Facebook Twitter

#ბს-896-878 (კს-12) 26 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ე. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ საქმეში მესამე პირების ჩართვის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 13 ივნისს ე. ი-მა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 აპრილის ამონაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადაც გრაფაში საკუთრების ტიპი მითითებულია - თანასაკუთრება და მონაცემები დაზუსტებული ფართობი - 386.0 კვ.მ; ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, სადაც გრაფაში ნაკვეთის ტიპი, მითითებული იქნება - საკუთრება და დაუზუსტებელი ფართობი – 1911.5 კვ.მ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 მაისის №80766 გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ი-მა, რომელმაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ე. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სს „...“. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს მის ინტერესებსაც, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ბათუმი, ... ქ. №7, რომელზეც მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი საკუთრების ტიპი, თანასაკუთრების უფლება, თანამესაკუთრედ რეგისტრირებულია ასევე სს „...“, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 15 აპრილის (საკადასტრო კოდი: №...) საჯარო რეესტრის ამონაწერი, ქ. ბათუმში ... ქ. №7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ე. ი-ის საკუთრების უფლების შესახებ, 386 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანასაკუთრების უფლებით ჩანაწერის ნაწილში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ე. ი-ის სახელზე ახალი რეესტრის ამონაწერის გაცემა, ქ. ბათუმში ... ქ. №7-ში მდებარე 191,5 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მისი ინდივიდუალური საკუთრების უფლების შესახებ, დაუზუსტებელი მონაცემებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება ე. ი-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ე. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის შუამდგომლობა სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად სს „საქართველოს ბანკის“ საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, ... ქ. №7-ში თანასაკუთრების უფლებით რეგიტრირებულია სს ,,ს...“ და ე. ი-ზე. ვინაიდან ე. ი-ი აღძრული სარჩელით ითხოვს თანასაკუთრების უფლების გაუქმებას და მისი ინდივიდუალური წილის რეგისტრაციას, შესაბამისად, სს ,,ს...“ არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ი-მა და მოითხოვა მესამე პირად ჩაბმის შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 380.2 მუხლის თანახმად, არ უნდა მიეღო ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სს ,,...“ მიერ სს ,,ს...“ ქ. ბათუმში, ... ქ. №7-ში მდებარე უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები მიუხედავად იმისა, რომ მხარისათვის ცნობილი იყო, მისი წარდგენა არ მოხდა საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო ახალი ფაქტები და მტკიცებულებები და სს ,,ს...“ არ უნდა ჩაერთო საქმეში მესამე პირად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ი-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის განჩინებით ე. ი-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, მაგრამ კერძო საჩივრის განხილვისას საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ი-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2 მუხლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული, მესამე პირად ჩაბმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაება სს ,,ს...“. ამასთან, სასამართლომ აღნიშნული განჩინებით განმარტა გასაჩივრების შესაძლებლობა.

მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც აძლევს მესამე პირებს მოახდინონ თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.

მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზანი წარმოადგენს უპირველეს მიზანს, რომელსაც ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება.

მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებებლი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაშია, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. სასკ-ის 16.1 მუხლის სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო 16.2 მუხლის კი აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები არ სარგებლობენ იგივე უფლებებითა და მოვალეობებით, როგორც სავალდებულო, აუცილებელი ფორმით ჩაბმული მესამე პირები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს მესამე პირების პროცესში ჩაბმის ან ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების წესს. კერძოდ, მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-23 ნაწილის მიხედვით დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. რაც შეეხება საქმეში მესამე პირის ჩაბმის შესახებ განჩინებას, მისი გასაჩივრება განსხვავებულადაა მოწესრიგებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განჩინება საქმეში ჩვეულებრივი მიწვევის (სასკ-ის 16.1. მუხლი) მესამე პირის ჩაბმის შესახებ არ საჩივრდება, ხოლო განჩინება საქმეში სავალდებულო მიწვევის (სასკ-ის 16.2. მუხლი) მესამე პირის ჩაბმის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი - ე. ი-ი საქმეში წარმოადგენს მოსარჩელეს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.4 მუხლის მიხედვით არ სარგებლობს მესამე პირად ჩაბმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით, ვინაიდან საქმეში პირის მესამე პირად ჩაბმა საპროცესო კანონმდებლობით არ შეიძლება სადავო გახადოს სხვა პროცესუალურმა მონაწილემ, გარდა თავად ამ მესამე პირისა.

ამდენად, ე. ი-ი უფლებამოსილი არ არის კერძო საჩივარი შემოიტანოს საქმეში პირის მესამე პირად ჩაბმის განჩინების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ე. ი-ის კერძო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს ე. ი-ის კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე