კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-583-563 (კს-13) 14 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. უ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.09.13წ. განჩინებით ი. უ-ის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 25.04.14წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. უ-მა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.09.13წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ი. უ-ს სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 25.09.13წ. ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.13წ. განჩინების ასლი (ტ. II, ს.ფ. 12), კერძო საჩივარზე დართულ კონვერტზე დასმული შტამპით დასტურდება, რომ ი. უ-მა კერძო საჩივარი 08.10.13წ. ჩააბარა ბოლნისის საფოსტო განყოფილებას, ანუ სსსკ-ის 416-ე მუხლით განსაზღვრული 12 დღიანი ვადის დარღვევით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.13წ. განჩინების გასაჩივრების ვადა ი. უ-ისათვის სსსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 26.09.13წ. და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, 07.10.13წ. ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.09.13წ. განჩინება, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. უ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. უ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.13წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე