¹ბს-869-851(კს-12) 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ტ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ბ-მა 2010 წლის 29 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2010 წლის 23 აპრილს გაცემული საიჯარო ხელშეკრულება №07/10 და ამავე საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის 2010 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი¹N3).
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შ. ტ-ა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათლად იქნა ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და შ. ტ-ას შორის 2010 წლის 23 აპრილს შედგენილი საიჯარო ხელშეკრულება №07/10 - შედგენის მომენტიდან, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის 2010 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი¹N3) შემდეგ ნაწილში: შ. ტ-ასთან დაკავშირებით, სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი - გამოცემის მომენტიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ტ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინებით შ. ტ-ას სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება აპელანტ შ. ტ-ას პირადად ჩაბარდა 2011 წლის 11 ნოემბერს (ტ. 2, ს.ფ. 102).
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შ. ტ-ამ სასამართლოში შეიტანა 2012 წლის 25 ოქტომბერს (ტ. 2, ს.ფ. 103).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყებოდა 2011 წლის 12 ნოემბრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 61.3. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დასრულდებოდა 2011 წლის 25 ნოემბრის ოცდაოთხ საათზე. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ გაშვებული იქნა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის კანონით დადგენილი ვადა (თოთხმეტი დღე), რომელი ვადაც ზემოთ მითითებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, არის აღმკვეთი ხასიათის და მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ტ-ამ რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის სტადიიდან განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ განჩინება მას ჩაბარდა 2012 წლის 12 ნოემბერს. ასევე უთითებს, რომ გზავნილის ხელმოწერა საერთოდ არ ემთხვევა მის (შ. ტ-ას) ხელმოწერას. შეტყობინების ბარათში არ არის მითითებული გზავნილის მიმღების პირადი ნომერი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ შ. ტ-ას 2011 წლის 11 ნოემბერს არ ჩაბარდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შ. ტ-ას კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია, რომ ახალქალაქის რაიონული სასმართლოს 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მესამე პირს - შ. ტ-ას საქმეში მითითებულ მისამართზე. საქმეში არსებული სასამართლოს გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით შ. ტ-ას სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2011 წლის 11 ნოემბერს პირადად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება (გზავნილი) შეიძლება გაიგზავნოს ფოსტის მეშვეობით. Aამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში –ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერაა განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსი თუ კანონის მიერ) განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსთვის, ასევე მხარეებისათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით, ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას, უფლებას რეალიზაცია მოახდინოს მხარემ კანონისმიერ ვადაში.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შ. ტ-ას მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან ახალქალაქის რაიონული სასამართლო 2011 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი შ. ტ-ას პირადად ჩაბარდა 2011 წლის 11 ნოემბერს, მას სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 2011 წლის 25 ნოემბერის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2012 წლის 25 ოქტომბერს ანუ გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ტ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 369-ე, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, 63-ე, 70-ე , 71 -ე მუხლის პირველი ნაწილით 73-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ტ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე