Facebook Twitter

საქმე ¹ბს-113-106(კს-13) 04 აპრილი , 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე.

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.2013წ.

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ღ-მა 29.08.2005წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მისთვის რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭება (უმუშევრად დარეგისტრირება) და ასევე 6 თვის კომპენსაციის – 120 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2006წ. გადაწყვეტილებით ა. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2008წ. განჩინებით ა. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2006წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. ა. ღ-მა ასევე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2008წ. განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმეში სს ,,...” მესამე პირად ჩართვაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება. კასატორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.2008წ. განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი განცხადება 07.04.2008წ. სხდომის ოქმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.12.2008წ. განჩინებით ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2008წ. განჩინება სს ,,...” საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, ამავე პალატის 07.04.2008წ. განჩინება ა. ღ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 18.04.2008წ. განჩინება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

16.02.2009წ. ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2006წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.2009წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.2009წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. 08.05.2009წ. ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 30.04.2009წ. სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.05.2009წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

20.05.2009წ. ა. ღ-მა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2009წ. განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2009წ. განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 აპრილისა და 13 მაისის განჩინებები.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2009წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2009წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2009წ. განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2010წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2009წ. განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2010წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.2010წ. განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2010წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2010წ. განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2010წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.2010წ. განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2010წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.08.2010წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.2010წ. განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.08.2010წ. განჩინების გაუქმება და მისი განცხადების არსებითად განხილვა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.11.2010წ. განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.08.2010წ. განჩინება.

ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.08.2010წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ტ. II; ს.ფ. 137-139).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2011წ. განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ლ. მ-შვილის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო 15.07.2011წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.08.2010წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2011წ. განჩინებების გაუქმება და მისი განცხადების დასაშვებად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2011წ. განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2011წ. განჩინება (იხ. ტ. II; ს.ფ. 180-187).

23.01.2012წ. ა. ღ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 22.11.2011წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.03.2012წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 22.11.2011წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.III, ს.ფ.35).

10.05.12წ. ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2011წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2012წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.11.2012წ. განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2011წ. განჩინება (ტ.II, ს.ფ.230-238).

09.01.2013წ. ა. ღ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2012წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.13წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის ა. ღ-ის განცხადების დასაშვებად ცნობის და განცხადების არსებითი განხილვის დავალება მოითხოვა.

ა. ღ-მა წარმოდგენილ კერძო საჩივარში აღნიშნა, რომ მის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოში წარმოადგენდა, როგორც სააპელაციო სასამართლოს 02.07.2012წ. განჩინების გაუქმება, ასევე საქმის წარმოების განახლება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მან მიუთითა, რომ დაცული აქვს განსჯადობის წესები და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შემოტანის ერთთვიანი ვადა. ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველად 22.11.06წ. უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი შესაბამისი წერილობითი მტკიცებულების არარსებობამ. ა. ღ-ის აზრით, აღნიშნული მტკიცებულება არსებითი ხასიათისაა და მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო დავის სამართლებრივ შედეგზე, თუმცა იგი უგულებელყოფილ იქნა სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ფორმალურად ხარვეზიანია, არასწორად არის მითითებული დავის საგანი და მოთხოვნა, ამასთან, განჩინება დაუსაბუთებელია, მასში ციტირებულ ნორმებს არ ახლავს მათი გამოყენების დასაბუთება, წარმოდგენილი განმარტებები არასწორია, ხოლო ზოგიერთი მათგანის გასაჩივრებულ განჩინებაში გამოყენება საერთოდ უადგილოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. ღ-მა 09.01.2013წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 02.07.2012წ. განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების, საქმის წარმოების განახლების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისი მიზანია გაუქმდეს ყველა წინმსწრები გადაწყვეტილება (განჩინება), რათა ხელახლა მოხდეს მისი სარჩელის არსებითად განხილვა და დაკმაყოფილება. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ დაცული აქვს სასამართლოსთვის მიმართვის ერთთვიანი ვადა და განსჯადობის წესები. სააპელაციო სასამართლოს 17.01.2013წ. განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. ღ-ის მიერ.

საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს. სსკ 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა. ამასთან, სსკ 426-ე მუხლის თანახმად, ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განსჯად სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.

განსახილველ შემთხვევაში ა. ღ-ი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებდა იმ ფაქტს, რომ დავის განხილვისას სს ,,თელასიდან“ არ ყოფილა გამოთხოვილი მისი სამუშაოდან დათხოვნის დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის გამაქარწყლებელი წერილობითი მტკიცებულება, რაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. აღნიშნულ გარემოებაზე, როგორც საქმის წარმოების განახლების საფუძველზე, ა. ღ-ი არაერთგზის უთითებდა მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა დროს წარდგენილ განცხადებებში, ამდენად, დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული გარემოების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში 09.01.2013 წ. განცხადების შეტანამდე რამდენიმე წლით ადრე. შესაბამისად, მართებულია გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მითითითება ა. ღ-ის მიერ სსკ 426-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 17.01.2013წ. გასაჩივრებული განჩინებით ა. ღ-ის 09.01.2013წ. განცხადება მართებულად დარჩა განუხილველად, ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.13წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე,

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე,

ლ.მურუსიძე