#ბს-894-876(კ-12) 28 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 26 თებერვალს ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის, სს „...“ და შპს „...“ მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, რომლის მიხედვით მიწის ნაკვეთი აღირიცხა შპს „...“, სს „...“ და სახელმწიფოს საერთო საკუთრებად, ასევე ქ. ქუთაისში, ... ქუჩისა და ... ქუჩის №29/4-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის როგორც საზოგადოებრივი გასასვლელის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ სარეგისტრაციო სამსახურისათვის დავალება.
სს „...“ წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის მერის 2007 წლის 23 აპრილის N01-723 გადაწყვეტილების, 2007 წლის 16 აპრილის N532 მიმართვის, ქუთაისის ვიცე-მერის N741 ბრძანების, ასევე 1996 წლის 5 დეკემბრის N48/281 საკუთრების მოწმობისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა და სარეგისტრაციო ჩანაწერებში ცვლილების შეტანისა და არასაცხოვრებელი ფართის – 981,11 კვ.მ და 255 კვ.მ სარდაფის, ასევე 1236,11 კვ.მ მიწის „...“ საკუთრებად დარეგისტრირება.
სს „...“ დააზუსტა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა ქუთაისის ვიცე-მერის N741 ბრძანების არარა აქტად ცნობა და მის საფუძველზე გაცემული 1996 წლის 5 დეკემბრის N48/281 ,,პ’’ საკუთრების მოწმობისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 აგვისტოს საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო.
მოსარჩელემ მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმაცია და მოითხოვა უძრავი ქონების არა სახელმწიფო, არამედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირება. მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... ქუჩისა და ... ქუჩის №29/4-ში მდებარე შენობის ქვეშ კოლონებს შორის არსებული სივრცის - 405 კვ.მ ფართის როგორც საზოგადოებრივი გასასვლელის ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებად აღრიცხვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში უძრავ ნივთზე - ქ. ქუთაისში, ... ქუჩისა და ... ქუჩის N29/4-ში მდებარე შენობის ქვეშ კოლონებს შორის არსებულ 405 კვ.მეტრ ფართზე 39/100 ნაწილზე შპს „...“ წილობრივი საკუთრება და 42/100 ნაწილზე სს „...“ წილობრივი საკუთრება და დასახელებული 405 კვ.მეტრი უძრავი ქონება, როგორც საზოგადოებრივი გასასვლელი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 24 იანვრის N7792/15-2009 ექსპერტიზის დასკვნის N1 დანართის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრების უფლებით; სს „...“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. ქუთაისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სს „...“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით სს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქ. ქუთაისის მერიამ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა ქუთაისში, ... ქუჩისა და ... ქუჩის N29/4-ში მდებარე შენობის ქვეშ კოლონებს შორის არსებული 405 კვ.მეტრი ფართის 42/100 წილის ღირებულების - 70591,5 ლარის სს ,,...“ დაკისრება, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში უძრავ ნივთზე - ქ. ქუთაისში, ... ქუჩისა და ... ქუჩის N29/4-ში მდებარე შენობის ქვეშ კოლონებს შორის არსებული 405 კვ.მ ფართზე 39/100 ნაწილზე შპს ,,...“ წილობრივი საკუთრების გაუქმება და დასახელებულ უძრავ ქონების, როგორც საზოგადოებრივი გასასვლელის თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკუთრებად რეგისტრაცია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა; სს ,,...“ დაეკისრა ქ. ქუთაისში, ... ქუჩისა და ... ქუჩის N29/4-ში მდებარე შენობის ქვეშ კოლონებს შორის არსებული 405 კვ.მეტრი ფართის 42/100 წილის ღირებულების - 70591,5 ლარის გადახდა თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის სასარგებლოდ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...“, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სს ,,...“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სს ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...“, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმება, მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სს ,,...“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს ,,...“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სს ,,...“ საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ სს ,,...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,...“ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
სს ,,...“ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, სს ,,...“ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სს ,,...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს ,,...“ საკასაციო საჩივარზე მის დირექტორს დ. დ-ს 2013 წლის 12 თებერვალს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. დ-შვილს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება;
3. დ. დ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე