საქმე №ბს-878-860 (კ-12) 9 ივლისი , 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. თ-ე
წარმომადგენელი - გ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი გ. მ-ე
მესამე პირი - ი. ვ-ე
წარმომადგენელი - გ. გ-ე; ლ. ფ-ე
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება; საპროცესო ხარჯების ანაზღაურება;
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე - ე. თ-ე
წარმომადგენელი - ი. ჯ-ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - გ. მ-ე; კ. ზ-ე
მესამე პირი - ი. ვ-ე
წარმომადგენელი - ლ. ფ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
სარჩელის საგანი:
1.საქართველოს შინაგან საქმეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2011 წლის 08 მაისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
2. საპროცესო ხარჯების ანაზღაურება;
3. ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება;
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი:
მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 08 მაისს საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე. ... და ... ქუჩების გადაკვეთასთან, მოხვევის მანევრის შესრულებისას, მას შეეჯახა ... ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ დაემორჩილა შუქნიშნის წითელი ფერით განსაზღვრულ აკრძალვას.
შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოსარჩელე ცნეს სამართალდამრღვევად და დააჯარიმეს 250 ლარით.
მოსარჩელემ ავტო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიმართა შპს ,,...“. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ე. თ-ეს არ დაურღვევია მოძრაობის წესები და ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ოპელის მარკის ავტომობილის მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25.2, 29.1, 32.4 მუხლების დარღვევამ.
სამართლებრივი: მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ 25.2, 29.1, 32.4 მუხლები /იხ. ს.ფ. 1-11. ტ.1/.
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოს შესაგებელი არ წარუდგენია. სასამართლო სხდომაზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები - საპირისპირო ზოლიდან მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ მისცა მანევრის დამთავრების საშუალება, თვითონ კი მოხვევის მანევრი ისე დაიწყო, რომ არ დარწმუნდა მის უსაფრთხოებაში /იხ. ს.ფ. 51-54. ტ.1/.
მესამე პირის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მესამე პირმა - ი. ვ-ემ სარჩელი არ ცნო, არ დაეთანხმა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და განმარტა, რომ დასკვნა არის უსაფუძვლო და ტენდენციური, რადგან საგზაო მოძრაობის დაწყების წესები დაარღვია ე. თ-ემ, რასაც შედეგად მოჰყვა ავტომაქანების შეჯახება.
სამართლებრივი: საჯარიმო ქვითარი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5, 96.1-2 მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით. საქმეზე დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ე. თ-ეს ნამდვილად აქვს დარღვეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის გათვალისწინებული მოძრაობის წესები, რასაც შედეგად მოჰყვა ავტომანქანების შეჯახება. ამდენად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით მისი ბათილად ცნობის საფუძველი / იხ. ს.ფ. 72-76. ტ.1/.
საქმის გარემოებები:
2011 წლის 08 მაისს მოსარჩელე - ე. თ-ე საკუთარი, ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით - ... - ..., მოძრაობდა ქ. ქუთაისში, ... ქუჩაძე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას აპირებდა ... ქუჩის მარცხნივ -... ქუჩის მიმართულებით. ... და ... ქუჩებს შორის მოძრაობის წესებს აწესრიგებს შუქნიშანი. ე. თ-ეს მოხვევის მანევრის შესრულებისას შეეჯახა ... ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი, ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ... - ..., რომელსაც მართავდა ი. ვ-ე. ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა თავდაპირველად შეეჯახა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის წინა ე.წ. ,,ბუფერს“, ხოლო შემდეგ გვერდით მდებარე რკინის ბოძს.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ავტომანქანების მძღოლებსა და მოწმეებს, შეადგინეს საგზაო სატრანსპორტო შემთხევევის სქემა, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად მიიჩნიეს ე. თ-ე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად დააჯარიმეს 250 ლარის ოდენობით და ჩამოართვეს ავტომანქანა / იხ. ს.ფ. 33-37; ტ.1/.
2011 წლის 13 მაისს ე. თ-ემ განცხადებით მიმართა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსს, განმარტა რომ არ ეთანხმებოდა 2011 წლის 08 მაისს საჯარიმო ოქმს და მოითხოვა სათანადო წესით დამოწმებული ავტო-საგზაო შემთხვევის საქმის მასალების გადაცემა / იხ. ს.ფ. 28; ტ.1/.
2011 წლის 14 მაისს ე. თ-ეს ასლების სახით გაეგზავნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, საგზაო-სატრანსტორტო შემთხვევის დათვალიერების სქემა და ახსნა-განმარტებები / იხ. ს.ფ. 32; ტ.1/.
2011 წლის 22 მაისს ე. თ-ემ განცხადებით მიმართა შპს ,,...“, წარადგინა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მასალების ქსერო ასლები და მოითხოვა შემთხვევის ადგილის ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. 2011 წლის 30 მაისის შპს ,,...“ დასკვნის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ავტომობილ ,,ოპელ ვექტრა“-ს მძღოლის, ი. ვ-ის მიერ, რომლის მოქმედება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ 25.2, 29.1, 32.4 მუხლების მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული წესების შესრულების შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა; ავტომობილ ,,მერსედესის“ მძღოლის, ე. თ-ის, მოქმედებაში ზემოხსენებული კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რომელსაც შეეძლო საგზა-სატრანსპორტო შემთხვევის გამოწვევა, არ აღინიშნებოდა / იხ. ს.ფ. 12-25; ტ.1/.
2011 წლის 03 ივნისს ე. თ-ემ კვლავ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოს და მოითხოვა მისთვის ეცნობებინათ საჯარიმო ქვითრის გაუქმების თაობაზე საქმის წაროება რა სტადიაზე იმყოფებოდა / იხ. ს.ფ. 27 ტ;1/.
2011 წლის 06 ივნისს ე. თ-ეს ეცნობა, რომ საჯარიმო ქვითრის გაუქმებასთან დაკავშირებით მას საჩივარი წარდგენილი არ ჰქონია, ასეთი მოთხოვნა განცხადებაში დაფიქსირებული არ ყოფილა და 13 მაისის განცხადებით მხოლოდ საქმის მასალების ასლების გადაცემას ეხებოდა / იხ. ს.ფ. 30; ტ.1/.
2011 წლის 10 ივნისს ე. თ-ემ შსს საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარ სამმართველოში წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი დაჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნება / იხ. ს.ფ. 26; ტ.1/.
2011 წლის 11 ივნისის იმერეთის მთავარი სამმართველოს პასუხით ე. თ-ეს ეცნობა, რომ მისი საჩივარი 2011 წლის 08 მაისს შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის გაუქმებასთან დაკავშირებით განუხილველი დარჩა, რადგან არ იყო დაცული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული დადგენილების გასაჩივრების ათდღიანი ვადა; რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალური დაცული სადგომიდან გამოყვანას, ე. თ-ე უნდა გამოცხადებულიყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფში, სადაც სატრანსპორტო საშუალება ჩაბარდებოდა კანონით დადგენილი წესით / იხ. ს.ფ. 31. ტ.1/.
ე. თ-ემ 2011 წლის 14 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 05 ივლისის განჩინებით ე. თ-ის სარჩელის გამო აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეში ი. ვ-ე ჩაბმულ იქნა მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. / იხ. ს.ფ. 58-61; ტ.1/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ე. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. 125; ტ.1/.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
ე. თ-ეს ჰყავს ავტომანქანა ,,მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით - ... .... ი. ვ-ეს ჰყავს ავტომანქანა ,,ოპელი“ სახელმწიფო ნომრით -... ....
ე. თ-ე 2011 წლის 8 მაისს დაახლოებით 11:00 საათზე მოძრაობდა ქ. ქუთაისში ... ქუჩაზე, საიდანაც აპირებდა მოძრაობის გაგრძელებას ... ქუჩის ხელმარცხნივ ... ქუჩის მიმართულებით. ე. თ-ე შეჩერდა აღნიშნული გზის მონაკვეთზე, შუქნიშნის წითელ ფერზე და დაელოდა მწვანე ფერის ანთებას, შუქნიშანზე მწვანე ფერის მაჩვენებლის გააქტიურების შემდეგ ე. თ-ემ გააგრძელა გზა, მივიდა გზაჯვარედინის ცენტრში და დააპირა ... ქუჩის მიმართულებით მოხვევის მანევრის გაგრძელება. ამავე დროს საპირისპირო მიმართულებიდან ... ქუჩაზე მოძრაობდა ი. ვ-ე ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანით, მათ შორის მოხდა შეჯახება. კერძოდ, ,,ოპელის” მარკის ავტომანქანამ მარცხენა მხარე გაჰკრა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის წინა ე.წ ,,ბუფერს“, ასცდა გზას და შეეჯახა რკინის ბოძს. შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეადგინა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა.
საპატრულო პოლიციამ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ახსნა-განმარტება ჩამოართვა მძღოლებსა და მოწმეებს და მათი ანალიზის შედეგად რომ ავტოსაგზაო შემთხვევის წარმოშობაში ბრალეულად მიიჩნია ე. თ-ე და შეუდგინა საჯარიმო ქვითარი, რომლითაც ე. თ-ე დაჯარიმდა 250 ლარით.
2011 წლის 13 მაისს ე. თ-ემ განცხადებით მიმართა საპატრულო პოლიციას და განუმარტა, რომ ის არ არის სამართალდამრღვევი და მოითხოვა საქმის მასალები.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველომ 2011 წლის 14 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი დოკუმენტები გადაუგზავნა ე. თ-ეს.
2011 წლის 3 ივნისს ე. თ-ემ განცხადებით მიმართა იმერეთის მთავარ სამმართველოს და მოითხოვა ეცნობებინათ, თუ რა ბედი ეწია საჩივარს, რომელიც მან 2011 წლის 13 მაისს წარადგინა.
2011 წლის 6 ივნისს იმერეთის მთავარი სამმართველოდან ე. თ-ეს ეცნობა, რომ მას 2011 წლის 13 მაისის განცხადებით მოთხოვნილი საქმის მასალები გადაცემული ჰქონდა, ხოლო საჩივარი არ წარუდგენია, შესაბამისად ვერც განიხილებოდა.
2011 წლის 10 ივნისს ე. თ-ემ იმერეთის მთავარ სამმართველოში შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი დაჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ავტოსანტრანსპორტო საშუალების დაბრუნება.
იმერეთის მთავარმა სამმართველომ ე. თ-ის საჩივარი არ განიხილა. განმარტა, რომ ე. თ-ეს გაშვებული ჰქონდა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი ვადა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღებისათვის უნდა გამოცხადებულიყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის ჯგუფში, სადაც სატრანსპორტო საშუალება ჩაბარდებოდა კანონით დადგენილი წესით.
ე. თ-ემ 2011 წლის 14 ივნისს სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2011 წლის 08 მაისს მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, პროცესის ხარჯების ანაზღაურება და ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლება.
სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებით სასამართლომ დანიშნა განმწესრიგებელი სხდომა. სასამართლომ სარჩელი მიიჩნია დასაშვებად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე მიღებული სამომავლო გადაწყვეტილება შეეხებოდა ი. ვ-ის ინტერესებს, რის გამოც 2011 წლის 18 ივნისის განჩინებით ი. ვ-ე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში ჩაება მესამე პირად.
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელემ განმარტა, რომ მან მოძრაობა დაიწყო შუქნიშნის მწვანე შუქის ანთების შემდეგ, ამიტომ მას შეეძლო დაუბრკოლებლად განეხორციელებინა მოხვევის მანევრი. ი. ვ-ე საპირისპირო მხრიდან მოძრაობდა წითელ შუქზე. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია ი. ვ-ის ბრალეული ქმედებით. მოსარჩელემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამტკიცებს ი. ვ-ის ბრალეულობას. ე. თ-ემ ასევე მიუთითა, რომ მას ავტომანქანა ჩამორთვეს და აღარ უბრუნებენ.
მესამე პირის ი. ვ-ის წარმომადგენლის მტკიცებით, ი. ვ-ე შუქნიშანს გასცდა მოციმციმე მწვანე შუქის ანთების პროცესში.
სასამართლოს მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა თვითონ უნდა ამტკიცონ გარემოებები, რომლებზეც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს ი. ვ-ემ წითელ შუქზე დაიწყო მანევრის შესრულება თუ მოციმციმე მწვანე ფერის შუქზე.
როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე და მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაინტერესებული არიან საქმის შედეგით და მათი განმარტებების უტყუარად გაზიარება სასამართლოს შეიყვანს შეცდომაში.
სასამართლომ არ გაიზიარა ავტომანქანის დაბრუნების საკითხის სადაოობა. მოპასუხის განმარტებით, ავტომანქანა სადგომზე გაჩერებული იყო 10 დღით, რის შემდეგაც მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეეძლო წაეყვანა ავტომანქანა. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის 2011 წლის 11 ივნისის მიმართვით ირკვევა, რომ მოსარჩელეს შეეძლო დაებრუნებინა საკუთარ ავტომანქანა, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს ავტომანქანის დაბრუნებაში არავინ ზღუდავდა და ავტომანქანის დაბრუნების გარემოება სადავო არ იყო.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არაა მოსარჩელის ბრალეული ქმედებით გამოწვეული და რომ იგი ი. ვ-ის ბრალეული ქმედებით დადგა. სასამართლოს ვალდებულებაა გამოარკვიოს დასახელებულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოსარჩელის ბრალეულობა, რაც პირდაპირ კავშირშია გასაჩივრებული საჯარიმო ქვითრის კანონიერებასთან. მართალია, მოსარჩელემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალი მიუძღვის ი. ვ-ეს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლომ განმარტა, რომ ი. ვ-ის ქმედება შესაძლებელია შეიცავდეს სამართალდარღვევის ნიშნებს, თუმცა მისი ბრალეულობის გარკვევა არაა ამ საქმის განხილვის საგანი. დავის არსი გამომდინარეობს ე. თ-ის მიერ მოძრაობის წესების დარღვევის შეფასებიდან. შესაბამისად, დისპოზიციურის პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო ვერ იმსჯელებს ი. ვ-ის ქმედებაზე. ,,საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით ირკვევა, რომ ე. თ-ემ დაარღვია საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ე “ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზია“.
სასამართლოს დასკვნა _ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება
/კვალიფიკაცია/:
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით ირკვევა, რომ მოსარჩელემ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადამრთველი ნიშნის, მწვანე ფერის ანთების შემდეგ დაიწყო მოძრაობა, გზაჯვარედინის იმ მონაკვეთამდე, საიდანაც უნდა დაეწყო მარცხნივ მოხვევის მანევრი, მაგრამ ამ დროს გზაჯვარედინზე უკვე შემოსული იყო საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავი ,,ოპელის” მარკის ავტომანქანა. ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნით გზა უნდა დაეთმო იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მარჯვენა მხრიდან უახლოვდებოდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახელებულ შემთხვევაში მოსარჩელის მოძრაობის ტრაექტორიამ და ი. ვ-ის მანქანის მოძრაობის ტრაექტორიამ ერთმანეთი გადაკვეთა. გზაჯვარედინზე მათი გავლის რიგითობა განსაზღვრული არ იყო, ამიტომ მძღოლებს უნდა ეხელმძღვანელათ ზემოაღნიშნული კანონის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილით და მოსარჩელეს გზა უნდა დაეთმო ი. ვ-ის მართვის ქვეშ არსებული ,,ოპელისათვის”, რადგან მათი ტრაექტორიების გადაკვეთის ადგილას ,,ოპელის” მარკის ავტომანქანა მარჯვნიდან უახლოვდებოდა მოსარჩელეს. ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანა ვალდებული იყო საპირისპირო ზოლიდან მოძრავი ,,ოპელის” მარკის ავტომანქანისათვის მიეცა მანევრის დასრულების საშუალება, რადგან ,,ოპელის” მარკის ავტომანქანას მანევრი დაწყებული ჰქონდა, იგი მოძრაობდა პირდაპირ, შემოსული იყო გზაჯვარედინზე და აგრძელებდა მანევრს, ხოლო ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანა ახლად იწყებდა მარცხნივ მოხვევის მანევრს. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე არ დარწმუნდა, რომ მანევრი იყო უსაფრთხო და მოხვევის მანევრი დაიწყო იმ დროს, როცა საპირისპირო ზოლიდან მის მანქანასთან მოახლოებული იყო ,,ოპელის” მარკის ავტომანქანა, რომელსაც მოძრაობის სიჩქარის მიხედვით არ ჰქონდა შესაძლებლობა გაეჩერებინა ავტომანქანა, რამაც საერთო ჯამში გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა /იხ. ს.ფ. 65-75. ტ.1/.
აპელანტი (მოსარჩელე): ე. თ-ე
წარმომადგენელი - გ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი: კ. ზ-ე
მესამე პირი - ი. ვ-ე
წარმომადგენელი - ლ. ფ-ე
აპელანტის მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის მოსაზრებით, როდესაც სასამართლო უდავო და დადგენილ ფაქტად მიიჩნევს ე. თ-ის შუქნიშნის ნებადამრთველ მწვანე ფერზე მოძრაობას, შუქნიშნის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, გაურკვეველია იმავე გადაწყვეტილებით რატომ ,,არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ ი. ვ-ემ მოძრაობა დაიწყო წითელ ფერზე“.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილი და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები. აღნიშნული კანონის 27-ე მუხლი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა გზაჯვარედინზე არ არის შუქნიშანი, რომელიც განსაზღვრავს მოძრაობის რიგითობას, ხოლო 32-ე მუხლი კი ეხება შუქნიშნით მოწესრიგებულ გზაჯვარდინს. აპელანტის მტკიცებით, შეუძლებელია ე. თ-ის დაერღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ორივე მუხლის მოთხოვნა.
ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ი. ვ-ეს უნდა გაეთვალისწინებინა მთელი რიგი გარემოებები, ავტომანქანა უნდა ემართა ისეთი სიჩქარით, რომელიც მისცემდა გაჩერების შესაძლებლობას საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში.
სამართლებრივი: გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მისთვის ავტომანქანა არ ჩამოურთმევიათ, აღნიშნული დასკვნის საფუძვლად სასამართლო უთითებს მოპასუხის პოზიციას და საპატრულო პოლიციის წერილს. წერილი აშკარად ადასტურებს, რომ ავტომანქანის ჩამორთმევის ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ამას ადასტურებს ასევე საჯარიმო ქვითრის სახით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადაც მითითებულია, რომ ე. თ-ეს ჩამოერთვა ავტომანქანა. შესაბამისად, გადაწყვეტილების ამ ნაწილში მოსამართლის მსჯელობა არასწორი და დაუსაბუთებელია.
გასაჩივრებული საჯარიმო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ აქტის დასაბუთების წესს /იხ. ს.ფ. 118-125. ტ.1/.
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ე. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 197. ტ.2/.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
ფაქტობრივი დასაბუთება: დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ გზაჯვარედინზე ე. თ-ემ მანევრი დაიწყო შუქნიშნის მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მწვანე ფერის ანთების შემდეგ.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა გზაჯვარედინზე გავლის წესების დარღვევამ, მოცემული სადაო სამართალურთიერთობის სწორად გადაწყვეტა საჭიროებს შემდეგი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას: შეესაბამება თუ არა სინამდვილეს მესამე პირის განმარტება, რომ მან გზაჯვარედინზე გაიარა მოძრაობის ნებადამრთველ მოციმციმე მწვანე შუქზე და ე. თ-ის მიერ მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყებისას შემოსული იყო თუ არა მესამე პირი გზაჯვარედინზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის, მაგრამ სასამართლოს უარი ამ დასკვნის გაზიარებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებების გამო შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს ი. ვ-ის გზაჯვარედინზე შემოსვლის მომენტი, აღნიშნულ საკითხზე დასკვნების გამოტანა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოკლებულია დამაჯერებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, თუ ავტომანქანა ,,მერსედესმა“ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევის მანევრი დაიწყო ნებადამრთველი დამატებითი სექციის მწვანე ისრის ანთების შემდეგ, შუქნიშნის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა ამ დროს საპირისპიროდ მოძრავი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანისათვის ყოფილიყო მოძრაობის ნებადამრთველი რეჟიმი. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა აღნიშნულ საკითხზე შეიცავს გარკვეულ მონაცემებს, თუმცა მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რაიმე შეფასება არ მიეცა და არც დამატებითი ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო არ ეთანხმებოდა ექსპერტიზის დასკვნას დაუსაბუთებულობის მოტივით, მას შეეძლო დაენიშნა განმეორებითი ექსპერტიზა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173.2 მუხლის თანახმად. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ არ გაიზიარა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებულობის მოტივით და სრულად გაიზიარა მესამე პირის განმარტება, რომ იგი გზაჯვარედინზე შევიდა მოციმციმე მწვანე შუქზე.
ასევე უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ავტომანქანა ,,მერსედესისათვის“ მოხვევის მანევრის დაწყებისთანავე, მის წინ აღმოცენდა ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა. საქმეში წარმოდგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემების თანახმად, გზაჯვარედინზე, ... გამზირის სიგანე შეადგენს 23 მეტრს, შეჯახება კი მოხდა გზის მარჯვენა კიდიდან 21.4 მეტრი, ხოლო გზის სავალი ნაწილის მარცხენა კიდიდან 1.6 მეტრი დაშორებით, რაც ადასტურებს, რომ შეჯახება მოხდა მაშინ, როდესაც ა/მ ,,მერსედესი“ ასრულებდა საპირისპირო მოძრაობის ზოლის გადაკვეთის მანევრს და არა მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყებისას, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის.
სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დავის გადაწყვეტისას პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.
დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა შუქნიშნით მოწესრიგებულ გზაჯვარედინზე. ორივე ავტომობილის სავალი ნაწილი შუქნიშნამდე მონიშნულია ,,სდექ“ ხაზით. ,,მერსედესის“ მხარეს შუქნიშანი აღჭურვილია დამატებითი მარცხნივ მოხვევის სექციით.
მოცემული სადავო სამართალურთიერთობის დასარეგულირებლად, სასამართლომ გამოიყენა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველო კანონის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც არეგულირებს არარეგულირებულ გზაჯვარედინზე უპირატესი გავლის რიგითობას. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის გამოყენება მოცემული სადავო სამართალურთიერთობის დასარეგულირებლად დაუშვებელი იყო.
ასევე, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,საგზო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი. მართალია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ასრულებდა მარცხნივ მოხვევის მანევრს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, მის მხარეს შუქნიშანი აღჭურვილი იყო მარცხნივ მოხვევის ნებარდამრთველი დამატებითი სექციით, რომლის ჩართვის პერიოდში საპირისპირო მიმართულების ზოლისათვის ინთება მოძრაობის ამკრძალავი წითელი შუქნიშანი. შესაბამისად, არც აღნიშნული ნორმა არ აწესრიგებს მოცემულ სადავო სამართალურთიერთობას და ამ ნორმის მოთხოვნათა დაცვა ა/მ ,,მერსედესი“ -ს მძღოლისათვის საჭირო არ იყო.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა უნდა დარეგულირდეს ,,საგზაო მოზრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად, კერძოდ, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით. ანუ, უნდა დადგინდეს და შეფასება მიეცეს მესამე პირის მართვის ქვეშ მყოფი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა შესული იყო თუ არა გზაჯვარედინზე ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანისათვის მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი დამატებითი სექციის ჩართვისას. ამ გარემოების დასადგენად სასამართლომ ყოველმხრივი და სრული შეფასება უნდა მისცეს როგორც მხარეთა განმარტებებს, ისე, საქმეში წარმოდგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემებს, ექსპერტიზის დასკვნას და ისე მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საჯარიმო ქვითრის კანონიერებასთან დაკავშირებით. ხოლო, თუ სასამართლო არ გაიზიარებს ექსპერტების დასკვნას, უნდა გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დანიშნოს ექსპერტიზა.
ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა დაცულ სადგომზე დგომის ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საკითხზე, რადგან საქმის მასალებით მოსარჩელე შეზღუდული არ ყოფილა ავტომანქანის სადგომიდან გაყვანაში /იხ. ს.ფ. 188-197. ტ.1/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ე. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. /იხ. ს.ფ. 65. ტ.2/.
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ახალი ფაქტობრივი გარემობა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 09 იანვრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა განმეორებითი ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა კომისიური ავტოტექნკური ექსპერტიზა, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტების მიერ საერთო მოსაზრების დასკვნა გაცემული ვერ იქნა. კერძოდ, ექსპერტები დ. გ-იანი და დ. დ-ი მიიჩნევენ, რომ ავტომობილ ..ოპელ-ვექტრას” მძღოლს, ი. ვ-ეს ტექნიკური თვასაზრისით (დამუხრუჭებით) ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება, ხოლო ექსპერტები რ. ვ-ი და გ. კ-ი მიიჩნევენ, რომ დასახელებული კანონის მოთხოვნები უგულებელყო ,,ოპელ-ვექტრას” მძღოლმა ი. ვ-ემ, ხოლო ,,,მერსედეს-ბენცის” მძღოლის ე. თ-ის მოქმედებაში აღნიშნული კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა, რასაც შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის გამოწვევა, არ აღინიშნება.
სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:
მოსარჩელემ განმარტა, რომ მან მოძრაობა დაიწყო მწვანე შუქის ანთების შემდეგ, ამიტომ მას შეეძლო დაუბრკოლებლად მანევრის განხორციელება. ი. ვ-ე საპირისპირო მხრიდან გამოვიდა წითელ შუქზე, ამიტომ იგი შეზღუდული იყო განეხორციელებინა მანევრი. ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია არა მისი, არამედ ი. ვ-ის ბრალეული ქმედებით.
მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:
სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტების რ. ვ-ისა და გ. კ-ის დასკვნა იმის თაობაზე, რომ ავტომობილი ,,ოპელ-ვექტრა” მოძრაობდა დაახლოებით 92 კმ/სთ სიჩქარით და მოციმციმე მწვანე ფერის შემჩნევის დროს იგი შემთხვევის ადგილიდან დაშორებული იყო 182 მეტრით. რადგან აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ მათი გამოკვლევის შედეგებს, რომ ა/მ ,,მერსედეს-ბენცთან” შეჯახების გამო ა/მ ,,ოპელ-ვექტრამ” დაკარგა სიჩქარე, დაახლოებით 32 კმ/სთ-ით, რასაც დაამატეს ა/მ ,,ოპელ-ვექტრას” მოძრაობის სიჩქარე 60 კმ/სთ (მძღოლის განმარტებით) და მიიღეს 92 კმ/სთ, საიდანაც მოხდა მანძილის განსაზღვრა.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის და ექსპერტთა რ. ვ-ისა და გ. კ-ის განმარტებები და დასკვნა იმის თაობაზე, რომ ა/მ ,,მერსედეს-ბენცმა” მოძრაობა დაიწყო მოხვევის ნებადამრთველი მწვანე შუქის ანთების შემდეგ. ამ დასკვნამდე ექსპერტები მივიდნენ მათივე გამოთვლებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომ ა/მ ,,მერსედეს-ბენცის” მიერ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყების დროს ა/მ ,,ოპელ-ვექტრა” შემთხვევის ადგილიდან დაშორებული იყო დაახლოებით 128 მეტრით, ხოლო ექსპერტები დ. გ-ი და დ. დ-ი განმარტავენ, რომ სათანადო მეთოდიკის არარსებობის გამო შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი შუქნიშნის ფერზე გაიარა ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალებამ. ის გარემოება, რომ ა/მ ,,ოპელ-ვექტრა” შუქნიშნებით ანიშნებდა ა/მ ,,მერსედეს ბენცს” დაეთმო გზა, ადასტურებს, რომ იგი შემოსული იყო გზაჯვარედინზე და სარგებლობდა უპირატესი უფლებით დაესრულებინა გზაჯვარედინზე გავლის მანევრი.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებადამრთველი მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნული შეეხება რეგულირებად გზაჯვარედინს და სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტების რ. ვ-ისა და გ. კ-ის მოსაზრება, რომ ეს წესი ვრცელდება ისეთ მოწესრიგებულ გზაჯვარედინზე, რომელსაც არ აქვს დამატებითი სექცია და არ შეიძლება გავრცელდეს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაზე. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში უდავოა ის გარემოება, რომ ე. თ-ე უხვევდა მარცხნივ, ხოლო ი. ვ-ე მოძრაობდა მისგან მარჯვნივ, შესაბამისად ე. თ-ე ვალდებული იყო დაეცვა ზემოდასახელებული კანონის მოთხოვნა.
,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებული იყო მანევრის განხორციელების წინ დარწმუნებულიყო მის უსაფრთხოებაში. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მან მარცხნივ მოხვევამდე გაიხედა როგორც წინ, ისე მარჯვენა მხარეს და დარწმუნდა, რომ ა/მანქანები არ მოძრაობდნენ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ე. თ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი მარცხენა მხრიდან შეეჯახა მის წინ მყოფ ,,ოპელ-ვექტრას” მარკის ავტომობილს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება, რომ მის მიერ განხორციელებული მანევრი იყო უსაფრთხო. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა ექსპერტების დასკვნა, რომ ზემოდასახელებული ნორმა შესაძლო გავრცელდეს მხოლოდ არარეგულირებულ გზაჯვარედინზე. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა მძღოლი დაავალდებულა, რომ მის მიერ განხორციელებული მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო და ასეთი ვალდებულებებისაგან არ შეიძლება გათავისუფლდეს ის მძღოლი, რომელიც მოძრაობს რეგულირებულ გზაჯვარედინზე.
,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს. გარდა ამისა, მძღოლი ვალდებულია მუდმივი კონტროლი გაუწიოს სიჩქარეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად, ექსპერტები დ. გ-ი და დ. დ-ი აღნიშნავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში ავტომობილ ,,ოპელ-ვექტრას” მძღოლს ი. ვ-ეს ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის ქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ პატრულ- ინსპექტორებმა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე განხილვისას სწორი შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას და მართებულად შეადგინეს ოქმი ე. თ-ის მიმართ. /იხ,ს.ფ. 65-75; ტ.2/
აპელანტი (მოსარჩელე): ე. თ-ე
წარმომადგენელი - არ ჰყავდა
აპელანტი (მოპასუხე): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი:კ. ზ-ე; გ. მ-ე
მესამე პირი: ი. ვ-ე
წარმომადგენელი - გ. გ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ი. ვ-ე გზაჯვარედინზე გადიოდა მოციმციმე მწვანე შუქზე. შუქნიშნის მოძრაობის პრინციპის გათვალისწინებით, მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი სექციის ანთების შემდეგ, საპირისპირო ზოლით მოძრაობას კეტავს შუქნიშნის წითელი ფერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა, რომლითაც უარყოფილი იქნა მოსარჩელის არგუმენტები ი. ვ-ის წითელ შუქნიშანზე გასვლასთან დაკავშირებით.
სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილი, რომელიც არეგულირებს არარეგულირებულ გზაჯვარედინზე უპირატესი გავლის წესებს. მოცემულ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შუქნიშნით მოწესრიგებულ გზაჯვარედინზე, სადაც მოძრაობის რიგითობა განისაზღვრება შუქნიშნის ფერებით. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შეახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლი, რომლის თანახმად, ი. ვ-ეს უნდა გაეთვალსწინებინა მთელი რიგი პირობები და ავტომანქანა უნდა ემართა ისეთი სიჩქარით, რაც მისცემდა მისი გაჩერების შესაძლებლობას საფრთხის წარმოქმის შემთხვევაში /იხ. ს.ფ. 84-93. ტ.2/.
მოწინააღმდეგის შეპასუხება:
მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელაციის მოტივები, პალატამ მიიჩნია, რომ მასში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ შედეგებს /იხ. ს.ფ. 67. ტ.2/.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ავტო- საგზაო შემთხვევა მოხდა შუქნიშნით მოწესრიგებულ გზაჯვარედინზე და ორივე ავტომობილის სავალი ნაწილი შუქნიშნამდე მონიშნულია ,,სდექ” ხაზით. ა/მ ,,მერსედეს ბენცის” მხარეს შუქნიშანი აღჭურვილია დამატებით მარცხნივ მოხვევის სექციით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რეგულირებულ გზაჯვარედინზე ავტომობილის გავლის წესის და რიგითობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები არ გამორიცხავს ამავე ურთიერთობებზე კანონის ზოგადი ნორმების გავრცელებას შესაძლებლობას, რომლებიც არეგულირებენ მანევრის დაწყების, მოძრაობის უსაფრთხოების, სათანადო სიჩქარის შერჩევის და ა. შ. წესებს. პალატამ აღნიშნა, რომ როგორც ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, ისე 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ერთნაირად განსაზღვრავენ, რომ მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის და მოხევევის მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო და მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ უნდა უქმნიდეს დაბრკოლებას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები, რომ მოხვევის მანევრის დაწყების წინ იგი ვერ დარწმუნდა მის უსაფრთხოებაში, კერძოდ, გაიხედა მარჯვნივ, მარცხნივ, დარწმუნდა რომ მანქანები არ მოძრაობდნენ და დაიწყო მანევრი. პალატამ მიუთითა, რომ ა/მ ,,ოპელ-ვექტრას” მძღოლის განმარტებით, მან ხმოვანი სიგნალით ანიშნა ა/მ ,,მერსედეს-ბენცის” მძღოლს, რომელიც იწყებდა მარცხნივ მოხვევის მანევრს და კვეთდა რა მის სავალ ნაწილს, დაეთმო გზა და მიეცა შესაძლებლობა დაესრულებინა მანევრი (გზაჯვარედინზე გავლა), თუმცა ა/მ ,,მერსედეს ბენცმა” განაგრძო მოძრაობა და მოხდა შეჯახება. ა/მ ოპელ-ვექტრას” მძღოლის განმარტებას შუქნიშნით და სიგნალებით არ უარყოფს ე. თ-ე, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მომენტში ა/მ ,,ოპელ-ვექტრა” არ იმყოფებოდა გზაჯვარედინის ფარგლებში. აღნიშნულ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, პალატამ ჩათვალა, რომ ა/მ ,,მერსედეს ბენცის” მძღოლის მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყება არ იყო უსაფრთხო და ამ შემთხვევაში მისი მოქმედება არ შეესაბამება კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ა/მ ,,მერსედეს-ბენცის“ მიერ მარცხნივ მოხევევის მანევრის დაწყების წინ ა/მ ,,ოპელ- ვექტრა“ არ იყო შესული გზაჯვარედინზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების დ.გ-ის და დ.დ-ის დასკვნა, რომ სათანადო მეთოდიკის არარსებობის გამო შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი შუქნიშნის ფერზე გაიარა ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალებამ და ა/მ ,,მერსედეს-ბენცის“ მიერ მარცხნივ მოხვევის მანევრის წინ ა/მ ,,ოპელ-ვექტრა“ შესული იყო თუ არა გზაჯვარედინზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა განმარტებებით და საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით ცალსახად არ დასტურდება აღნიშნული გარემოება, ხოლო უდავოა, რომ ა/მ ,,ოპელ-ვექტრა“ შუქნიშნებით ანიშნებდა ა/მ ,,მერსედეს-ბენცს“ (მანევრის დაწყების მომენტში) დაეთმო გზა, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა/მ ,,მერსედეს-ბენცის“ მიერ მარცხნივ მოხვევის მანევრის დაწყების მომენტში ა/მ ,,ოპელ-ვექტრა“ შემოსული იყო გზაჯვარედინზე და სარგებლობდა უპირატესი უფლებით დაესრულებინა გზაჯვარედინზე გავლის მანევრი. ამ შემთხვევაში ა/მ ,,მერსედეს-ბენცის“ მძღოლის მიერ უგულებელყოფილ იქნა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა სატრანსპორტო შემთხვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
სააპელაციო პალატამ, ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა დაცულ ავტოსადგომზე დგომის ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, რადგან აღნიშნული მოთხოვნა სამართლებრივად დაკავშირებულია ძირითად მოთხოვნასთან, რომლის უარყოფა ასევე განაპირობებს ამ მოთხოვნის ბედს. ამასთან, საქმის მასალებით მოსარჩელე შეზღუდული არ ყოფილა ავტომანქანის სადგომიდან გაყვანაში /იხ. ს.ფ. 138-148. ტ.2/.
კასატორი (მოსარჩელე) - ე. თ-ე
წარმომადგენელი - გ. ჭ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - კ. ზ-ე; გ. მ-ე
მესამე პირი - ი. ვ-ე
წარმომადგენელი - გ. გ-ე; ლ. ფ-ე
კასაციის განაცხადი :
ქუთაისის სააპელცაიო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
კასაციის მოტივები:
სამართლებრივი: კასატორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.
კასატორის მტკიცებით, მას არ დაურღვევია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი და მის საფუძველზე კასატორის მიმართ გამოყენებული სანქცია უკანონოა. პოლიციის საჯარიმო აქტი უნდა გაუქმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, 22-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე. რასაც ადასტურებს საქმეში არსებული შპს ,,...“ ექსპერტების რ. ვ-ისა და გ, კ-ის დასკვნით და მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ, ავტომობილი ,,ოპელ ვექტრა“ შეჯახებამდე მოძრაობდა 92 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მოციმციმე მწვანე შუქის შემჩნევის დროს შემთხვევის ადგილიდან დაშორებული იყო 128 მეტრით. ხოლო ავტომობილმა ,,მერსედესმა“ მოხვევა დაიწყო მწვანე შუქის ანთების შემდეგ. სავსებით ლოგიკურია, რომ თუ ერთი ავტომანქანა გამოვიდა მწვანე შუქზე, მეორე წითელზე გაივლიდა.
კასატორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიკერძოებული და სუბიექტური იყო. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელბიც აშკარად ეწინააღმდეგებოდა სამართლიანობის პრინციპს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების დასკვნების გაზიარებით სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ეს ექპერტები შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილან. ამასთანავე, სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ზოგადი ნორმებით და არასწორად განმარტა კანონი. მოსარჩელის მიერ დაცული იყო ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხობის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნა. კერძოდ, ის გადასვლამდე დარწმუნდა მისი მოძრაობის უსაფრთხოებაში, წესისამებრ, გაიხედა მარჯვნივ და დარწმუნდა, რომ მანქანები არ მოძრაობდნენ და დაიწყო შესაბამისი მანევრირება.
კასატორის შეფასებით, სასამართლოს მიერ დარღვეულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და ,,საგზაო უსაფრთხოების მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნა დაუსაბუთებელია და არ ასახავს საქმის გარემოებებს. /იხ. ს.ფ.. ტ.2/.
მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრებით: ე. თ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევისთვის, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
მესამე პირის ი. ვ-ის მოსაზრებით, ე. თ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.2 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების მიხედვით, კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები (სასკ 34.3 მ.):
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის - ე. თ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 “გ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
პროცესუალური კასაციის წარმოდგენილი მოტივები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების საპროცესო დარღვევებით გამოტანილად მიჩნევის საპროცესო კანონით (სსსკ-ის 393.2. მუხლი) განსაზღვრულ შემთხვევას. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ სამართლებრივ არგუმენტაციას გადაწყვეტილების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, კერძოდ, კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლოებმა არასწორად იმსჯელეს და შეაფასეს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ასახული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები, ვერ ჰპოვებს დადასტურებას საქმის მასალების მიხედვით. შესაბამისად, იგი ვერ იქნება გაზიარებული, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.
სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში, საპატრულო პოლიციასა და მძღოლს (კასატორ ე. თ-ეს) შორის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის კვალიფიკაცია მოითხოვს ნორმათშემფარდებელი ადმინისტრაციული ორგანოების, ასევე კონკრეტული მოხელე-პოლიციელების მხრიდან მთელ რიგ პროცედურული მოქმედებების ადეკვატურ შესრულებას, სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა-დადგენის გზით და კანონშესაბამის კვალიფიკაციას.
საქმის მასალების მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ 2011 წლის 08 მაისს მოსარჩელე - ე. თ-ე საკუთარი, ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით - ... - ..., მოძრაობდა ქ. ქუთაისში, ... ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას აპირებდა ... ქუჩის მარცხნივ -... ქუჩის მიმართულებით. ... და ... ქუჩებს შორის მოძრაობის წესებს აწესრიგებს შუქნიშანი. ე. თ-ეს მოხვევის მანევრის შესრულებისას შეეჯახა ... ქუჩაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავი, ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ... - ..., რომელსაც მართავდა ი. ვ-ე. ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა თავდაპირველად შეეჯახა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის წინა ე.წ. ,,ბუფერს“, ხოლო შემდეგ გვერდით მდებარე რკინის ბოძს.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ახსნა-განმარტება ჩამოართვეს ავტომანქანების მძღოლებსა და მოწმეებს, შეადგინეს საგზაო სატრანსპორტო შემთხევევის სქემა, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევად მიიჩნიეს ე. თ-ე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად დააჯარიმეს 250 ლარის ოდენობით და ჩამოართვეს ავტომანქანა / იხ. ს.ფ. 33-37; ტ.1/.
საქმის ხელახლა განხილვისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 09 იანვრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა განმეორებითი ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა კომისიური ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტების მიერ საერთო მოსაზრების დასკვნა ვერ გაიცა. კერძოდ, ექსპერტები დ. გ-ი და დ. დ-ი მიიჩნევენ, რომ ავტომობილ ..ოპელ-ვექტრას” მძღოლს, ი. ვ-ეს ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით) ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება, ხოლო ექსპერტები რ. ვ-ი და გ. კ-ი მიიჩნევენ, რომ დასახელებული კანონის მოთხოვნები უგულებელყო ,,ოპელ-ვექტრას” მძღოლმა ი. ვ-ემ, ხოლო ,,,მერსედეს-ბენცის” მძღოლის ე. თ-ის მოქმედებაში აღნიშნული კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა, რასაც შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის გამოწვევა, არ აღინიშნება ( იხ. ს. ფ. ტ. ).
კასატორის მოტივი, რომ არ დაურღვევია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის და ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ეფუძნება შემდეგს, რომ აღნიშნული დადასტურებულია მისივე ახსნა-განმარტებით და საქმეში არსებული შპს ,,...“ ექსპერტების დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით. კასატორის მოსაზრება, რომ ავტომობილი ,,ოპელ-ვექტრა“ მოძრაობდა 92 მკ/სთ სიჩქარით, ხოლო მოციმციმე მწვანე შუქის შემჩნევის დროს შემთხვევის ადგილიდან დაშორებული იყო 128 მეტრით. ა/მ ,,მერსედეს-ბენცმა“ მოძრაობა დაიწყო მოხვევის ნებადამრთველი მწვანე შუქის ანთების შემდეგ. შესაბამისად, ლოგიკურია, თუ ერთი ა/მ გავიდა მწვანეზე, მეორე ა/მ გამოვიდოდა წითელზე, რის გამოც სასამართლოს დასკვნა სრულიად დაუსაბუთებელია, ვერ იქნება საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ზემოყვანილი ფაქტები ამგვარად არის დადგენილი და შეფასებული ექსპერტების გ. კ-ისა და რ. ვ-ის დასკვნით, რომელიც თავის მხრივ, ემყარება შემდეგ გაანგარიშებას: ექსპერტების გამოთვლით ა/მანქანას შეჯახების დროს უნდა დაეკარგა 32 კმ/სთ სიჩქარე, რაც მითუმეტეს ი. ვ-ის ჩვენებაში დაფიქსირებულ მონაცემებს 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ამავე სიჩქარით განათების ბოძზე დაჯახების თაობაზე, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ შეჯახებამდე ა/მ ,,ოპელ-ვექტრა“ მოძრაობდა 92 კმ/სთ სიჩქარით, თუმცა, აღნიშნული მსჯელობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად შეფასდა დაუსაბუთებლად, რამდენადაც ი. ვ-ე ჩვენებაში უთითებს მხოლოდ მისი მოძრაობის სიჩქარეს და არა შეჯახების მომენტში არსებულ სიჩქარეს, ამავდროულად ექსპერტებს არ უმსჯელიათ 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ა/მ ელექტრო ბოძთან შეჯახების დროს მიღებული დაზიანების ხარისხი, რის გამოც ამ მონაცემით დაზიანების - ხარისხი სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობის დროს, დადგენა იმისა თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ,,ოპელ-ვექტრა“ და რა მანძილზე იქნებოდა დაშორებული შეჯახების ადგილიდან, დაუსაბუთებელია. (იხ. ს.ფ. 69; ტ. 2)
საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ შეფასებაზე არ ყოფილა არც დასაბუთებული სააპელაციო და არც საკასაციო საჩივრები წარმოდგენილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საკითხზე ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას ვერ აქარწყლებს საკასაციო პრეტენზიაში მოყვანილი არგუმენტაცია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებას, რომ ავტომობილის სიჩქარის გაანგარიშება, რომელიც გამოთვლილია ა/მ ,,ოპელ-ვექტრას“ დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ასევე, ა/მ წითელ თუ მწვანე შუქნიშანზე გავლის შესახებ მოსაზრება არ ეფუძნება საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დეტალურ გამოკვლევას, მსჯელობის სისწორის გამო, რამდენადაც ამგვარი გამოთვლა არ ითვალისწინებს განსხვავებული ფაქტების დაშვების შემთხვევაში შესაძლო შედეგებს, რომელთა შესწავლის შედეგად თვალსაჩინო გახდებოდა გამოთვლის შედეგების ხასიათი. ასეთის არარსებობის პირობებში, კასატორის მოტივაცია, რომელიც ექსპერტთა ერთი ჯგუფის დასკვნას ეფუძნება, ვერ იქნება გაზიარებული დასკვნის არასრულფასოვანი და წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოტივაციას სააპელაციო სასამართლოს მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ნორმების არასწორად გამოყენების თაობაზე, კერძოდ, რომ სასამართლომ გაავრცელა რეგულირებად გზაჯვარედინებზე ავტომობილების გავლის წესებზე და სპეციალურ ნორმების ურთიერთობებზე გაავრცელა ზოგადი ნორმები (იხ. ს.ფ. 158; ტ. 2), შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით მოწესრიგებულია გზაჯვარედინზე საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის წესები, ვალდებულებები, გავლის უპირატესობები და ა.შ.
მითითებული ნორმით დიფერენცირებულია მოძრაობის წესები რეგულირებულ და არა რეგულირებულ გზაჯვარედინებზე (მე-4 და მე-5 ნაწილები). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა/ს შემთხვევა მოხდა რეგულირებად გზაჯვარედინზე, რომლის შემთხვევაში მოძრაობის მონაწილეთა ქცევის წესების შეფასებისას კანონის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ნორმის შეფარდება არ არის ამომწურავი და ქვემდგომ სასამართლოებს სრულიად კანონიერად გააჩნდათ უფლებამოსილება სადავო სამართალურთიერთობისათვის შეეფარდებინათ არამხოლოდ ეს კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, არამედ ასევე, კანონის ზოგადი ნორმების შინაარსი, რაც სავსებით შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ სამართლის ნორმის კანონიერ შეფარდება-განმარტების სტანდარტს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოტივაცია არსებითად არ განსხვავდება სააპელაციო საჩივრის მოტივებისაგან, რომელთა თაობაზე დასაბუთებულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და საკასაციო საჩივრის განხილვის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების სტადიაზე არ დადასტურდა ქვემდგომ სასამართლოთა არამართებული შეფასებებისა და სასამართლო დასკვნათა კანონშეუსაბამობა და დაუსაბუთებულობა, რაც კასაციის დაკმაყოფილების წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ე. თ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/