგებარია, რა წესით რეგულირდება სადავო საკითხი ან რატომ არ განემარტა წინა ინსტანციების სასამართლოების მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტის გზები. მისთვის აგრეთვე გაუგებარია, ადგილობრივი მმართველობის ორგანომ რატომ მიუთითა, რომ სადავო საკითხი უწყებრივად სასამართლოს ექვემდებარება, თუკი ეს ასე არ არის.

მოწინააღმდეგე მხარეთა მოსაზრებები:

თვითმმართველი ქ. რუსთავის მერია არ დაეთანხმა კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ურჩია აღიარებითი სარჩელით დავის გაგრძელება და მიუთითა, რომ მსგავსს ადგილი არ ჰქონია, ო. ლ-ს თავდაპირველად გასაჩივრებული ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს აქტი, მაგრამ ვინაიდან, თავად მან ივარაუდა, რომ აღნიშნულით პროცესს ვერ მოიგებდა, გადაწყვიტა დავა გაეგრძელებინა აღიარებითი სარჩელის შეტანის გზით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ქონება წარმოადგენს არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ მუნიციპალურ საკუთრებას, თუმცა შემდგომ სხდომაზე შეცვალა პოზიცია და განმარტა, რომ არასაცხოვრებელი ფართები იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო საბინაო ფონდი ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთრებაში, გამომდინარე აქედან ვინაიდან სადავო ბინა წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს იგი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, თუმცა უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე შესაძლოა მისი განკარგვა განახორციელოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე (პროცესუალური კასაცია).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, ხოლო საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კრიტიკის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ I და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ისე გადაწყვიტეს წინამდებარე დავა, რომ სათანადოდ არ გამოიკვლიეს, თუ რა წარმოადგენდა ო. ლ-აშვილის მოთხოვნას, სარჩელის მიზანს, თუ რა შედეგის მიღწევა სურდა მოსარჩელეს და საპროცესო კანონმდებლობასთან რამდენად შესაბამისობაში იყო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი, რითაც დაარღვიეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე მუხლების მოთხოვნები. საქმის მასალების მიხედვით:

1. ო. ლ-მა 2011 წლის 14 აპრილს სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის თვითმმართველ ქ. რუსთავის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, ქ. რუსთავში, ... #18-55 მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე პრივატიზაციის განხორციელების დავალება (იხ. ს.ფ. 3-11 ტ.I).

2. 2011 წლის 14 ივნისს ო. ლ-მა რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა რუსთავის მერიის 2011 წლის 15 მარტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა ქ. რუსთავში, ... #18-55 მდებარე არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე და რუსთავის მერიისათვის, აღნიშნული ფართის ო. ლ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (იხ. ს.ფ. 65-73 ტ.I).

3. 2011 წლის 21 ივლისს ო. ლ-მა კვლავ მიმართა სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით და ამჯერად მოითხოვა უფლების აღიარება, კერძოდ, ქ. რუსთავში, ... #18-55 მდებარე არასაცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლედ აღიარება. (იხ. ს.ფ. 95-102 ტ.I).

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ო. ლ-ის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ რუსთავის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება და აღნიშნული ფართის ო. ლ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება. მოსარჩელის მიერ რამდენჯერმე მოხდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და მისივე განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითების საფუძველზე მოთხოვნა საბოლოოდ ჩამოყალიბდა სწორედ აღიარებითი სარჩელის ფორმით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად გაიგეს და გამოიყენეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით განსაზღვრული – სარჩელის ტრანსფორმაციის ინსტიტუტი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არასწორად ფორმულირდა, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. საკასაციო სასამართლომ 2009 წლის 28 აპრილის განჩინებაში / საქმეზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელისა გამო მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის მიმართ/ განმარტა სარჩელის ტრანსფორმირების მიზანი, ნამდვილი ბუნება და არსი : „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების პროცესუალური შესაძლებლობა გულისხმობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სარჩელის სახეების ფარგლებში ერთი სახის სარჩელის შეცვლას სხვა სახის სარჩელით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლი ემსახურება პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციას, ვინაიდან სარჩელის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელე ინარჩუნებს საპროცესო უფლებას აღძრას სხვა სახის სარჩელი, გარდა ამისა, დაბალი სამართლებრივი კულტურის პირობებში შესაძლებელია მოსარჩელემ კვლიფიციურად ვერ ჩამოაყალიბოს მოთხოვნა. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო ამოწმებს განმწესრიგებელ სხდომაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25 მუხლებთან ადმინისტრაციული სარჩელის შესაბამისობის საფუძვლებს, სარჩელის სახის შეუსაბამობის პირობებში მოსამართლეს ენიჭება პროცესუალური უფლებამოსილება ოფიციალობის პრინციპიდან გამომდინარე, მიუთითოს მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის ანუ სარჩელის ერთი სახის სხვა სახის სარჩელად გარდაქმნისაკენ.“

საკასაციო სასამართლოს შეფასებით თუკი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის ამ ფორმით აღძვრა დაუშვებელი იყო, სასამართლო ვალდებული იყო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ან შეეწყვიტა საქმე დაუშვებლობის მოტივით ან თავად გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და დახმარებოდა მხარეს სარჩელის ტრანსფორმირებაში, მოთხოვნის ჩამოყალიბებაში, რის შედეგადაც მიღწეულ იქნებოდა პროცესის ეკონომიურობის მიზანი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღიარებითი სარჩელის ფორმით სასამართლოსადმი მიმართვა იყო დაუშვებელი, სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე მხარისათვის შეკითხვის დასმა: „ხომ არ სურს მოთხოვნის ტრანსფორმირება“, არ ნიშნავს მხარისთვის მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარებას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო შესაძლებლობის ჯეროვნად რეალიზაციას. სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად ისე მიუთითა აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობის შესახებ, რომ კვალიფიციურად და სრულყოფილად არ შეუსრულებია საპროცესო მოქმედება, კერძოდ, მხარისათვის არ განუმარტავს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რაც შესაძლოა თავიდანვე გამხდარიყო სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა აღიარებითი სარჩელის ფორმით მოთხოვნის აღძვრის დასაშვებობაზე, ცალსახაა არაა, რამდენად შეიძლებოდა საკითხის განხილვის შედეგი ყოფილიყო საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებლობის მოტივით იმ პირობებში, როდესაც მხარე უთითებს და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მოსარჩელემ რამდენჯერმე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მისივე განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითების საფუძველზე მოთხოვნა საბოლოოდ ჩამოყალიბდა სწორედ აღიარებითი სარჩელის ფორმით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს, რა გავლენა მოახდინა პირველი ინსტანციის სასამართლომ ო. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებაზე, რამდენად იყო მოსარჩელე ინფორმირებული ამგვარი ფორმით სარჩელის აღძვრის შედეგებზე, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები და თავად დაეხმაროს მხარეს სარჩელის სწორი პროცესუალური ფორმულირებით ჩამოყალიბებაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არ გამოარკვიეს აღიარებითი სარჩელის რომელი შემთხვევა იყო სახეზე, რამდენადაც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სასამართლოებმა იმსჯელეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის თაობაზე, მაშინ როდესაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო ფართზე კანონიერ მოსარგებლედ აღიარება, ამდენად აქ სადავოა არა ის, სახეზეა თუ არა ფართით სარგებლობის ფაქტი, არამედ ის თუ რამდენად კანონიერია ო. ლ-ის მიერ ფართით სარგებლობა, რაც თავისი არსით წარმოადგენს უფლების და არა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის აღიარების მოთხოვნას. ამდენად, ო. ლ-ის მოთხოვნა – ტრანსფორმირებული აღიარებითი სარჩელის სახით, განეკუთვნება არა სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენას, არამედ, უფლების აღიარების (სადავო ფართზე კანონიერ მოსარგებლედ ცნობა) შემთხვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოთა მსჯელობა გასცდა სარჩელით მოთხოვნილი უფლების პროცესუალურ კონტექსტს, შესაბამისად, სასამართლოთა მსჯელობა და დასკვნები არ პასუხობს და ბუნდოვანს ხდის დავის არსს, რის გამოც სრულიად წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს შეფასებები, მათ შორის, შემდეგზე, რომ მოსარჩელეს, სარჩელის აღძვრისას, დაცული არ აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის 2011 წლის 15 მარტის №1/1669 ადმინისტრაციული აქტი, სადავო ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ აპელანტის მიერ სადავოდ არ გამხდარა და მას ასევე არ მოუთხოვია სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მაშინ, როცა რუსთავის საქალაქო სასამართლოში არაერთგზის წარდგენილი დაზუსტებული სარჩელებიდან ერთ-ერთის, კერძოდ 2011 წლის 14 ივნისს დაზუსტებული სარჩელის (იხ. ს.ფ. 65-73 ტ.I) დავის საგანს სწორედ ეს მოთხოვნები წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია, თუ რამ განაპირობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებული, პრაქტიკულად, ყველა სახის სარჩელის წარდგენა სასამართლოში და სახეზე იყო თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის ტრანსფორმაციის ინსტიტუტის კვალიფიციური გამოყენება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კვალიფიციურად და საპროცესო კანონმდებლობის ზუსტი დაცვით უნდა გამოარკვიოს: სარჩელის მიზანი, თუ რა უფლება შეელახა მოსარჩელეს და შესთავაზოს მას უფლების დაცვის ადეკვატური საპროცესო ფორმის – სარჩელის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრული რომელიმე სახის გამოყენება სარჩელის ტრანსფორმაციის ფარგლებში, აღნიშნულის შემდეგ, იმსჯელოს სარჩელის დასაშვებობის წანამძღვრებზე, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.

სარჩელის დასაშვებად მიჩნევის და საქმის არსებითი განხილვის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რადგან აღნიშნული საპროცესო მოქმედება – ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება, გამოკვლევა, შეფასება, ასევე არაკვალიფიციურად და კანონშეუსაბამოდ არის შესრულებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია, ვინ წარმოადგენს სადავო ფართის მესაკუთრეს, კერძოდ, არ გამოუკვლევია, წარმოადგენს თუ არა სადავო ფართი სახელმწიფო საბინაო ფონდში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებულ არასაცხოვრებელ ფართს. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თვითმმართველ ქალაქ რუსთავის მერიის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ფართი რომელზეც ო. ლ-ი ითხოვს კანონიერ მოსარგებლედ აღიარებას, არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული საბინაო ფონდის არასაცხოვრებელ ფართს და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო საბინაო ფონდში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ქონება წარმოადგენს არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ მუნიციპალურ საკუთრებას, თუმცა შემდგომ სხდომაზე შეცვალა პოზიცია და განმარტა, რომ არასაცხოვრებელი ფართები იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო საბინაო ფონდი ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო ბინა წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს იგი წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, თუმცა, უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე შესაძლოა მისი განკარგვა განახორციელოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უპირველესად, უნდა გამოიკვლიოს, დავა რამდენად ეხება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდში არსებულ არასაცხოვრებელ ფართს, რომელზეც ვრცელდება პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულება და ასეთის დადასტურების შემთხვევაში, შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა ო. ლ-ი სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეს. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება უნდა მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ იჯარის ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც მეიჯარეს წარმოადგენს მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების, კომუნალურ საწარმოთა კომბინატის, საბინაო სამმართველოს სახლმმართველობა №4.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივად სათანადოდ არ შეუფასებია ო. ლ-ის არგუმენტი შემდეგზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით, ამიტომ დღესაც არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შეწყვეტა არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია. სააპელაციო სასამართლომ მოახდინა ნორმის ციტირება, ხოლო სადავო სამართალურთიერთობისთვის მისი შეფარდების ან არშეფარდების საკითხი საერთოდ არ დაუსაბუთებია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან არ დასტურდება ო. ლ-ის მიერ საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის კვლავ გადახდის ფაქტი, ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოთმოყვანილი მსჯელობა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან და განმარტავს, რომ მითითებული მუხლის ნამდვილი შინაარსის მიხედვით, როდესაც ხელშეკრულების მხარე კვლავ აგრძელებს ხელშეკრულების საგნით სარგებლობას, ხოლო მეორე მხარე არ ითხოვს სარგებლობის შეწყვეტას, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით, რაც ემყარება სწორედ მხარეთა მიერ კონკლუდენტურად გაცხადებულ ნებას – გაგრძელდეს არსებული ურთიერთობა. განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 563-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა წერილობით უნდა გაფორმდეს. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადება არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია, შესაბამისად არც ხელშეკრულების წერილობით შეწყვეტის ფაქტი არსებობს, რადგან საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლომაც არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 1997 წლის 20 ივნისის პროექტი, მხატვრებზე ბინის სახელოსნოების გაფორმების შესახებ, ასევე 1996 წლის 09 მაისის №75 საქართველოს მხატვართა კავშირის ცნობა მასზედ, რომ კონკრეტულ მხატვრებს მიეცათ მათ სარგებლობაში არსებული შემოქმედებითი სახელოსნოების პრივატიზების ნებართვა და აღნიშნა რომ : „სხვა პირებისათვის პრივატიზების ნებართვის მიცემა, არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე ო. ლ-მაც ისარგებლა ამ უფლებით.“ საკასაციო სასამართლო საქმის მასალების ანალიზის შედეგად აღნიშნავს, რომ ორივე ზემოთდასახელებულ დოკუმენტში სხვა მხატვრებთან ერთად ფიქსირდება ო. ლ-ის გვარიც (იხ. ს.ფ 161-162 ტ.1).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამიმდინარე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებული დოკუმენტები რამდენად ქმნიდა ო. ლ-ისათვის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველს, რომ იგი კანონიერად სარგებლობდა დაკავებული ფართით, შესაბამისად უნდა ჰქონოდა თუ არა პრივატიზების უფლების განხორციელების მოლოდინი, ვინაიდან არსებობს დოკუმენტი, რომელიც სხვებთან ერთად მასაც ანიჭებდა ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების დასადგენად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 393-ე 394-ე, 412- მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ლ-ი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 07 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/ბ. ალავიძე/