#ბს-841-825(კს-12) 22 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ გ. ბ-ი
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 27 დეკემბერს გ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
გ. ბ-მა განცხადების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” პუნქტი და განმარტა, რომ 2011 წლის 21 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განჩინება დაამყარა მესამე პირის – სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის გ. გ-ას მიერ ჩამოყალიბებულ პოზიაციაზე, რომლის განმარტებით, გ. ბ-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან და არა თადარიგში ყოფნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პირდაპირ ჩაიწერებოდა მისი დათხოვნის თაობაზე ბრძანებაში – თადარიგში დათხოვნილი, რასაც დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლო და აღნიშნა, რომ გ. ბ-ი არ არის შსს სასაზღვრო პოლიციიდან თადარიგში დათხოვნილი და მასზე ვერ გავრცელდებოდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათები.
გ. ბ-ის აღნიშვნით, ამ პოზიციის საწინააღმდეგო განმარტება გააკეთა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა – გ. გ-ამ 2011 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, როდესაც იხილებოდა მისი სარჩელი სასაზღვრო პოლიციის წინააღმდეგ ქმედების განხორციელების მოთხოვნით. მან სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის დათხოვნის ბრძანებაში სიტყვა – დათხოვნის ბრძანებაში ,,თადარიგში” დათხოვნილი ვერ ჩაიწერებოდა, ვინაიდან სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი ასეთ ნორმას არ ითვალისწინებს, რის დასადასტურებლადაც განცხადებას დაურთო სხდომის ოქმი აუდიოჩანაწერის სახით.
გ. ბ-ის მითითებით, 2011 წლის 24 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება გახდა მისთვის ახლად აღმოჩენილ გარემოების თაობაზე განცხადების შეტანის საფუძველი, რადგან ეს განმარტება რომ გაკეთებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას და მასზე გავრცელდებოდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათები და დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება დატოვებული იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ: გ. ბ-ს ხარვეზის განჩინებით დაევალა წარედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი განცხადებაში განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული გარემოება. ასევე, უნდა დაეზუსტებინა რა ზომით და რა ფარგლებში ითხოვდა განმცხადებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და მის შეცვლას სხვა გადაწყვეტილებით (იხ. ს.ფ. 5-6).
2012 წლის 18 იანვარს გ. ბ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას ხარვეზის შევსების მიზნით და განმარტა, რომ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის - გ. გ-ას პოზიცია დაფიქსირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამართულ სხდომაზე 2011 წლის 24 ნოემბერს. 2011 წლის 25 ნოემბერს მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის CD ფორმით ჩაბარება, რაც 29 ნოემბერს ჩაბარდა. შესაბამისად, კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში - 2011 წლის 27 დეკემბერს მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების განცხადებით. რაც შეეხება, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ხარვეზზე - დაეზუსტებინა რა ზომით და რა ფარგლებში ითხოვდა განმცხადებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, გ. ბ-მა მიუთითა იმ გარემოებაზე, რაზედაც განცხადებაში მიუთითებდა, რომ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის – გ. გ-ას პოზიცია გახდა ერთადერთი მტკიცებულება მოსამართლისათვის დასკვნის გამოსატანად, რომ გ. ბ-ი ,,თადარიგში” დათხოვნილი არ იყო და მასზე სპეციალური ნორმის უპირატესობა ვერ გავრცელდებოდა. (იხ. ს.ფ. 9)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ გ. ბ-ის განცხადება არ შეიცავს მითითებას ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი. გ. ბ-ი განცხადებაში უთითებს მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის პოზიციის შეცვლაზე, თუმცა რა მიიჩნია მან პოზიციის უარყოფად ან შეცვლად და რას გულისხმობს მასში, არ მიუთითებია. ასევე, სააპელაციო პალატის მითითებით, გ. ბ-ის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული არ არის კონკრეტულად რა გარემოება გახდა ცნობილი გ. ბ-ისათვის ისეთი, რაც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. (იხ. ს.ფ. 10-13).
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმება და დაევალოს იმავე პალატის სხვა მოსამართლის განცხადების დასაშვებად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმავე მოტივებზე მითითებით, რომლებსაც 2012 წლის 18 იანვრის განცხადებაში მიუთითებდა. (იხ. ს.ფ. 18-19).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება განცხადების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე განცხადების დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ბ-ი კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ერთადერთ საფუძვლად უთითებდა, ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე აღძრულ სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით განხილვისას სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მესამე პირის - სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის - გ. გ-ას დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის განმარტებით, გ. ბ-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან და არა ,,თადარიგში’’ ყოფნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პირდაპირ ჩაიწერებოდა მისი დათხოვნის თაობაზე ბრძანებაში - ,,თადარიგში“ დათხოვნილი. შემდეგ კი, მესამე პირის - სსიპ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა გ. გ-ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში, როდესაც გ. ბ-ი ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში შესულიყო ცვლილება, სადაც მიეთითებოდა ,,თადარიგში“ დათხოვნა, აღნიშნა, რომ სიტყვა ,,თადარიგში“ გათავისუფლების ბრძანებებში საერთოდ არ ეთითება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული არგუმენტით არ გაიზიარა განმცხადებლის მტკიცება, რომ არსებობს საქმის წარმოების განახლების საფუძვლები, რადგან ამ არგუმენტით აპელირება განმცხადებლის მიზნებიდან გამომდინარე, მიმართულია სასამართლოს მიერ ხელმეორედ ნორმატიული დანაწესის მის სასარგებლოდ განმარტებისაკენ ისეთ სამართლებრივ რეჟიმში, როცა სამართლებრივი დავა ერთხელ უკვე განხილული და გადაწყვეტილი იქნა შესაბამისი ინსტანციის სასამართლოების მიერ და სასამართლო აქტი შესულია კანონიერ ძალაში, დაუშვებელია და მეორეს მხრივ, საპროცესო კოდექსი ზუსტად ადგენს, რომ საქმის წარმოების განახლების მართლზომიერება ეფუძნება ისეთ გარემოებებს და მტკიცებულებებს, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა, მით უფრო იმ პირობებში, როცა დადგენილია, რომ გ. ბ-ი შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2009 წლის 30 აპრილის №813 პ/შ ბრძანებით დათხოვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) და ,,ბ“ (დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობდა გ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, განცხადების დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება, შემდეგი მოტივით: სამსახურის შეწყვეტას, ანუ დათხოვნას ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი უთითებს, როგორც სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთ პირობად, მიუხედავად იმისა თუ რა წესით არის დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული მოხელე (პოლიციელი და ა.შ.).
კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლოზე განჩინების გამოტანისას გავლენა არ უნდა მოეხდინა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის გ. გ-ას მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/1/508 განჩინებას გ. ბ-ის კონსტიტუციური სარჩელის დაუშვებლად ცნობის შესახებ, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ანალოგიურად მცდარია და ეფუძნება მხოლოდ შსს-ს წარმომადგენლების სუბიექტურ აზრს. საკასაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისას ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისათვის კერძო საჩივარს დაურთო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის №2/1/508 განჩინება და აღნიშნული განჩინების მიმართ თავისი მოსაზრებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2009 წლის 30 აპრილის №813პ/შ ბრძანების თანახმად, დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს ... განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ... გ. ბ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციიდან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 31.03.09წ. №456 ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 30.04.09წ. №784 ბრძანების ბათილად ცნობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20011 წლის 21 იანვრის განჩინებით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ბ-ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციიდან და შს ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილი არ არის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არსებობს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. 423.3 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სსსკ-ის 264-265-ე მუხლების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებს ან შეცვლას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებები შეიძლება დაედოს საფუძვლად დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში და ამასთან, აღნიშნული გარემოებები ან მტკიცებულებები ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას გამოიწვევდა.
განსახილველ შემთხვევაში, გ. ბ-იანი განცხადებით ითხოვს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გადასინჯვას, არამედ ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სამართალწარმოების საფუძველზე გამოტანილი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სამართალწარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა განსხვავებული სასამართლო დასკვნით, კერძოდ: მოსარჩელე არ არის სამსახურიდან ,,თადარიგში“ დათხოვნილი, რის გამოც მის მიმართ სპეციალური ნორმა - კანონი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ მოთხოვნები არ გამოიყენება და ამ საფუძვლით ეთქვა უარი აპელაციის დაკმაყოფილებაზე. განმცხადებლის მტკიცებით საქმეში სხვა მტკიცებულება ,,თადარიგის“ საკითხთან დაკავშირებით, გარდა მხარეთა და მესამე პირთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებისა, არ არსებობს და სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დაემყარა მხოლოდ მესამე პირის წარმომადგენლის ასხნა-განმარტებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი ემსახურება მართლმსაჯულების კანონიერების პრინციპის საფუძველზე განხორციელებას, კერძოდ, ერთ-ერთ საფუძველს - ახლად აღმოჩენილი გარემოება, ანუ მტკიცებულება, რომლის წარდგენა არ შეეძლო სასამართლოში საქმის განხილვისას და რომ წარდგენის შესაძლებლობის შემთხვევაში განაპირობებდა მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილების გამოტანას, პირი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დავის განხილვისას შეფასება უნდა მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მათი შეფასების საფუძველზე ჩამოაყალიბოს კანონშესაბამისი სასამართლო დასკვნები. იმ ვითარებაში როცა მხარეს, ობიექტურად, სასამართლო განხილვის სტადიაზე მისი ბრალის გარეშე არ მიუწვდებოდა ხელი ამა თუ იმ მტკიცებულებაზე, შესაბამისად, იგი არ გამხდარა სასამართლო განხილვის და შეფასების საგანი. საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების აღძვრა მხარისათვის არის მისი პროცესუალური უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის შესაძლებლობა. ამავდროულად ამგვარი შესაძლებლობა არ გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის აუცილებელ და უპირობო გადასინჯვას. განმცხადებელს აკისრია საპროცესო ვალდებულება - ამტკიცოს, რომ ეს გარემოება:
მისი ბრალის გარეშე ვერ იქნა წარდგენილი; მისი შეფასება გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარდგენილი გარემოებაა - მოპასუხის წარმომადგენლის ზეპირი ახსნა-განმარტება სხვა სასამართლო სხდომაზე. მხარის ახსნა-განმარტება წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს - ზეპირი ხასიათის მტკიცებულებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (სასამართლო დასკვნა) ეყრდნობა მხოლოდ მხარის წარმომადგენლის საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომლის უზუსტობის, მცდარობის, კანონშეუსაბამობის შესახებ განცხადების ( მტკიცების) საპროცესო უფლება გააჩნდა აპელანტს საქმის განხილვის სტადიაზე და რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების (ახსნა-განმარტება) საქმის განხილვის მომენტში შეფასება გამოიწვევდა მოსარჩელისათვის სააპელაციო სამართალწარმოებაში ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო ხელმძღვანელობს არა მხოლოდ მხარეთა შეჯიბრებითობის, ასევე დისპოზიციურობის პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ საქმის განხილვისას სასამართლო არ ეყრდნობა მხოლოდ მხარეთა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არამედ, უფლებამოსილია თავისი ინიციატივითაც მოიპოვოს ისინი. სასამართლო, დავის განხილვისას ერთობლიობაში აფასებს ყველა მტკიცებულებას და გამოაქვს შესაბამისი სასამართლო დასკვნა.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ემყარება მხოლოდ მესამე პირის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებულ განმარტებას, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუკრიტიკებია, არ შეუცვლია ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები, არამედ, დამატებით იმსჯელა მოცემულ საკითხზე და სადავო სამართალურთიერთობას მოცემულ კონტექსტში შეუფარდა სამართლის ნორმა. აღნიშნული არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ სასამართლომ მხოლოდ ამ გარემოებას დააფუძნა გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, როცა ზემდგომი სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს ან სხვა სამართლებრივი შეფასებით მიდის არსებითად იმავე - დავის გადაწყვეტის იურიდიულ შედეგთან, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ან აქარწყლებს დასაბუთებული არგუმენტაციით, თუ რომელ სამართლებრივ შეფასებებს და დასკვნებს არ იზიარებს, მიუხედავად შედეგობრივი თვალსაზრისით იგივე გადაწყვეტისა.
ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს ამგვარი კრიტიკული შეფასებები პირველი ინსტანციის სასამართლოს სასამართლო დასკვნებთან დაკავშირებით არ მიუთითებია, იგულისხმება, რომ იგი იზიარებს მათ კანონშესაბამისობას და ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები განხილული და შეფასებული უნდა იყოს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებთან ერთობლიობაში. საკასაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, როცა სააპელაციო სასამართლოს დასკვნები გამორიცხავს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნების კანონშესაბამისობას, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით ეს შეიძლება გახდეს მისი საკასაციო წესით გასაჩივრების და არა საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
განმცხადებელმა ვერ დაადასტურა, რომ სასამართლოს შეფასება არ მიუცია ყველა პროცესუალური მონაწილის მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ განმარტებებზე, ან საერთოდ, არ მისცა საშუალება, გამოეხატათ საწინააღმდეგო მოსაზრება ანუ სრულფასოვნად ესარგებლათ თავიანთი საპროცესო უფლებებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია განმცხადებლის - გ. ბ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის საფუძვლები (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა), პროცესუალური მონაწილის თუნდაც სხვაგვარი განმარტება არ ქმნის საფუძველს, გ. ბ-ის განცხადების დაკმაყოფილების და საქმის ხელახლა განხილვის შემთხვევაშიც, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ბ-ის საქმეების განხილვისას სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის - გ. გ-ას მიერ დაფიქსირებული პოზიცია ვერ იქნება მიჩნეული სსსკ-ის 423.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ისეთ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რაც გახდება გ. ბ-ის საქმეზე წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გამართულ სხდომაზე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა - გ. გ-ამ განმარტა, რომ მისი პოზიაცია გ. ბ-ის საქმეების განხილვისას უცვლელია ფაქტზე - იგი არ იყო თადარიგში დათხოვნილი. ზოგადად პრაქტიკა იყო არათანმიმდევრული და გათავისუფლების ბრძანებაში ხან იწერებოდა თადარიგში დათხოვნილი და ხან არა, ხოლო გ. ბ-ის დათხოვნის ბრძანებაში რატომ არ იყო მითითებული თადარიგში დათხოვნილი და რატომ არ იყო იგი თადარიგში დათხოვნილი ამის დასადასტურებლად წარადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2013 წლის 13 ივლისის №2/2/508 განჩინება.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს - სპეციალისტის არდაშვების გამო საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით სასამართლო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვისას შებოჭილია განცხადების ფარგლებით, კერძოდ, ამგვარი განცხადების განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს - არსებობს თუ არა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის გადასინჯვის და საქმის წარმოების განახლების ობიექტური საფუძვლები და ასეთის დადასტურების პირობებში, საქმის ხელახალი განხილვისას უფლებამოსილია იმსჯელოს და გადაწყვიტოს საქმეში სპეციალისტის/ექსპერტის და ა.შ მოწვევის საკითხი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, სახეზე არ არის სსსკ-ის 423.3 მუხლით გათვალისწინებული განცხადების საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობა, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/
/პაატა სილაგაძე/