საქმე ბს-752-736(კს-12) 4 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. რ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. რ-მა 2012 წლის 30 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის №3162-3/04 გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 16 დეკემბრის №1-1/2658 ბრძანება, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვემო ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში განიხილოს მოსარჩელის განცხადება მის მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის პრივატიზების შესახებ, განახორციელოს მოსარჩელის მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის პრივატიზება და მის სახელზე და გასცეს მიწისა და სხვა უძრავის ქონების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით შ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. რ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შ. რ-ის სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება აპელანტ შ. რ-ის წარმომადგენელს თ. ნ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 27 ივლისს (ს.ფ. 83).
სააპელაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შ. რ-ის მიერ ფოსტაში ჩაბარებული იქნა 2012 წლის 13 აგვისტოს (ს.ფ. 99).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყებოდა 2012 წლის 28 ივლისიდან, ხოლო ამავე კოდექსის 61.3. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დასრულდებოდა 2012 წლის 10 აგვისტოს ოცდაოთხ საათზე. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომელი ვადაც ზემოთ მითითებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, არის აღმკვეთი ხასიათის და მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. რ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მის წარმომადგენელს გზავნილი ჩაბარდა 2012 წლის 28 ივლისს და მას სააპელაციო საჩივარი წარდგენილი აქვს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის განმარტებული 14 დღიანი ვადის დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შ. რ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელე შ. რ-ის წარმომადგენლის თ. ნ-ის მეუღლეს მ. რ-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 27 ივლისს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ჩაბარების შესახებ დასტურით (ს.ფ.83). შ. რ-ი ვალდებული იყო სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი შეეტანა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან (2012 წლის 28 ივლისიდან) 14 დღის ვადაში ანუ 10 აგვისტოს ჩათვლით, რომელიც იყო სამუშაო დღე – პარასკევი. განსახილველ შემთხვევაში შ. რ-ის მიერ საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2012 წლის 13 აგვისტოს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ,,კონვერტით’’ (ს.ფ. 99-100) ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად , სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს გზავნილი (გადაწყვეტილების ასლი) მის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2012 წლის 28 ივლისს, ვინაიდან საქმეში დაცული ჩაბარების შესახებ დასტურიდან (ს.ფ. 83) ნათლად ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი შ. რ-ის წარმომადგენლის თ. ნ-ის მეუღლეს მ. რ-ს ჩაჰბარდა 2012 წლის 27 ივლისს, რაც დადასტურებულია მიმღების ხელმოწერით, ხოლო აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულება კერძოდ ის, რომ გზავნილი ადრესატს ჩაჰბარდა 2012 წლის 28 ივლისს, როგორც ეს კერძო საჩივარშია აღნიშნული, შ. რ-ს სასამართლოსათვის არ წამრმოუდგენია.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. რ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 369-ე, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 63-ე, 70-ე , 71 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. რ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 5 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე