საქმე ბს-895-877(კ-12) 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ო. გ-ემ 2010 წლის 13 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – ბ. მ-ისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა აღიარებულ იქნეს გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება შერჩევის აქტის სიყალბე; ბათილად იქნეს ცნობილი გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება-შერჩევის აქტი, რომლითაც მიზანშეწონილად ჩაითვალა ბ. მ-ისათვის ... მე-3 ბრიგადაში ციტრუსების ხარჯზე 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა; ბათილად იქნეს ცნობილი გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის №2 გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ ბ. მ-ისათვის ხელვაჩაურში სოფ. ... ციტრუსების ხარჯზე 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი ბ. მ-ეზე არსებული საკომლო ჩანაწერები ნაწილობრივ, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე გამოყოფილი 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი სარეფორმო მიწების კომისიის 2001 წლის 18 აპრილის მიწის დათვალიერება შერჩევის აქტის სიყალბე; ბათილად იქნა ცნობილი გონიოს თემის საკრებულოს ყოფილი მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 18 აპრილის დათვალიერება-შერჩევის აქტი, რომლითაც მიზანშეწონილად ჩაითვალა ბ. მ-ისათვის ... მე-3 ბრიგადაში ციტრუსების ხარჯზე 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა; ბათილად იქნა ცნობილი გონიოს თემის საკრებულოს 2003 წლის 28 იანვრის №2 გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ ბ. მ-ისათვის ხელვაჩაურში სოფ. ... ციტრუსების ხარჯზე 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ბ. მ-ეზე არსებული საკომლო ჩანაწერები ნაწილობრივ, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე გამოყოფილი 0,08 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით ო. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ბ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. მ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბ. მ-ეს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება;
3. ბ. მ-ეს (პირადი ნომერი: ...) 2012 წლის 19 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე