Facebook Twitter

#ბს-899-881(კს-12) 26 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ თ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ ნ. ვ-ე, ნა. ვ-ე, თ.

ვ-ე და მ. ვ-ე;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

ხელვაჩურის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 27 თებერვალს ნ., ნა., თ. და მ. ვ-ეებმა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმში, ... დასახლებში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და 0.13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 2005 წლის 9 ივნისს ო. ვ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ შესრულებული ჩანაწერის, აგრეთვე იმავე ქონებაზე მ. ა-ის სახელზე 2010 წლის 14 ივნისს რეგისტრირებული საკუთრების უფლების ჩანაწერის ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და 0.13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, თითოეულ მოსარჩელეზე 1/5 წილის ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნენ ო. ვ-ე და მ. ა-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განჩინებით ნ., ნა., თ. და მ. ვ-ეების სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მ. ა-ის სახელზე 2012 წლის 14 ივნისს რეგისტრირებული საკუთრების უფლების ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში, დარჩა განუხილველად ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის საფუძველზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, ნ., ნა., თ. და მ. ვ-ეების სარჩელისა გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ქ. ბათუმში, ... დასახლებში მდებარე საცხოვრებელ სახლსა და 0.13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 2005 წლის 9 ივნისს ო. ვ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ შესრულებული ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე, თავდაპირველი მოპასუხე - ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა თ. წ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ნ., თ., ნა. და მ. ვ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2005 წლის 9 ივნისს განხორცილებული უძრავი ქონების ო. ვ-ის სახელზე შესრულებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (მიწის(უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი) უძრავი ქონების, ... მდებარე 1300.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 151.3 კვ.მ შენობა-ნაგებობის 4/5 ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა - თ. წ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით თ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორი საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე (სასამართლო აქტი შეიძლებოდა შეხებოდა მის ინტერესებს), იგი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც აპელანტი სააპელაციო საჩივრით მისი მესამე პირად ჩაბმის განჩინების კანონიერებას სადავოდ არ ხდის.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. წ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, შემდეგი მოტივით: სადავო ქონება მდებარე: ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული 151.3 კვ.მ შენობა-ნაგებობა ნატურით გადაეცა აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე, რომელიც დღემდე კანონიერ ძალაშია. შემდეგ მას ჰქონდა კანონიერი უფლება იმისა, რომ გაესხვისებინა საკუთრებაში არსებული ქონება. ყველა გასხვისების ხელშეკრულება კანონიერ ძალაშია და ქონებას ჰყავს კეთილსინდისიერი მესაკუთრე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში დღევანდელ კეთილსინდისიერ მესაკუთრეს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შესაძლებელია დღევანდელმა მესაკუთრემ მოსთხოვოს მას და ამ მოტივით იგი მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამაღთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინების, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, გაუქმებასა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

2013 წლის 20 თებერვალს ნ., ნა., თ. და მ. ვ-ეების წარმომადგენლებმა გ. გ-ემ და ს. შ-ემ მოსაზრებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს თ. წ-ეს უარი ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ იგი საქმეში წარმოადგენს სასკ-ის 16.1 მუხლის შესაბამისად ჩართულ მესამე პირს და არ იყო უფლებამოსილი სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში ჩვეულებრივი მიწვევის მესამე პირად ჩაება თ. წ-ე იმ მოტივით, რომ სადავოა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, რომლის საფუძველზე შემდგომ თ. წ-ე გახდა სადავო ქონების მდებარე: ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე აღმართული 151.3 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრე.

მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც აძლევს მესამე პირებს მოახდინონ თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში.

მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზანი წარმოადგენს უპირველეს მიზანს, რომელსაც ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება.

მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებებლი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაშია, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. სასკ-ის 16.1 მუხლის სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო 16.2 მუხლის კი აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები არ სარგებლობენ იგივე უფლებებითა და მოვალეობებით, როგორც სავალდებულო, აუცილებელი ფორმით ჩაბმული მესამე პირები. რაც შეეხება, მესამე პირად აუცილებელი ფორმით ჩაბმული პირების საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის საკითხს, აღნიშნული მესამე პირები სარგებლობენ მხარის ყველა საპროცესო უფლებითა და მოვალეობით. შესაბამისად, უფლება აქვთ წარადგინონ დამოუკიდებელი სარჩელი, გაზარდონ ან შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნა, წარადგინონ საკუთარი მოთხოვნა, მორიგდნენ, უარი თქვან სარჩელზე, ცნონ სასარჩელო მოთხოვნა, დამოუკიდებლად გაასაჩივრონ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და ა. შ.

ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მესამე პირთა ზემოაღნიშნული საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი - თ. წ-ე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში ჩაბმული ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირია, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არ სარგებლობს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით და არც თავად თ. წ-ეს გაუხდია სადავოდ და არ მოუთხოვია სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე - სავალდებულო მესამე პირად საქმეში ჩაბმა. კერძო საჩივარი ასევე არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, რომ თ. წ-ე საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო არა 16.1 არამედ 16.2 მუხლის საფუძველზე, რა დროსაც იგი სრულად ისარგებლებდა მხარის ყველა საპროცესო უფლებაუნარიანობით, მათ შორის, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით დატოვა თ. წ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში სადავო უძრავი ქონების დღევანდელ მესაკუთრეს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შესაძლებელია მისგან მოითხოვოს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონების - მდებარე: ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე აღმართული 151.3 კვ.მ შენობა-ნაგებობის დღევანდელ მესაკუთრეს წარმოადგენს მ. ა-ე, რომელიც სარგებლობს სასკ-ის 16.2 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლებაუნარიანობით გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. წ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნათია წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მაია ვაჩაძე/

/პაატა სილაგაძე/