ბ-417-4 (გან-13) 06 ივნისი, 2013წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2008წ. განჩინების განმარტების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2008წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...”-ს გადაეცა ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების უფლება მშენებარე სახლთან დაკავშირებით, ცნობილ იქნა ამ ნაწილში დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ და აღიარებულ იქნა უფლება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი ინვესტიციებით დაამთავროს მშენებლობა ... ქ. №45-ში (ამჟამად, ... ქ. №45) მდებარე სახლზე.
03.04.13წ. ლ. ს-მა განცხადებებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2008წ. განჩინებაში არსებული ბუნდოვანების აღმოფხვრა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო ლ.ს-შვილის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2008წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური აუცილებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2008წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და ლ. ს-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.12.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...”-ს გადაეცა ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების უფლება მშენებარე სახლთან დაკავშირებით, ცნობილ იქნა ამ ნაწილში დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ და აღიარებულ იქნა მისი უფლება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი ინვესტიციებით დაამთავროს მშენებლობა ... ქ. №45-ში (ამჟამად, ... ქ. №45) მდებარე სახლზე.
ლ. ს-ი უთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს 05.11.2008წ. გადაწყვეტილება ბუნდოვანია, რადგან გაუგებარია რა ნაწილში დაკმაყოფილდა მისი საკასაციო მოთხოვნა. კასატორ ლ. ს-ის საკასაციო მოთხოვნას აღნიშნულ დავაში წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.12.2007წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ლ. ს-ის აღნიშნული მოთხოვნა საკასაციო პალატის 05.11.2008წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუმცა ახალი გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...”-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ამხანაგობა “...”-ს გადაეცა ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების უფლება მშენებარე სახლთან დაკავშირებით, ცნობილ იქნა ამ ნაწილში დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ და აღიარებულ იქნა მისი უფლება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი ინვესტიციებით დაემთავრებინა მშენებლობა ... ქ. #45-ში (ამჟამად, ... ქ. #45) მდებარე სახლზე. ამასთან, საკასაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ წარმოადგენს “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 11.08.05წ. #140 დადგენილებით განსაზღვრული ნებართვის გაცემას, რადგან საკუთარი სახსრებით მშენებლობის დამთავრების უფლების რეალიზაცია მენაშენეთა ამხანაგობის მიერ შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, რომელიც არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამართლებრივ საფუძვლად ითვალისწინებს მშენებლობის ნებართვის სათანადო წესით მიღებას. პალატამ მიუთითა, რომ ამხანაგობა ,,...” მიერ საკუთარი ინვესტიციებით მშენებლობის დამთავრების უფლების განხორციელება დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული საჯარო-სამართლებრივი პროცედურების შედეგად მშენებლობის ნებართვის მოპოვების შემთხვევაში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა აღიარებულ იქნეს მენაშენეთა ამხანაგობის, როგორც დეპარტამენტის სამართალმემკვიდრის, უფლება დეპარტამენტის ნაცვლად დასვას ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი, რათა ამხანაგობამ საკუთარი სახსრებით დაამთავროს მშენებლობა. აღნიშნულის შესახებ უფრო დაწვრილებით არის აღნიშნული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.11.2008წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გარკვეული სამართლებრივი შეფასებები, მათ შორის ისიც, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნას წარმოადგენდა მშენებლობის უფლების გადაცემა მეოთხედან მერვე სართულის ჩათვლით და სააპელაციო პალატის 06.12.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.11.2008წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გარკვევით და ნათლად არის ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო დებულებებს, რის გამოც არ არსებობს მისი განმარტების აუცილებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.2008წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე