Facebook Twitter

ბ-71-2(გან-13) 28 თებერვალი, 2013წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. გ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.12წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ფ-ემ 10.11.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ლ. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ჩანაწერებისა და გადაწყვეტილებების, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.10.08წ. აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს საქმეში სს ,,...“, ქ. ჭ-ე და ბ. შ-ი სასკ-ის 16.2 მუხლით გათვალისწინებულ მესამე პირებად ჩაებნენ.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 31.05.08წ. რეგისტრაციის შესახებ N882008158039 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე ბ. შ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.06.08წ. რეგისტრაციის შესახებ N882008174428 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე ქ. ჭ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.06.08წ. რეგისტრაციის შესახებ N882008181490 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე ლ. გ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.10.08წ. ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოს 11.06.09წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები - მოსარჩელე ი. ფ-ე მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ლ. გ-ის, ქ. ჭ-ისა და ბ. შ-ის მიმართ და მოსარჩელე - ლ. გ-ე, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ი. ფ-ისა და ა. ჯ-ძის მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.10წ. გადაწყვეტილებით ი. ფ-ისა და ლ. გ-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ფ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.10წ. განჩინებით ი. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.10წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.10წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.12წ. გადაწყვეტილებით ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.10წ. განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ჩანაწერები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა და ლ. გ-ემ განცხადებებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 21.11.12წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე. განმცხადებლები განმარტებას ითხოვენ იმასთან დაკავშირებით, თუ საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელებულ რომელ ჩანაწერებს ეხება ბათილად ცნობა და ვის მიმართ უნდა გამოიცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის და ლ. გ-ის განცხადებებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.12წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური აუცილებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.12წ. გადაწყვეტილებით ი. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ჩანაწერები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამასთან, სსკ-ის 248-ე მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებს, რომლის მიხედვით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ი. ფ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს 21.04.09წ. სასამართლო სხდომაზე ი. ფ-ემ წარადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შესახებ და საქმის განხილვა დაზუსტებული სარჩელის შესაბამისად მოითხოვა, კერძოდ, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 31.05.08წ. რეგისტრაციის შესახებ N882008158039 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე ბ. შ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.06.08წ. რეგისტრაციის შესახებ N882008174428 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე ქ. ჭ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.06.08წ. რეგისტრაციის შესახებ N882008181490 გადაწყვეტილების და მის საფუძველზე ლ. გ-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.10.08წ. ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა (ტ. 2, ს.ფ. 79-80). ამდენად, სასარჩელო მოთხოვნას არ შეადგენდა სს ,,...“ ბანკის იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.12წ. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები არ შეიცავს მსჯელობას სს ,,...“ ბანკის იპოთეკის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო ი. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიმართ უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა განმარტავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც გამოცემული იყო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს, რის გამოც განმცხადებლების მოთხოვნა განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის განცხადებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.12წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე